მაოხრებელი გზირი ასანთით ხელში

მაოხრებელი გზირი ასანთით ხელში

ბილეთზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს თბილისი-კიევის რეისით საღმოს 23:30 წუთზე ჩამოფრინდება, ჯავშანი აღარ იძებნება. შესაძლოა, სააკაშვილმა ქვეყანაში ჩამოსვლა უკვე მე-18-ჯერ გადაიფიქრა ან ეს იყო ამომრჩევლის მობილიზების მიზნით ჩატარებული წინასაარჩევნო ფანდი. თუმცა, for.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილმა შესაძლოა, ჩამოსვლის დრო და მარშუტი შეცვალოს. მისი ქვეყანაში შემოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობა ხდება და ბილეთის გამოჩენა სიმულაცია იყო, რომელიც სააკაშვილის სხვა გზით ჩამოსვლის შენიღბვას ემსახურება.

ერთი ვერსიით ის შესაძლოა ქვეყანას მხარდამჭერებთან ერთად სარფიდან მოადგეს. მეორე ვერსიით კი - ზღვით, ბათუმში შემოვიდეს. ან ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გაცნობის შემთხვევაში, რომლის საშუალებაც მას თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ექნება, წაგების შემთხვევაში წამოსვლა ისევ გადაიფიქროს. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი თავის მხრივ ელექტორატის მობილიზება აქვს დავალებული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მას აქვს იმედი, რომ ქვეყანაში ჩამოსვლამდე არეულობა დაიწყება და მის დაკავებას ხელისუფლება ვერ გაბედავს.

„ქართული ოცნება“ კი სააკაშვილს ამშვიდებს და ჰპირდება, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააკავებენ, იმის მიუხედავად, საიდან და რა ფორმით შემოვა; უკრაინის სცენარის გათამაშება არ გამოუვა და მისი აყვანაც ისე უსაფრთხოდ მოხდება, როგორც ეს ნიკა მელიას შემთვევაში იყო.

სააკაშვილის ბილეთის გაურკვეველი ბედი

მიხეილ სააკაშვილის კიევი-თბილისის ავიაბილეთი, როგორც გვარწმუნებდა, ორ პერსონაზეა დაჯავშნული და იგი  საქართველოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავს დაბრუნებას. სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს გვერდით დაუდგებიან და გადადებენ განსხვავებებს.

„ჩვენ უნდა წავიდეთ სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე, თბილისში“, - შეხვედრამდე დაგვემშვიდობა სააკაშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სააკაშვილის მიერ კიევი-თბილისის ბილეთის გამოქვეყნებას „ფეისბუქში“ ეხმაურება: „კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი (PDZ897) რომ გამოაქვეყნა, იმდენიც კი არ იცის, რომ სისტემაში იძებნება ადვილად. ჯერ 31 დეკემბერს გადაიტანა ფრენა, ახლა კი, საერთოდ არ იძებნება სისტემაში. აღარ ჩამოდის“?

ხელისუფლება პირობას დებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში ვერასდროს დაბრუნდება: „აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით“, - დაგვამშვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი მმართველობაც შეგვახსენა: „საქართველოს თითოეულ კუთხეში იყო ტერორი და განუკითხაობა... რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ - ყოველთვის, ყოველდღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით... ამ ადამიანებს კიდევ რომ უჩნდებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული და კრიმინალი და შემდეგ უკვირთ, როდესაც ჩვენ მათ ამ დანაშაულს ვახსენებთ... თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, აეროპორტშივე დააკავებას უწინასწარმეტყველებს.

