ენერგორესურსებზე მოთხოვნა პანდემიის პირობებშიც იზრდება და საერთაშორისო ბაზარზე უკვე სავალალო ვითარება შეიქმნა. გაზის ფასი ისტორიული მაქსიმუმზეა. ცივმა ზამთარმა კი ახალი კრიზისი შეიძლება შექმნას სანავთობო ბირჟებზე. ასეთ ვითარებაში ენერგომატარებლების ღირებულება წარმოუდგენელ ნიშნულს მიაღწევს.
ევროპულ ბირჟაზე ოქტომბრის ფიუჩერსებზე ბუნებრივი აირის ფასმა პირველად გადალახა 700-დოლარიანი ნიშნული 1000 კუბურ მეტრზე. მეტიც, რამდენჯერმე ისტორიულ რეკორდს - ათას კუბურ მეტრზე 707 დოლარსაც მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია ინფორმაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტის მშენებლობის დასრულების შესახებ.
ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ევროპის გაზსაცავებში გაზის მარაგების დაბალი მაჩვენებელია, რომელიც გამოწვეულია მილსადენებიდან მათი გათხევადებული სახით მიწოდების დაბალი დონით.
საცავების გაზის მოხმარების დაწყებამდე ერთი თვე რჩება მაშინ, როცა მისი მარაგები ძლივს აღემატება 2/3-ს. 9 სექტემბრის დილისთვის მარაგებმა 69,74% შეადგინა, რაც 15,7 პროცენტით ნაკლებია ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელზე.
აგვისტოში ბუნებრივი აირის ფასი ევროპულ ბირჟაზე 533 დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში - 639 დოლარი, წლის დასაწყისში კი საშუალო ფასი 338 დოლარს არ აღემატებოდა.
ენერგეტიკოსი გიორგი ვაშაყმაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც ევროპაში ბუნებრივი აირი ძვირდება. იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ღირებულებამ კიდევ მოიმატოს.
„გაზის გაძვირება უკავშირდება იმას, რომ მიწოდების დივერსიფიკაციის პროგრამა ჯერჯერობით ბოლომდე ვერ განხორციელდა და საკმაოდ დიდია რუსეთის მონოპოლიური წილი. ისიც სარგებლობს ამ სიტუაციით. რაც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, ზედმეტი გაზი არ შეაქვს, რომ ფასი არ დავარდეს. რადგან აზიაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნაც და ფასიც ძალიან მაღალია, მიწოდება ფაქტობრივად გადაერთო აზიის ბაზრის დაკმაყოფილებაზე და ევროპაში შეიქმნა დეფიციტი. ამიტომაც შეიძლება, გაზი კიდევ გაძვირდეს“, - განაცხადა ვაშაყმაძემ.
ურთულესი მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას ნავთობის მიმართულებითაც. ისედაც მაღალი ფასი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და ამის მიზეზად კლიმატური პირობები იქცეს.
ამერიკის ბანკის კვლევების მიხედვით, 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან შესაძლოა, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზარდოს. ექსპერტების აზრით, თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება, შეიძლება აღნიშნულმა გამოიწვიოს მოთხოვნისა და მიწოდების დეფიციტის გაზრდა.
„ჩვეულებრივზე ცივმა ზამთარმა შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 1-2 მილიონი ბარელით დღეში. გარდა ამისა, ზამთარში მიწოდების დეფიციტი ადვილად გადააჭარბებს 2 მილიონ ბარელს დღეში“, - ნათქვამია ანალიტიკურ კვლევებში.
ბანკმა შეინარჩუნა „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასების პროგნოზი 2021 წლის მეორე ნახევრისთვის - 1 ბარელზე 70 დოლარის ფარგლებში, თუმცა განაცხადა, რომ იგი ელოდება წლის ბოლოსთვის ღირებულების ზრდას 75 დოლარამდე.
„ჩვენ ვვარაუდობთ ზომიერ დეფიციტს მომდევნო თვეებში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნავთობის ფასების შენარჩუნებას წლის ბოლომდე და შემდგომაც“ - წერენ ბანკის ანალიტიკოსები.
მათი აზრით, რისკები მოიცავს კორონავირუსის ახალ ტალღას, ჩინეთში ვალის კრიზისსა და ირანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ზამთრის რისკი სწრაფად ხდება ენერგიის ბაზრების ყველაზე მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად.