თეა თუთბერიძემ საპატრიარქოს შეუტია

თეა თუთბერიძემ საპატრიარქოს შეუტია

არაერთ ძლევამოსილ მტერს უცდია, შეელახა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერების ტაძრები, მაგრამ ამაოდ... იმას, რასაც მტრის ხელმა ვერაფერი დააკლო, გადაგვარებულმა "მოყვარემ" დაუწყო შებილწვა.

სამწუხაროდ, ასეთები ყოველთვის გვყავდა, თუმცა, მძიმე წუთებში იწყებოდა მიძინებული ერის თვითგამოფხიზლება, ათმაგდებოდა  ეკლესიისა და სარწმუნოების სადარაჯოზე მყოფთა რაოდენობაც და ეროვნული ენერგიაც...

საყოველთაო აღშფოთება ინტერნეტით გავრცელებულმა კადრებმა  გამოიწვია, სადაც პატრიარქის გამოსახულებას სხვისი ხმა ადევს და ქრისტიან მრევლს ბილწსიტყვაობა ესმის.

საპატრიარქო აღშფოთებულ საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ახლა რაც შეეხება თავად ამ ვიდეორგოლების ავტორებს, ისინი ვინმე "მამა ბუასილი", თეა თუთბერიძე და მისთანები ყოფილან(?!). ამის შესახებ თავად თეა თუთბერიძისაგან შევიტყვეთ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი და საჯარო სკოლების დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ.

თეა თუთბერიძე: - მე როგორც ვიცი, ეს ვიდეორგოლი ვიღაც "მამა ბუასილმა" მოამზადა, - აგვისტოს ომთან დაკავშირებით პატრიარქმა რაც თქვა, ეს მიხეილ სააკაშვილისთვის დედის გინებას ნიშნავდაო. მან ასე გაიგო პედაგოგებთან შეხვედრისას პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება... ჩემთვის პატრიარქის ის გამოსვლა ნამდვილად  შეურაცხმყოფელი იყო და მგონი თითოეული იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს".

როგორც ჩანს, თავისუფლების ინსტიტუტის "ნეობოლშევიზმის" სენით შეპყრობილ წარმომადგენლებს მართლაც დაავიწყდათ, რომ არა პატრიარქი, ცხინვალთან ჩახოცილი ჩვენი ბიჭების ცხედრები გაუპატიოსნებელი დარჩებოდა. იმხანად, როცა დედაქალაქის შუაგულში დიდი  ტაშ-ფანდური და ზარ-ზეიმი იყო გამართული, ალბათ ეკლესიასთან მებრძოლებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ სისხლდანთხეული ჯარისკაცების გვამების სუნი თბილისამდე ვერ ჩამოაღწევდა...

სწორედ მაშინ, როცა "გამარჯვების ყიჟინას ვცემდით", კათოლიკოს-პატრიარქი ჭირისუფლობდა სრულიად საქართველოს. შესაძლოა, ზოგიერთ ტვინგადაბრუნებულს საწინააღმდეგო აზრიც გააჩნდეს, მაგრამ დაე, თავად მოიხმაროს მშვიდობაში ამგვარი აზრი და არა  საქართველოს  საზიანოდ.

არსებობს მოსაზრება, რომ  თეა თუთბერიძემ პატრიარქის განათლების მუშაკებთან საუბარი  ვერ აიტანა. პედაგოგებთან შეხვედრისას კი პატრიარქმა მუდმივად შფოთსა და დეპრესიაში მყოფ ერს დიდი სიბრძნითა და მომავლის რწმენით დატვირთული სიტყვები შთააგონა: "ის, რაც მოხდა საქართველოში - აფხაზეთში, ცხინვალში, მეტად დამთრგუნველია ჩვენი ხალხისთვის... ეს არ უნდა მომხდარიყო და ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო! ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ ის აგვერიდებინა თავიდან... როცა გემი მიდის ზღვაში, კაპიტანმა უნდა იცოდეს, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს! ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით მას. კედელი  დარჩა, მაგრამ  თავი გატყდა... უნდა ვიცოდეთ, მას როგორ შემოვუაროთ, რადგან არ  არსებობს არც კედელი, არც ჩიხი... გამოსავალი მუდამ არსებობს". ეს განცხადება მძიმე ყოფაში ჩავარდნილი ქვეყნის გაჭირვებული შვილის გულს მიესალბუნა, დალხინებულისას კი ლახვარივით დაესო... ომით წელგატეხილ, დაპატარავებულ ქვეყანაში ვინმეს თუ სულიერად ულხინს და არ უმძიმს, განა ესეც პატრიარქს უნდა მოვკითხოთ?! მან თქვა ის, რაც ერის მოჭირნახულესა და სულიერ წინამძღოლს შეეფერებოდა.

