პოლიტიკოსმა ქალბატონმა, რესპუბლიკური პარტიის აქტიურმა წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა, ჟურნალისტებთან 11 თვიანი პაუზა გააკეთა და, როგორც თავად განმარტავს, ამ პერიოდში მათგან ისვენებდა და საზოგადოებას თავადაც ასვენებდა. ტაიმ-აუტის შემდეგ კი მიგვიღო და თავის შიგა და გარე ცხოვრებაზე გვესაუბრა. მალე მას და მის მეუღლეს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილს ცოლქმრული ცხოვრების 13 წელი უსრულდებათ.
ქალბატონო თინა, რა სიახლეა თქვენს საქმიანობაში და ცხოვრებაში?
- სიახლეები არაფერია, გარდა იმისა, რომ პარტიული გადაადგილება მოხდა. საერთაშორისო ურთიერთობებიდან თბილისის ორგანიზაციაში გადმომისროლეს. თბილისის საქმეთა მდივანი ვარ. საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენ ის ეტაპი დავასრულეთ, რომელიც გასავლელი გვქონდა
რესპუბლიკური პარტია ლიბერალური ოჯახის სრულფასოვანი წევრია როგორც ევროპის, ასევე საერთაშორისო ლიბერალური პარტიის. როდესაც მე პარტიაში მოვედი, თბილისის მდივანი ვიყავი, შემდეგ გავხდი საერთაშორისო მდივანი და ახლა უკან დავბრუნდი. ეს, რა თქმა უნდა, იმის გამო მოხდა, რომ წინ ადგილობრივი არჩევნებია და მთელი რესურსი აქეთ უნდა იყოს.
პოლიტიკაში რომ ხართ, ეს ალბათ იმასაც ნიშნავს, რომ ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით. თქვენ რას მიიჩნევთ საკუთარი პიროვნების ძლიერ მხარედ?
- არა მგონია, რომ ავტომატურად ამას ნიშნავდეს. ამაზე ლაპარაკი რთულია, სუბიექტური კატეგორიაა. ადამიანები სხვადასხვანაირად ითვლიან სიძლიერეებს და სისუსტეებს, ვის როგორ მიაჩნია.
მაშინ გვითხარით, რაშია თინა ხიდაშელის სისუსტე და ძალა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ ძალიან ცოტა დროს ვატარებ ჩემს შვილებთან. ვერ ვახერხებ, იმდენად ძლიერი ვიყო, რომ ეს ყველაფერი ერთად და ერთნაირი დოზით შევათავსო.
იმ მცირე დროში, როცა ახერხებთ, შვილებთან იყოთ, როგორი დედა ხართ?
- აქტიური და საქმიანი ქალისთვის ძალიან რთულია 9 წლის ბავშვის დედობა. ჩემი უფროსი შვილი სანდრო სწორედ ამ ასაკისაა. სანამ პატარები იყვნენ, ამდენი პრობლემა არ იყო. ახლა ყოველ წუთს და ყოველ ნაბიჯზე ვხვდები, რომ მათ რაღაცას ვაკლებ. ეს ის ეტაპია, როცა ბავშვის ხასიათი ყალიბდება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლები გვერდით ჰყავდეს. 21 სექტემბერს, როცა ის სკოლაში მივიდა, არც მე ვიყავი საქართველოში და არც დათო. კლასელის დედამ წაიყვანა სკოლაში. კლასელის დედა მერე ხუმრობდა, მეუღლეს ვუთხარი, ბავშვის კლასელს უნდა გავუაროო, იმას უკითხავს, რომელსო. აბა, მიხვდი, რომელი იქნება, არც დედა რომ არ ჰყავს და არც მამაო, უთქვამს... ჩვენი შვილი ხშირად არის ასეთ მდგომარეობაში.
ცოლის ფუნქციის შესრულებას როგორ ახერხებთ?
- ეს ყველაზე მარტივია. როდესაც გარეთაც ერთად ხართ და სახლშიც, იქ უკვე დანაკლისი არ იგრძნობა.
ესე იგი სამსახურშიც მეუღლის გვერდით ყოფნა დისკომფორტს არ გიქმნით?
- არანაირად. პირიქით – ეს ჩვევაც არის. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით სამსახურში, ქორწინებამდეც და ქორწინების შემდეგაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.
ბატონ დავითს მოსწონს გვერდით საქმიანი ქალბატონი?
- რა ვიცი, 13 წელია, ვუძლებთ ერთმანეთს და, როგორც ჩანს, მოსწონს. ვერ წარმომიდგენია, დათოს ისეთი ცოლი უნდოდეს გვერდით, რომელიც 24 საათი სახლში იჯდება, თავსაფარს წაიკრავს და მხოლოდ სამზარეულოში იტრიალებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა მგონია, სურდეს, რომ მხოლოდ ამით ვიყო დაკავებული.
უქმე დღეებში მაინც ახერხებთ სამზარეულოში ტრიალს?
