ვის რამდენით ლარით გაეზრდება პენსია? - მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

ვის რამდენით ლარით გაეზრდება პენსია? - მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ სიტყვა არ გატეხა - პენსიები 2022 წელსაც მოიმატებს, თუმცა ნაზარდი ამჯერად სიმბოლური იქნება - 20-25 ლარის ფარგლებში. წესით, ასეთი ინფლაციისა და ნახტომისებური ეკონომიკური ზრდის პირობებში პენსიები უფრო მეტითაც უნდა გაზრდილიყო, მაგრამ მეტი რესურის გამოძებნა ვერც ამჯერად მოხერხდა.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება 2.885 მილიარდი ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით. კერძოდ, არსებული გეგმის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება.

ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი.

ცოტა ხნის წინ პენსიის გაზრდის თაობაზე ქვეყნის პრემიერმაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინდექსაციის სისტემამ პენსიების მუდმივად მატება-არმატების საკითხი მოაგვარა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ პენსიები გაზარდა. როცა ხელისუფლებაში მოვედით, 110 ლარი იყო, გაისად იქნება 300 ლარი, უკვე 270 ლარია. „მთის კანონი“ მივიღეთ და მანაც ბევრად შეუწყო ხელი გაჭირვებულ მოსახლეობას. ინდექსაციის სისტემა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, ვფიქრობ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არმატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წელს პარლამენტმა დაარეგისტრირა ხანდაზმულთა პენსიების ინდექსაციის კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ასაკობრივი პენსია ყოველწლიურად, მინიმუმ, 20 ლარით გაიზრდება. ინდექსაციის ფორმულის მიხედვით, პენსიის მატება დამოკიდებული იქნება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი დარწმუნებულია, რომ მთავრობას მოუწევს საპენსიო თანხის ზრდა იმის მიუხედავად, ექნება თუ არა 2022 წლის ბიუჯეტს შესაძლებლობა.

„პენსიის სიმბოლურ მატებას სჯერდება სახელმწიფო - 20-25 ლარის ფარგლებში. მისი გაზრდის ვალდებულება საქართველოს მთავრობამ აიღო პენსიონერი მოქალაქეების წინაშე. შესაბამისად, საპენსიო მიმართულებით ნაბიჯს მთავრობა გადადგამს, თუ პირდაპირი შემოსავლები არ ეყოფათ, მაშინ დამატებითი რესურსის მობილიზება მოუწევთ.

როგორც ჩას, ვერ მოახდენენ დამატებით ინდექსაციას და სწორებას მშპ-ის ზრდასთან მიმართ, მაგრამ ცვლილება, მინიმუმ, ინფლაციის მაჩვენებელს მაინც უნდა ემყარებოდეს. მოგეხსენებათ 12%-ზეა ინფლაცია ასული და პენსიები კი ამ მასშტაბით არ იზრდება“, - აღნიშნა გერლიანმა.