მამა დავით შარაშენიძე: - "პატერ" მამას ნიშნავს, "არქოს" - მამამთავარს. ე.ი. პატრიარქი არის უპირატესი მმართველი, ეკლესიის  წინამძღოლი. პრაქტიკულად, ეს უკვე არის არა პატრიარქის, არამედ მთელი მისი სამწყსოს შეურაცხყოფა... თორემ, თავად პატრიარქი ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი   თავმდაბალი ადამიანია... უარესი  შემთხვევებიც ყოფილა, როცა მისადმი შეურაცხყოფას, უსამართლობას, ცილისწამებას ჰქონია ადგილი და მას მშვიდად მიუღია, მაგრამ შფოთავენ მრევლი, ქრისტიანი ადამიანები... საპატრიარქო  ყველას სიმშვიდისა და ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს, რათა არ მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი.

მოგეხსენებათ, პატრიარქის ავტორიტეტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც რაოდენ დიდია... აზერბაიჯანის სულიერმა ლიდერმა ის  ყოველთა კავკასიელთა სულიერ მამად აღიარა... უამრავი ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერის მხრიდანაც მოჰყვა აღშფოთებული რეაქცია გავრცელებულ ვიდეორგოლებს... ახლა უკვე ყველამ გაიგო, რომ პატრიარქს უტევს ავადმყოფების, გნებავთ, ფსიქიკურად და სულიერად დაავადებული ხალხის ერთი პატარა ჯგუფი, რომელთაც ყველაფერი აღიზიანებთ, რაც რელიგიას და  ეროვნულ ღირებულებას უკავშირდება.

მათ ქმედებას სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს არის ძალზე მიზანმიმართული,  კარგად დაგეგმილი, დროში  გაწელილი პროცესი, რომელსაც  მართავს  ის ძალა,  ვისაც საქართველოს საზოგადოების ერთიანობა რატომღაც ხელს არ აძლევს. ის, რაც მოხდა, გახლდათ სულმდაბალი მცდელობა იმისა, რომ როგორმე პატრიარქის  ავტორიტეტი დაცემულიყო ხალხის თვალში, რასაც უკუეფექტი მოჰყვა. ისინიც კი, ვინც ეკლესიისადმი ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი, დღეს უკვე მოდიან საპატრიარქოში და ამ  უმსგავსობის წინააღმდეგ  ხმას იმაღლებენ.  საერთოდ, თეა თუთბერიძე განსახილველ ობიექტად არც მიმაჩნია, მაგრამ... გაუგებარია სახელმწიფოს მიდგომა, რატომ უშვებენ ამ პირს განათლების სამინისტროსთან ახლოს, სადაც იგი რეფორმირების პროცესზე უდავოდ ცუდ გავლენას ახდენს...

გაოცებას იწვევს, ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების  განათლებასთან რა ესაქმება თეა თუთბერიძეს?!

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს უწმინდესს მხარდაჭერა გამოუცხადა. გიორგი თარგამაძემ კი განაცხადა, - ვიმედოვნებ, საპატრიარქოს წინააღმდეგ განწყობილი ძალა დღეს უკვე დამარცხებულიაო...

- ეს ძალა ყოველთვის  დამარცხებულია, იმიტომ, რომ ურწმუნოა და უზნეო, ყველა ღირებულებისგან თავისუფალი... თეა თუთბერიძე ამ შემთხვევაში არის ერთი პატარა საცეცი... არსებობენ სხვები, ვინც მას კვებავენ და ავადმყოფური იდეების გენერატორებადაც გვევლინებიან.

ვინც არ იცის, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ომის პირველსავე დღეებში უწმინდესი თავად ბრძანდებოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზე... ეკლესიის აქტიური ჩარევა რომ არა, სანიტარიული კატასტროფა გარდაუვალი იყო...