- უქმე დღე ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს, რადგან ჩვენ არ გვაქვს დაკონკრეტებული სამუშაო რეჟიმი. ჩვენ ხომ სამსახურში არ ვართ, შრომის შინაგანაწესი რომ არსებობდეს და ამის მიხედვით მიდიოდე, მოდიოდე, შაბათ–კვირას ისვენებდე, შვებულებას იღებდე და ა.შ. 19 წლიდან ვმუშაობ და არასოდეს მქონია ასეთი სამსახური ნორმირებული სამუშაო გრაფიკით.
ეს კარგია თუ ცუდი?
- ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ალბათ, საბოლოო ჯამში, ცუდია, რადგან ეს ფიზიკურად განგრევს. ამ ბოლო დროს ვხუმრობ, ეტყობა, დავბერდი–მეთქი. სიტყვა "შვებულება", რომელიც ჩემი ლექსიკიდან ამოღებული იყო, ამ ბოლო დროს გამიაქტიურდა. მეორე მხრივ, არ ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა იყოს. სხვანაირად არასოდეს მიცხოვრია.
მუშაობის ასეთი რეჟიმი იმას სულაც არ ნიშნავს, რომ გემრიელი კერძების მომზადება არ იცოდეთ.
- რა ვიცი, ამბობენ, რომ კარგ კერძებს ვამზადებ. საერთოდ, ხომ იცით, რაც იშვიათად არის, ის ყოველთვის კარგი გეჩვენება. ყველა აღფრთოვანებულია ჩემი მომზადებული კერძით. ალბათ იმიტომ, რომ მოტივაცია არ დამიკარგონ და საერთოდ უარი არ ვთქვა ამაზე. კარგი კერძები იმიტომ გამომდის, რომ არასტანდარტული ადამიანი ვარ. ყველაფერში და მათ შორის საჭმლის კეთებისას ჩემთვის არ არსებობს წესები, რა და რამდენი გრამი ვუქნა. საინტერესო საჭმელებს ვაკეთებ ხოლმე, აი, რაც ხელში მოგხვდება, ყველაფერს რომ აურევ. ძალიან მიყვარს და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამომაქვს უამრავი სანელებელი, რომლებიც კერძს განსხვავებულ გემოს აძლევს. მექსიკიდან ერთი ჩანთა თხევადი სანელებლები ჩამოვიტანე და მას შემდეგ ყველა ჩემი მეგობარი და ახლობელი ამაზე შაყირობს.
რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
- ახლა უკვე გვიანია და ძალიან გამიჭირდება რამის შეცვლა. მქონდა რამდენიმე მცდელობა და არაფერი გამოვიდა. ყველაფერს სიამოვნებით შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში და ისე ვიცხოვრებდი, ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი არ გაგიჩნდებოდათ. ბევრი წელია, რაც ამ ერთსა და იმავე ციკლში ვტრიალებ და ძალიან დავიღალე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არჩევანი იყო, რომელიც თავის დროზე თავად გავაკეთე და აქედან ვეღარსად წავალ. შარშან მქონდა ამის მცდელობა და 11 თვის განმავლობაში არავის ვუნახივარ საჯაროდ.
სად იყავით ამ დროს და რითი იყავით დაკავებული?
- სახლში, სამსახურში ვიყავი, მაგრამ მედიას არ ვეკონტაქტებოდი. ვცდილობდი, ჩემი საქმე საჯაროობის გარეშე მეკეთებინა. ვფიქრობ, ეს სწორი იყო. ეს მეც მჭირდებოდა და ხალხსაც, რადგან ძალიან დიდი დოზით ვიყავი წარმოდგენილი. ამ დასვენებას სულ გავაგრძელებდი, ამის საშუალება რომ მქონდეს. ოჯახში სრული იდილია გვაქვს. ცოტა პატარამ აგვირია, 3 წლისაა და...
უფროსი შვილი დედის მესაიდუმლეა?
- ჯერჯერობით პირიქითაა, მე ვარ მისი მესაიდუმლე.
საკუთარი თავისთვის დრო გრჩებათ?
- საკუთარი თავის მოსავლელად ჩემი სტანდარტები მაქვს. არ ვხმარობ მაკიაჟს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროს, რომელსაც ქალები თავიანთ თავზე ხარჯავენ. თითქმის არასოდეს დავდივარ სალონში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თმა მაქვს შესაჭრელი. მაკმაყოფილებს, როგორც ვახერხებ თავის მოვლას. ყველაფერში სწრაფი ვარ, მათ შორის ამ საკითხშიც.
უკვე 13 წელია ცოლქმრულ უღელში ხართ. როგორ აღნიშნავთ ქორწინების დღეს?
- 19 ოქტომბერს გახდა 13 წელი ჩვენი ქორწინებიდან. თუ ორივე საქართველოში ვართ, აღვნიშნავთ. მაგალითად, მე–10 წლისთავი ისე გამოგვეპარა, რომ მხოლოდ მესამე დღეს გამახსენდა, რადგან ადგილობრივი არჩევნებისთვის მე და ჩემი მეუღლე სხვადასხვა გეოგრაფიებში ვიბრძოდით. არადა ამ დღისთვის მთელი წელი ვემზადებოდი. ქორწინების დღეს ბავშვებთან ერთად აღვნიშნავთ, ადრე კი მეგობრების წრეში ვზეიმობდით. საჩუქრების ყიდვაში ვაქტიურობ მე. დათოს პრინციპი აქვს – შენ რომ მე საჩუქარს მირჩევ და ყიდულობ, ხომ გსიამოვნებს, ჰოდა ორმაგ სიამოვნებას იღებ, ერთი, რომ მჩუქნი და მეორე, რომ არჩევო... (იცინის). ბოლო წლებში საჩუქრები მოკრძალებული გახდა, განსხვავებით იმ წლებისგან, როდესაც ორივეს ხელფასიანი სამსახური გვქონდა. ძალიან პრაგმატული გამხადა ცხოვრებამ. აღარ ვიცი, რომანტიკული ვარ თუ არა. საერთოდ არასოდეს ვოცნებობ. ეს ბავშვობიდან მახასიათებს. ყველაფერი მაქვს, რაც მინდა, ვაკეთებ, რისი გაკეთებაც მინდა. ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მქონია რაღაც მიუწვდომელი სურვილი. ძალიან მარტივად საურთიერთო ადამიანი ვარ ამ თვალსაზრისით. მინდა ის, რაც შემიძლია, რომ მქონდეს. იმდენი უნდა შეგეძლოს ადამიანს, რომ შენი შვილების განათლება უზრუნველყო და მათ მომავალზე აიღო პასუხისმგებლობა. ყველაფერი დანარჩენი პირადად ჩემთვის ფუფუნებაა და არაფერს წარმოადგენს. მთავარია, თავზე ჭერი მქონდეს და შევძლო შვილების სურვილების შესრულება. ვცდილობ, რომ ისინიც ისე გაიზარდონ, მათი სურვილბეიც იყოს აუცლბელობით გაკრანახევი და არა იმ პრინციპით, რომ ვიღაცა უნდა ვაჯობო, იმას რომ აქვს, მეც მინდა.
თქვენი 9 წლის სანდრო ცნობილი პოლიტიკური ოჯახის შვილია. თუ გრძნობს ამას და როგორ აღიქვამს?
- ამას გრძნობს და ეს განსაკუთრებით მძიმედ გასულ წელს იგრძნო, როდესაც ქუჩაში მისი ბევრი პლაკატი თვალებდათხრილი ნახა. ეს ძალიან მძიმედ განციადა. სხვა დანარჩენი მოსწონს და ეამაყება, რომ პოპულარული დედ–მამა ჰყავს.
თქვენ ეს ფაქტი როგორ აუხსენით?
- თვითონ ახსნა, არიან ცუდი ადამიანები, რომელთაც ამის გაკეთება შეუძლიათო. იყო პლაკატები, სადაც ჩემს ფოტოს ხელი არ ჰქონდა შეხებული და სანდროს ნაწილები იყო ჩამოხეული. მან და მისმა მეგობრებმა ძალიან მძიმედ აღიქვეს, მეუბნებოდნენ, გაგვაცანი, ვინ არიან ისინი და მაგათ ნახეთ, რას ვუზამთო. 8 წლის ბავშვები მეუბნებოდნენ ამას.
შვილის მეგობრები თინას გეძახიან?
- კი, მე მათთან ვმეგობრობ. ჩემს შვილს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩემი მეგობრები არიან. ამომრჩევლებზე უკეთესად ბავშვებთან მეგობრობა გამომდის.
ორ შვილზე შეჩერდით?
- არ ვიცი. საერთოდ, მესამე შვილის გაჩენა გადაწყვეტილი მაქვს, გაციმლებით უფრო სწრაფი გეგმა მქონდა. რატომღაც მეგონა, რომ გიგაც (უმცროსი შვილი. ავტ.) ისეთივე იქნებოდა, როგორიც სანდროა, მაგრამ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. გიგა ცოტა კიდევ უნდა გაიზარდოს. მას იმდენი ყურადღება და ენერგია სჭირდება, რომ კიდევ მესამე ბავშვზე ყურადღების გადანაწილება შეუძლებელი იქნება.
დამხმარე არ გყავთ?
- დედაჩემი მეხმარება შვილების გაზრდაში. გიგას მარტო ბებო უყვარს, მარტო ბებოს "შვილია", რადგან ბებო ყველაფერს უსრულებს და დედა ყველაფერს უშლის. ჩემი არჩევანი რომ იყოს, მესამეც ბიჭი მინდა. მივეჩვიე ამას, თან უფრო ეკონომიურია, როდესაც სამივე ბავშვი ერთი სქესისაა – ერთმანეთის სამოსს ჩაიცვამენ, ერთ ოთახში დაიძინებენ და ა.შ. დათოს ორივე შვილი გოგო უნდოდა და ორივეს მუცლადყოფნისას, როგორც გოგოს, ისე ეფერებოდა. ექოზე სქესი შეგნებულად არ გაგვირკვევია. დათოს გოგო უნდა, ჩემთვის, პრინციპში, სულ ერთია, მაგრამ მე მაინც ბიჭი მირჩევნია.