ცეცხლი დაინთო, ე. ი. არჩევნები დაიწყო

ცეცხლი დაინთო, ე. ი. არჩევნები დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არ იცვლება - ისევ დესტრუქცია, დაპირისპირების პროვოცირება და წინასაარჩევნოდ მუხტის აწევა. სავარაუდოდ, არჩევნების დღეებში სხვადასხვა რეგიონებში ენმ-ისგან და მასთან აფილირებული ოპოზიციური პარტიებისგან მუშტიკრივის და ცემა-ტყეპის ეპიზოდებს უნდა ველოდოთ. ამის ნათელი მაგალითია ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.

საარჩევნო კამპანიის დესტრუქციის დასაწყისი

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დესტრუქციის პირველი მცდელობა 15 სექტემბერს იყო, როცა, გორის მერობის კანდიდატმა და მისმა მომხრეებმა „მთავარი არხის“ ოპერატორი თითქოს მეორე სართულიდან გადმოაგდეს. თუმცა გავრცელებული კადრები სხვას მეტყველებდა. ხელოვნურად დამძიმებული ოპერატორი და საბოლოო ჯამში დადგმული სცენა, რომელიც არხის დირექტორის ჯერ გორის „ოცნების“ შტაბში მიჭრით და შემდეგ საავადმყოფოში სცენების მოწყობით განვითარდა, უშედეგოდ დასრულდა. საბოლოო ჯამში, ხალხმა მაინც არ დაიჯერა ოპერატორის ძალით დაზიანები ისტორია და „ნაციონალებმაც“ ახალ სცენარზე დაიწყეს მუშაობა.

18 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები და აქტივისტები „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ. გაუგონარია ის საბაბი, რომელიც პროვოკატორებმა ოფისში შესაჭრელად გამოიყენეს. მათ ოფისთან საკუთარი კანდიდატის დახეული პლაკატი მიიტანეს, რომელიც, დიდი ალბათობით, თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე, გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც საბოლოოდ, მაინც ვერ შეძლეს.

იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე ახალშენში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შეხვედრის ჩაშლა სცადა.

ამ მიზნით, მიხეილ ბოლქვაძე შეხვედრაზე ოჯახის წევრებთან და თანაგუნდელებთან ერთად მიიჭრა. მას თან ბავშვიც ახლდა. ხმაურის ფონზე, ზაზა დიასამიძისა და მოსახლეობის შეხვედრა მაინც გაიმართა.

ხმაური იყო 20 სექტემბერს ქუთაისში. „ქართული ოცნების“ ლიდერ, მამუკა მდინარაძესა და გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა ნარსიას შორის ინცინდენტი მოხდა. იმერეთში პარტიულ ღონისძიებაზე ჩასულ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძესთან ადგილობრივები მივიდნენ და ქალაქის გადათხრის გამო პასუხი მოსთხოვეს.

„ქუჩაში რომ დადიხარ შენ, ეგ არის პროვოკაცია, ქალაქი ქალაქს არ ჰგავს, გადათხარეთ ყველაფერი“, - ჩხუბობდა ნიკა ნარსია და კობახიძესა და მდინარაძეს ქუთაისში ჩასვლის უფლებაც კი ჩამოართვა.

დმანისი 21 სექტემბერს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მათი ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. ოპოზიცია მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და ფაქტს ანგარიშსწორებას უწოდებს.

„მმართველი გუნდის“ აქტივისტები კი აცხადებენ, რომ საარჩევნო შეხვედრაზე ჩხუბი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პროვოკაციის მიზნით მოაწყვეს და ისინი „ქართული ოცნებიდან“  დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების მქონე  შვილმა დაჭრა. მათ იცოდნენ, რომ ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ეს პროვოკაცია ხელოვნურად მოაწყვეს.

თავად დაუთაშვილიც ადასტურებს, რომ მის შვილს მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. მისი შვილი პოლიციამ უკვე დააკავა.

„გადმოვიდნენ აგრესიაზე, შეურაცხყოფაზე, თქვენი ადგილი აქ არ არისო. იქ იმყოფებოდა ჩემი შვილიც, რომელსაც აქვს ფსიქიკური აშლილობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც იწვა. ეს ცნობილი იყო მათთვისაც და ისარგებლეს ამით, რომ გაეღიზიანებინათ. ლამის მეც დამღუპეს და ლამის საკუთარი თავებიც დაღუპეს. მე რომ მირტყამდნენ, გონება თითქმის დაკარგული მქონდა და არ ჩერდებოდნენ, მაგ დროს დავუნახივარ ჩემს შვილს და მაგ დროს მიაყენა ჭრილობა. თვითონ ჩაბარდა პოლიციას და ბრალიც აღიარა“, - აცხადებს მიხეილ დაუთაშვილი.

ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა დამძიმდება.

„ჩვენ ვიცით, რომ მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თუ ეს გამოიკვეთება და თუ ასეთი ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდა პროვოკაცია, ეს ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქმედებას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომელმაც ეს ჩაიდინა და ეს პირი დაკავებულიც არის, დანარჩენს კი, გამოძიება დაადგენს“, - აცხადებს კობახიძე.

მამუკა მდინარაძე მომხდარს გმობს და პასუხისმგებლობას მთავარ ოპოზიციურ პარტიას აკისრებს.