ვისაც ყველგან აგენტები ელანდება, მათ გასაგონად უნდა ვთქვა ისიც, რომ რუსული ეკლესიის პატრიარქის კირილეს (აგვისტოს მოვლენების დროს ის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი იყო) უშუალო ჩარევის გარეშე ქართველი სასულიერო პირები კონფლიქტის ზონაში ვერ შეაღწევდნენ. საქართველოს პატრიარქს რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობა აქვს და ექნება როგორც დამოუკიდებელ საეკლესიო ერთეულთან საკუთარი ეკლესიისა და ერის ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ, დროა ამ თემაზე სპეკულაციები შეწყდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საპატრიარქოს მხარდაჭერა გამოუცხადა, ქვეყნის ღვაწლმოსილი ადამიანები თვლიან, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფს ხელისუფლება მფარველობს. ამიტომ, ისინი ვიდეორგოლების ავტორთა დასჯას მოითხოვენ.

თავად თეა თუთბერიძე ცინიკურად ხუმრობს: "მე პირდაპირ მინდა გითხრათ, - ყველა ვიდეორგოლი, რომელიც იდება ჩემს გვერდზე, არის სრულიად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი უწმინდესობის, ვანო მერაბიშვილის შესრულებული, რომელსაც მისი ლოცვა-კურთხევით ვდებ "ფეისბუქზე". ის რომ ჩემს გვერდზე რაც შეიძლება მეტჯერ განვათავსო, მიხეილ სააკაშვილი დღეში ერთხელ მაინც მირეკავს".

ამ ცინიზმზე კი ბევრს ალბათ გრიგოლ რობაქიძის მოთხრობის პერსონაჟი, ეკლესიაში შეჭრილი ახალგაზრდა ბოლშევიკის ფსიქოპორტრეტი ახსენდება, რომელიც ხატს შეურაცხყოფს და  გაგიჟებული გაიძახის, - ღმერთი თუ არსებობს, დამსაჯოსო... - მეტი რაღა უნდა დაგსაჯოს! - არის პასუხი...

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მთავარ პრობლემას არა თეა თუთბერიძის "ფენომენში", არამედ საზოგადოებაში ხედავს, რომელმაც  ასპარეზი ჯაყოს მისცა და სამშობლო საჯიჯგნად დაუგდო.

- აზრის მატერიალური გამოხატვა - ეს არის სიტყვა და თუ მკვდარი სიტყვის ეპოქაში გვიწევს ყოფნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია. ხშირად სიტყვის თავისუფლებას ასეთ ფორმულირებას უკეთებენ, - ყველამ თავისი აზრი  უნდა გამოხატოსო. არადა, როცა არჩევანი გიწევს ჯაყოსა და მიხეილ ჯავახიშვილს შორის, ვის აზრს მოისმენ?! ერი დაავადებულია, როცა ასეთ ჯაყოებს  უსმენს ტელევიზორიდან, სამთავრობო ტრიბუნიდან და ა.შ. ქალბატონი თუთბერიძე თავისთავად არ არის პრობლემა, ის არის "ფენომენი" და თუ ასეთი ცნობიერების ადამიანი არსებობს, ეს მისი პიროვნული პრობლემაა... მაგრამ, თუ ის იმ საზოგადოებრივ იერარქიაში არის, სადაც მისი აზრიც ტირაჟირდება, მაშინ უკვე მისი არსებობა საზოგადოების პრობლემაა. წარმოიდგინეთ, ვის რას დააკლებდა ის, სადღაც გამყიდველი რომ ყოფილიყო... თუნდაც, მეზობელთან წაკიდებული და თმაში ჩაფრენილი თუთბერიძე არ იქნებოდა საზოგადოებისთვის საშიში... ე.ი. არაფერი დაგვიშავდებოდა, ის რომ შემაღლებულ ადგილზე  თავად არ დაგვესვა... ეზოპეს ერთ იგავს შეგახსენებთ: "ბექობზე ბეკეკაა შემოსკუპებული და ქვემოთ მდგარ მგელს დასცინის. მგელმა ასძახა: - ეჰ, ჩემო ბეკეკავ, შენ კი არ დამცინი, არამედ ის ადგილი, რომელზედაც შემოსკუპებულხარო"... ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმ საზოგადოებას, რომელმაც შექმნა ასეთი სისტემა და ხელი შეუწყო იმას, რომ ბეკეკა ბექობზე შემოესკუპებინა... (თუმცა ეს ბეკეკა სულ იმ ბექობზე ხომ ვერ იდგება. - ავტ.) ამგვარი შედეგი კი შექმნა საზოგადოების არასერიოზულმა დამოკიდებულებამ ისტორიული პროცესებისადმი,  რომელიც  ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა და საერთოდ, უპასუხისმგებლობამ არჩევნებისადმი...

ადამიანი როცა საკრალურს ეხება, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში განიცდის რღვევას, შინაგანი მე დაცლილი, გამოფიტული აქვს. საკრალურთან შეხება სწორედ ამ კატეგორიის ადამიანთა მიერაა შესაძლებელი. ეს ადამიანად ყოფნისას ქმედების პიკი გახლავთ... ახლა რა არის საკრალური მოცემულ შემთხვევაში? ჩვენ პერსონაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ქრისტიანული სარწმუნოების იერარქიის უმაღლეს საფეხურზე, რომელიც გვეძლევა  ამ მიწიერ ცხოვრებაში. იერარქიის ეს წერტილი უკვე საკრალური გახლავთ... თუმცა თავად პერსონაზეც, საქართველოს პატრიარქზე უამრავი კარგის თქმა შეიძლება, ვინაიდან მან გმირობისა და თავდადების მაგალითი არაერთხელ გვიჩვენა.

სავალალო შედეგებსა და  საზოგადოების პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობ, აუცილებლად აქცენტს ელექტრონულ მედიაზეც გავაკეთებ, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ადამიანის აზროვნების ფორმირებაში. სამწუხაროდ, დღეს ჯაყოს უფრო ხშირად ეკითხებიან აზრს, ვიდრე მიხეილ ჯავახიშვილს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილსაც ეკისრება. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება - კრიტიკული ცნობიერება, რაც ადეკვატურობასაც ნიშნავს. ასეთი ცნობიერება ყოველთვის ახდენს წარსულის ინტერპრეტაციას და გააჩნია არსებულიდან გამომდინარე შესაძლებელის წარმოსახვის უნარი... ასეთია ჯანსაღი ფსიქოლოგია. დამღუპველია, როცა ამ ცნობიერების გარეშე ე.წ. "ინტელექტუალები" ჯერ ხდებიან ცნობილი სახეები, მერე კი ყველაფერს წარმართავენ იმ  სავალალო შედეგებისკენ, რასაც საბოლოო ჯამში ვიღებთ და სწორედ ასეთ დროს ხდება საკრალურთან ხელის შეხება.

საზოგადოების განკურნების "რეცეპტი" მწერალმა  მერაბ ელიოზიშვილმაც შემოგვთავაზა:

 - საზოგადოება როცა ავად არის, მაშინ ვერ გაარჩევ, რომელმა გიჟმა წარმოთქვა პატრიარქისადმი საძრახისი სიტყვა... თუმცა,  ცხადია, მას ენა უნდა ამოაგლიჯო... მგელი ეკლესიაში როგორ უნდა შევუშვათ?! ასეთ მგლებს შეუძლიათ დედაც შეჭამონ, მამაც და საკვები რომ გამოელევათ, ეკლესიას მიადგნენ გასაღრღნავად, პატრიარქისკენაც  გაიწიონ... ვხედავ, რამდენი ავადმყოფი დაწანწალებს ეგრე საძრახავად და საუბედუროდ კბილებდაკრეჭილი... ახლა თავი ვიტეხოთ, თუ  როგორ გავცეთ  ამ მგლებს პასუხი?! ავისხათ  იარაღი და დავერიოთ მაგათა თუ როგორ?! ესენი შეძვრებიან სოროში და  იქიდან განაგრძობენ  კბენას... იქნებ, საპატრიარქოსთან შევკრათ მუდმივი ჯაჭვი პატრიარქის გადასარჩენად... ერთ დღეს ერთი "ასეული" ვიდგებით, მეორე დღეს - მეორე, მესამე და ასე ჩავენაცვლებით ერთმანეთს... იქნებ სჯობია, ასეც მოვიქცეთ. მაგრამ წავლენ ეს საძრახისები და შუაღამით  მცხეთის ჯვარს აგვიფეთქებენ... ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილებს სურთ, საქართველოში მუდმივი შფოთვა იყოს... განა ჩემ გარდა, ამას ხალხი არ გეტყვით?! ყველა გეტყვით, გენაცვალე და მეც ჩემს ხალხთანა ვარ!..

