სესხები ვერ იაფდება - მოსახლება წუხს, ბანკები თავს იზღვევენ

სესხები ვერ იაფდება - მოსახლება წუხს, ბანკები თავს იზღვევენ

საკრედიტო ბაზარზე რთული ვითარებაა. ერთი მხრივ, მსესხებლები ჩივიან, რომ სესხები ძალიან გაძვირდა და თანაც მათი აღება გაძნელდა, მეორე მხრივ, კი საკრედიტო ორგანიზაციებს კვლავ არასახირბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვთ და ამიტომ მოგების მარჟებს ზრდიან. ვითარება ახლო მომავალში ვერ შეიცვლება. მართალია ამოქმედდა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა, მაგრამ იგი მხოლოდ ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი, ამიტომ დიდ სარგებელს აქედან ბანკები არ ელიან, თუმცა ადასტურებენ, რომ გარკვეული გამოცოცხლება მაინც შეინიშნება.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ადასტურებს, რომ წლის ბოლომდე სესხები ვერ გაიაფდება და მომავალი წლიდანაც დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. რადგანაც ეროვნულმა ბანკმა განცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას ვერ შეძლებს, ბანკებიც ასეთ ნაბიჯს ჯერ ვერ გადადგამენ. სებ კი, სანამ ინფლაცია მაღალი იქნება, რეფინანსირების განაკვეთს არ შეამცირებს და კრედიტებიც ძვირი დარჩება.

„საპროცენტო განაკვეთების ზრდა ცალსახად განპირობებულია რეფინანსირების განაკვეთის ზრდით. მარჟასთან მიმართებით მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მოზიდულ სახსრებსა და გაცემულ სესხებს შორის მარჟა არის ერთ-ერთი მინიმალური ევროპის მასშტაბით. რეალურად, დღეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის 10,6%, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი - 10%. ლარში რესურსის ერთადერთი წყარო არის ეროვნული ბანკი და პერიოდულად ფინანსთა სამინისტრო, პრინციპში, ეს ასახვას ჰპოვებს ლარში საპროცენტო განაკვეთებზე.

გრძელვადიან პერიოდში ცალსახად ველოდებით საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, მათ შორის, იმ ფონზე, რომ რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას. რა თქმა უნდა, ეს მას შემდეგ, როგორც კი უფრო სტაბილურობის შეგრძნება იქნება ეკონომიკური თვალსაზისით და ასევე, ინფლაციის მაჩვენებელიც შემცირდება ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ეს მოლოდინი, ალბათ, წლის ბოლომდე ვერ გამართლდება, რადგან ეროვნულმა ბანკმა უკვე განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას ვერ შეძლებს, თუმცა მომავალი წლიდან ცალსახად უნდა ველოდოთ“ - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ძნელაძემ.

როგორც ჩანს, ბანკები ჯერ ისევ თავს იკავებენ ახალი სამომხმარებლო შეთავაზებებისგან. ამის მიზეზია ის, რომ ბაზარი საკმარისად გამოცოცხლებული არ არის. ჯერჯერობით სუბსიდირების პროგრამაა ერთ-ერთი, რაც დღეს ბაზარზე ვითარებას აუმჯობესებს.

„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი ადასტურებს, რომ გასულ წელს სუბსიდირებამ სექტორს ხელი შეუწყო, რომ გაყიდვები ჰქონოდათ და ამიტომაც კომპანიებისთვის ძალიან კარგი წელი იყო. ახლა კი მთლად ასე არ არის.

„იმდენად კარგი წელი იყო, რომ მომხმარებლები, რომლებიც ბინის შეძენას არ ჩქარობდნენ, მათაც 2020-ში შეიძინეს.

როდესაც რამე სახის პროგრამა იწყება, მას დრო სჭირდება. მომართვიანობა სუბსიდირებასთან დაკავშირებით გვაქვს, რაც დროის გასვლასთან ერთად იზრდება. თუმცა, სუბსიდირების ახალ პროგრამას კონკრეტული ვადაც არ აქვს და ხალხი ჯერ არ ჩქარობს. იმედი მაქვს, რომ ეს სექტორი კარგი შედეგებით დახურავს ამ წელს“, - განაცხადა მასურაშვილმა.

„აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა - „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი ოჯახების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, უკვე 47 იპოთეკური სესხი გაიცა, ხოლო 17 განხილვის პროცესშია.