„ამ ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გადაწყვიტოს ფარული ჩანაწერების საკითხი - მხედველობაში მაქვს 2013 წელი, როდესაც კომისია შეიქმნა“

„ამ ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გადაწყვიტოს ფარული ჩანაწერების საკითხი - მხედველობაში მაქვს 2013 წელი, როდესაც კომისია შეიქმნა“

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამიოდე კვირაღა რჩება და როგორც ყველა არჩევნებამდე ახლაც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გახდა აქტუალური.  ამჯერად ფარული ჩანაწერები საპატრიარქოს ეხება. თუ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე ქართული პოლიტ-საზოგადოება თუ მედია აქტიურად განიხილავდა ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას, ახლა სააკაშვილის ჩამოსვლის თემა საპატრიარომ გადაფარა. დიდსა თუ პატარას ფარული ჩანაწერები აკერია პირზე.  ამ თემას თავად სააკაშვილი უკრაინიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრიარქს ყოველთვის მტრობდა.

„მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს - ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან; მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა; ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით, არ გამოუვიდა.

მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ამის მოწმე ვარ არაერთხელ. ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები, ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება“, – განაცხადა  ექს-პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

ის, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე, სააკაშვილის დაბრუნების თემა გადაიფარა, ამას მმართველ გუნდში არ უარყოფენ.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ წინასაარჩევნოდ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი ასეთი ტიპის საკითხებით იქნება დაკავებული, როგორიც არის სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა, სუსი ვის უსმენს და ვის არ უსმენს, სად რომელ ოპოზიციაში რომელი ლიდერი წავა, ამიტომაც საზოგადოება ოპოზიციას არ ენდობა. ძალიან კარგად ვხედავთ, მათი მხრიდან რა წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ოპოზიცია დაკავებულია ყველაფრით, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ. მათ შორის ვერ აიტანეს ის, რომ სახელმწიფო და ეკლესია ძალიან კარგად ურთიერთობენ, ვერ აიტანეს ის, რომ ქართული საზოგადოების ფუნდამენტი ეკლესიის სახით და საზოგადოება ამის ერთგულია. წლების განმავლობაში ეკლესიას ანადგურებდნენ და საზოგადოებამ ახლა ეს ძალიან კარგად დაინახა. არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი, რომ ოპოზიციის ელემენტარული გონიერება ეჭქვეშ დავაყენე. როდესაც შენ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ღირებულებებს ლანძღავ, როგორ გინდა მოიპოვო ამ საზოგადოების ნდობა არჩევნებზე?! - ეს ხომ ელემენტარულია და აი, შედეგიც. ახლა, კი რატომღაც გაახსენდათ ეკლესია და სასულიერო პირები და პროვოკაციას მიმართეს, რომელსაც, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ დაიჯერებს“, - განუცხადა მმართველი გუნდის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა for.ge-ს.

სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

„თუ შეხედავს, რომ მუხტი ვერ აწიეს, სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით საზოგადოება ვერ აღაშფოთეს და „ქართულ ოცნებას“ რაღაცები ვერ დააბრალეს, ამ შემთხვევაში სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის. გამორიცხულია, ამ ადამიანმა გაბედოს ჩამოსვლა, ციხეში ჩაჯდომა და იქ რაღაც დროის გატარება, თუ სხვა წარმოდგენები და მოლოდინები არ ექნა. იმ შემთხვევაში, თუ მუხტს აწევენ, როგორც თავად უნდათ ამ ბინძური კამპანიის ფონზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მართლა იფიქროს. ქართველ ხალხზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. ქართველი ხალხი იმ წარსულში დაბრუნებას, რომელსაც ახლა გვახვევენ თავზე, არასდროს დაუშვებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

სახლისუფლო გუნდისგან განსხვავებით, განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიაში. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს, არ გონია, რომ ფარული ჩანაწერებით მიხეილ სააკაშვილის თემა გადაიფარა. თუმცა, აღნიშნულ საკითხს პრეზიდენტს უკავშირებს, ოღონდ ამერიკის პრეზიდენტს - გოცირიძეს ფარული ჩანაწერები პრეზიდენტ ნიქსონის წარსულს აგონებს.

„თემების გადაფარვა-გადმოფარვა კი არა, კატასტროფა ხდება. საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც უსმენდნენ და ეს ძალიან დიდი დანაშაული იყოო, როგორც იმ ხელისფლების, ასევე ამ ხელისუფლების. მაგრამ, რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ, ეს არის სახელმწიფოს ნგრევა. სუსში, ყველა ადამიანით დაწყებული და დამთავრებული დავალებების მიმცემებით, სასამართლოში განსასჯელის სკამზე დაჯდება. მსგავსი შემთხვევა ევროპის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში რომ ყოფილიო, მთავრობა უკვე გადამდგარი იქნებოდა. სასტუმროში ერთი მოსმენა გააკეთა ოპოზიციის მიმართ ამერიკის პრეზიდენტმა ნიქსონმა და ის გადააყენეს, იჭერდნენ, ციხეში სვამდნენ. ასევე თანაშემწეები დაუჭირეს და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც მერე ავტომატურად პრეზიდენტი გახდა, ნიქსონი იმით გადაარჩინა, რომ შეწყალების აქტი გამოსცა. წარმოიდგინეთ, ერთი მოსმენის გამო ამერიკაში რა მოხდა და აქ ხომ ტოტალური კატასტროფაა - დაწყებული მღვდლებით და ვისით დამთავრებული... ყველა დაისჯება. ნუ იტყვიან, რომ ოპოზიცია რევანშს აპირებს, რევანში კი არა, ყველა ციხეშია ჩასაყრელი. სუსი თავიდან ბოლომდე დაიშლება“, - გვითხრა რომან გოცირიძემ.

თუმცა, „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით ოპოზიციაში ისეთებიც მოიძებნებიან, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არაფერს წარმოადგენს და ამას არც ჩვენთან საუბარში მალავენ. როგორც გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, ბექა ლილუაშვილმა გვითხრა, მისთვის სულ ერთი იყო, სააკაშვილი ჩამოვიდოდა თუ არა და მოხდა თუ არა ამ თემის სხვა საკითხით გადაფარვა. მაგრამ, ლილუაშვლმა არც ფარული ჩანაწერების გავრცელებას აუარა გვერდი.

„პირადად, ჩემთვის და ასევე, ჩვენი პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილის თემა საერთოდ აქტუალური არ ყოფილა. ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის ასეა, იქედან გამომდინარე, რომ ამ კაცმა არაერთხელ გააჟღერა მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ ერთხელაც ვერ შეასრულა. ამიტომ, მის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე საუბარი არც კი ღირს. ვერ გეტყვით, ფარული ჩანაწერებით გადაიფარა თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლის თემა, უბრალოდ, ერთი რამეა - ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ეს ჩანაწერები, შეესაბამება თუ სიმართლეს, არის თუ არა ავთენტური და ა.შ. ორი მომენტია მნიშვნელოვანი  - მსგავსი ქმედებებით, ისედაც სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი კიდევ უფრო ზიანდება, იმ ინსტიტუტების, რომლის ფეხებზეც ქვეყანა დგას. სუსში ღირსეული უამრავი ადამიანის მსახურების მიუხედავად, დღეს ეს ადამიანები იძულებულები არიან, რომ პოლიტიკური დავალებები შეასრულონ, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნონ“, - განუცხადა for.ge-ს ბექა ლილუაშვილმა.

ჩვენს კითხვას, გადაიფარა თუ არა ექს-პრეზიდენტის ჩამოსვლის საკითხი ფარული ჩანაწერების გავრცელებით, საინტერესო შეფასებები მოჰყვა ექსპერტებში. ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე მეტად, სწორედ აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებამ გააღიზიანა.

„აქ ყველაზე ნაკლებად  ვხედავ პოლიტიკურ მდგენელს, ვხედავ სისტემურ, სახელმწიფოებრივ პრობლემას. იმ პრობლემას, რომლის სამწუხარო გამოცდილება ჩვენ წინა ხელისუფლების პერიოდში გვქონდა. რაც მთავარია, ამ ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი - მხედველობაში მაქვს 2013 წელს, როდესაც კომისია შეიქმნა, ფარული ჩანაწერების გადასაჭრელად. აქედან გამომდინარე, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. თუმცა, ხელისუფლება თუ რეაგირებას დააგვიანებს, დარწმუნებული ვარ, ეს თემა გაიშლება და შეიძენს პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილს“, - გვითხრა ლევან ალაფიშვილმა.

თემის გადაფარვისკენ და „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერს თითს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის გამხმოვანებლებს ახასიათებთ ხოლმე ტყუილ-მართლის შეთითხვნა და ამაში საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ჩადენილი, რაც ყოველთვის არასწორია. შემდეგ, როდესაც თავიანთ სპიკერებს ალაპარაკებენ, უკვე ჩაიკარგება მათი თავდაპირველი გზავნილი და თვითლუსტრაციით ეს სპიკერები და მოლაპარაკე თავები თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ.

რაც შეეხეება გადაფარვის თემას, თემის გადაფარვას „ნაცმოძრაობის“ გამხმოვანებლები სხვადასხვა მეთოდებით შეეცდებიან. განსაკუთრებით ამას შეეცდებიან, არა მხოლოდ სააკაშვილის ე.წ. ჩამოსვლის გადასაფარად, არამედ ჯალათი მეგის ქარდავას ექსტრადიციის ფონზე. ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისნაირები უარყოფენ, რომ თურმე მეგის ქარდავა მათი მაღალჩინოსანი იყო და ამ დროს, მათმა პრეზიდენტმა, ორჯერ მაღალი ორდენებით დააჯილდოვა. ასევე, ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ დეზინფორმაციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება 2 ოქტომბრის საღამო, იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობა“ შეეცდება ალტერნატიული შედეგების გამოქვეყნებას, რომელიც რეალობას მოწყვეტილი იქნება. მათ მიჰყვებიან კოლექტიური ეკა გიგაურები, სამართლიანი არჩევნები, ლომჯარრიები და ეს იქნება მცდელობა, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. თუმცა, ეს სცენარი ისევა ჩაუფლავდებათ, როგორც აქამდე ჩაუფლავდათ“, - გვითხრა გია აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ქართული მედია ორი დღეა საუბრობს,  ღია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე, რომელიც, ინკოგნიტო გამავრცელებლის მტკიცებით, შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.