ნუთუ თავად არ იცით, იქნებ იმ მიზეზებზეც გვითხრათ, რის გამოც აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში?

- ამ ყველაფრის მიზეზი რა გახდა?! ის, რომ საზოგადოებას არ შეუძლია ცქერა სარდლისა, რომელიც გარბის და თივაში იმალება... რომელიც ღეჭავს საკუთარ ენას! ახლა მითხარით თქვენა, რომ გაიგებს ჩემს აზრს ის, ვისზედაც ვლაპარაკობ, არ დამიწყებს ჭამას?! დამიწყებს, განა არა... მაგრამ საზოგადოებას თავი თუ არ აბია, სულიერების დასაცავად მაინც "გამოიბას"... აბა, ახლა პატრიარქზე მგლის ან გიჟის გარდა ვინ გაიწევდა?! ისედაც ქვეყანა ორად გაჭრილია და ხრამში მივექანებით, ამათ კი უნდათ, მეტი სიღრმე მისცენ ამ ხრამსა!.. ცხინვალში როცა ჩემი სახლი დაწვეს და მამა-პაპათა ძვლების მოსათხრელად მივბრუნდი, - აქ რა გინდაო? - მკითხა რუსმა. ჩემი წინაპრების ხუთსაუკუნოვანი ძვლები უნდა გადავასვენო-მეთქი, - ვუპასუხე და კინაღამ შეიშალა! ქართველები ნორმალურები არ ხართო. ჩვენს სიწმინდეებს ხელში ვის ჩავუგდებთ?!

მითხარით, დღეს ვინა გვყავს კაცი, რომლის  დაბარებულ სიტყვას, სინდისსა და პატიოსნებას ვენდობით?! სწორედ ასეთია პატრიარქი, რომელსაც ბრძოლა გამოუცხადეს...

ბატონო მერაბ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაგმო პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელება და ეკლესიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

- არ მჯერა მაგათი... და მაინც, თუ გულწრფელად დაგმო ეს უზნეობა, მაშინ გადაწყვეტილებაც მიიღოს და თუთბერიძეები გაყაროს მთავრობიდან... არადა, ისინი იმდენი არიან, ვეღარ გაიგებ, ვინ თუთბერიძეა და ვინ კიდევ - კალაშნიკოვი.

ავტორიტეტი და ძალა რომ ჰქონდეს, თავად დასჯის იმას, ვინც პატრიარქზე საძრახის სიტყვას ეგრე იოლად დააბრახუნებს... ხელისუფლება კი თუთბერიძისნაირებს ალაღებს და ამსუქნებს.

ცხადია, ომმა უფრო დაალესინა მგლებს ჩვენზე კბილები... კაცო, მტაცებელი ღია კარს საცა დაინახავს, იქ  შევარდება! ღია კი მაშინ ნახეთ, როცა პატრიარქი აღარ გვეყოლება! ეკლესიის ჯიჯგნა, არეულობა და სიდუხჭირე მტერს უფრო გაუადვილებს, დაიპყროს ეს გაუბედურებული, საწყალი საქართველო. ამათ კი საკუთარი წიწილების, თავისა და პრეზიდენტობის გარდა აღარაფერი ახსოვთ!

ერთხელ დედათა მონასტრის ერთ-ერთმა მოძღვარმა თავისი ქადაგება ასე დაასრულა: "თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ისეთი დიდია ღვთის ძალა, რომელმაც ახლახან თეა თუთბერიძე მეგობრის ბავშვის მოსანათლად მონასტერში მოიყვანა... ნათლობის პროცესი ლამის ორი საათი გავაჭიანურე და სულ ფერებ-ფერებით მოვნათლე ის ბავშვი... ნათლიებს ჭიშკრის გარეთ მონასტერთან ზურგშექცევით მდგომი ლევან რამიშვილი ელოდათ".

მოძღვარმა მომხდარის გამო ღმერთს მადლობა კიდევ ერთხელ შესწირა და ვინ იცის, ზემოთ ხსენებულთა სულების გადასარჩენად გულმხურვალედ კიდევ რამდენ ხანს ილოცა...

ასე რომ, ალბათ თუთბერიძეს მარილში ჩადება (რითაც როგორც თვითონ ირწმუნება, ემუქრებიან) ან ლენინივით მავზოლეუმში შენახვა, თუნდაც იმ ლოცვის მადლის წყალობით, ასცდება.