ომი ფარული ჩანაწერებით - „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია“

ომი ფარული ჩანაწერებით - „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია“

ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას პრობლემების მოგვარების და მათი ცხოვრების გაუმჯობესების დაპირების ნაცვლად კომპრომატებით ბრძოლაში ჩაება. ჭორები, მოსმენილი ამბის გადმოცემა, ფაქტების დამახინჯება-გამოიყენება პოლიტიკური მოწინააღმდეგების რეპუტაციის შელახვისთვის და დისკრედიტაციისთვის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნაცადი ხერხია. სიმართლესა და მონაგონს შორის ზღვარის განზრახ გაბუნდოვნება აძლიერებს ამომრჩევლების დაბნეულობას და ხელს უშლის ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ტელეკომპანიების მხრიდან ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების მისამართით მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანია ძლიერდება.

ოპოზიციური ძალა არ ემზადება არჩევნებისთვის, რაიონებში არ დადიან, ხალხს არ ხვდებიან, ემზადებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს არეულობა. ენმ-მა თვითლუსტრირება უკვე დიდი ხანია მოახდინა, ის არის თვითგაბახების გზაზე დამდგარი პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელსაც ბოლო წერტილს მიხეილ სააკაშვილი დაუსვამს. ფაქტია, პარტია რომლის მთავარი ფილოსოფია არის - „ორი გვამი მომიტანეთ, ყველა სახის ბინძური ინფორმაციის გავრცელებას იკადრებს. „ორი გვამის მოტანის“ იქით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია ვერ წავიდა. ამიტომ, იოლად შეიძლება იქნას დასაჯერებელი, რომ ეს არეულობაც მიდის ამ ფაილებამდე.

ფარული ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციაა, ინტერნეტში აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული, სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო.

ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. გავრცელებული მასალები მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. პროკურატურამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

რას ამბობს „ოცნება“ ფარულ ჩანაწერებზე და ენმ-ისგან ახალი ჩანაწერების გავრცელებას რატომ ელის?

ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს. პრემიერის შეფასებით, ეს არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს და ეკლესიის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ.

როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, მმართველი გუნდის ინფორმაციით, გარკვეული ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვა, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

„გუშინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის შესახებ, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მისი კუთვნილი ტელეკომპანიები საქართველოში უკვე წლებია აწარმოებენ.

ამ კამპანიის მორიგი გამოხატულება იყო ის გარყვნილება, რომელიც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ და ეს სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ, გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება. კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან, ამასთან, დარწმუნებულები ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამზრახველები გახდებიან. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველ ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რას ითხოვს ოპოზიცია?

ოპოზიციის ნაწილი კი, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში ფარული მიყურადება გრძელდება, აუცილებელია დადასტურდეს მასალების ავთენტურობა. ხელისუფლების ოპონენტები ჩანაწერების გავრცელებას წინასაარჩევნოდ კომპრომატებით ბრძოლას უკავშირებენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდელობა გადააბრალონ ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ აბსურდი და უპასუხისმგებლობაა.

„რა გარანტია გვაქვს, რომ ეს არ ჩაუვარდა ხელში მტრულ სახელმწიფოს რუსეთს და რუსეთი არ ახდენს ცალკეული ადამიანებით მანიპულაციას ამით? ჩანაწერებს, ვიდეოს, ხმოვან შეტყობინებას იყენებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ადამიანებზე მანიპულაცია. დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ ხდება, იქ იმის გამო, რომ უსმენდნენ ერთ-ერთი პარტიის შტაბს, გადადგა ამერიკის პრეზიდენტი, საქართველოში გადადგა კი არა, აწინაურებენ. ეს არის უკანონობა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახური. სხვაზე გადაბრალება არის სრული აბსურდი, „ქართულ ოცნებას“ უნდა ეყოს ახლა პოლიტიკური ვაჟკაცობა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს გამოძიება, იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამაში არის ჩართული“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ 2012 წლის სცენარის გათამაშებას ცდილობს. მისი აზრით, „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ ადგილობრივ არჩევნებს მაღალი თამასა მიანიჭა, ამიტომ ფიქრობს, რომ საზოგადოების მობილიზებისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული შავი კამპანია დაეხმარება. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სწორედ აქ ცდება ოპოზიცია, რადგან საზოგადოება ამ მოცემულობას იმ ძალისგან არ მიიღებს, რომელმაც მოსმენების, თვალთვალის, მიყურადების სისტემა თავად შექმნა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მოსახლეობის აგრესია პირიქით, ოპოზიციის მისამართით წარიმართება, რადგან მათ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდება, როგორც მსგავსი ჩანაწერების ავტორის, ასევე მისი გამავრცელებლის მიმართ.

