„პასპორტის გამო ყველაფერი გავყიდო?“

„პასპორტის გამო ყველაფერი გავყიდო?“

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სრულმა ოკუპაციამ იქ მცხოვრები ქართველები ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა. გალში და ახალგორში ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე ფეხქვეშ ითელება. თბილისს მათზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტები არ გააჩნია. საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ გარეშე მეთვალყურეობით და ზოგადი განცხადებებოთ შემოიფარგლება.

მორიგი შეტევა ახალგორის რაიონის ქართველებზე ე.წ. ოსური პასპორტიზაციის სახელით ხორციელდება. ადგილობრივებს ქართულ პასპორტებზე უარის თქმა ცოცხალი თავით არ სურთ, რადგან ამ შემთხვევაში დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ნათესავებთან კონტაქტს დაკარგავენ. რუსული ხიშტების ქვეშ მოქმედ ოსურ ადმინისტრაციას კი ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად აინტერესებს.

ამ ვითარებაში ახალგორის მოსახლეობა აგრძელებს „ფორმა 9“–ს მიღებას, რაც შემდგომში ოსური პასპორტის აღებისთვის აუცილებელია. ადგილობრივი „კანონმდებლობით“ ქართულ–ოსური ორმაგი მოქალაქეობა გათვალისწინებული არ არის, ამიტომ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ მიღებისას ახალგორის მაცხოვრებლებმა საქართველოს მოქალაქეობაზე წერილობით უარი უნდა განაცხადონ. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, უმრავლესობას არ სურს ამის გაკეთება.

„სამხრეთ ოსეთის პასპორტის აღებით, ახალგორის მაცხოვრებლები სოციალური პაკეტის ყველა მომსახურებით ისარგებლებენ“, – განუცხადეს კავკაზსკი უზელს ახალგორის „საპასპორტო–სავიზო“ სამსახურში. მათივე თქმით, დღეისთვის უკვე გაცემულია 600–ზე მეტი ოსური „ფორმა ცხრა“.

„ამ ფორმების მისაღებად დოკუმენტები წარმოგვიდგინა კიდევ რვაასმა ადამიანმა. კარდაკარ შემოვლის შედეგად დადგინდა, რომ მარტო დაბა ახალგორის მოსახლეობა 1600 კაცს შადგენს, თუ რაიონული ცენტრიდან დაშორებულ ოთხ სოფლსაბჭოს არ ჩავთვლით. რადგან აქ შეინიშნება მუდმივი მიგრაცია საქართველოში და უკან, ამიტომ ეს ციფრიც მუდმივად იცვლება“, – აცხადებს ახალგორის საპასპორტო მაგიდის უფროსი მაია ძუგაევა.

„ფორმების გაცემის დამთავრებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაპირებდით, მაგრამ ვერ ვასწრებთ და სამუშაოს ახალ, 2011 წელში გავაგრძელებთ. ბევრი სამუშაოა – დაბადების მოწმობის თარგმნა ქართულიდან ოსურად, სამისამართო ფურცლის გაფორმება, სტატისტიკური ტალონის შედგენა და სხვ. ყოველივე დროს იკავებს. ფორმა 9–ის საფასური 35 რუბლს შადგენს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით ფასები დაწეულია“, – თქვა ძუგაევამ.

თუმცა ახალგორის საპასპორტო მაგიდის თანამშრომლები აღიარებენ, რომ დღემდე ოსური პასპორტის ფორმა არ უნახავთ. მათივე თქმით, ეს ფორმები რესპუბლიკაში დიდი ხნით ადრე უნდა შემოეტანათ.

