ტეტჩერმა ბურჯანაძესთან ფოტოს გადაღება არ ინება

ტეტჩერმა ბურჯანაძესთან ფოტოს გადაღება არ ინება

ვიზიტის მომზადება მხოლოდ შეხვედრების დაგეგმვა, „სფიჩის“ (ანუ გამოსვლის) მომზადება და კოსტიუმის შერჩევა არ გახლავთ. შემთხვევითი არ არის, რომ საინტერესო და მნიშვნელოვან ვიზიტებზე პოლიტიკურ ფიგურებს საკუთარი ფოტორეპორტიორებიც კი დაჰყავთ. ისინი, როგორც წესი, ობიექტს კარგად იცნობენ. იციან მათი გემოვნება, კარგად ხედავენ მათ ობიექტივში და საუკეთესო რაკურსში იღებენ. მათი ამოცანა, ერთი შეხედვით, მარტივია. პოლიტიკოსის ალბომები სავსეა ფოტოებით. ამ ფოტოებზე უკვე აღბეჭდილია ობიექტის შეხვედრები სერიოზულ და გავლენიან ფიგურებთან, ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ, თბილად უღიმიან. პიარის მთელი ვიტამინებიც ეს არის. სწორედ ამ სცენების დაფიქსირებაა მათი მთავარი ამოცანა.

მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ხდება. ჩამოართვა ხელი მსოფლიოს წამყვან ფიგურებს, არც თუ ისე იოლია. ხშირად საუბარი ისე სრულდება, რომ მასპინძელს ხელის ჩამორთმევის სურვილი არც კი ეტყობა. რა ხდება მაშინ? ყველაფერი მომენტზე და სიყოჩაღეზეა დამოკიდებული. ან პროტოკოლმა უნდა იმარჯვოს, ან ფოტორეპორტიორმა. რომელიმემ მასპინძელს უნდა უთხრას: ხელი ჩამოართვით რა, ერთმანეთს, სურათს გადავიღებთო. ამ შემთხვევაში შეხვედრა წარმატებულად ითვლება. ხშირად ხომ შეხვედრები უფრო იმიჯისა და პრესტიჟის საკითხია. ამ შეხვედრებს პოლიტიკური ფიგურები უბრალოდ, აპიარებენ, მათ ოთახებში ჩნდება კედლის სურათები, ხშირად კი მთელი გალერეა, სადაც ესა თუ ის ობიექტი მსოფლიოს გავლენიან ადამიანებთან გაღიმებული იმზირება.

სხვათა შორის, ჟვანიასა და კენედის შეხვედრაც უსურათოდ დასრულდებოდა, ქართთულ მხარეს მასპინძლისთვის რომ არ შეეხსენებინა: ხელი ჩამოართვით, „ფლიზ“, სურათი უნდა გადავიღოთო.

და არც ბუშისა და სააკაშვილის ხელები აიწევდნენ მაღლა, მიხეილს რომ არ ემარჯვა. ხომ გახსოვთ, უკვე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ ორდენი გადასცა ამერიკის პრეზიდენტს, შემდეგ მის მაჯას ენერგიულად დასწვდა, ხელი ჩაავლო და მაღლა აიტაცა. მოგვიანებით, სააკაშვილი-ბუშის ეს ფოტო პლაკატად იქცა და თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გამოიფინა. ჩვენთვის ეს იყო ორივე პრეზიდენტის განწყობა და სურვილი, დაეფიქსირებინათ საკუთარი მეგობრობა და თბილი ურთიერთობა. ჩვენ გვგონია, რომ ასეთი ჟესტი პრეზიდენტების ერთობლივი სურვილი იყო. სააკაშვილს კი სურდა, ამ ჟესტით პუტინისთვის საკუთარი ძალაუფლება დაენახვებინა.

მაგრამ არის კიდევ ერთი უსიამოვნება. ვერც პროტოკოლი და ვერც ფოტორეპორტიორი ვერ გიშველის თუ მასპინძელმა საერთოდ უარი თქვა ფოტორეპორტიორის თანდასწრებით საუბარზე.

ასე მოხდა, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში. თბილისმა ძალიან ბევრი იწვალა იმისათვის, რომ ბურჯანაძე-ტეტჩერის შეხვედრა დაეგეგმა. „რკინის ლედი“ არ თანხმდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ინგლისში საქართველოს ელჩმა შეუძლებელი გააკეთა, ამ შეხვედრისთვის ბლერის ადმინისტრაციაც კი შეაწუხეს. შეხვედრა დაიგეგმა, მაგრამ ტეტჩერმა გადაღებაზე უარი განაცხადა. ქალბატონ ბურჯანაძეს მიიღებს, რადგანაც ასე გინდათ, მაგრამ ფოტოსა და ტელეგადაღების გარეშეო.

