„იქნება პროვოკაციები, ეს ხალხი ამაშია გაწაფული და სხვა არაფერი იციან - ეცადონ არეულობას, რა გამოუვათ? - როგორც 2020 წელს, ისე ახლაც არაფერი გამოუვათ“

„იქნება პროვოკაციები, ეს ხალხი ამაშია გაწაფული და სხვა არაფერი იციან - ეცადონ არეულობას, რა გამოუვათ? - როგორც 2020 წელს, ისე ახლაც არაფერი გამოუვათ“

„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაპირების და პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ისევ დესტრუქციას, დაპირისპირებას და პროვოკაციებს ჰპირდება. მოსახლეობას პოლიტიკის ქუჩაში გადმოტანა, ცემა-ტყეპა და განვლილი წლების უკან დაბრუნება რომ არ სურს, ეს დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობას“ გასაგებად უთხრეს, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც ვერაფერს მიხვდნენ.

ენმ-ის თავმჯდომარე, რომელიც პარტიას მხოლოდ ფიქტიურად მართავს, უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს. დმანისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მელია პერსონალურ თავდასხმებზე გადავიდა და ძველბიჭურ სტილში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის ოფისთან თავდასხმა მოუწყო. საქმე სიტყვიერი დაპირისპირებიდან ლამის, ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა. ოპოზიციის ნაწილმაც კი მელიას ქცევა პოლიტიკოსისთვის შეუფერებლად შეაფასა და მსგავსი საქციელისგან თავის შეკავება ურჩია. თუმცა, როგორც ჩანს, მელიას დესტრუქციული დღის წესრიგი უკრაინიდან უკვე მიღებული აქვს და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსაყვანად არეულობის ინსცენირებას ახდენს.

რა მოხდა ევროკავშირის ოფისთან

ევროკავშირი წარმომადგენლობის ოფისთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრიდან გამოსულ ირაკლი კობახიძეს თავს მელია დააცხრა და ჟურნალისტებთან საუბარი შეაწყვეტინა. ამ ფაქტს მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც გამოჩნდნენ. ადგილზე წესრიგის და უსაფრთხოების დასამყარებლად სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

პარტიის ოფისიდან ევროკავშირის წინ მყოფ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ და დაშლისკენ მოუწოდა თავად ინციდენტის მონაწილე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში შედის.

პარტიის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, „ოცნების“ წევრებმა ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას დააკისრა შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა მელიამ, რომლის თქმით „ოცნება“ საკუთარ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამაზე ნათლად ვერ წარმოაჩენდა“.

ინციდენტი მმართველი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის ევროკავშირის ოფისში მიმდინარე შეხვედრების პარალელურად მოხდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმ სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინეს. ამ ფონზე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ მშვიდობიანი საარჩევნო გარემო უნდა უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვის მიზნით პროვოკაციები იგეგმება, რისი მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში.

„დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა იდგა. ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს, ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს.

სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე“, - განაცხადა კობახიძემ.

მელია კი მომხდარ ინციდენტში ბრალს კვლავ ხელისუფლებას სდებს: „ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ რიფინგიტყველა შემაჯამებელ ოქმს გამოვიტანთ ხელუხლებელს. საქართველო, ქართველი ადამიანი, ერი გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე. ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს, 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია“, - ბრიფინგით გვამცნო ნიკა მელიამ „დარწმუნებულმა“ იმაში, რომ „კედელთან მიმწყვდეული „ქართული ოცნება“, რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიულები ხდება, მაგრამ ამაოდ, შიში ვერ იხსნის მათ პოლიტიკური მარცხისგან... თითოეული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა, ნაჯახი და ა.შ. რასაც იყენებს ეს ხელისუფლება, ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ვარ გულანთებული და ვარ ალალი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა, ამ ქვეყანას აღარ მართავდეს არც „კანონიერი ქურდი“, ამ ქვეყანას არ მართავდეს მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და დაბეჩავებული შესაბამისი სამსახურები პოლიციისა. ამ ბრძოლაში ვარ მე ათობით და ასობით ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, მაგრამ მომავალი არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ უკვე ბოლო რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქცია და აგრესია პერსონალურ თავდასხმებზე გადავიდა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის მათი საარჩევნო კამპანია, რომელიც დატვირთულია არა პროგრამებით და ამომრჩეველთან შეხვედრით, არამედ ეს არის დესტრუქციაზე და პროვოკაციაზე ორინეტირებული კაპანია.

