კახა კალაძე: ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში, მისი ოჯახიც მიიღებს ბენეფიტს

კახა კალაძე: ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში, მისი ოჯახიც მიიღებს ბენეფიტს

კახა კალაძის შეფასებით, ნიკა მელია თბილისის მერობის დებატებიდან გაიქცა. როგორც დედაქალაქის მოქმედმა მერმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციის მოწყობას ცდილობს და მელიას მიერ დებატების დატოვებაც, ამის ერთ-ერთი მაგალითია.

„ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია. ძირითადად, დაკავებულია დესტრუქციით. სამწუხაროა, რომ ის გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, ორ ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს. პირობას ვდებ, რომ ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და იმ სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში კონკრეტული პროექტებს სახით, ნიკა მელია, მისი ოჯახი და განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებიც მიიღებენ ბენეფიტს“, - განაცხადა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „პირველი არხის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მელიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაასახელა და თქვა, რომ მასთან ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა.