„ბოლოს უნდა მოხდეს დაქოქვა და პოლიტიკოსებისგან მოქოქილი ხალხი ისევ და ისევ, ერთმანეთს თავ-პირს დაამტვრევს“

„ბოლოს უნდა მოხდეს დაქოქვა და პოლიტიკოსებისგან მოქოქილი ხალხი ისევ და ისევ, ერთმანეთს თავ-პირს დაამტვრევს“

არჩევნებამდე ათი დღით ადრე სიმშვიდე დაირღვა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის „ომი“ გაჩაღდა. წინასაარჩევნო ბრძოლა დმანისში დაიწყო, თუმცა, ინციდენტი ამით არ დასრულებულა და ხელჩართულმა დაპირისპირებამ თავად პოლიტიკოსებში გადაინაცვლა.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან გამოსულ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც მედიასთან კომენტარს აკეთებდა, თავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაესხა.

ანალიტიკოს ზურა ქადაგიძისთვის ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების მოწყობა გასაკვირი სულაც არ არის და დარწმუნებულია, რომ რეალუად, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ნაცვლად, 3 ოქტომბერს ელოდებიან.

„სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და სადაც პროვოკაციის საშუალება იქნებათ, პროვოკაციებს ყველგან უნდა ველოდოთ. რეგიონებში შეგიძლიათ ჩახვიდეთ და საარჩევნო პროცესს დააკვირდეთ - ნახავთ, თუ როგორ წყნარად, მშვიდად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მმართველი პარტიის მხრიდან და ასევე, რიგი ოპოზიციური პარტიების მხრიდან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ეს პარტია საერთოდ არ მუშაობს, რაც მაძლევს ეჭვის საფუძველს, ვიფიქრო, რომ გეგმა „ბ“ აქვთ და 3 ოქტომბრისთვის ემზადებიან. განსაკუთრებით, ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში შეეცდებიან დაძაბონ სიტუაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი ტელევიზიები, რომლებიც პიარ-მანქანებად არიან ქცეული, ჩვეულებრივ, უბედურების მაძიებლები არიან. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ევროკავშირის ელჩის ოფისთან რომ ამას იკადრებდა და ხულიგნის დონემდე დავიდოდა, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, მივიდნენ აქამდე და ეს მეტყველებს ერთ რამეზე - როდესაც პოლიტიკური პარტიად წოდებული ხელმძღვანელი ამდენს ბედავს, რეგიონებში რაღა იქნება?!“, - გვითხრა ზურა ქადაგიძემ.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი მიიჩნევს, რომ პროვოკაციები იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პოლიტიკურ აქტორები ვითარებას ხელოვნურად გაამწვავებენ.

„პოლიტიკოსები ცდილობენ, ყოველი არჩევნების წინ გაათამაშონ მსგავსი ინციდენტები. სინამდვილეში, საქართველოში მათი დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს. პრობლემა, რომელიც სომხეთ-აზრებაიჯანს შორის არის, რთული პრობლემაა და სხვა ფესვები აქვს. ამიტომ, საქართველოში გადმოტანა ამ ორი ხალხის დაპირისპირება არის წმინდა, ქართული პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფების ნახელავი. ეს არაფერში არ წერია, ეს პოლიტიკა არაა, ეს პრაქტიკულად დანაშაულია.

რაც შეეხება სიტუაციის გამწვავებას, ეს მაშინ მოხდება, თუკი დღევანდელი პოლიტიკურ სცენაზე მთავარი აქტორები ხელოვნურად გაამწვავებენ სიტუაციას. სხვა, ბუნებრივი საბაბი, სიტუაცია აფეთქდეს და დაპირისპირებაში გადაიზარდოს, არ არსებობს“, - განუცხადა for.ge-ს ანალიტიკოსმა.

წინასაარჩევნო დაძაბულობა მოულოდნელი არ იყო ანალიტიკოს ლევან ალაფიშვილისთვის და არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ვიხილოთ პროვოკაციები.

„ზოგადად, დაძაბულობა მოულოდნელი არაა. ძალადობაზე დამკვიდრებული არჩევნები სამწუხაროდ, დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. თუმცა, ვერ გამოვყოფ კონკრეტულად რეგიონს - ეს მოხდება ეთნიკურად დასახლებული მუნიციპალიტეტებში, თუ კომპაქტურად ჩასახლებულ რეგიონებში? ძალადობა რომ დამკვიდრდა ამას ვხედავთ - ამ ბილბორდების, თუ სხვა ინციდენტების ფონზე უკეთესის მოლოდინი არც მე მაქვს“, - გვითხრა ექსპერტმა.

რაც შეეხება კითხვას, არჩევნებამდე ათი დღით რატომ ხდება დაპირისპირება და პროვოკაციები? - ანალიტიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ ადამიანის მეხსიერება მალე ივიწყებს მსგავს ქმედებას და ამიტომ, პოლიტიკოსები ამჯობინებენ, რომ მსგავსი პროვოკაციები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდეს.

„აქამდე სიმშვიდე რატომ იყო?! - იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი პიარტექნოლოგიაა. მათ ერთი თვით ადრე რომ დაეწყოთ ტემპერატურის მომატება, ამას თავისი რესურსი სჭირდება - აქტივისტების გადაადგილება, ადგილზე ხულიგანი ბავშვების მიყვანა და ა.შ. ეს ყველაფერი რესურსთან არის დაკავშირებული. ჩემი შეხედულებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რესურსი არ აქვს. აღარც დამფინანსებელი ჰყავს და ის რესურსი რაც აქვთ, დაიტოვეს ბოლოსთვის, რათა ტემპერატურა აწიონ. ისეთ რამეს სჩადიან, რასაც მცირე დროის ეფექტი აქვს. ერთი თვით ადრე რომ გაეკეთებინათ, ეს დუღილი ჩაქრებოდა“, - აღნიშნა ზურა ქადაგიძემ.

„ტექნოლოგია ითხოვს ამას, რომ განსაკუთრებული გამწვავება არჩევნების წინა დღეებში მოხდეს. სამი თვით ადრე რომ მოაწყო საბოტაჟი, ამ ხნის განმავლობაში მინელდება და ახალი რაღაცები იქნება საჭირო, ამიტომ, გარკვეული პერიოდი მდორედ მიდის ყველაფერი, ბოლოს უნდა მოხდეს დაქოქვა ჩვენი გულუბყრილო ამომრჩევლისა და პოლიტიკოსებისგან მოქოქილი ხალხი ისევ და ისევ ერთმანეთს თავ-პირს დაამტვრევს“, - გვითხრა დემურ გიორხელიძემ.

„თავიდან საარჩევნო სიმშვიდე გამოწვეული იყო ეპიდემიის გამწვავების გამო. შესაბამისად, ამ ყველაფერმა წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენა მოახდინა, მათ შორის პოლიტიკურ ქცევაზე. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, როგორც წესი, არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირა არის ყველაზე დაძაბული და კონფლიქტებით გამორჩეული. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაძაბულობა შეიძლება ასევე აიხსნას იმით, რომ მოსახლხეობის მახსოვრობა დროში შემოხაზულია. ამ პერიოდში, სხვა თემები რომ არ წამოიწიოს წინ, ამიტომ არჩევნებამდე ათი დღით აქტიურობენ პოლიტიკოსები. ქართული „ნოუ ჰაუ“ რაც არის არჩევნებამდე ბოლო ორი კვირთ ადრე ხდება“, - გაანცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ცნობისთვის, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სოფელ განთიადში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი. აღნიშნულ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.