„გახარიამ საკუთარ თავს ჰკითხოს, თავად რამდენ ადამიანში დაკარგა ნდობა?“

„გახარიამ საკუთარ თავს ჰკითხოს, თავად რამდენ ადამიანში დაკარგა ნდობა?“

ოპოზიციურ ფლანგზე გადასული ექსპრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს პირველად აკრიტიკებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა როგორც მას, ასევე ქართველ ხალხს იმედი გაუცრუა. თუმცა რა შემთხვევაში და როდის, არ დაუკონკრეტებია. იმედის გაცრუებაში გახარია ალბათ, იმას გულისხმოსბს, რომ ივანიშვილმა კაცი არსაიდან ჯერ ბიზნესომბუდსმენი გახადა, შემდეგ ორი სამინისტრო ჩააბარა, ხოლო არაერთი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, პრემიერის სკამიც უბოძა.

ასევე, საინტერესოა, რა ნაწილში მიიჩნევს ექსპრემიერი, რომ ივანიშვილმა ხალხსაც მოლოდინი არ გაუმართლა? - ალბათ, იმ ნაწილში, რომ კაცმა არსაიდან გუნდი და ქვეყანა ყველაზე კრიტიკულ მომენტში იმისთვის მიატოვა, საკუთარი პოლიტიკური კარიერა გადაერჩინა?!  - აქ კი ნამდვილად არცდება გახარია, მისი გაპრემიერება ივანიშვილის უდიდესი შეცდომა იყო.

ასეა თუ ისე, ფაქტია, გახარიამ ახალი თამაში წამოიწყო, ვინაიდან ივანიშვილისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო და „ივანიშვილის კაცია“-მაც არ გაამართლა. ასე რომ, გახარიამ საარჩევნოდ ოპოზიციურ ხმებზე სანადიროდ ივანიშვილის კრიტიკა უკვე საჭიროდ ჩათვალა.

თუ მას რეალური ოპოზიციონერობა უნდა, თანაც ისე, რომ ორმხრივ ცეცხლში არ მოხვდეს და ხელისუფლების პარალელურად ოპოზიციაც თავს არ დაესხას, ივანიშვილის კრიტიკა ამ ეტაპზე ყველაზე კარგი საშუალებაა. თუ კი მრავალსახოვან გახარიას ამის უარყოფა ან ინტეპრეტაციაშეცვლა დასჭირდება, ესეც არ გაუჭირდება.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას გახარიას 2021 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადება გაახსენეს. რამდენიმე თვის წინ ის ამბობდა: „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობას აქვს თავისი ახსნა, რაშიც ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ქვეყანამ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და, ქართული პოლიტიკის ცენტრში, განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ მოაწერდა თუ არა ხელს საკუთარ სიტყვებს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა თქვა: „არა. ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების“.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარია „აჭრილია“, როცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი იმედები ვერ გაამართლა.

„გახარია ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც სრულიად არ შედის მის ინტერესებში. სულ რომ თავი დავანებოთ მისი განცხადებების არაადეკვატურობას შინაარსობრივად, ნუ რა ვიცი... ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ეს არის სრულიად არასერიოზული. გახარია ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი - უნდა ეკეთებინა ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლიდან ერთ თვეში უღალატა ქვეყანას და უღალატა გუნდს და რა ნდობის ვერგამართლებაზე ლაპარაკობს?“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყოფილ თანაგუნდელზე და მიაჩნია, რომ გახარია ფსკერს ქვემოთ დაეშვა: „როცა კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა ივანიშვილმა, ეს, არ ვიცი, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირ ფსკერზეა ეს კაცი დაშვებული. ეს არის მორალური ფსკერი. გარდა ამისა, როცა ვერ ხვდები, რა გაწყობს და რა - არა, ეს ნიშნავს, რომ ფსკერს ქვემოთაც ხარ დაშვებული“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სვამს კითხვას - თუკი გიორგი გახარიას ივანიშვილმა იმედი გაუცრუა, როდის მოხდა ეს და კონკრეტულად რა შემთხვევაში? ან თუ ფიქრობს, რომ მან ხალხს იმედი ვერ გაუმართლა, რატომ იკავებდა მისსავე პარტიაში და ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს? ჩიტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გახარია საკუთარ ლოგიკაში იხლართება და გაუგებარია, რას გულისხმობს. მისი აზრით, ალბათ, ივანიშვილმა ყველაზე მეტად მას არ გაუცრუა იმედი, რადგანაც ის პრემიერად 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დანიშნა. ივანიშვილმა ამით სწორედაც, რომ გარისკა და მისი პოლიტიკური კარიერა პირიქით, გადაარჩინა და დააწინაურა. ამიტომ ანალიტიკოსისთვის გაუგებარია, რა დროს და რა სიტუაციაში ვერ გაამართლა ივანიშვილმა მისი იმედი.

„ამდენი ხნის განმავლობაში გახარია ძალიან მაღალ თანამდებობებზე იმყოფებოდა. მის პოლიტიკური კარიერა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ის რომ დღეს პოლიტიკოსია, მისი დამსახურებაა. ამიტომ, ცოტა ვერ გავიგე, იმედი როდის და სად გაუცრუა? რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც ამბობს ხალხსაც გაუცრუაო, ესეც ვერ გავიგე, რადგან ამას როდის მიხვდა, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა თუ პოლიტიკაში როცა იყო და მას მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა? თუ ხვდებოდა, რომ ხალხის იმედს ვერ ამართლებდა, მის ხელისუფლებაში რას აკეთებდა? მაშინ ლოგიკურად ისმევა კითხვა - ახლა ხომ არ გაუცრუა, როცა ტელეფონზე ურეკავდა და არ უპსუხა? გახარია ცოტა ლოგიკაში აიხლართა და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილისგან გამოხმაურებას ელოდა. ალბათ, ფიქრობდა, რომ დაურეკავდა და მის მხარეს დაიჭერდა. რაღაცა მოლოდინი რომ ჰქონდა, ფაქტია. ამ პერიოდის განმავლობაში მისი კრიტიკისგან თავს ამიტომაც იკავებდა. თუმცა, როცა ნახა, რომ ლოდინს აზრი აღარ აქვს, მოქმედებაზე გადავიდა“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან.

თუმცა ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ამის გარდა, გახარიას ივანიშვილის კრიტიკით კიდევ რამდენიმე გათვლა ჰქონდეს. მეორე ეს შეიძლება ოპოზიციურ ხმებზე ნადირობაც იყოს. ან გაფრთხილება, რომ თუ მას სათანადოდ არ დააფასებენ და მის თავდასხმას ხელისუფლება არ შეწყვეტს, ივანიშვილზე თავდასხმებს დაიწყებს. ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა ასეთი მწვავე არჩევნებამდე არ იყოს, თუმცა არჩევნების შემდეგ უფრო გამწვავდეს.

„ვფიქრობ, გახარიას უნდა ივანიშვილს აჩვენოს, რომ მისთვის ძალიან საჭირო ადამიანია და თუკი მან ადგილობრივ არჩევნებში მაღალი რეიტინგი აჩვენა, ის ხელისუფლებისთვის მართლაც საჭირო იქნება. მგონია, კალაძესთან მისვლის მიზანიც ეს იყო. არ ვიცი, რაზე ისაუბრეს და რამეზე შეთანხმდნენ თუ არა, მაგრამ ფაქტი ერთია, თუ მეორე ტური დაინიშნა და კალაძე-მელია გადავიდნენ, კალაძეს გახარიას მხარდაჭერა დასჭირდება. ისე, როგორც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ოცნებას“ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერა დასჭირდა. ამიტომ მართალია, კობახიძე გახარიას თავს ესხმის, მაგრამ კარგად იციან, რომ შესაძლოა, მათთვის ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს. თუმცა მისი პირადი რეიტინგი აშფოთებთ, რადგან პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი აქვს. თუმცა მე ძალიან მიკვირს ხალხს მასში რა მოსწონს, რადგან მასზე კარგი პრემიერი, მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილი იყო. გახარიამ პრემიერობის დროს ქვეყანას ძალიან დიდი ვალი აჰკიდა და ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. ვაქცინაციის პროცესი ფაქტობრივად ჩააგდო და ამხელა ფული სად გაფლანგა ვერც გავიგეთ. უბრალოდ, მან ქარიზმატული პოლიტიკოსის იმიჯი მოირგო და ამ გაკოტრებულ პოლიტიკურ ველზე ხალხის თვალში ყველაზე კარგად გამოიყურება“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ ეს განცხადება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შესაძლოა, ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების მონადირება უნდა. აბაშიძის აზრით, ის ხედავს პარტიას დაბალი რეიტინგი აქვს და არ გამოუვიდა თამაში ვითომ ივანიშვილის კაცი იყო. ამიტომაც მოქმედების ახალ ტაქტიკაზე გადავიდა. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ექსპრემიერი მწარედ ცდება, რადგანაც საზოგადოებამ მისი მრავალსახოვნება უკვე დაინახა.

„გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებთან და ივანიშვილთან დაპირისპირება არა ამ განცხადების მერე, არამედ გადადგომის დღიდან დაიწყო. რაც მან თანამდებობა დატოვა, მრავალსახოვანი და ვერსიული პოლიტიკოსი გახდა. მომხდარ ამბავზე სხვადასხვა ვერსიებს და შეფასებებს ყოველდღიურად ცვლის. ახლა, როგორც ჩანს, მისი გათვლა ისაა, რომ რადგან მის პარტიას და მის კანდიდატურას დაბალი რეიტინგი აქვს, ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით დამატებით ელექტორატს მოიპოვებს. ალბათ, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე გასვლა უნდა. დაინახა ვითომ ბიძინას კაციას თამაშმა არაფერი მოუტანა, რადგანაც არავინ დაიჯერა და ამიტომაც ახლა თამაშის სხვა რელსებზე გადაეწყო“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

შესძენს თუ არა ივანიშვილზე თავდასხმა და არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა მის მიმართ კრიტიკის გააქტიურებას? აბაშიძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერს ეს არანაირ პოლიტიკურ წონას არ შესძენს. პირიქით, სრულიად საპირისპირო მოხდება, ელექტორატს კიდევ უფრო დაკარგავს. ივანიშვილის კრიტიკას კი, სავარაუდოდ, აქამდე იმიტომ არ ეწეოდა, იმედი ჰქონდა „ოცნების“ ელექტორატს გადაიბირებდა. ახლა კი, ექსპრემიერი ალბათ, ივანიშვილის კირიტიკისგან თავს აღარ შეიკავებს.

„თუ ბიძინა ივანიშვილი გასაკრიტიკებელი იყო, ეს თავიდანვე დაეწყო, მაგრამ მაშინ პოლიტიკურად ასე აწყობდა. ახლა როგორც ჩანს, ასე აწყობს. ახლა ამ კრიტიკით მისი დაბალი რეიტინგის ხელოვნურად აწევას ცდილობს. საკუთარ თავს ჰკითხოს, თავად გახარიამ ნდობა რამდენ ადამიანში დაკარგა? ეს უფრო მთავარი კითხვაა. ნდობა კი იმდენ ადამიანში დაკარგა, რომ ეს უკვე მის დაბალ რეიტინგზე აისახება, რომელიც ორნიშნა ციფრიც კი არაა. გამორიცხული არ არის, რომ ივანიშვილზე კიდევ რაღაც თქვას და იმ კოლექტიურ ეკა ბესელიებს და დავით ჭიჭინაძეებს დაემსგავსოს, რომლებიც შიდა სამზარეულოდან ვითომ რაღაცას ლაპარაკობენ და ამ დროს მითებისა და ზღაპრების ჟანრში არიან გადასულები. გახარიამ კი ეტყობა თავად გადაწყვიტა, რომ უპროცენტო ბესელიას და ჭიჭინაძის პოლიტიკურ გზას დაადგეს. ეს მისი და მისი გუნდის გადაწყვეტილებაა. ლოგიკურად სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება მისი ასეთი განცხადებები“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

 

 

 

tngh მეც ბევრი კითხვები მაქვს გ. გახარიას მიმართ, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ. გახარიას პარტია "ლელოზე", "აღმაშენებელ-ვაშაძეზე"... "პატრიოტებზე"... "ლეიბორისტებზე" და მსგავს მოტლიკინე პარტიებზე, გაცილებით მეტ ხმებს აიღებს...
3 კვირის უკან