კამერები დიდწილად გამორთულია - მძღოლებს ტექდათვალიერება აღარ აღელვებთ

კამერები დიდწილად გამორთულია - მძღოლებს ტექდათვალიერება აღარ აღელვებთ

ავტომობილების ტექდათვალიერებაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა. უკვე 2 წელია ამ მხრივ ვითარება სავალალოა. შარშან, პანდემიის გამო, პროცესი თითქმის შეჩერდა, წელს ვითარება ცოტათი გამოსწორდა, მაგრამ ადრინდელ მონაცემებს მაინც მკვეთრად ჩამორჩება. მიზეზი კი ისაა, რომ მძღოლებს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, სულ უფრო ნაკლებად აჯარიმებენ.

2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით, ანუ 143 980 ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 352 061 ათასმა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 222 113, უვარგისი - 129 157, გზაზე გადაადგილება კი 746 ავტომობილს აეკრძალა.

2021 წლის იანვარ-აგვსიტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 208 081-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 119 704, უვარგისი - 87 076, გზაზე გადაადგილება კი გასულ წელთან შედარებით 1 301 ავტომობილს აეკრძალა.

რაც შეეხება განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირების გავლისას 2020 წლის პირველ 8 თვეში 49 995 ათასი ავტომობილი იცნო ვარგისად, 3 094 ათასი უვარგისად, 34-ს გზებზე გადაადგილება აეკრძალა.

2021 წელს კი, განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე უვარგისად 67 900 ავტომობილი ჩაითვალა, ვარგისად - 4 731, გზაზე გადაადგილება კი 94 ავტომობილს აეკრძალა.

ტექინსპექტირებისადმი გულგრილი დამოკიდებულება იმის ბარლია, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით არჩევნების მოახლოებისას, გზებზე „ჭკვიანი კამერები“ ნაკლები დატვირთვით მუშაობს, ან სულაც გათიშულია. ინფომარციას ავტოექსპერტი დავით მესხიშვილი ადასტურებს. ამ ეტაპზე კამერების რაღაც ნაწილი რამდენიმე ქალაქში ჩართულია და ნაწილობრივ მუშაობს, მაგრამ ეს ყველა დასახლებულ პუნქტს ნამდვილად არ ეხება.

„სად ჩართულია და სად - გამორთული, ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა არის ფაქტები, რომ გამართულად არ მუშაობს. ჩვენ ამ მიმართულებით 2020 წელს სპეციალური კვლევა ჩავატარეთ. ეს ეხებოდა ტექინსპეტირების პროცესსაც და აღმოჩნდა, რომ კანონის აღსრულება დამოკიდებულია კონკრეტული პირების ნება-სურვილზე, შეუძლიათ, გამორთონ, თუკი მოესურვებათ. ეს არის დაუშვებელი.

აღსრულება უნდა ხდებოდეს უწყვეტ რეჟიმში, რაც არ ხორციელდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საჯარიმო სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული მიზნისთვის, რომელსაც საგზაო უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

არაერთი შემთხვევაა, როცა „ჭკვიანი კამერები“ გამორთულია პერიოდულად, რომ მძღოლი არ „გაღიზიანდეს“. სინამდვილეში, ამ მიდგომას საგზაო მოძრაობაში მოაქვს მსხვერპლი, ავტოსაგზაო შემთხვევები და ასეთი სავალალო სტატისტიკით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავეა“, - განაცხადა მესხიშვილმა.

ტექინსპეტირების პროცესთან დაკავშირებით პრობლემას ადასტურებს ავტოექსპერტი ვაჟა იორდანაშვილიც. მისი ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მძღოლების მიმართვიანობა 20%-ით გაზრდილია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ზოგადად 2021 წელს ტექინსპექტირების მიმართულებით ვითარება შეიცვალა და დაჯარიმების მექანიზმიც მუშაობს, თუმცა, 2019 წელთან შედარებით, მაინც ჩამორჩენაა.

ის, რომ მონაცემები შემცირებულია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება. 2019 წელს პირველადი ტექინსპექტირება 569 246 ათასმა ავტომობილმა გაიარა, მეორადი კი - 108 689 ათასმა ავტომობილმა. მიმდინარე წელს კი, როგორც აღვნიშნეთ, უკვე 40%-იანი ჩამორჩენაა.

ლაზი სანამ ტექინსპექტირებას მარჯვენასაჭიანები დაუბრკოლებლად გადიან, ასეთი ინსპექტირება მხოლოდ პტი ცენტრების ფულის შოვნის მახეა და მეტი არაფერი. ისინი უსაფრთხოების არსებული მოთხოვნების მთავარ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ღამით აბრმავებენ შემხვედრი ავტომობილების მძღოლებს და ვერ ხედავენ გზას გასწრებისას. რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში მარჯვენასაჭიანები გინახავთ? თუ რუსეთია თქვენი ორიენტირი. ასე რომ ნუ წუწუნებთ, თქვენ საგზაო უსაფრთხოება კი არა საკუთარი შემოსავლები განაღვლებთ. სხვა შემთხვევაში მარჯვენა საჭიანების ან გადაკეთებას ან აკრძალვას მოითხოვდით. ასეთ ბლეფ ინსპექტირებას აზრი აზრი არ აქვს და არც არავინ უნდა მივიდეს პტი ცენტრებში, მაგრამ არჩევნების შემდეგ ყველა კამერას ჩართავენ და თქვენც გაიხარებთ.
3 წლის უკან