„ამ ქმედების ჩამდენთან მიმართებით, ჩვენ გუშინ ძალიან მკაცრები და ხისტები ვიყავით, მაგრამ თუ დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან ადგილი მძიმე პროვოკაციას ჰქონდა, ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება „ნაცმოძრაობას“, ეს არის უდიდესი ამორალურობა“, - აღნიშნავს მდინარაძე.

ინციდენტი დმანისში 21 სექტემბერს მოხდა, დაჭრილია „ნაციონალური მოძრაობის“ 2 აქტივისტი, რომლებიც თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადმოიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დესტრუქციის გზას ირჩევს და ამის ნათელი მაგალითი დმანისში მომხდარი ინციდენტია. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ისინი 2003 წლის მსგავსი სცენარის გათამაშებას აპირებენ, როცა რეგიონებში ქვებს ისროდნენ და დაპირისპირების პროვოცირებას ახდენდნენ. ამით კი მუდმივად რადიკალური ამომრჩევლის მიმხრობას ცდილობენ. ეს მაშინ გამოუვიდათ, მაგრამ ახლა ჩვენი მოსახლეობა გაიზარდა, კარგად იცის ვინ არის „ნაციოანლური მოძრაობა“ და ეს ძველი ფანდები, დიდი ალბათობით, აღარ გაუვათ.

„ენმ-ში ხედავენ, რომ ყველანაირი პოლიტიკური რესურსი ელევათ. ფაილების სკნდალმა ის ეფექტი ვერ გამოიწვია, რასაც ელოდნენ და ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა. მასობრივი პროტესტი არ მოხდა და ხედავენ, რომ თუ რაღაცა უფრო რადიკალური ქმედებები არ ჩაიდინეს, სხვაგვარად მათი რეიტინგი უფრო დაიკლებს. პრაქტიკულად, არც ერთი გამოკითხვით მელია ამ არჩევნებს ვერ იგებს. ასევე ხედავენ, რომ არც პროპორციულ არჩევნებში შეიძლება სახარბიელო მდგომარეობა ჰქონდეთ. ამიტომ, საბოლოოდ, მხოლოდ რადიკალური ქმედებები რჩებათ. „ოცნებამ“ თუ 43%-ზე მეტი აიღო, ოპოზიციას უკვე არანაირი ლეგიტიმური საფუძველი აღარ ექნება იმის, რომ ვადმდელი არჩევნები მოითხოვოს. „ნაციონალებმა“ კი ამ არჩევნებზე პოლიტკური თამასა ძალიან მაღლა აწიეს. ამიტომ სერიოზული დარტყმა ელით, რადგან ამომრჩეველი სრულიად შემოეფანტებათ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უფრო უარეს შედეგს მიიღებენ“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, არჩევნებზე „ნაციონალებისთვის“ წაგება პოლიტიკური კრახი იქნება და ამიტომაც საარჩევნო კამპანიის წარმოების მაგივრად, მთელი ეს პერიოდი და პარტიული რესურსი დესტრუქციული კამპანიის წარმოებაში აქვთ ჩადებული. ანჯაფარიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, 2020 წლის სცენარის განმეორებას უნდა ველოდოთ, მაგრამ ამან შეიძლება ენმ ისე დააზიანოს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაკარგოს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ დესტრუქციის მოწყობა და დაძაბული სიტუაციის შექმნა „ნაციონალების“ ხელწერაა და ფიქრობს, რომ ისინი რეგიონის მასშტაბით არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, ცხელი კერების შექმნას შეეცდებიან, რადგან იციან არჩევნები წაგებული აქვთ და ვა-ბანკზე უნდა წავიდნენ. სხვაგვარად ეს პოლიტიკური ძალა გაბანკროტდება და ე.წ. სექტანტი ამომრჩეველიც გაექცევა თუ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ დაბრუნდა. ამიტომაც ქვეყანაში არეულობის იმიტაცია უნდათ, მუხტის აწევა, რათა სააკაშვილის ჩამოსვლა უზრუნველყონ და ამით არჩევნების წაგება კიდევ ერთხელ გაყალბებად გაასაღონ.

„ძალიან კარგად ჩანს ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალები“ მუხტის აწევას როგორ ცდილობენ. არაფერი არ შველით. ვერც ფეიკები, ვერც ვითომ გამოჟონილი ფაილები და ათასი სისულელე. მავნებლობას თავს არ ანებებენ, მაგრამ ხალხი მათ მაინც არ ყვება. ამიტომაც იძულებულები არიან, მუხტი აწიონ. იქ სადაც შეიძლება სიტუაციის არევა, ამ ხერხს იყენებენ. კახა ოქრიაშვილი და მისი დამქაშები კი ამის დიდოსტატები არიან. ამიტომ, რა დირექტივებიც აქვთ მიღებული, იმის შესრულებას შეუდგნენ. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო ფხიზლად იქნება და მსგავსი მძიმე შემთხვევები არ გვექნება. ყველამ კარგად დაინახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მხადამჭერია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მათ ბელადისგან მითითებები აქვთ მიღებული, რომ სიტუაცია დაძაბონ და არეულობის იმიტაცია მოაწყონ, რაც არ გაუვათ. ხალხმა კარგად იცის, ესენი რისი მკადრებლებიც არიან, ამიტომაც ძველი სცენარების გადათამაშება აღარ გამოუვათ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.