სკოლების გახსნის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, შეზღუდული ბიზნესის - ჯერ არა

სკოლების გახსნის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, შეზღუდული ბიზნესის - ჯერ არა

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი უშუალოდ სკოლებსა და უნივერსიტეტებში განახლდება. ამით კიდევ ერთი შეზღუდვა გაუქმდება, თუმცა ბიზნესს უფრო მეტის მოლოდინი აქვს. ჯერ კიდევ შეზღუდული მომსახურების სექტორი ითხოვს პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდეს რეგულაციების მოხსნის საკითხი.

ჯერჯერობით კი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი სკოლების გახსნა და შემდეგ ამის შენარჩუნებაა.

„სკოლების უსაფრთხო გახსნისთვის წინადადებები მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ უკვე გახსნილი სკოლის დახურვა აღარ მოგვიწიოს. ამასთან დაკავშირებით ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით ამზადებენ წინადადებებს, სკოლების უსაფრთხო დაკავშირებით.

ჯერჯერობით, 4 ოქტომბერი არის ის თარიღი, როცა ვფიქრობთ, რომ საკლასო ოთახებში გაგრძელდება სწავლა. მანამდე მნიშვნელოვანია, რომ სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ქვეყანაში და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

რასაკვირველია, ბიზნესისთვის მხოლოდ ასეთი შემსუბუქება მისაღები არ არის. რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ითხოვს სასწრაფოდ გადაწყდეს მათი სექტორის საკითხი.

„რეგულაციების მოხსნა და საშემოსავლო გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე უნდა ყოფილიყო მიღებული. შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, საკითხი პირველივე საკოორდინაციო საბჭოზე უნდა გადაწყდეს - რეგულაციების ნაწილში, ალბათ, დადებითად გადაწყდება, რაც შეეხება საშემოსავლოს ნაწილს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე შეღავათი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დაწესდეს.

„ვაქცინირებულების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ რიგ სეგმენტში „მწვანე სტატუსის“ მიღება უარყოფითად იმოქმედებს, ამიტომ საშემოსავლოს მოხსნა შეღავათი იქნებოდა“, - განმარტა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

4 სექტემბერს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ კვების ობიექტების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული აპლიკაცია და ის პირობები გააცნო, რომლითაც ბიზნესსუბიექტები „მწვანე ზონის“ სტატუსის მიღებას შეძლებენ და სტუმრებს უსაფრთხო გარემოში უმასპინძლებენ. თავად კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სახელმწიფოსგან „მწვანე სტატუსის“ სანაცვლოდ გარკვეული ბენეფიტები მოითხოვეს, რაც დღეს ქვეყანაში დარგისთვის მოქმედი რეგულაციების მოხსნას გულისხმობს, როგორიცაა მაგალითისთვის კვების ობიექტებისთვის ოპერირების საათების შეზღუდვა.

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ვეფხვაძესაც მიაჩნია, რომ სასურველია რეგულაციები გადაიხედოს და ბიზნესს მიეცეს სრულად მუშაობის უფლება.

„დაწესებული რეგულაციები ეხება დარგებს, რომლებსაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვს მომხმარებელთან ან პროქდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს. შეზღუდვების გაუქმება ცხადია, დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებასა და ინფიცირების პროცენტულ მაჩვენებელზე. არიან ადამიანები, რომლებსაც ინფიცირების შედეგად შესაძლოა, ჯანმრთელობა შეერყეთ ან მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ამიტომ ცალსახად ვერ ვამბობთ, რომ ყველანაირი რეგულაცია გაუქმდეს.

ფაქტია, გასაკეთებელი მეტია როგორც ვაქცინაციის კუთხით, ასევე ადამიანების მხრიდანაც, რომ იყოს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, დაცული სტანდარტები და ა.შ.“ - აღნიშნა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდა, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. შეზღუდული რჩება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, ხოლო კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია ისევ 22:00 საათამდე.