„თუ ელექტორატი „ოცნებაზე“ გაბრაზდება, იგივე წყენა გახარიას პარტიის მიმართაც ექნება - გვახსოვს ის და მისი გუნდი ამ დროს რა თანამდებობებს იკავებდნენ“

„თუ ელექტორატი „ოცნებაზე“ გაბრაზდება, იგივე წყენა გახარიას პარტიის მიმართაც ექნება - გვახსოვს ის და მისი გუნდი ამ დროს რა თანამდებობებს იკავებდნენ“

ირაკლი ღარიბაშვილი ფარული აუდიო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების უკან ოპოზიციის ინტერესებს ხედავს. პრემიერ-მინისტრმა უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესაძლო ფაქტებზე ობიექტური გამოძიების პირობა დადო. ღარიბაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ მოკვლევამ შესაძლოა, „ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ წასულების ბრალეულობაც გამოკვეთოს.

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კი არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე მათი თანაგუნდელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ, რომელიც 8 თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სწორედ ის სახელდება ადამიანად, რომელიც ფარულ მოსმენებს, შესაძლოა, კურირებდა და ახლა გამოტანილ მასალებს ხელისუფლების შანტაჟისთვის იყენებდეს.

გახარიას მისამართით ბრალდებები მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ „ბილაინმა“, რომელიც რუსულ კომპანიას წარმოადგენს, გახარიას გუნდს თავისი აბონენტების სია გადასცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გახარის გუნდი შესაძლოა, მთავარ ეჭვმიტანილი გახდეს. ამით სააკაშვილი ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერას ცდილობს - გაბრაზდეს, როგორც გახარიას, ასევე ხელისუფლების ამომრჩეველი, რადგან ისინი ამ კადრების გავრცელებასა და მოპოვებაში ორივე მათგანს დაადანაშაულებს.

ხელისუფლების ოპონენტები ჩანაწერებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას მმართველ ძალასა და უსაფრთხოების სამსახურებს აკისრებენ. ოპოზიცია სუს-ის უფროსის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და არსებული ფორმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას ითხოვს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ სახელმწიფო და სასულიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტირება მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებში შედის.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

გიორგი გახარიას გუნდის წევრები, პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტს პასუხი ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიებით უმოკლეს ვადაში უნდა გაეცეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის ჩართვისა და სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

„აშკარაა, რომ „ოცნება“ ისევ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და მათ ინტერესებში არ შედის დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, ერთის მხრივ, მოვითხოვთ, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, მეორეს მხრივ კი, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ბინძური, მანკიერი პრაქტიკა და საქართველო უნდა გახდეს ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთა რეაქციები და განცხადებები, რომლებიც მიზნად პოლიტიკური ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას ისახავს, ნათლად წარმოაჩენს იმ მძიმე რეალობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. მისივე განმარტებით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ შექმნეს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ფარული ჩანაწერების მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ბოლო მოღებოდა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ გახარია ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ თუ ეს ჩანაწერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არის შემქნილი, მაშინ ამ მოსმენებს კურირებდა, როგორც ალექსანდრე ხოჯრევანიშვილი, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, ასევე მისი ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი კახა ქემოკლიძე და გახარიას მოადგილე კახა საბანაძე. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ჩანაწერები „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ მედიას შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს რომ ჰქონოდა, მას აუცილებლად გამოაქვეყნებდა.

ამიტომაც ჩნდება ლოგიკური კითხვა, მაშ ვის ხელთ შეიძლება ახლა ეს ჩანაწერები აღმოჩენილიყო და პოლიტიკურად ვის აძლევს ხელს, რომ ისინი გავრცელდეს.

„გიორგი გახარიას, სავარაუდოდ, ეს ჩანაწერები იმისთვის სჭირდება, რომ ეკლესიას, „ოცნებას“ და ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს დაარტყას. ამით კი ხაზი გაუსვას იმას, რომ დღეს პოლიტიკურ ველზე ყველაზე უცოდველი პოლიტიკოსი ის არის და ამით „ოცნების“ ელექტორატის კიდევ უფრო მეტის გადაქაჩვა შეძლოს. ამით კი, ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას ასრულებს. ის უკვე დიდი ხანია ამით არის დაკავებული. საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე დღეზეა გათვლილი, რადგანაც გახარიას თუ ჰგონია, რომ თავად და მისი გუნდი პასუხისმგებლობას აცდება, ძალიან ცდება. პირიქით, ამომრჩევლის აგრესია მისკენაც გადავა, რადგან ის იყო მინისტრი და მისი გუნდის წევრები მაღალჩინსონები, როცა ეს ჩანაწერები კეთდებოდა. ახლა დააკვირდით „ნაციონალები“ გახარიაზე როგორ მოჩვენებით დარტყმას ახორციელებენ. ვითომ ამის შესახებ არაფერი იციან და მათ ინტერესებს გახარიას ეს აღვირახსნილი ქმედება არ ემსახურება. მისი ხელით „ოცნების“ განადგურება უნდათ და თან, ვითომ თავადაც არაფერ შუაში არიან. თითქოს გახარია მათ საქმეს არ აკეთებდეს“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

მისივ თქმით, გახარიას და მისი გუნდის ქმედება თვითლიკვიდაციას უფრო ჰგავს. ისინი თავს ესხმიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომელსაც ადრე თავად წარმოადგენდნენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი იმ ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენენ, რომლის ხელმძღვანელებიც თავად იყვნენ.

„ქართულ საზოგადოებას ხომ შეახსენეს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ცუდია, მაშინ თავად რა გამოდიან? ამ მოსმენებს ხომ თავად ეს ადამიანები ახორციელებდნენ? ამ სისტემის ნაწილი და შემოქმედები თავად არ იყვნენ? ანუ თავისავე გაფუჭებული საქმე საჯაროდ გამოაქვთ? ცოტა ლოგიკას მოკლებული ქცევაა, ამიტომაც ვამბობ, რომ მათ გათვლა რაზეც ჰქონდათ, ის არ გამოდის. სავარაუდოდ, ეს არის გახარიას გუნდის მიერ ჩადენილი, რომ ამით პოლიტიკური ქულები დაეწერათ. იმედია, პროკურატურა გამოძიებას უსწრაფესად ჩაატარებს, რადგან ამ ფარული ჩანაწერების შეთითხნული ვერსიების გავრცელება უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე გავლენას ახდენს, მაგრამ არა იმ დონის, როგორიც ეს 2012 წელს იყო. ახლა ყველამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვინ შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგეს. მელაძეს და გვარამიას შეიძლება რაღაცები შეათითხნინონ, მაგრამ ამას მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი ექნება“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ახლა გიორგი გახარია თუ არ გამოვიდა და არ განაცხადა, რომ მისი ხელი ამ ყველაფერში არ ურევია, მაშინ პოლიტიკურად დარტყმის სიმძიმე მასზე გადაინაცვლებს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ეს გახარიას გუნდის გაკეთებული და მათ მიერ გამოქვეყნებული მასალებია, მისთვის გაუგებარია, რა გათვლა უნდა ჰქონოდათ, რადგან ამომრჩეველი თუ „ოცნებას“ ამის გამო გაუწყრება და პასუხისმგებლობას დააკისრებს, მაშინ ამის მონაწილედ გახარიასაც ჩათვლიან. სწორედ ის და მისი გუნდი იყვენენ ხელისუფლებაში ყველაზე გავლენიანი ჯგუფი. ამიტომაც პასუხისმგებლობის მხოლოდ ხელისუფლებაზე გადანაწილება ვერ მოხდება.

„ცოტა გაუგებარია გახარიამ და მისმა გუნდმა თუ ამის გასაჯაროვება გადაწყვიტეს, გათვლა რაზე ჰქონდათ? საქმე ისაა, რომ „ოცნების“ და გახარიას ამომრჩეველი ერთია. ამიტომ, თუკი ეს ელექტორატი ამ ჩანაწერების გამო „ოცნებაზე“ გაბრაზდება, იგივე წყენა გახარიას პარტიის მიმართაც ექნება. ყველას კარგად გვახსოვს ის და მისი გუნდი ამ დროს რა თანამდებობებს იკავებდნენ. კი ბატონო, ეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდება, მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა - გახარია ამას რატომღა ასრულებდა? გაეპორტესტებინა მაშინ და გადამდგარიყო არა მელიას გამო, არამედ ამ უკანონო მიყურადების და თვალთვალის გამო. მან ეს ფაქტი საზოგადოებას უნდა აუხსნას. თუ ამის გამო ხელისუფლება დარტყმას მიიღებს, გახარიაც დიდად ვერაფრით იხეირებს. კი ბატონო, შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ „ნაციონალებმა“ ეს სისტემა შექმნეს და „ოცნება“ ამას იყენებდა, მაგრამ კითხვა ხომ ყველას უჩნდება - ამ დროს გახარია სად იყო? ამიტომ მას თუ ჰგონია, რომ ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა, ძალიან ცდება“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.