„თუკი „ოცნების“ სტრუქტურაში არიან ჩანერგილი ნაციონალები, რატომ გამოვრიცხავთ, რომ გახარიას სტრუქტურაშიც იყვნენ, თუნდაც ხოჯევანიშვილის სახით?“

„თუკი „ოცნების“ სტრუქტურაში არიან ჩანერგილი ნაციონალები, რატომ გამოვრიცხავთ, რომ გახარიას სტრუქტურაშიც იყვნენ, თუნდაც ხოჯევანიშვილის სახით?“

გიორგი გახარიას პარტიაში აქვთ ეჭვი, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილს დააკავებენ, რომელიც სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა და სწორედ ის კურირებდა ე.წ. ოტო-ს. ხოჯევანიშვილის კარიერული წინსვლა 2001 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორობით დაიწყო. 2004-2005 წლებში მუშაობდა უშიშროების მინისტრის მოადგილის თანაშემწედ. 2005-2006 წლებში იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წლიდან საქმიანობა გააგრძელა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2009-2010 წელს კი ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში. გარდა ამისა, 2011 წლის 17 სექტემბერიდან იყო პენიტენციური სისტემის საერთაშორისო ურთიერთოებების დეპარტამენტის უფროსი. ეს არის წლები, როდესაც მასიური სახე ჰქონდა პატიმრების წამებას და არადამიანურ მოპრობას. ხოჯევანიშვილი მაშინ ახალაია-ქარდავას სახეს წარმოადგენდა პენიტენციალურ სისტემაში. 2014-2017 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ იმსახურა. 2017 წელის ნოემბრში შსს-ს გენერალური ინსპექცია ჩაიბარა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. ლილუაშვილს არ დაუკონკრეტებია რატომ გაუჩნდა ეს ეჭვი.

„როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ მასალები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა.

„დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, რაც მკითხეთ, რომ ხომ არ შეიძლება, თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული, ან შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინფორმაციასთან, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს ფალსიფიკაციაა, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ფარული ჩანაწერები შესაძლოა გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, კერძოდ კი მისმა ძმამ და საბანაძემ გაავრცელეს, უსაფუძვლოა. მისი თქმით, გასარკვევია რა მიზანს ემსახურება ამგვარი დოკუმენტების გასაჯაროება.

„საერთოდ, გასარკვევია, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ ჩანაწერებისა და დოკუმენტების გარეთ გამოტანა და რამდენად ავთენტიკურია. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩვენ ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ, მერეც შესაძლოა, მოვისმინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება. თუ საჭიროება იქნება, პოლიციაში გამოკითხვაზე მივა, ხოლო უსაფუძვლო ბრალდებებზე ხალხს თავისი რეაქცია და პასუხი ექნება ხელისუფლებისადმი“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

სასულიერო პირებზე სავარაუდო თვალთვალის ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით დაიწყო. პროკურატურა მოუწოდებს ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გადასცენ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. ინტერნეტში განთავსებული დაახლოებით 3 000 დოკუმენტი, რომელიც სასულიერო პირების შესახებ კომპრომატებს შეიცავდა, „TV პირველს“ ანონიმურმა პირმა 13 სექტემბერს გადასცა. ამ დროისთვის, დოკუმენტები ინტერნეტში აღარ იძებნება. თავის მხრივ სუს-ი მზადაა გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოვლინდეს, ვის უკავშირდება იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც საუბარია გასული დღეები - იქნება ეს გახარია, ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა. მისი თქმით, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ორი გასაღები იყო ორ ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იგივე ჯგუფის ორი წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე კობახიძის განცხადებით, შეიძლება არსებობდეს შესაბამისი ეჭვები, თუმცა დეტალების გარკვევას პროკურატურისგან ელოდება.

„არჩევნებამდე ორნახევარი კვირა არის დარჩენილი და საარჩევნო გარემო არის ძალიან მშვიდობიანი და ყველანაირად ჯანსაღი. მთავარი ამოცანა ამ პოლიტიკურ ძალას და მის ტელევიზიებს რა აქვთ - ეს მშვიდი გარემო როგორმე შეცვალონ. ამის საშუალება ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ. ჩვენი ამოცანაა, ასეთი ქმედებების პრევენცია და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ამ გარემოს შენარჩუნება. მათი ამოცანა სრულიად საპირისპიროა, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას და მათ ტელევიზიებს ამის საშუალება არ მივცეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების კვალი შესაძლოა ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან მიდოდეს, ამის შესახებ for.ge-სთან ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა ისაუბრა. ჩვენთან ინტერვიუში ანალიტიკოსი აცხადებდა, რომ

ხოჯევანიშვილი ბოლოს იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, რომელსაც შეეძლო ეს ყვლაფერი გაეკეთებინა. რასაც გიორგი გახარიას თანაგუნდელის კახაბერ ქემოკლიძის საკმაოდ უხეში პასუხი მოჰყვა.

„ჩემი გვარი უხსენებია გახარიას კარიკატურას, ვინმე ქემოკლიძეს და არც თუ ისე კარგ კონტექსტში. ალბათ, გამწარდა, ვარაუდი რომ დავუშვი ამ სიბინძურეში მისი მონაწილეობის შესახებ. ახლა კიდევ უფრო დეტალურად - ეს კარიკატურა გამოდის და უტიფრად იძახის, დღევანდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოსო. პერსონალურად ჩემთვის არაფერს წარმოადგენს და არჩევნების მერე ისე გაქრება, როგორც ბევრი მისნაირი გამქრალა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია.

თუ ეს კარიკატურა უშვებს, რომ იმ ნაბოდვარში რამე სიმართლეა, მაშინ ამ ნაბოდვარის დამადასტურებლები იმ პერიოდზე მიუთითებენ, როცა ეს კაცი სუს-ის მთელ ანალიტიკას აკონტროლებდა. ჰოდა, თუ ამ ნაბოდვარში რამე სიმართლე ეგულება, პასუხისმგებლობაზე რომ იწყებს საუბარს, შემთხვევით საკუთარი თავით და ხოჯევანიშვილით ხომ არ უნდა დაიწყოს? და თუ ეს არის ფაბრიკაციები და სიბინძურე, რაც სავარაუდოდ ასეა, ნათქვამს ცოტა ტვინი ხომ უნდა დაატანოს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს?“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. თუმცა, სანამ ირაკლი შოთაძის უწყება გამოძიების შედეგებს დადებს, ანალიტიკოსის განცხადებით, ბუნებრივია, ლოგიკური შეკითხვები ისმის და არა მტკიცებითი ფორმის

„ვატყობ, რომ ძალიან დიდი სურვილია ხალხში, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ეს მოხდეს ძალიან სწრაფაად. შეუძლებელია ამდენი თავდასხმების და ამდენი დეზინფორმაციების მოსმენა საზოგადოების წევრებზე, ეკლესიაზე და ა.შ. რაც შეეხება ხოჯევანიშვილს და ეჭვებს მისი პერსონის გარშემო, ის იყო სუს-ის უფროსის მოადგილე, როდესაც წვდომა ჰქონდა მათ შორის მიყურადების სამსახურზე, აქიდან გამომდინარე, გამოძიება დაადგენს მტყუან-მართალს.

რაც შეეხება გარკვეულ ვარაუდებს, მე ერთ რამეს გეტყვით - ჩანაწერები, რომელიც არის სულ რამდენიმე წლის წინანდელი, არ ვიცი, რამდენად სანდოა, თუ ასეთი ჩანაწერები შარშან ჰქონდათ ნაციონალებს, მაღალი ალბათობით, გამოიყენებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, კერძოდ საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ გაჩნდა ახლა. ამიტომ, ბუნებრივია, იმის ლოგიკური შეკითხვები და არა მტკიცებითი ფორმის, რომ რა როლი აქვს ამაში ხოჯევანიშვილს, თუნდაც საბანაძეს, რომელიც შს მინისტრის მოადგილე იყო და მათ შორის ქემოკლიძესაც? ამიტომ, მტკიცებით ფორმაში არავინ ლაპარაკობს, არც ანალიტიკური წრეები, მით უმეტეს ხელისუფლება სანამ გამოძიება არ დადებს საბოლოო შედეგს. ეს შედეგი უნდა იყოს ძალიან მალე და ეს თავად სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებშია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

მიდის თუ არა კვალი გიორგი გახარიასთან, ამ ეტაპზე საუბარი უჭირს პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს, რომლის განცხადებით, ქართული პოლიტიკა მარტივად გასაშიფრი არ არის.

„ყველას გვახსოვს და არაერთხელ ითქვა, რომ ბევრი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის ჩანერგილი „ქართული ოცნების“ სტრუქტურებში და მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში. თუ ამას მივიღებთ როგორც ფაქტს და სამწუხაროდ, უნდა მივიღოთ, რადგან ასეთი ლუსტრაცია, რომ „ოცნებას“ ეთქვას - ეს არის ადამიანი, რომელიც ადრე ცუდ რამეს აკეთებდა და ამიტომ სტრუქტურიდან უნდა წავიდეს, ასეთი რამ არ გვახსედება.

მაგრამ თუკი „ოცნების“ სტრუქტურაში არიან ჩანერგილი ნაციონალები, რატომ გამოვრიცხავთ, რომ გახარიას სტრუქტურაშიც იყვნენ ნაციონალები ჩანერგილი, თუნდაც ხოჯევანიშვილის სახით? გასარკვევია, ესა თუ ის პროცესი პოლიტკური ხელმძღვანელობის მიერ არის ინიცირებული, თუ ასეთი ჩანერგილი ადამიანების მიერ არის ინიცირებული? თუ ორივე ერთად არის? სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ პირადად გახარიას ინტერესს იმაში, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო. ამ პროცესს რომ ნაციონალები აწარმოებდნენ, ეს გასაგებია, იმიტომ, რომ აქვთ მაგის ტრადიცია. მაგრამ, აი, გახარიას მხრიდან რატომ უნდა იყოს ამ პროცესის წარმოება, ეს გაუგებარია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

tngh თანამედროვე სატელიტური და ტელესაკომუნიკაციო ტექნიკა ბევრ "ჰაკერს" აძლევს საშუალებას აწარმოოს ვიდეო თვალთვალი და აუდიო მოსმენები ყოველგვარი სპეცსამსახურების ჩართულობის გარეშე. სამწუხქაროდ, ესეთი დანაშაულობების გამოძიება თითქმის შეუძლებელია....
2 წლის უკან
tngh თანამედროვე სატელიტური და ტელესაკომუნიკაციო ტექნიკა ბევრ "ჰაკერს" აძლევს საშუალებას აწარმოოს ვიდეო თვალთვალი და აუდიო მოსმენები ყოველგვარი სპეცსამსახურების ჩართულობის გარეშე. სამწუხქაროდ, ესეთი დანაშაულობების გამოძიება თითქმის შეუძლებელია....
2 წლის უკან
tngh თანამედროვე სატელიტური და ტელესაკომუნიკაციო ტექნიკა ბევრ "ჰაკერს" აძლევს საშუალებას აწარმოოს ვიდეო თვალთვალი და აუდიო მოსმენები ყოველგვარი სპეცსამსახურების ჩართულობის გარეშე. სამწუხქაროდ, ესეთი დანაშაულობების გამოძიება თითქმის შეუძლებელია....
2 წლის უკან
გრიგორი დიდი უნამუსო ვინმე კი ყოფილა ეგ "ექსპერტი" ქართველიშვილი ! ნამდვილი ექსპერტი , ან ანალიტიკოსი საქართველოში არაა ! არიან ნაც , ან ქოცექსპერტები და ნაც, ან ქოცანალიტიკოსები.
2 წლის უკან