მავნებელი მელია ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების ხდება

მავნებელი მელია ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების ხდება

ფრაქცია „ლელო“ პარლამენტში რიგგარეშე სესიის ჩატარებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, დაბარებას მოითხოვს. არჩევნებამდე პარლამენტში შეკრებას არ ემხრობა „ნაციონალური მოძრაობა“. ნიკა მელიამ რიგგარეშე სესია ივანიშვილის თავყრილობად შეაფასა და თქვა, რომ „ლელოს“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამის გამო კი, ენმ-მა, თითქმის, მთელი ოპოზიციის წყრომა დაიმსახურა. არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციას შორის ისევ დაპირისპირება დაიწყოს და არჩევნების შემდეგ თუ „ნაციოანლურ მოძრაობას“ მათი ისევ ფანჩატურში გაერთიანება მოუნდება, სავარაუდოდ, ეს წყენაც უნდა გაუხსენონ.

თუმცა, როგორც ჩანს, „ნაციონალებს“ ე.წ. სუს-იდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერების ავთენტურობა არავთენტურობის საკითხი სულაც არ ანაღვლებს. წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის, რათა საზოგადოების აზრის ფორმირება მოახერხოს, ოპოზიციური მედიებით ამ თემას მშვენივარდაც იყენებს. არჩევნების შემდეგ კი, თუ ისევ ოპოზიციის ფანჩატურიზაცია დასჭირდება, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს მათ იქით გზა მაინც არა ექნებათ.

საგანგებო სესიის მოთხოვნის საკითხზე ოპოზიციამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. „ლელოს“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე გამოცხადდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

20 სექტემბერს, ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობს კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინააღმდეგია „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა 2 ოქტომბრამდე რაიმე თავყრილობაში მონაწილეობა მიიღონ.

წინააღმდეგი ვარ, რომ 2 ოქტომბრამდე იმ თავყრილობაში მონაწილეობა მივიღოთ - 2 ოქტომბრამდე ყველაფერს აზრი დაკარგული აქვს. 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. ორი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ. 2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია“, - განაცხადა მელიამ.

ამან „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის უკმაყოფილება გამოიწვია. მისი თქმით, გაუგებარია, რა იგულისხმება „ივანიშვილის თავყრილობაში“.

„ჩემთვის ნიკა მელიას პოზიცია გაუგებარია, შეურაცხმყოფელიც კი. რას ნიშნავს „ივანიშვილის თავყრილობა“ არ მესმის. ლაპარაკია პარლამენტში ივანიშვილის მინისტრების დაბარებაზე, პრემიერ-მინისტრით დაწყებული მათი პასუხისმგებლობის დაყენებაზე. ეს უნდა იყოს ღია და საჯარო. მეორე - ჩვენ ყველა დაკავებული ვართ, ყველა ველზე ვართ, წინასააჩევნო მარათონში ვართ ჩაბმული, მაგრამ ხელის მოწერას და პოზიციის დაფიქსირებას წინ არაფერი უდგას. 2 ოქტომბრამდე ჩავატარებთ ამ სხდომას, თუ 5 ოქტომბერს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. საპარლამენტო ტრიბუნა იმისთვის არის შექმნილი, რომ ოპოზიცია ასეთ საკითხებში არის ერთიანი. თუ ასეთ საკითხებში ერთიანი არ ვართ და მიზეზია ის, რომ თურმე ყველა ველზე ვართ და სხდომაზე ვერ მოვალთ, ამას მე ვერანაირად მივიღებ. „ქართულ ოცნებაში“ ბევრ ადამიანს პატივს ვცემ და იმათ ეს ამბავი აწუხებთ. წესით, ნორმალურ ქვეყანაში პასუხისმგებლიანმა დეპუტატმა უნდა მოაწეროს ხელი და მოისმინოს, იქნებ მართალია ეს ხალხი, მარტივად რომ ვთქვათ. იქნებ ლილუაშვილი მართალია და უცხო ქვეყნის აგენტურა შემოვიდა, ისინი გვიკეთებენ და ქვეყანას თავზე გვამხობენ? იქნებ ეს ხალხი ცამდე მართალია, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ“, - აცხადებს ხაზარაძე.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ხათუნა სამნიძე მელიას განცხადებას არასერიოზულს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„ნიკა მელია შეურაცხყოფას აყენებს ყველა დეპუტატს, მათ შორის თავის თანაგუნდელებს, მეორე მხრივ, ხელს უშლის იმას, რომ სუსი-ს უფროსი მოვიდეს პარლამენტში, გაიმართოს პოლიტიკური დებატები „ქართულ ოცნებასთან“, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს სხვა ფორმატში. ეს არის უპასუხისმგებლო და არასერიოზული დამოკიდებულება და ყველაზე მძიმედ რომ შევაფასოთ, ეს არის მავნებლობა“, - ამბობს ხათუნა სამნიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტები სრულიად გაუგებარია, თუმცა გასაგებია მათი მოტივაცია, რადგანაც წინასაარჩევნო მსგავსი კომპრომატებით ბრძოლა მათთვის ყველაზე ხელსაყრელია.

„ნაციონალების“ არგუმენტები ჩემთვის სრულიად გაუგებარია და ოპოზიციის ნაწილის რეაქცია ლოგიკურია, მაგრამ არ მგონია ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდეს. ახლა არჩევნები მოდის და ერთმანეთი ოპოზიციაში მაინც სჭირდებათ. თუმცა ფაქტია, რომ „ნაციონალებს“ მათი განაწყენება დიდად არც აღელვებს, რადგანაც ზუსტად იციან, რომ თუკი არჩევნების შემდეგ აქციები და ხალხის ქუჩაში გაყვანა საჭირო გახდება, ელექტორალური რესურსი მაინც მათ აქვთ. ამიტომაც მელია ფიქრობს, რომ ოპოზიციას სჭირდება ისინი და არა ენმ-ს მთელი ოპოზიცია. ამიტომაც სულაც არ მიიჩნევენ, რომ ოპოზიიცის განაწყენებით რაიმე ზარალს მიიღებენ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის ერთიანობას მაინც ვეღარ შეძლებენ და პირიქით, მგონია მათი დაქსაქსულობა არჩევნების შემდეგ უფორ მოხდება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალების“ არგუმენტი მისაღებია. ჩიტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მობილიზებული საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად და არ სურთ ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა.

„მიმაჩნია, რომ გამართლებულია „ნაცმოძრაობის“ პოზიცია რადგან საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუმცა, თუ ისინი არჩევნების შემდეგაც ამ პოზიციაზე დარჩებიან, ეს დიდი რეზონანსის საფუძველი გახდება. მათ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა გამოძიებაში. მათ ამომრჩეველსაც გაუჩნდება კითხვები და ლოგიკური ეჭვი, რატომ შეიძლება მათ ამ საკითხის გამოძიება არ აინტერესებდეთ. არ მგონია ამას დიდი დაპირისპირება მოჰყვეს, რადგანაც „ლელოსაც“, „ნაციონალებსაც“ და სხვა დანარჩენ პარტიებსაც ერთმანეთი სჭირდებათ. შესაძლოა, უთანხმოება მოხდეს, მაგრამ დაპირისპირება არ მოჰყვება. ასე რომ მოხდეს, ამით ისევ ხელისუფლებას გააძლიერებენ და საკუთარი თავის დაზიანების მეტს არაფერს იზამენ“, - ამბობს ჩიტაძე for.ge-სთან.