„არანაირი ექსესი და დაპირისპირება არ მოხდება. ზუსტად ასე ამბობდნენ ნიკა მელიას დაკავების დროსაც, მაგრამ თმა არავის არსაიდან ჩამოვარდნია. ჩამოვა და მხარდამჭერებთან თუ მოწინააღმდეგეებთან ერთად, სათანადო ორგანოს წარმომადგენლებიც დახვდებიან და ციხეში გადაიყვანენ. რაღაცა პატარ-პატარა გამოსვლები იქნება, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი არა, რომ ამან ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს. რაც შეეხება ბილეთის ამბავს და იმ ვერსიებს, რომელიც მისი ჩამოსვლის მარშუტს შეეხება, ვფიქრობ, გამორიცხული არაფერია. მან ეს შესაძლოა რამდენიმე მიზეზით გააკეთა - ერთ ვარიანტში ის ისევ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს და მეტი დამაჯერებლობისთვის ბილეთი დადო. მეორე ვერსიით, მან დრო და მარშუტი უბრალოდ შეცვალა. მესამე ვერსიით კი შესაძლოა, რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, სარფიდან შემოვიდეს. თუმცა რას იზამენ? სარფის საბაჟოს შტურმით აიღებენ? მას იქვე დააკავებენ და უსაფრთხოდ ციხეში გადაიყვანენ“, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება იმ ფაქტს შესაძლოა თუ არა სააკაშვილს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და ნიკა მელიას მსგავსად ელის, რომ მისი შეწყალება მოხდება, ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ზეწოლა თუკი ხელისუფლებაზე განხორციელდა, ეს ჩვენი პარტნიორებისგან უდიდესი შეცდომა იქნება. მისი თქმით, სააკაშვილს ევროპარლამენტარებმა პირიქითი ურჩიეს, რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს და პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავოს. რაც შეეხება ჩამოსვლის დროს - 2 ოქტომბერი, 23:30 წუთი, - ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს განზრახაა გაკეთებული, რადგანაც მას ჩამოსვლა ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს და სავარაუდოდ, წინასწარი ეგზიტპოლების შედეგების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს ჩაჯდეს თუ არა თვითმფრინავში.

„ამ ადამიანზე ზუსტად როგორ შეიძლება რამეზე ისაუბრო?! მაინც მგონია ჩამოსვლა ბოლომდე გადაწყვეტილი არა აქვს. ევროპარლამენტარებთან დადიოდა და ეხვეწებოდა საქართველოში გამომყევითო. როგორი მშიშარა და მხდალი უნდა იყო, დედასთან ერთად მოდიოდე და მას წინ იფარებდე. არ ვიცი, თუ მას იმედი აქვს მელიასავით გამოვა, ძალიან ცდება. სამწუხარო იქნება, თუ დასავლეთი ხელისუფლებაზე ზეწოლას განახორციელებს.

როგორც ჩანს, 2 ოქტომბერს ეგზიტპოლების შედეგებს დაელოდება, ალბათ, გვარამია მიაწვდის ინფორმაციას და გადაწყვეტილებას მერე მიიღებს. საიდანაც არ უნდა შემოვიდეს, უმალვე დააკავებენ. უბრალოდ, სამარცხვინო იქნება თუ ფარულად შემოვა. ეს მის პოლიტიკურ კარიერას კიდევ უფრო გაანადგურებს. არ ჩამოვა და ფაქტობრივად განულდება“, - ამბობს ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პარტიაშიც გარკვეული დაპირისპირება აქვს, რადგანაც ჩნდება შთაბეჭდიელბა, რომ ისინი ერთმანეთს უფრო ესაუბრებიან. სალუქვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელიას ნათქვამი ის სააკაშვილის ადგილას უკვე საქართველოში იქნებოდა, შემთხვევითი არაა. ამიტომ სააკაშვილს მრავალმხრივი პრობლემები აქვს.

„მელია სააკაშვილს ჩამოსვლისკენ მოუწოდებს, სააკაშვილი კი ხელის გატოკებისკენ. არ ვიცი, აქ რისი იმედი აქვთ, სააკაშვილს დერეფნის და წითელი ხალიჩების მოწყობა უნდა, მაგრამ რეალობა ის იქნება, რომ მას ჩვენი სამართალდამცველები დააკავებენ და ციხეში გადაიყვანენ. ამას ხელისუფლება ისევე უპრობლემოდ შეძლებს, როგორც ეს ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა. მაშინაც იყო საუბარი 200-მდე კუნთმაგარი ბიჭები არიან ოფისში გამაგრებულები და მის დაკავებას არავის დაანებებდნენ, თუმცა მელია ბუმბულივით აიყვანეს და წაიყვანეს. ასე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც. რაც შეეხება ჩამოსვლის მარშრუტის ცვლილებას, შესაძლოა, უკრაინის ვარიანტი გაითამაშოს, მაგრამ ეს არ გამოუვა. კარგი, ვთქვათ, რამდენიმე ათას მხარდამჭერს თავი მოუყარეს, მერე რა ხდება? მართლმსაჯულების აღსრულებას წინ არაფერი აღუდგება. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში, საიდანაც არ უნდა ჩამოვიდეს, მისი დაკავება მოუწევს“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილი თუ საზღვარს თურქეთიდან მოადგება და სარფის საბაჟოდან ქვეყანაში შემოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას ვერ შეძლებს - ეს პოროშენკოს უკრაინა და საზღვარი არ არის. თურექთის და საქართველოს მხარესაც საბაჟოს თანამშრომლებს ზომების მიღება მოუწევთ. სააკაშვილს იგივე სცენრის გათამაშება აღარ გამოუვა.

„საუბარი იმაზე თითქოს პოლიტიკურად ხელისუფლებას სააკაშვილის დაბრუნება აწყობს, ლოგიკას მოკლებულია. არჩევნების დღეს, არც ერთ ხელისუფალს მსგავსი პროვოკაცია არ უნდა. არეულობა ვისაც უნდა, ისინი ამას არც მალავენ. არჩევნებს არ ატარებენ და გამოცხადებული აქვთ უკვე, რომ არჩევნები გაყალბდება. ნებისმიერი შედეგი, რომელიც მათთვის სასარგებლო და მისაღები არ იქნება, ისინი არ აღიარებენ. როცა ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით „ოცნებას“ 35% აქვს, ეს ხომ ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. იმას ვერც კი მალავენ, რომ მმართველ გუნდს მყარი პირველი ადგილი უკავია.

თუ სააკაშვილს იმის სურვილი აქვს, გამოსცადოს დააკავებენ თუ არა, ნახოს, აბა! უბრალოდ, ციხეში ყოფნას რამდენად შეძლებს და რამდენად არის ამისთვის მზად, ეს კიდევ საკითხავია. რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მოლოდინს, რომ მელის მსგავსად გაათავისუფლონ, მცდარი მოლოდინია. ახლა ის დრო და სიტუაცია აღარ არის. მელიას საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია. მეორეც, სააკაშვილს ბრალი 4 საქმეზე აქვს წაყენებული, ამიტომ, მის ამნისტიას არც ერთი პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს. ერთი ვარიანტია, რომ უკრაინამ, როგორც მისი მოქალაქის ექსტრადირება მოითხოვს, რაც დროში გაიწელება. ან ზელენსკის ეს რამდენად აწყობს მეორე საკითხია“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.

quji ოცნებისთვის ვერ მიპატიებია 2012 წლის ხალხის მონაპოვარი ქარს რომ გაატანეს
2 წლის უკან
trampi თან რა დიდი წვალებით მოპოვებული.
...რამდენი მსხვერპლი, რამდენი ცემა.... რამდენი ტყეპა .... რამდენი ყინვა - ქარში დგომა
ზუსტად მაგიტომ ვაგინებ ამ ოცნებას... თანაც მწარედ და ღირსები არიან
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.........რო არა ბუა-ნაცები, მაშ ესენი ხელისუფლებაში გასაჩერებლები არიააან??
სოფელში კაცი არ იყო და ვირი აირჩიეს მამასახლისადო
ყველაზე გულსაკლავი კი ისააა რომ არცერთი მაშინდელი ნაწვალები ადამიანი ოცნებაში აღარააა( წულუკიანია მარტო)
არა ... ბევრი მართლა სკამებზე მონადირენი აღმოჩნდნენ და გასაყრელები იყვნენ კიდეც, მაგრამ კახი კახიშვილი მაინც რატო გადამალეს?/
არა რაააა...... საქართველო ოკეანეში უპატრონოდ მოფარფატე ნავია და ქარი სად მიაგდებს მას ან სად ჩაინთქმება კაციშვილმა არ იცის
არადა მომკალით და არ მჯერა რომ საქართველოში ნორმალური კადრი არააა ... უბრალოდ არ მჯერა ....... მაგრამ ეტყობა ეს ქაოსი ურჩევნიათ ყველას
ზემოთაც და აქაურ თოჯინებსაც........................თორე ეს ამდენი იწილო---ბიწილო რატო არა მთავრდება???
ცოტა ღარიბაშვილის იმედი მაქვს ოღონდ თუ გაატრაკებინეს(თუ მანამდე ,,ცეკადან,,(ანუ ვაშინგტონიდან) არ მოხსნეს)
2 წლის უკან