„ფაქტობრივად, გახარიამ კალაძე საკუთარ პარტიასთან დაპირისპირების რეჟიმში დააყენა, რაც საეჭვოა მომხდარიყო, მათ ერთმანეთთან შეთანხმება რომ ჰქონოდათ“

„ფაქტობრივად, გახარიამ კალაძე საკუთარ პარტიასთან დაპირისპირების რეჟიმში დააყენა, რაც საეჭვოა მომხდარიყო, მათ ერთმანეთთან შეთანხმება რომ ჰქონოდათ“

„ქართული ოცნებიდან“ და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, შესაძლოა, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას ალიანსი ვიხილოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ გახარია კალაძეს შეხვდა, სანამ თავად ოფიციალურად დააყენებდა თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას და სწორედ აქედან გამყარდა ეჭვი მათი შესაძლო კავშირის შესახებ.

თუმცა, ნარკოტესტთან დაკავშირებით ატეხილი ერთგვარი აჟიოტაჟისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ბრალდებების შემდეგ, რომელიც მთავრობის ყოფილ მეთაურს წაუყენეს, პოლიტიკური რეალობა შეიცვალა. მიუხედავად ამისა, გარკვეულ ანალიტიკურ წრეებში მაინც განიხილება ის, რომ, ადრე თუ გვიან, მათ პოლიტიკურ გაერთიანებას ვიხილავთ.

რაც ვიხილეთ, თუნდაც 21 სექტემბერს დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატებზე, იყო საზღვრებს შორის მოქცეული და გახარია-კალაძის ერთგვარი დაპირისპირებაც კორექტული იყო. უნდა ითქვას ისიც, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთად ყოფნის დროს, გახარიასა და კალაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს ვერსიას,

რომ შესაძლოა, ყველაფერი წინასწარ იყოს გაწერილი და მათი ეს დაპირისპირება დადგმული იყოს. როგორც მან For.ge-ს განუცხადა, გახარია საკმაოდ კრიტიკული იყო კალაძის მიმართ:

„კალაძემ გუშინ ძალიან ღირსეულად დაიჭირა თავი, არა მარტო გახარიას მიმართ, არამედ ზოგადად, თავისი პარტიის მიმართაც, როდესაც მან განაცხადა, რომ ის უპირველეს ყოვლისა კაცია და შემდეგ პოლიტიკოსი. ამიტომ, კაცური ურთიერთობები არის მისთვის წინა პლანზე და პოლიტიკური უკანა პლანზე, არ შევიდა იმ შეფასებებში, რაც პოლიტიკაში არის შემოტანილი. გარკვეულწილად, დისტანცირება იყო მმართველისგან, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ამ დისტანცირების იქით იკითხება რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა გახარიასა და კალაძეს შორის.

გახარია იყო კრიტიკული, მან კალაძეს დაუსვა ის შეკითხვები, რაზეც ბრალს დებს მმართველი პარტია. ფაქტობრივად, კალაძე დააყენა საკუთარ პარტიასთან დაპირისპირების რეჟიმში თავისი კითხვით, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ გახარიამ დისკომფორტში ჩააგდო კალაძე, რაც საეჭვოა მომხდარიყო, მათ ერთმანეთთან შეთანხმება რომ ჰქონოდათ. მეჩვენება, რომ მათ შორის არანაირი წინასწარი სცენარი მათი ურთიერთობისა, არ არსებობს. პიროვნული სიმპათიების გამო ცდილობენ, რომ ასევე პიროვნულად ნაკლებად მიაყენონ ტკივლი ერთმანეთს.