„როგორც ვიცით ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებს საკმაოდ მაღალი თამასა მისცა, ამტომაც ახლა იძულებულები არიან მოსახლეობის მობილიზება უზრუნველყონ. არადა ვხედავთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეს არჩევნები დიდად არც აღელვებს და ეს ოპოზიცია ისევ წაგებულ თამაშს თამაშობს. ამიტომც 2012 წლის სცენარის გათამაშებას ცდილობენ. ჰგონიათ, რომ თუკი მოსახლეობას აჩვენებენ „ოცნება“ მათზე არანაკლებია, ამით მის დამარცხებას შეძლებენ. არადა ამ ყველაფერს უკურეაცქია აქვს. ხალხი ფიქრობს „ნაციონალები“ ისევ ძველ ხერხებს იყენებენ, აგრძელებენ აგრესიას, დესტრუქციას და ძალადობას. ამიტომ თუ ეს ხელისუფლება ცუდია, მაშინ კარგი არც ოპოზიციაა. ამიტომ სანამ სხვა ახალი ძალა არ გამოჩნდება, „ნაციონალებმა“ რა კადრები, ან ვორდის ფაილში აკრეფილი ჩანაწერბიც უნდა გაავრცელოს, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ამით არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, ამას შავი პიარის ელემენტები აქვს და ამომრჩეველზე გარკვეულ გავლენასაც ახდენს, მაგარმ ეს არ არის იმ დონის გავლენა, რომელმაც შეიძლება არჩევნების ბედი რადიკალურად შეცვალოს. თანაც სასაცილოა ფარულ ჩანაწერებზე საუბარი იმ ძალის მხრიდან, რომელიც ამ სისტემის შემქმნელი თავად არის“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.

ჩვენს კითხვაზე შესაძლოა თუ არა მიხელ სააკაშვილის ჩამოსვლისთვის ოპოზიცია საზოგადოებაში გარკვეულ საპროტესტო მუხტს ამზადებდეს და პროტესტის ასაგორებლად კიდევ უფრო მძიმე კადრები ან აუდიო ჩანაწერები ვიხილოთ? საყვარელიძე გვპასუხობს, რომ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტიელბა მიიღო, უკვე ნათელი იყო, რომ ის რევოლუციური გზით წასვლას აპირებს. ამისთვის კი დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, რომელთანაც ასახსნელი ამ მიმართულებით არაფერი ექნება.

„რა თქმა უნდა, არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა მაინც ქვეყანაში დაბრუნდება. ამიტომაც მას აქ გარკვეული საპროტესტო ტალღის ასაგორებლად მოსახლეობის განწყობა სჭირდება. ეს განწყობა კი შავი პიარით იქმნება. გაღმა შეედავე, გამოღმა, რომ არ შემოგედავონ პრინციპით მოქმედებენ. საზოგადოებას აჩვენებენ, რომ თუ თქვენ ჩვენზე უარი სწორედ იმის გამო თქვით, რომ გითვალთვალებდით და გისმენდით, ასევე ვძალადობდით, იგივეს ეს ხელისუფლებაც აკეთებს. მოსახლეობის განწყობის მანიპულაციით რევოლუციურ სცენარს გეგმავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთგვარი გეგმის ნაწილია, რომლის საშუალებითაც სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნება უნდა გაუადვილდეს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ თუ ამ ყველაფერს პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური სათანადო პასუხს არ გასცემს, ეს შავი პიარი თავის მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწევს. საზოგადოებაში უნდობლობას და ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიას დათესავს. თუმცა ანაჯაფარიძე for.ge-სთან ვარაუდობს, რომ მსგავსი კამპანიით, მაინც გამორიცხულია ოპოზიციამ ამომრჩევლის დიდი სეგმენტის მიმხრობა შეძლოს. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა რესურსი არ გააჩნია და ისევ იმ ძველ მეთოდებს იყენებს ახლა უკვე ოპოზიციაში, რომლის გამოც მას ხალხმა ერთხელ უკვე უარი უთხრა.

„საზოგადეობაში მსგავსი კომპრომატებით ბრძოლა არცთუ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას თავად იმ ძალის მიმართ აჩენს, რომელიც ამას ავრცელებს. ამ ყველაფერს ოპოზიციის მიმართ უკურეაქცია ექნება, რადგან ხალხი ხედავს, თუ ხელისუფლება არ ვარგა, მასზე უარესია ოპოზიცია. მოსახლეობას არ აინტერესებს ერთმანეთთან პოლიტიკური ძალები რა ფომით და ხერხით იბრძვიან. ხედავენ იმას, რომ თუკი ხელისუფლებას მოსახლეობა არ ადარდებს, არც ოპოზიციაა გამონაკლისი. ამიტომაც არჩევნებზე მიდიან და ტოვებენ ისევ „ქართულ ოცნებას“, რადგან მის შემცვლელ ძალას - ოპოზიციას მასზე უკეთესად ვერ აღიქვამენ.

დარწმუნებული ვარ, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ოპოზიციის მხრიდან კომპრომატებით ხელისუფლების გაშავება კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. ამით უნდა მოსახლეობას აჩვენონ, რომ ჩვენ კი ვართ ცუდები, მაგრამ „ოცნება“ ჩვენზე ნაკლებიც არ არის. როდის არის ეს ჩანაწერები გაკეთებული და ვის მიერ, ამის ავთენტურობის დადგენა პრაქტიკულად რთული და შეუძლებელია. ვორდის ფაილებშია ჩანაწერები გაკეთებული და ცოტა აბსურდია მისი ავთენტურობა ამტკიცო“, - ამბობს ანაჯაფარიძე for.ge-სთან.