„ადამიანები რეალურად ახალგორში ცხოვრობენ და ჩაწერა თბილისური აქვთ. მათ დროებითი რეგისტრაცია უნდა გავუფორმოთ, მაგრამ ამ ადამიანებს თბილისიდან ამოწერა არ სურთ, რადგან თბილისში სახლები აქვთ. მოქალაქეებს ძირითადად სურთ, რომ ჰქონდეთ როგორც ოსური, ისე ქართული პასპორტები. მაგრამ ვუხსნით, რომ ეს შეუძლებელია. დროულად უნდა გაერკვნენ ამ სიტუაციაში. საქართველოს მოქალაქეობით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრებას ვერ შეძლებენ, – „განმარტავს“ მაია ძუგაევა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები, როგორც ქართველები ისე - ოსები, დიდი მონდომებით საუბრობენ საკუთარ გასაჭირზე. ბევრს ვინაობის დასახელება არ სურს, რაც გასაგები მომენტია. მათი აზრით, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას ამან შიძლება პრობლემები გამოიწვიოს.

ფატიმა ახალგორში სუვენირების მაღაზიაში მუშობს. მას „ფორმა 9“ ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, აპირებს ეს პროცედურა რაც შეიძლება შორს გადადოს.

„მე ქართველი ვარ და აქ გამყიდველად ვმუშაობ. ჩემი შვილი ცხოვრობს და სწავლობს თბილისში. ოსურ პასპორტს ავიღებდი, რახან ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა, მაგრამ მეც კარგად გამიგეთ. როგორ წავიდე ამის შემდეგ შვილთან თბილისში?

პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასპორტს საზღვარზე გამომართმევენ, ან დახევენ. საუკეთესო შემთხვევაში - არ გამიშვებენ. ქართულ პასპორტზე უარის თქმა ნიშნავს, რომ შვილს ვეღარ ვნახავ. ლენინგორიდან წასვლაც არ მსურს. აქ საკუთარი სახლი და ქონება მაქვს. ყველაფერი პასპორტის გამო გავყიდო?“ – ამბობს ფატიმა ”კავკაზსკი უზელთან” საუბრისას.

63 წლის დავით ჯავანაშვილს შაქრიანი დიაბეტი აქვს. ის საპასპორტო მაგიდაზე თავისთვის და მეუღლისთვის „ფორმა 9“––ს მისაღებად მივიდა. თუმცა დავითი მზად არ არის უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე. ის დარწმუნებულია, რომ დაბაში ქართულ პასპორტზე უარს არავინ იტყვის, მაგრამ ოსური დოკუმენტის მისაღებადაც საპასპორტო სამსახურს ყველა მიაკითხავს.

„მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსული პასპორტი აქვს. მისი გამოყენებით ლენინგორის რაიონში სამუშაოზე მოწყობა შესაძლებელია. თავად ქართველი ვარ, ხოლო ბებია ოსი მყავდა. ოსური ხელმძღვანელობის მომხრე ვარ, მაგრამ რუსული პასპორტის გარეშე სამუშაოზე მოწყობა არ შემიძლია.

როგორ წავიდე ოსური პოსპორტით თბილისში მკურნალ ექიმებთან? თვეში ერთხელ მაინც თბილისში ექიმთან ვიზიტი მჭირდება, ოსური პასპორტით იქ, რა თქმა უნდა, ვერ მივალ - უბრალოდ, საზღვარზეარ გამიშვებენ. ხოლო ცხინვალში არ არის ისეთი სამედიცინო მომსახურება, როგორც ეს თბილისშია“, – ამბობს დავით ჯავანაშვილი.

„რაიონის ოსურ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის საზღვარზე სახელმწიფო ბაჟის ამოღება არ ხდება და მისი დადგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც საბოლოოდ დასრულდება რეგიონის პასპორტიზაცია“, – იუწყება ”კავკაზსკი უზელი”.

ცნობისთვის, ახალგორი (ყოფ. ლენინგორი) - დაბა ახალგორის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. 1935-1991 წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, ქალაქს რუსმა ოკუპანტებმა უწოდეს თავისი საბჭოთა სახელწოდება (ლენინგორი)

მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 2.5 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.

ისტორიული წყაროების ცნობით, ახალგორი დაარსებულია ძვ.წ. II ს-ში, საურმაგის მეფობის პერიოდში. ვახუშტი ბაგრატიონი მას იხსენიებს „მცირე ქალაქად“, რომელშიც „მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი“. გვიანფეოდალურ ხანაში ახალგორი ქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.