როგორც ჩანს, მოხუცებულ, უკვე პენსიაზე გასულ ტეტჩერს არ სურს მისი ფიგურა სარეკლამო რგოლად გამოიყენონ. შესაძლოა იმიტომ, რომ ბურჯანაძეს ის არ იცნობს. ან უბრალოდ კარგად ხვდება, რომ სტუმარს მასთან საუბარი კი არა, გადაღებული ფოტო აინტერესებს.

ტეტჩერი ბურჯანაძეს არა, მაგრამ საქართველოს კარგად იცნობს. ის თბილისში 1987 წელს ჩამოვიდა. ტეტჩერმა ჯერ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გაიცნო და შემდეგ სწორედ შევარდნაძის მოწვევით ესტუმრა საქართველოს. ტეტჩერთან ერთად რუსთაველზე გასეირნება კი პატიაშვილის კარიერაში ერთადერთი მწვერვალია.

ასე, რომ საქართველო ტეტჩერში ჯერ შევარდნაძის ასოციაციას აღძრავს. სხვათა შორის, ექსპრეზიდენტს წინასწარმეტყველებაც შეეძლო. ერთხელ, მაგალითად, შალვა ნათელაშვილს უთხრა: ძმაო შალვა, წარმატებებს წარუმატებლობები მოსდევსო და მას მერე ლეიბორისტებს არჩევნებში არ გაუმარჯვიათ. ისე, მან ერთხელ ბურჯანაძეზეც თქვა: ძალიან რომ ემსგავსება ტეტჩერს, ეს ტეტჩერი იქნება, ერთხელაც კისერს რომ მოატეხინებსო.

ახლა პოლიტიკური კუმირი ბურჯანაძეს მასთან ერთად ფოტოს გადაღების უფლებას არ აძლევს. სხვათა შორის, პირველად ბურჯანაძე ტეტჩერს „ალიამ“ შეადარა. ის ჩაცმულობით მართლაც მას ბაძავს და ბოლო დროს ცდილობს ვარცხნილობაც მიამსგავსოს. პირადად ბურჯანაძეს კულისებში მოსწონს „ტეტჩერობა“ და არ ესმის, რატომ ვერ ხედავენ ექსპერტები მათ შორის მსგავსებას. მაგრამ ღია კომენტარებში მოკრძალებულად აცხადებს, სად მე და სად ისო.

არადა ახლა ტეტჩერის „მხარდაჭერა“ ბურჯანაძეს ძალიან დასჭირდება. შეიძლება შემთხვევითი არც ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საინტერესო პოლიტიკური განცხადება თბილისში კი არა, ლონდონში, ტეტჩერის სამშობლოში გააკეთა. ბოლო დროს რაღაც მოდაში შემოდის საზღვარგარეთ განცხადებების კეთება. ესეც პიარის ნაწილია. სააკაშვილმა ხომ პეკინში გამოაცხადა ოქრუაშვილი ლამის პრემიერად.

ლონდონში კი ბურჯანაძემ თქვა, რომ ის სერიოზულად ფიქრობს ეუთოს პრეზიდენტობაზე და იქვე დასძინა: მაგრამ არ ვიცი როგორ შევუთავსებ პრეზიდენტობას პარლამენტის თავმჯდომარეობასო.

რას ნიშნავს ეს განცხადება? ნინო მზად არის გადადგეს? საინტერესოა, თუ ის დათმობს პოსტს, გამოდის, რომ ოპოზიციაშიც გადავა. უმრავლესობასთან მას დაძაბული ურთიერთობა აქვს, სააკაშვილი მას ანგარიშს არ უწევს, ოპოზიცია უკვე დასცინის - შენ რა თავმჯდომარე ხარ, პოზიციის დაფიქსირება გიჭირს, არც გავლენა გაქვს და არც ძალაუფლებაო. ჰოდა, მასაც შეიძლება ასეთი დაცინვა უკვე ნერვებს უშლის. საბოლოოდ, ყველაფერი მის პოლიტიკურ იმიჯზე ცუდად მოქმედებს.

ეუთოში გადასვლით ის პრესტიჟსაც აიმაღლებს და რაც მთავარია, ყოველგვარი კითხვის ნიშნებისა და მითქმა-მოთქმის გარეშე განთავისუფლდება უმრავლესობისგან. თავისით გადადგება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, საამისოდ პოლიტიკურ ალიბად ეუთოში დასაქმებას გამოიყენებს და მერე არც პოზიციების დაფიქსირება გაუჭირდება.

თუმცა, ვნახოთ...