კოდორის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთი საქართველოს სამშვიდობო შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს. ქართულ მხარეს სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ემუქრებიან. თბილისში ეჭვობენ, რომ კვიციანის პრობლემის მოგვარებით დაწყებული კონფლიქტი არ ამოიწურება.
"ქართული მხარე გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ ადრე მიღწეული შეთანხმებების დარღვევა დაუშვებელია. ხოლო რუსეთი სიტუაციის განვითარებას ყურადღებით დააკვირდება," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით კი, "მორიგი კონფლიქტი რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს ვითარდება და ეს ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს".
"მდგომარეობა კოდორის ხეობაში მართლაც ძალიან შეიცვალა უარესობისკენ. სავსებით ნათელია, რომ საქართველო არღვევს შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერა ხელი 1994 წელს იმის თაობაზე, რომ არანაირი შეიარაღებული ფორმირებები, არანაირი იარაღიანი ხალხი ხეობაში არ უნდა იმყოფებოდეს," - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, სამშვიდობოები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ, თუმცა თავიანთი მანდატის შესრულებას განაგრძობენ.
"ეს პოლიციური ოპერაცია არ არის, ეს სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებაა, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით," - განაცხადა გუშინ რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილემ ვალერი ევნევიჩმა.
საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევაში დაადანაშაულა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმაც.
"საქართველომ იგნორირება გაუწია 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას, იგი არაფრად აგდებს სამშვიდობო ძალებს, გაერო-ს დამკვირვებლებს," - განაცხადა სერგეი ბაგაფშმა.
"აფხაზეთმა ამ ყველაფერს გაუძლო და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არც ერთი შეთანხმება არ დაურღვევია. ახლა კი ადეკვატურად რეაგირებას ვაპირებთ," - აღნიშნა ბაგაფშმა.
მისი განცხადებით, თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთის საზღვარს მიუახლოვდებიან, ეს სერიოზული კონფლიქტის დაწყების პირველი ეტაპი იქნება. "თუკი ოპერაცია იგივე პრინციპით დასრულდება, რითაც დაიწყო, მაშინ სხვა საქმეა," - განაცხადა ბაგაფშმა, თუმცა აგრესიის შემთხვევაში ქართულ მხარეს ცეცხლის გახსნით დაემუქრა.
რუსეთის სხელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა "რუსული ფაქტორი" კოდორის მოვლენებში კატეგორიულად გამორიცხა. მან საქართველოს ხელისუფლებას "გარეშე მტრების ძიების ნაცვლად შიდა პრობლემებისთვის ყურადღების მიქცევა" ურჩია.
"რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოსა და რუსეთს შორის უთანხმოების მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების იმედი გვაქვს," - განაცხადა გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლიმ და ამ თემაზე დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა. თუმცა, იქვე ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე სანკტ-პეტერბურგშიც ჰქონდათ რუსულ მხარესთან საუბარი.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი კოდორში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მიერ დაგებულ მახედ აფასებს, რომლის მიზანიც საქართველოში არეულობის მოწყობაა, რასაც პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა შეეწიროს.
"კოდორის მოვლენები პოლიტიკური თამაშია, რომელშიც რუსეთმა "პაიკივით" მომართული კვიციანის საშუალებით საქართველო შეიტყუა. რუსეთმა საქართველო თავისი შეიარაღებული ძალებით მახეში შეიტყუა. ეს მახე საქართველოში არეულობის მოწყობას ითვალისწინებს, რათა ქვეყანაში ისეთი პრობლემები შეიქმნას, რაც მის ნატო-სთან დაახლოებას შეუძლებელს გახდის და რასაც სააკაშვილი უნდა შეეწიროს. საქართველო, უბრალოდ, პროვოკაციაზე წამოეგო," - განაცხადა უსუფაშვილმა საუბრისას.
მისივე თქმით, პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე "საეჭვოდ განაბული" იგორ გიორგაძეა, რომელიც რუსეთს "შემდეგი სვლისთვის ჰყავს შემონახული".
"ეს ოპერაცია კვიციანის პრობლემამდე არ დაიყვანება. მოწინააღმდეგეს აშკარად სხვა სვლები აქვს ჩაფიქრებული და ხელისუფლება სწორედ ამ სვლებზე უნდა იყოს კონცენტრირებული. სტრეტეგია, ნებისმიერ ფასად შური იძიოს ხელისუფლების წინააღმდეგ წასულ კონკრეტულ პირზე, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯია," - განაცხადა უსუფაშვილმა.
თუმცა, საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის და "რეჟიმის დამხობისათვის" არც კვიციანის "საყოველთაო პროტესტისათვის" მოწოდებები და არც გიორგაძის თეატრალიზებული შოუები საკმარისი არ არის. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღესაც მზად არის ხელისუფლების შეცვლის მიზნით ნებისმიერ სცენარში მიიღოს მონაწილეობა.
ბოლო დროის მოვლენების გათვალისწინებით, რუსეთი ინფორმაციულად და მორალურადაც, მზად არის საქართველოს თავს მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოახვიოს. თუ აქამდე აქცენტი სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე კეთდებოდა, ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, რუსეთმა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისათვის ლეგიტიმური საფუძველი "იშოვა". მაგრამ დღეისთვის სულაც არ არის ნათელი, რომ აფხაზური მხარე რუსეთის ინტერესების გამო საქართველოსთან ბრძოლაში ჩაბმას ჩქარობს.