ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან ინტერვიუს ჩამოსართმევად რომ მივედი, კართან ცნობილ მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიას შევხვდი. ნონა, ნანა... იყო დრო, როცა ახალ ჩემპიონს ნონას, მაიას ყველანი ერთად საზეიმოდ ვხვდებოდით საქართველოს ტელევიზიაში, ერთი გუნდი იყო, მეგობრული ურთიერთობით შეკრული.
იყო. ახლა მოგონებაა. აღრეულია, როგორც ყველაფერი... ექსკლუზიური აპოლიტიკურობის შენარჩუნებით ვცდილობ საუბრის დაწყებას ნონა გაფრინდაშვილთან.
საქართველოში ჯერ კიდევ შემოგვრჩა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლე. ჭადრაკის სასახლე თქვენთვის, საქართველოს ქალთა ჭადრაკისთვის ააშენეს და თქვენი სახელი მიანიჭეს, რაც უნიკალური შემთხვევაა. რას გრძნობთ, თქვენი სახელობის ამ ცენტრის ზღურბლს რომ გადმოაბიჯებთ?
- მართალი რომ გითხრათ, არაფერს ვგრძნობ და არაფერს განვიცდი. არც მახსენდება, რომ ჩემი სახელობისაა. მე ის მიკვირს, რომ ჩემი სახელი ამდენ ხანს შერჩა. იმიტომ მიკვირს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიზებული გახადა სპორტი, თავისი მიზნების მისაღწევად ყოველმხრივ იყენებს სპორტსმენებს.
ადამიანი იმისთვისაა, რომ თავის ქვეყანასა და ხალხს გამოადგეს. მაგრამ როცა აკრძალულ ილეთებს ხმარობენ ამორალურ, არაკანონიერ საქმეში სპორტსმენების გამოყენებისთვის, ხელისუფლების პოზიციის გასაძლიერებლად, ეს ჩემთვის მიუღებელია. მხოლოდ იმიტომ, რომ ნონა გაფრინდაშვილი, რომელსაც საკმარისი სიკეთე გაუკეთებია საქართველოსთვის, მმართველობის შენს პოლიტიკას, შენს დამოკიდებულებას ხალხის მიმართ, შენს დანაშაულებრივ რეჟიმს მხარს რომ არ უჭერს, მტრად აცხადებ, ამ პირობებში უნდა გაგიკვირდეს, ჩემი სახელი რომ შერჩა სასახლეს.
აგერ რობერტ სტურუა, ფაქტობრივად, გააგდეს თეატრიდან, მსოფლიოში სახელგანთქმული და აღიარებული შემოქმედი. ამით მთელ ქართველ ხალხს მიაყენეს შეურაცხყოფა. ასეთი ხელისუფლება ჩემთვის მიუღებელია.
მე კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, როცა ხელისუფლება ჩვენი კალათბურთელების მხარდასაჭერად ზონდერებს აგზავნის კლაიპედაში, ესეც მიუღებელია ჩემთვის.
ბოთლებივით ერთმანეთს ჰგავდნენო, გუზაბ სანიკიძემ თქვა.
- კი, ბოთლებივით. როცა მითხრეს, რომ ზონდერები და სპეცრაზმელები მიავლინეს ლიტვაში, პირველი, რაც ვიფიქრე, იქაც დარბევას ხომ არ აპირებენ-მეთქი. მაგრამ ყველაზე ამაზრზენი, რაც გავიგე და რაც რუსეთთან მატჩის წინ მოხდა, იყო ის, რომ რუსეთის ჰიმნზე ფეხზე წამომდგარ ჩვენს „გულშემატკივრებს” თბილისიდან დაურეკეს და ახლავე დაჯექითო, უბრძანეს!
ეს პოლიტიკა კი არ არის, წუწურაქობაა, წვრილმანობაა, „კროხობორობა”!
- ასე პრიმიტიულად რომ „ებრძვი” იმ რუსეთს, რომლის ხელშიცაა ყველა ჩვენი სტრატეგიული ობიექტი, იმიტომაც კარგად მიდის ჩვენი საქმე!..
