„ამ პოლარიზაციის პირობებში ჩვენი ამომრჩევლის შენარჩუნება შევძელით და მთავარია, არ განვიცადეთ ისეთი უკუსვლა, როგორიც სხვა პარტიებმა“

„ამ პოლარიზაციის პირობებში ჩვენი ამომრჩევლის შენარჩუნება შევძელით და მთავარია, არ განვიცადეთ ისეთი უკუსვლა, როგორიც სხვა პარტიებმა“

თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო რეფორმის საფუძველზე გაიმართა. სწორედ, ახალი რეფორმის ფონზე თბილისში, კრწანისის ოლქში ხმების გადათვლა ელექტრონულად მოხდა და საზოგადოებამ შედეგები არჩევნების დასრულებიდან ორ საათში შეიწყო.

ახალი საარჩევნო რეფორმით კმაყოფილია, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წევრი for.ge-თან საუბარში აღნიშნავს, სწორედ ამ რეფორმის საფუძველზე აღარ მოხდა არჩევების მეორე დღეს საარჩევნო ოქმების ფრიალი და აქციები.

ლევან იოსელიანი: მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო 10%-ის შერჩევითი გადათვლის პროცესი, თბილისში დასრულდა და 0,01%-შიც არ აღმოჩნდა დარღვევები. ყველაფერი რეალურად დაემთხვა იმ მაჩვენებელს, რაც ოქმში იყო ასახული. 100-მეტრიანმა რადიუსმაც რეალურად იმუშავა. ასევე, ყველა სხვა ცვლილებამ შედეგი მოგვიტანა ის, რომ არჩევნების მეორე დღეს ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას არავინ ითხოვს, გარეთ გამოსვლები არაა, ცესკოს შენობის წინ მიტინგი არაა - ეს ყველაფერი დამსახურებაა იმ რეფორმის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. განვახორციელეთ იმიტომ, რომ კითხვის ნიშნები აღარავის აქვს. შესაბამისად, ძალიან მოხარული ვარ, რომ თავის დროზე ჩვენი ნაბიჯი, რომლის გამოც დიდი კრიტიკა დავიმსახურეთ, ამ ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი გამოდგა.

თქვენ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, რამდენადაც საარჩევნო რეფორმა მოიწონეთ, იმდენად დაიწუნეთ წინასაარჩევნო კამპანია და დარღვევებზე გაამახვილეთ ყურადღება. კონკრეტულად, რომ გვითხრათ, რა დარღვევებზე საუბრობთ?

- ამ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. თუ რამე ცუდი ხდება, ხდება სწორედ ამ პერიოდში - მოსყიდვა, ზეწოლა და ა.შ. იმაზე უნდა ვიფიქროთ, ეს პერიოდი რითი დავაზღვიოთ და უფრო გამჭვირვალე გავხადოთ. თუმცა, ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ მარტო საკანონმდებლო დონეზე ყველაფერს ვერ შევცვლით. ჩვენ, მოქალაქეებმაც გავიაზროთ, რომ ჩვენი ხმა არის ამ ქვეყნის პერსპექტივა და ამ პერსპექტივას თუ 50 ლარზე გავყიდით, ვერანაირი კანონი ამას ვერ დაარეგულირებს. ჩვენშიც არის პრობლემა და ამიტომ არჩევნებზე ჩვენს არჩევანს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ხმას ვის აძლევ, მთავარია შენი გადაწყვეტილება იყოს და არა შენს ნაცვლად სხვისი, ვინც გაშინებს, ან ფულს გიხდის, ან კარტოფილს გთავაზობს და ა.შ.

შესაძლებელია, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო რეფორმით დაარეგულიროს წინასაარჩევნო კამპანია?

- ამ საკითხზე უნდა ვიფიქროთ. საკანონმდებლო დონეზე რა შეგვიძლია, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ცვლილებები შევიტანოთ, სამომავლოდ სამუშაო თემაა, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მაგრამ ის, რომ დღეს არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამჭირვალედ და მოქალაქეები არჩევნების მეორე დღეს არიან მშვიდად, არ აქვთ განცდა, რომ არჩევნები გაყალბდა - ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და, რომ რაღაც ოქმებს არ აფრიალებენ, რომელიც დაუბალანსებელია.

დღეს, თქვენ ახალი საარჩევნო რეფორმით კმაყოფილი ხართ, თუმცა, სწორედ, ამ საარჩევნო რეფორმას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ისინი ხმას არ იღებენ, როგორ ფიქრობთ, მათაც მოიწონეს, თუ უბრალოდ ახლა ამისთვის არ სცალიათ და გადართულები არიან მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხით?

- სწორედ ამ საარჩევნო რეფორმამ, რომელსაც მათ მხარი არ დაუჭირეს, მათ მოუტანა ის წარმატება, რითაც დღეს ამაყობენ. ნამდვილად წარმატებაა ის, რომ მათ ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. ამ რეფორმის დამსახურებაა, რომ მათი ხმები არ დაიკარგა. ამიტომ, როდესაც რეფორმაზე ლაპარაკს დაიწყებენ, ვფიქრობ, მათი მხრიდან კრიტიკა სწორი არ იქნება.

როგორ ფიქრობთ, ახალი საარჩევნო რეფორმის დამსახურებაა, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური დაინიშნა?

- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ თუ გაყალბდებოდა, გააყალბებდა ხელისუფლება. ისე გააყალებდა, რომ მეორე ტურები არ იქნებოდა. ამ რეფორმის დამსახურებაა მათ შორის ის, რომ შეიძლება ორ ქალაქში ოპოზიციონერი მერი გვყავდეს, საკრებულოები უკვე გვყავს. ეს ყველაფერი დასაფასებელია და სამომავლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

ელექტრონული სისტემა ადგილობრივი არჩევნების დროს დაიტესტა. სრულად ამოქმედდება თუ არა იგი 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს?

- საპარლამენტო არჩევნების დროს სრულად ელექტრონულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, სადაც ადამიანის ფაქტორი მინიმალურობამდე იქნება დაყვანილი. როგორც ახლა, კრწანისის ოლქში ჩავატარეთ არჩევნები და არჩევნების დასრულებიდან 2 საათში პასუხი გვქონდა და პრაქტიკულად, არც ერთი ხარვეზი არ ყოფილა, ასე უნდა ჩავატაროთ მთელს საქართველოშიც.

ელექტრონული სისტემის დანერგვა 2024 წლის არჩევნებისთვის მოესწრება?

- სამი წელი გვაქვს წინ და თუკი პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ მთვლელი მანქანების ჩამოტანას და დაყენებას მოვასწრებთ.

დაბოლოს თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ იმ პროცენტებით, რომელიც არჩევნებზე მიიღეთ?

- იმ პირობებში, როდესაც პარტიების უმრავლესობამ კლება განიცადა, ვგულისხმობ შუაში მყოფ პარტიებს, ჩვენ ამ დროს სულ რამდენიმე ქალაქში გვყავდა კანდიდატი, ამიტომ საერთო ეროვნულში მაღალი პროცენტი ვერ გვექნებოდა. თუმცა, თბილისის მონაცემებში პრაქტიკულად გავიმეორეთ 2020 წლის შედეგი. მაშინაც 16 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, ახლა დაახლოებით მაგდენმა, ოდნავ ნაკლებმა, მაგრამ ამ პოლარიზაციის პირობებში კმაყოფილი ვარ და ჩვენი ამომრჩევლის შენარჩუნება შევძელით. მთავარია, არ განვიცადეთ ისეთი უკუსვლა, როგორც სხვა პარტიებმა, რაც ჩემთვის სამწუხაროა და ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით.