საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალებში უამრავი რამ არის ისეთი, რაც მეცნიერთათვის ბოლომდე არ არის გაშიფრული.
მეტაფიზიკოსი ნაზი ხანიაშვილი დიდი ხანია, რაც ისტორიულ სიძველეებს იკვლევს და მათში წინაქრისტიანული ქართული ცივილიზაციის კვალის აღმოჩენას ცდილობს. მისი აზრით, ეგვიპტის პირამიდებს, მაიას პირამიდებს, ჩიჩენ–იცას, ვარძიას, უფლისციხესა და დავით გარეჯს ერთი ცივილიზაციის ხალხი ქმნიდა, რომელთა უნარები და შესაძლებლობები დიდ მასშტაბებს მოიცავდა. მეცნიერის მოსაზრებები ალბათ ჩვენს მკითხველებსაც დააინტერესებთ.
ნაზი ხანიაშვილი:
- როცა მეცნიერები მაიას, ეგვიპტის, ჩინეთის, შუმერების ცივილიზაციას ახსენებენ, იქვე ქართული ცივილიზაციაც უნდა მოიხსენიონ. დროა ტერმინი - ქართული ცივილიზაცია - მსოფლიოს მეცნიერების ტერმინოლოგიაში დამკვიდრდეს. ჩვენ მსოფლიოსთვის ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. საქართველოში უძველესი ცივილიზაციის კვალი მრავლად არის შემორჩენილი და ამით მეცნიერები სერიოზულად უნდა დაინტერესდნენ.
კონკრეტულად სად გეგულებათ უძველესი ქართული ცივილიზაციის ნაშთები?
- 25 წელია მითოლოგიურ, ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ მასალებზე ვმუშაობ. არქეოლოგიური მასალა უამრავ ინფორმაციას მაწვდის, შემდეგ კი ახსნას მითოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალებში ვეძებ. ერთ–ერთმა ქართულმა ტელეარხმა დავით გარეჯის შესახებ სიუჟეტი გაუშვა. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავით გარეჯის კომპლექსის ერთ–ერთი ნაწილის შესახებ დავა დღესაც მიმდინარეობს. იმ ტერიტორიაზე ქართველ ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. სიუჟეტში საუბარი იყო, როგორ მოახერხეს იმ ტერიტორიის გადაღება. კადრები აზერბაიჯანის მხრიდან იყო გადაღებული. როცა ამ კადრებს ვუყურებდი, ჩემ წინ ჩიჩენ–იცას გამოსახულება გაჩნდა. მისი ფოტო 1972 წელს გამოცემულ წიგნში მქონდა ნანახი. ამდენი წლის შემდეგ ჩემ წინ სწორედ იმ ფოტოზე ნანახი სურათი გამოისახა.
რა ძეგლია ჩიჩენ–იცა, უფრო ვრცლად მოვუთხროთ მკითხველს.
- ჩიჩენ–იცა მექსიკის საზღვართან მდებარეობს, ეგვიპტის პირამიდების მსგავსი ძეგლებია. პირამიდაზე მფრინავი გველის თავებია გამოსახული. ამ ადგილას წელიწადში ერთხელ უდიდესი რიტუალი ტარდება. იქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩადიან და მზის ამოსვლას ეგებებიან. მთელ ღამეს იქ ატარებენ. მზის ამოსვლის მომენტში პირამიდებზე რაღაც ტალღები წარმოიქმნება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გველი პირამიდის საფეხურებზე გადაადგილდება. ხალხი ამ ყველაფერს უყურებს.
ასეთი რამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება?
- კი, წელიწადში მხოლოდ ერთ დილას ხდება. ეს რიტუალი ტელევიზიით მაქვს ნანახი. მაყურებელს კადრებიდანაც ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს გველი მართლა მოძრაობს. როგორც ჩანს, ამ რიტუალს გარკვეული დატვირთვა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ამდენი ადამიანი არ ჩავიდოდა.
ჩიჩენ–იცა რომელ საუკუნეშია აგებული?
- მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ეს მაიას ტომების დროინდელი იყო, მაგრამ, როცა ერთ–ერთ პირამიდაზე გადასხმული ვულკანური ლავა გამოიკვლიეს, 8 ათასი წლის აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მეცნიერების აზრი შეიცვალა და დაასკვნეს, რომ პირამიდა ვულკანურ ლავაზე გაცილებით ძველია. დავით გარეჯის ფოტოებზე ჩიჩენ–იცას ანალოგიური ნაგებობებია. თუ ფოტოებს შეადარებთ, მსგავსებას აუცილებლად შეამჩნევთ. დავით გარეჯში გიგანტური დრაკონის ტანი კლდეშია ნაკვეთი. იქვეა წაკვეთილი პირამიდა, რომელიც ასევე ჩიჩენ–იცას მსგავსია. დავით გარეჯში ერთი ფერდობი დამუშავებულია და ზედ ხელოვნურად არის ამოკვეთილი თევზის ფორმა, სადაც ქართული ასომთავრული ასოები "ა" და "ჯ" არის გამოსახული.
თქვენ აზრით, მათი გამოსახვა რაზე მიანიშნებს?
- იმაზე, რომ ქართული ანბანი უძველესი აზროვნებისა და ცოდნის მატარებელია და იმ ცივილიზაციას ეკუთვნის, რომელიც ამ ძეგლებს ქმნიდა. ქართულ ანბანში უდიდესი საიდუმლო ინახება. დავით გარეჯს კოსმოსური თანამგზავრიდან თუ გადაიღებენ, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საინტერესო რამ გაირკვევა. ვარძია და უფლისციხეც უძველესი ცივილიზაციის ძეგლებია.
ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- მე, როგორც პროფესიით მშენებელ–ინჟინერს, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არათუ ერთი მეფის, რამდენიმეს მეფობის პერიოდში ამხელა ნაგებობის აშენება მოეხერხებინათ. კლდეში ნაკვეთი ამხელა ქალაქის აგებას საუკუნეები დასჭირდებოდა. მაგალითად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 150 წელი შენდებოდა. თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები რომ გამოვიყენოთ, დღესაც კი გაგვიჭირდება, რომ კლდეში 13 სართულიანი ქალაქი გამოვკვეთოთ. ვარძიაში დაახლოებით 600 ოთახია აღმოჩენილი, მაგრამ ამბობენ, რომ კიდევ არის. წარმოიდგინეთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიდნენ, რამხელა ცოდნა უნდა ჰქონოდათ, რომ სართულებს შორის ბუნებრივი გადახურვების სისქე და მდგრადობა ისე გაეთვალათ, სიმძიმისთვის გაეძლო. გამოფუღუროებული მთა შეიძლება ჩამოიშალოს. ვარძიაში კი ყველაფერი დიდი სიზუსტით არის გამოანგარიშებული და ამ ძეგლს დრო ვერაფერს აკლებს.
ვარძიის შესახებ ისტორიულ წყაროებში რა არის ნათქვამი?
- ისტორიულ წყაროებში ვერ ნახავთ ცნობას, ვარძია ვინ გამოკვეთა. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებათა აკადემიაში კონფერენცია ჩატარდა. ერთ–ერთი თემა ვარძიის მოხატულობა იყო. მკვლევარს ვკითხე, ვარძია როდის, ვის მიერ აშენდა და ამის შესახებ რა წყაროები არსებობს–მეთქი. მომხსენებელმა საჯაროდ განაცხადა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თამარ მეფის მიერ არის აშენებული, ამის დამადასტურებელი კი არავითარი წყარო არ არსებობსო.
ვარძია და უფლისციხე ისეთივე ფენომენია, როგორიც ეგვიპტის პირამიდები და ისინი ანალოგიურ კვლევა–ძიებას საჭიროებს. ეგვიპტის პირამიდების აშენების საიდუმლო დღემდე ვერავინ ახსნა. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მის ირგვლივ მიწაყრილებს აკეთებდნენ და 220 ტონიან ქვებს ისე ეზიდებოდნენ. პრაქტიკულად ამის განხორციელება შეუძლებელია. ამხელა წონის ტვირთის აღმართზე გადაადგილება თანამედროვე ტექნოლოგიითაც კი ვერ მოხერხდება. ეს უძველესი ცივილიზაციის გაკეთებულია. მათ ბევრი ისეთი უნარი გააჩნდათ, რაც დღეს დაკარგულია. ერთ–ერთი მოსაზრებით, მათ შეეძლოთ, საგნებისათვის უწონადობის უნარი მიენიჭებინათ. ისეთი ენერგიების გამოსხივება შეეძლოთ, რომ გიგანტურ ქვას, სადაც სურდათ, იქ გადაჭრიდნენ. ისიც საინტერესოა, მაშინ დედამიწის მიზიდულობის ძალა რამდენი იყო. ჩვენ რომ ახლა ერთი კილოგრამი გვგონია, მაშინ შეიძლება ის ერთ გრამს იწონიდა. როცა მეცნიერებს დედამიწის მიზიდულობის ძალაზე ვკითხე, მიპასუხეს, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა მაშინ შედარებით მცირე იყო.
ფენომენური უნარის მქონე ინგლისელი ური გელერი თვალისა და გონების ენერგიით ლითონს ღუნავს. თუ ამ მაგალითს გავითვალისწინებთ, შეიძლება არცთუ დაუჯერებლად ჟღერდეს ის, რომ ადამიანებს შინაგანი ენერგიის გამოსხივებით ქვის დამუშავება შეეძლოთ.
- ერთხელ ტელევიზიით აჩვენეს, ტუბერკულოზით დაავადებული ჩია კაცი როგორ ეზიდებოდა გიგანტურ ქვებს და რაღაცეებს აშენებდა. ვერაფრით ხსნიდნენ, მასში ამხელა ძალა საიდან იყო, რომ ეს ქვები მარტოს ეზიდა. ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც გასაოცარ უნარებს ფლობენ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. აუცილებელია, საქართველოში ძეგლების შესწავლა სხვა კუთხითაც გაგრძელდეს. თუ მეცნიერები ამით დაინტერესდებიან, უდიდესი აღმოჩენების მოწმენი გავხდებით. სამწუხაროდ, ჯერ ისეთი სამეცნიერო კონფერენცია არ ჩატარებულა, სადაც ამგვარი თემები იქნება განხილული.
სამეცნიერო წრეებს თქვენი თეორია გააცანით?
- გავაცანი, კარგადაც მიიღეს, მაგრამ მაინც შორს დგანან. მათ უამრავი შრომა აქვთ გამოქვეყნებული, სადაც ამტკიცებენ, რომ, მაგალითად, დავით გარეჯი ქრისტიანული ძეგლია, იმის აღიარება კი არ უნდათ, რომ ეს ქრისტიანული ძეგლი უძველესი ცივილიზაციის ძეგლების ნაშთებზეა აგებული. ეკლესია–მონასტრებს ძველ სარიტუალო ადგილებზე აშენებდნენ და ხშირ შემთხვევაში მშენებლობაში სარიტუალო ქვებსაც ატანდნენ. დროა, საქართველოში არსებული ძეგლების კვლევა სხვა მასშტაბებით გაგრძელდეს.