რუსეთს თავი დავანებოთ. ჩვენი სპორტსმენების ამბავი მაწუხებს, რადგან იმ ზონდერებში ბევრი მოჭიდავეა. მე ისიც ვიცი, რომ, როცა სააკაშვილი თავის დროზე ვაკის დეპუტატი გახდა, ამაში დიდი წვლილი მორაგბეებმა შეიტანეს - ძალიან ბევრი ყალბი ბიულეტენი ჩაყარეს მის სასარგებლოდ. ეს ნამდვილად ვიცი და არაფერს ვიტყვი ისეთს, რაშიც დარწმუნებული არ ვარ.
სამწუხაროდ, მოჭიდავეები გამოყენებული ჰყავდათ 7 ნოემბრის დარბევისას და უკრაინაშიც მიავლინეს საპრეზიდენტო არჩევნების ჩასაშლელად, მაგრამ არ გამოუვიდათ.
თქვენ „სახალხო კრებაში” ხართ, მაშასადამე, რაღაც პოლიტიკურმა ძალამ, პარტიამ თქვენ მიგიწვიათ მხარდასაჭერად, როგორც სპორტსმენების დედოფალი. როცა ხელისუფლება სათავისოდ იყენებს სპორტსმენებს, ცუდია, როცა ოპოზიცია სპორტსმენებს იწვევს, კარგია?
- არ დაგიმალავთ, თითქმის არ დარჩენილა ასე თუ ისე ცნობილი პარტია, მე რომ არ მივეწვიე. ყველას უარი ვუთხარი. ბადრი პატარკაციშვილს ბოლომდე გვერდით ვედექი იმიტომ, რომ პარტია არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. ურჩევდნენ, რომ გაეკეთებინა, მაგრამ ბადრი ორჭოფობდა. მართალია, „მემარჯვენეებთანაც” ვიყავი, მაგრამ დღეს ამისი მრცხვენია. ისეთი რამეები გააკეთეს, რომ თავზარი დამეცა, არადა, სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი მათზე. ხელისუფლებას გაურიგდნენ! თუ გარიგდებოდნენ და ეს ხელისუფლება წავიდოდა, მაშინ კიდევ გავიგებდი, მაგრამ ამათი გარიგება ხალხის ინტერესებიდან არ გამომდინარეობდა.
ბადრის გარდაცვალების შემდეგ და საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, განვაცხადე, რომ პოლიტიკაში აღარ მივბრუნდებოდი.
სხვათა შორის, საკრებულოში ყოფნის დროს გავიგე, ვინც იყო სააკაშვილი, რასაც წარმოადგენდა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოს ხელიდან გამოვიდა, ემოციურ ნიადაგზე იყო მიღებული. მაშინ არ ვჩანდი, რადგან აქტიური არ ვიყავი.
„სახალხო კრება” არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, საზოგადოებრივი მოძრაობაა. პარტიებს, რომელთა ლიდერებიც მთხოვდნენ, მათთან არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჩავდგომოდი სათავეში, სწორედ ამ მიზეზით უარი ვუთხარი.
„სახალხო კრება” არის ორგანიზაცია, რომელიც არავის ექვემდებარება, საზოგადოებრივი მოძრაობაა, სადაც გაერთიანებული არიან თავ-თავიანთ სფეროებში წარმატებული ადამიანები, გამოჩენილი პიროვნებები, ვისაც, საკუთარი ქვეყნის გადარჩენის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებს. არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც ჯიქურ არ მიიწევენ ხელისუფლებისკენ. ჩვენი მიზანი იყო ამ რეჟიმის გარეშე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. არ ვაპირებდით არც პარლამენტში შეჭრას, არც მინისტრთა საბჭოს შტურმით აღებას. იმდენი აგენტი იყო ჩვენთან შემოგზავნილი, ეს რომ გაგვეფიქრებია, ყველანი კარგა ხნის დაპატიმრებულები ვიქნებოდით.
აგენტებზე დარწმუნებული ხართ?
- ხომ გითხარით, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, იმაზე ხმას არ ვიღებ... მარტო გენერალ უჩავას მაგალითია საკმარისი. პოლიტიკური მიზნები არ მამოქმედებს, ჩემი მიზანია, რომ ჩემს შთამომავლობას ჰქონდეს ნორმალური პერსპექტივა, რაც ამ ხელისუფლების ხელში მომავალ თაობას არ აქვს.
ჩვენთან დღეს ყველაფერი პიარზეა აგებული. ხელისუფლებას ახალგაზრდობის დიდი მასა ხელში ჰყავს აყვანილი - კარგი ხელფასები, წასვლა-წამოსვლა.
უფასო კონცერტები.
- უფასო კონცერტები, რომლებიც მილიონები ჯდება და „პოტიომკინის” სოფლები: უკვე დამპალია პალმები ანაკლიაში, რაც ჩვენ ვნახეთ. ანაკლიის ხიდი კი მოხსნეს და სვანეთში გადაიტანეს.
როგორც ახალი სპექტაკლის გასაფორმებელი ნახმარი დეკორაცია.
- უზარმაზარ თანხას იხდიან „წარმატებული” საქართველოს შესახებ კლიპების გადასაღებად და უცხოეთის ტელეეკრანებზე გასაშვებად, დაქირავებული ჟურნალისტების წერილების გამოქვეყნებაში ანგლოამერიკულ მასმედიაში. ამ „საქმეში” და ლობისტებში მიდის ხალხის ფული.
პენსიებზე 10 ლარის დამატების გაპიარება ხომ ხალხზე ზრუნვის პროფანაციაა!
თავიდან ბოლომდე სიყალბეა, როცა სააკაშვილი საგანგებოდ მისთვის შერჩეული პენსიონერების წინაშე აცხადებს, საყვარელი ხალხი ხართო
- და მე უნდა ვიყო თქვენთვისო. საინტერესოა, თვითონ თუ სჯერა! ამ დროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე დაბალი პენსია საქართველოშია. პედაგოგების დაბალი ხელფასები ხომ სასირცხვილოა.
პიარზეა ყველაფერი აგებული და - ტყუილზე.
ჩემი შვილი ამ ზაფხულს ურეკში ერთ ახალგაზრდას შეხვდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან. ეს ახალგაზრდა დარწმუნებული იყო, რომ აგვისტოს ომში ჩვენ გავიმარჯვეთ და ძალიან გაიკვირვა, როცა სიმართლე გაიგო - ეს ომი მართლა წავაგეთო?
რეალური სიტუაცია, მათ შორის ის, რაც 26 მაისს მოხდა, დაბლოკილია.
ჩვენ არ ვმალავთ და სიმართლეს ვამბობთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აბსოლუტურად არავითარ შესაძლებლობას არ გვიტოვებენ, კანონებში შეაქვთ ისეთი ცვლილებები, რომ ჩვენი უფლებების დაცვის ყველანაირი იმედიც კი გადაგვიწურონ. თუ ამ უფლებებზე ხმამაღლა განაცხადებ, ბორკილებს დაგადებენ, დაგაპატიმრებენ, ვითომ წინააღმდეგობა გაუწიე. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას დაგაბრალებენ.
ვინ დაამარცხებს ამ რეჟიმს, ჩემთვის სულერთია. ხალხმა გააკეთოს არჩევანი. მაგრამ კიდევ თუ შეცდება და იმას არ მოიყვანს ხელისუფლებაში, ვინც საქართველოს სჭირდება, დამნაშავე იქნება თვითონ. სხვას ვერ დააბრალებს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გაკონტროლება შეიძლება და ჩვენც ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
მე არ ვარ პოლიტიკაში. ეს არ არის პოლიტიკა, პოლიტიკაზე მაღლაა ჩემი ქვეყნის გადარჩენის სურვილი და ბრძოლა ამისთვის, რადგან თუ კიდევ ერთი-ორი წელიწადი დარჩებიან ესენი ხელისუფლებაში, მე მგონი, საქართველოს სახელიც გაქრება.
შეიძლება ითქვას, რომ თქვენ კი არ მიხვედით ნინო ბურჯანაძესთან, მან კი არ გადაგაფარათ მფარველობის კალთა, არამედ იგი მოვიდა თქვენთან?
- სწორედ ასეა. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, იგი და ირაკლი ბათიაშვილი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტიებთან, როგორც ყველაზე გამოცდილი ადამიანები ამ საქმეში. ეტყობა, ამან შექმნა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ნინოა ხელმძღვანელი და, მაშასადამე, „სახალხო კრებაც” მასთანაა მიერთებული.
უნდა ვთქვა, რომ იგი არც ერთ პარტიასთან ურთიერთობაში არ ჩაჭრილა, ყველა პოლიტიკოსი, ვინც მისკენ გაიშვერს ხელს საყვედურითა და რაღაც მინიშნებებით, მართალი არ არის. მე ძალიან კარგად გავიცანი ქალბატონი ნინო და, ასევე, თემურ შაშიაშვილი, ამიტომ, რასაც ვამბობ, სრული დარწმუნებით ვამბობ.
თქვენს მკითხველებს, ალბათ, ახსოვთ, რომ, როცა ქალბატონი ნინო პირველად გამოდიოდა აქციებზე, უსტვენდნენ. ცოტა ხანში ასეთი დამოკიდებულება შეიცვალა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ვერავინ შეაჩერებს და იგი ბოლომდე იბრძოლებს.
ლევან გაჩეჩილაძის შემოერთებაზე რა აზრის ხართ?
- ამ ფაქტს სხვადასხვაგვარად აფასებენ. ლევან გაჩეჩილაძე ჩვენთან რომ მოვიდა, არ დაგიმალავთ, გაგვიხარდა. ბოლომდე იდგა ჩვენთან, მისი ძმა კონცერტის ჩასატარებლად ემზადებოდა. ლევანმა გვითხრა, რომ ძალიან კარგია, „სახალხო კრება” რომ შეიქმნა, მაგრამ იგივე შეცდომა არ გაიმეოროთ, რაც მე დამემართაო. აღიარა, რომ შეცდომა მოუვიდა, როცა საპროტესტოდ გამოსული ხალხის უზარმაზარი მასის პოტენციური ენერგია უქმად დაიხარჯა. შეცდომის იქით თუ რამე იყო, ჩემი გასარჩევი არ არის. „ქართულ პარტიაში” მისი მისვლაც შეცდომა იყო. ისინი საშინლად გვიტევდნენ და ბოლო მომენტში მოინდომეს ჩვენთან შემოერთება. მათი ნდობა არ შეიძლებოდა თუნდაც მხოლოდ ამიტომ. ეს დადასტურდა იმითაც, რომ ჩვენს მხარდასაჭერად თავიანთი ხალხის მოყვანა რომ ვთხოვეთ, „ქართულმა პარტიამ” ვაჭრობა დაგვიწყო, ასე იოლი არ არისო. ას კაცს დაგვპირდნენ და ამდენიც არ მოუყვანიათ. ამის ძალაც არ ჰქონდათ.
თქვენ “სახალხო კრების” თავმჯდომარე ხართ, ხომ ასეა? მაშასადამე, საბოლოო სიტყვა თქვენზეა.
- თავმჯდომარეობა შემომაპარეს. მიმაჩნია, რომ სიმბოლურია ეს პოსტი, რადგან აღმასრულებელი საბჭოს ჩვეულებრივი წევრი ვარ, რომელსაც გამოცდილება ნაკლებად აქვს. ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით ერთმანეთს, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ ერთმანეთში. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებები საერთო, კოლექტიური განსჯა-განხილვის ნაყოფია.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, მე საჯაროდ არ ვამბობ ჩემს საკუთარ აზრს.
აი, ახლაც ჩემს საკუთარ პოზიციას გამოვხატავ, რომელსაც ვერავინ შემაცვლევინებს: ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, თუ ვინ რას წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრში, ვის შეუძლია ალალად ემსახუროს ქვეყნის გადარჩენის ინტერესებს, ვის - არა.
მინდა, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდეს ერთი კარგი, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში ჩადგება და არ შეასრულებს ქვეყნის გარედან მოსულ შეკვეთებს.
გუბაზ სანიკიძეზე მინდა გკითხოთ, „ფორუმზე”, რომელმაც 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე - „ქართველთა მარშის” დღედ გამოაცხადა. შეუერთდება ამ მარშს „სახალხო კრება”?
- თუ დავინახეთ, რომ „ფორუმი” მოახერხებს ხალხის გამოყვანას, რა თქმა უნდა, შევუერთდებით, იმიტომ, რომ, სადაც იქნება ხალხი, იქ ვიქნებით ჩვენც.
ერთი უხერხული შეკითხვა: თქვენთან რომ მოვდიოდი, ჭადრაკის სასახლის შემოსასვლელში ქალბატონი ნანა ალექსანდრია შემხვდა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ტელერადიოკომიტეტში ჩვენი თანამშრომელი იყო. დიდი ხანია, არ მენახა. მოვიკითხეთ ერთმანეთი. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ნანასთან?
- ნანა ალექსანდრიას არ ველაპარაკები. მისი შვილი გიგა ბოკერია ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც ახლანდელი ხელისუფლების ყველა ლიდერი.
რა დამავიწყებს 26 მაისს, როცა იმ თავსხმაში მიწაზე ვეგდე და ხალხი ჩემზე გადადიოდა. ვიხრჩობოდი. ვეღარ ვსუნთქავდი. ერთმა ახალგაზრდამ გადამარჩინა, რომელმაც ფეხზე წამომაყენა, წინ გამიძღვა - ნონა გაფრინდაშვილი მომყავსო და გაარღვია პოლიციელების რკალი. მერე დაუპატიმრებიათ. სასწაულად გადავრჩი. მაგრამ, რაც ვნახე, იმას რა დამავიწყებს! ხელბორკილდადებული, თავგასისხლიანებული ადამიანები მიწაზე რომ ეყარნენ!
ამას ვერც ნანა ალექსანდრიას, ვერც მის ოჯახს ვერ ვაპატიებ, რადგან გიგა ბოკერია კურატორია ძალოვანი სტრუქტურების, რომლებმაც ეს უბედურება დაატეხა ხალხს, ყველანი დამნაშავენი არიან.
ის პარლამენტარებიც კი, რომლებმაც სინანულიც არ გამოთქვეს დარბევის გამო, ასევე დამნაშავენი არიან. შოუბიზნესის წარმომადგენლები, ვინც მიშას ელაქუცება, ოღონდ თავიანთი საქმე გაიკეთონ, ვინც გვერდით უდგას და უმღერის, ისინიც მიუღებელნი არიან ჩემთვის, რადგან რეჟიმს ემსახურებიან.
ვწუხვარ ნანას გამო, ამდენი წელიწადი, მთელი სიცოცხლე ერთად მოვდიოდით, ერთმანეთის გვერდით ვიდექით. შვიდი ნოემბრის დარბევები ნანამ გაამართლა. მაგრამ არც 7 ნოემბერი, არც 9 აპრილი არაფერი იყო 26 მაისთან შედარებით.
განმარტავთ, რატომ?
- რა თქმა უნდა, გეტყვით. მე შოკში ჩამაგდო ერთი ჩვენი მოჭადრაკის მონათხრობმა, რომელმაც თავისი ახლობლის მონაყოლი გადმომცა. ეს ახლობელი სასწრაფო დახმარების ექიმთა ბრიგადაში მუშაობს და, რასაც ჰყვება, საკუთარი თვალით აქვს ნანახი და განცდილი.
თვითმხილველია და მოწმე?
- თქვა ის, რის დამალვასაც ცდილობენ. სასწრაფო დახმარების ეს ექიმი ნანახით ისეა დაზაფრული, რომ დღემდე წამლებზე ჰყავთო, იმდენი დახოცილი უნახავს.
ეს როგორ დაიმალება, ქალბატონო ნონა?
- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხალხი დაშინებულია. შვილს მოუკლავენ, ქმარს მოუკლავენ, მერე მიდიან და ოჯახს ემუქრებიან - ხომ გყავთ კიდევ ცოცხლები, ხმას ამოიღებთ და იმათაც დაემშვიდობეთო.
შიში ერთია. მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ხშირი, უშედეგო შეკრებების გამო ხალხის ენერგია ფუჭად დაიხარჯა.
ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთოს. ხომ ვნახეთ, რაც არაბეთის ქვეყნებში მოხდა. სოციალური ქსელებით უკავშირდებიან ერთმანეთს და გამოდიან თავიანთი უფლებების დასაცავად. ლიდერი არაა საჭირო. ხალხის ხელშია ყველაფერი.