„სულაც არ არის გასაკვირი ნიკა მელისაგან რაც იკადრა და ოპონენტი პარტიის თავმჯდომარეს ქუჩური და ძველბიჭური ლექსიკით დაუპირისპირდა. ადამიანებს შორის პოზიცია რაც არ უნდა განსხვავებული იყოს, ეს არის სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა. კობახიძე ბუნებრივია ერთს ამბობს და მელია მეორეს. ამიტომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანს ქუჩაში თავს უნდა დაესხა? ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რასც უკვე არაერთი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი ამბობს: „ნაციონალური მოძრაობა“ 3 ოქტომბერს რადიკალური სცენარისთვის ემზადება. ისინი ლეგიტიმურად ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ და პარლამენტის თუ ცესკოს წინ ისევ აქციების მოწყობას დაიწყებენ“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ასევე ამბობს, რომ მელია საკუთარი სურვილით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ეს ბოლო 7 თვის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი მისი ქმედება დაკვეთილი უკრაინიდან იყოს და გარკვეულ სცენარს მიჰყვებოდნენ.

„ნიკა მელია, ზოგადად, ძალიან ტრაგიკული პიროვნებაა, ის ვერც პოლიტიკოსად და ვერც ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ნომინალურ ფიგურას წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ მას სააკაშვილი საკუთარი კაპრიზების მიხედვით იყენებს. იყენებს ასევე ბატონ ანზორ მელიასაც. ერთ-ერთ ინტერვიუში მელიამ თქვა, რომ შესაძლოა, დადგეს დრო საქართველოდანაც წავიდეო. მშვიდობიანად თუ წავა საქართველოდან, უკეთესად იქნება. ყველა კარგად ხედავს, სადაც მელია და მისი დამქაშები არიან, იქ დაპირისპირება ყოველთვის ხდება. საზოგადოებას ეს ნამდვილად არ უნდა და ამდენი წლის განმავლობაში ჭკუა ვერ ისწავლეს. მათი ელექტორატი არ არის რადიკალური და არ ემხრობა ქუჩურ გარჩევებს. დღეს, ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკოსების მოთხოვნაა და მოძველბიჭო ელემენტების ყურება ხალხს აღარ სურს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით ამ არჩევნებში სამარცხვინო წაგების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად დაიშლება. მელია კი არ არის შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რადგან 2019 წლის მაგალითზე ვერაფერი ისწავლა. ვერ შეიგნო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში შევარდნა, პოლიტიკოსებზე და ოპონენტებზე ქუჩაში თავდასხმა არაფერში წაადგება. ამით მოსახლეობას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დაბრუნება არაფრით არ შეიძლება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, დღეს მოსახლეობა ხედავს, რომ პოლიტიკამ ქუჩაში გადმოინაცვლა და პირადი გარჩევების დონემდე დაეშვა. ეს კი საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი ფაქტია. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამით ამომრჩეველს ვერაფერს ვერც დაუმტკიცებენ და ვერც რეიტინგს მოიმატებენ. ეს იყო უმძიმესი სანახავი სცენა, სადაც ორი უდიდესი პარტიის ლიდერი ქუჩური გარჩევის ობიექტი გახდა.

„სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია აკეთებს იმას, რაც მისი ხელწერაა და რაც კარგად გამოსდით. ისინი უკვე 9 წელია 2012 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში დაძაბულობის და არეულობის ინსცენირებას ცდილობენ. ის, რაც ნიკა მელიამ ჩაიდინა, სრულიად მიუღებელი ფაქტია. როგორც უნდა ოპონენტი არ მოსწონდეს, მას თმენის ვალდებულება აქვს. ასეთივე ვალდებულება ირაკლი კობახიძესაც აქვს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ხომ არ არიან?!

ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მსგავსი პროვოკაციები თავიდან აირიდოს. რა თქმა უნდა, იქნება პროვოკაციები, მაგრამ მისი აღკვეთა უნდა მოხდეს. ეს ხალხი ამაშია გაწაფული და სხვა არაფერი იციან. თუმცა საქმე ისაა, რომ მოსახლეობა მათ კარგად სცნობს. ეცადონ არეულობას, რა გამოუვათ? - არაფერი, როგორც 2020 წელს არ გამოუვიდათ, ისე ახლა არ გამოუვათ. შეხედეთ თბილისს, აქ რომ ასე ინდეფერენტულია არჩევნების მიმართ მოსახლეობა, რეგიონებში ხომ წარმოგიდგენიათ როგორ არ აინტერესებთ. ენმ მუხტის აწევას კი ცდილობს, თუმცა ამით ხალხს უფრო აშინებენ. უკურეაქციას მიიღებენ და მათ უკან არდაბრუნების შიშით ხმას ისევ „ოცნებას“ მისცემენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.