რა ჯადოსნური კომბინაციით იზრდება პანდემიის პიკში მყოფ ქვეყანაში ხელფასები?

რა ჯადოსნური კომბინაციით იზრდება პანდემიის პიკში მყოფ ქვეყანაში ხელფასები?

მთავრობა ოფიციალური სტატისტიკის მოშველიებით ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში მყოფ ქვეყანაში ხელფასები იზრდება და საკმაოდ მაღალი მაჩვენებლითაც. მოსახლეობას და ექსპერტებს არც სტატისტიკის სჯერათ და მით უმეტეს არც მთავრობის ფიცისა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5 პროცენტით, ანუ 177.9 ლარით გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით); მშენებლობა - 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით).

უწყების მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი, 2 209.4 ლარი ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში, ასევე 2 177.4 ლარი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში ფიქსირდება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც ამტკიცებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაუმჯობესდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას“, - აღნიშნა თურნავამ.

ერთი მხრივ, მთავრობა ამტკიცებს, რომ შემოსავლები, ხელფასები და სამუშაო ადგილები მომატებულია, მეორე მხრივ, ხალხი მასობრივად საწინააღმდეგოს ამბობს. კითხვები აქვთ სპეციალისტებსაც. ეკონომიკის დოქტორის პაატა აროშიძის აზრით, შრომის ბაზარზე ანაზღაურების ზრდა იშვიათობაა და არ შეიძლება, ამას სტატისტიკაზე ასეთი გავლენა მოეხდინა.

„საკმაოდ უცნაური სტატისტიკაა, ალბათ, განმარტავენ, რა მეთოდოლოგიით დაითვალეს. წლის შუა პერიოდში, ამ პერიოდში ხელფასების ზრდა უცნაურია, არ მსმენია, სადმე მაღალი მაჩვენებლით გაეზარდათ ადამიანების შრომის ანაზღაურება. შეიძლება, ცვლილება შეეხო საჯარო სფეროში დასაქმებულთა დაბალ რგოლს, ასევე - დასუფთავების სპეციალისტებს, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, პოლიციელებს ან ჯარის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს 15%-იან ზრდას ვერანაირად ვერ გამოიწვევდა. მით უმეტეს ვიცით, რომ კერძო სექტორში არ გაზრდილა - ტურიზმი წარმატებული არ იყო და არც სამშენებლო, რადგან რეალიზაცია არ არის გაზრდილი. ამდენად, საშუალო ხელფასის მოცულობაში ნახტომისებური ცვლილება გაუგებარია. გასაშუალებულ მაჩვენებელს გვთავაზობენ. არ შეიძლება, სახელმწიფო მოხელის ძალიან მაღალი ხელფასი და პრემია ქვედა რგოლის თანამშრომელთა ხელფასთან შეაჯამო. ეს არ არის რეალური სტატისტიკა“, - განაცხადა აროშიძემ.

Katana "მთავრობა ამტკიცებს, რომ შემოსავლები, ხელფასები და სამუშაო ადგილები მომატებულია, ხალხი კი მასობრივად საწინააღმდეგოს ამბობს."
*
ნაპოლეონ ბონაპარტე:
"- მე შემიძლია მოვატყუო პროფესორები, შემიძლია მოვატყუო ჟურნალისტები, მაგრამ ვერ მოვატყუებ პარიზელ დიასახლისს."
2 წლის უკან