კალაძემ ჭკვიანურად იმოქმედა, თან გუნდის პიარის პროგრამა განახორციელა, როგორც ჩანს, ამ პიარში დევს, რომ გახარიას წამოუყენონ ბრალდება ნარკომანობაში, მაგრამ ამ სტრატეგიის განხორციელებაში, კალაძის როლი იყო მინიმალური, მან უბრალოდ თქვა, რომ ტესტს იკეთებს. ვფიქრობ, კალაძე-გახარიას რაღაც საერთო გამზადებული სცენარი არ აქვთ და ასეთი სცენარით არ მოქმედებენ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ კალაძე „ქართულ ოცნებაში“ უპირობო ლიდერია და მისი გადასვლა გახარიასთან, წამგებიანია. როგორც მან აღნიშნა, კალაძე მომავალში შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი ან პარტიის თავმჯდომარე გახდეს. თუმცა, ამასთან არ გამორიცხავს, გახარია-კალაძის კოალიციის შექმნას, თუკი მათ მანდატები დასჭირდებათ.

„მათი ურთიერთობა დებატებამდე და დებატებზეც საკმაოდ კორექტული იყო. უფრო მეტის წარმოჩენა ასეთი ტიპის ფორმატებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გახარიას კალაძესთან შეიძლება რაღაც დადგმული იყოს, მაგრამ გახარიას წინააღმდეგ გამოდის მთელი „ქართული ოცნება“, ყველანაირი ცოდვა თუ მადლი აკიდეს გახარიას. უნდა ითქვას, რომ გახარიას კანდიდატურა და ხმები კალაძის ხმებია, რომელსაც გახარია მიიღებს. ამ შემთხვევაში რატომ უნდა იყოს დადგმული, გაუგებარია. სანამ გახარია იქნებოდა კანდიდატი, კალაძეს შეეძლო პირველივე ტურში გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა, გახარიას შემდეგ ეს გადაიდო, ეს შანსები შემცირდა და შესაძლოა, ვიხილოთ მეორე ტური.

ეს შორს გათვლაა, რომ ივანიშვილმა რაღაც გათვალა და ახალ ოპოზიციას ქმნის. შეიძლება ეს ასეა, მაგრამ ეს ივანიშვილმა გათვალა, კალაძემ კი - არა. კალაძისთვის გახარია რეალური კონკურენტია, რომელიც მას ხმებს ართმევს. პროცესები ისე მიდის, გახარიას და კალაძეს ერთად ვერ ვხედავ. გახარიას წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ რეალური ლიდერი ელექტორალური მხარდაჭერით, არის კალაძე, რომელიც არის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა მმართველ გუნდში. ამიტომ, კალაძემ რატომ უნდა დატოვოს „ქართული ოცნება“, არ მესმის. უფრო მოსალოდნელია, თუ „ოცნებისთვის“ არასასურველი მიმართულებით განვითარდა პროცესები, კალაძეს უფრო ვხედავ პრემიერად ან პარტიის თავმჯდომარედ, ვიდრე ოპოზიციაში გადასულ პოლიტიკურ ლიდერად.

რაც შეეხება გახარიას, ის უნდა ეცადოს სერიოზული პარტია შექმნას. არჩევნების შემდეგაც მათ ვხედავ, როგორც კონკურენტებს, თუმცა, თუ საპარლამენტო არჩევნებში მანდატები დასჭირდებათ, რომ კოალიციური ხელისუფლება შექმნან, არ გამოვრიცხავ ამ გაერთიანებას, მაგრამ პრობლემები იქაც იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. არც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გამოვრიცხავ ალიანსს, არც ერთთან და არც მეორესთან.

ეს არჩევნები საკმაოდ მნიშვენლოვანი და გარდამტეხი უნდა იყოს, რაღაც ახალი პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს. მთელი პოლიტიკური სპექტრი მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკოსები იძულებულები იქნებიან, რაღაც ნაბიჯები გადადგან და არჩევნების შემდგომი პერიოდი, ალბათ, იქნება დაძაბული, მაგრამ როდესაც ეს დასრულდება, ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილური ვითარება იქნება, თუ გარე ფაქტორები ძალიან უხეში ფორმით არ იმუშავებს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.