მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. „ბრენტის“ ტიპის საწვავის ღირებულებამ 83-დოლარიან ნიშნულზე მივიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ორშაბათს, ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გაფართოებულმა ალიანსმა „ოპეკი პლუსმა“ ნავთობის მოპოვების სწრაფ ზრდაზე უარი განაცხადა და უპირატესობა ეტაპობრივ მატებას მიანიჭა. ეს ნიშნავს უახლოეს პერიოდში ნავთობი არ გაიაფდება.
შავი ოქროს გაძვირება გაზის დეფიციტთან ერთად დაიწყო და მომხმარებელი ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი, საუდის არაბეთი და სხვა მსხვილი მწარმოებლები, მოპოვებას გაზრდიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა - ძალაში დარჩა 2020 წლის აპრილის შეთანხმება, რომელიც 2021 წლის მეორე ნახევარში ყოველთვიურად დღიური მოპოვების მხოლოდ 400 000 ბარელით გაზრდას გულისხმობს, რაც დღევანდელი ენერგოკრიზისის პირობებში სრულიად არასაკმარისია.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაზის კატასტროფული გაძვირების გამო, განვითარებულ ქვეყნებში ენერგოგენერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრივი აირიდან ნავთობპროდუქტებზე და ნახშირზე გადავა, ეს კი ენერგომატარებლების გაძვირებას გამოიწვევს. ასევე დღეში 500 000 ბარელით გაიზრდება მოხმარებაც.
სანავთობო კარტელმა მოპოვების ზრდაზე უარი გარკვეული მიზეზის გამო განაცხადა და ეს მიზეზი მხოლოდ დიდი შემოსავალი არაა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, დეკემბერში ნავთობის ბაზარზე ჭარბი მიწოდება დაფიქსირდება - ამ ვითარებაში კი მოპოვების დაგეგმილზე მეტად ზრდა ყველა მწარმოებელი ქვეყნისთვის წამგებიანი გახდება.
პარალელურად, პასიურობენ ფიქალის ნავთობის ამერიკული მომპოვებლები - როგორც წესი, ფასების ზრდის პირობებში ისინი მოპოვებასაც ზრდიან, თუმცა არა ამჟამად. მათთვის მაღალი ფასები ვალებიდან ამოძრომის და მოგებაზე გასვლის ერთადერთი საშუალებაა, ამიტომაც ისინი ფასების კლებაზე არ იმუშავებენ.
საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიის ექსპერტთა აზრით, მსოფლიო ეკონომიკა ენერგომატარებლებზე მაღალ ფასებს გაუმკლავდება, ამიტომაც ისინი არ თვლიან, რომ ნავთობზე დღევანდელი ფასები კატასტროფულად მაღალია.
„მომპოვებლები ფასების დღევანდელი დონით კმაყოფილები არიან - ეს მათ 2020 წელს მიღებული ზარალის ანაზღაურების საშუალებასაც აძლევს და ამავე დროს მომხმარებელი ქვეყნებისთვის გაუსაძლისად მაღალი არაა“, - განაცხადა საუდელმა მაღალჩინოსანმა.
ამავე დროს, კარტელის სხვა წევრებს მოპოვების მნიშვნელოვანი მატება არც შეუძლიათ - ანგოლა, ალჟირი და ნიგერია ისედაც სრულ სიმძლავრეზე მუშაობენ და წლების მანძილზე ინვესტიციების დეფიციტს განიცდიან - მათ მოპოვების ზრდის საშუალება არ გააჩნიათ. რაც შეეხება ირანს და ვენესუელას, მათ ნავთობის დიდი მარაგი აქვთ, თუმცა მოპოვების ზრდას საერთაშორისო სანქციები აფერხებენ.
ერთი სიტყვით, მსოფლიოში ნავთობპროდუქტების გაძვირება უკვე დაწყებულია და არის მოლოდინი, რომ ზამთრის სეზონის წინ კიდევ მოიმატებს. როგორც ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში „პლატცზე“ დიზელი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ბენზინი. პირველი სექტემბრისთვის 1 ტონა დიზელი 592 დოლარი ღირდა, დღეს ფასი 693 დოლარს შეადგენს, რაც 17%-იან მატებას ნიშნავს. ბეზნინის ფასმა კი სექტემბერში სტაბილურობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა და ზრდის ტენდენცია მხოლოდ ოქტომბერში გამოიკვეთა და 1 ტონა 747 დოლარიდან 768 დოლარამდე გაძვირდა.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში საწვავის საცალო ქსელში ფასები ჯერჯერობით ძველ ნიშნულზეა, მაგრამ გაძვირება უკვე თითქმის გარდაუვალია. საქართველოში დიზელის ფასთან დაკავშირებით ვანო მთვრალიშვილი მოლოდინი ცალსახად ნეგატიურია, თუმცა პოზიტიურ პროგნოზს ვერც ბენზინის შემთხვევაში აკეთებს. მისი აზრით, გარკვეული პერიოდი შეიძლება ფასი არსებულ დონეზე შენარჩუნდეს. მსხვილი იმპორტიორების მარაგი კი 2-3 კვირის სამყოფია.
საცალო ქსელში ფასების ზრდაზე დამატებითი გავლენა შესაძლოა, ვალუტის კურსმაც მოახდინოს. ქართულმა ვალუტამ არჩევნების შემდეგ მცირედი რყევა დაიწყო და დღეის მდგომარეობით, ერთი ამერიკული დოლარი 3.14 ლარი ღირს.
გვქონდა სოციალისტური სისტემა - საწვავი კაპიკები ღირდა, მაგარამ არ იშოვებოდა!... (მახსოვს ვახუშტის ხიდთან, მანქანაში გათენებული ღამე - იქიდან იწყებოდა რიგი! - იმის მოლოდინში, რომ მეორე დილას მოიტნდნენ ბენზინს).
გადავედით "საბაზრო ეკონომიკაზე" - საწვავი სულ არის, მაგრამ ერთი ჩასხმა თითქმის იმდენი ლარი მიჯდება, რამდენი მანეთი ხელფასიც მინისტრს ჰქონდა კომუნისტების დროს...