გიორგი კანდელაკის მოკრივეებმა „ნაციონალები“ და ჟურნალისტები  დაარბიეს

გიორგი კანდელაკის მოკრივეებმა „ნაციონალები“ და ჟურნალისტები დაარბიეს

(იბეჭდება შემოკლებით)

გორი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრად იქცა. მთავარი გმირები არიან ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით 26 მაისიდან გახდა შესამჩნევი, როცა ახალგაზრდა „ნაციონალებმა“ პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა კარიკატურები გორის ცენტრში გამოფინეს და კვერცხები დაუშინეს. მეორე დილით შიდა ქართლში სახელმწიფო მინისტრის სტუმრობას ნაციონალები აქციით შეხვდნენ. მათი თქმით, აქციის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება წინასწარ იყო ინფორმირებული და საკმაოდ მომზადებულიც ჩანდა.

პოლიციასთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ სახელისუფლებო ბლოკის მხარდამჭერებიც. მათ შორის ცნობილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის აღსაზრდელებიც ჩანდნენ (კანდელაკი მაჟორიტარი დეპუტატის ვახტანგ ყანჩაველის სიძეა). თავად კანდელაკი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობრები სიტუაციის განსამუხტავად მივიდნენ.

- ასეთი რამე როგორ შეიძლება, კანდელაკმა თავისი ხალხი მოიყვანა... კანდელაკი იმ თაობას ზრდის, რომელმაც ერთმანეთი უნდა დახოცოს? - ყვიროდნენ აქეთ-იქიდან. უფრო მეტად - ქალები, რომლებიც ემოციებს ასე გამოხატავდნენ.

- არა, ეს ასე არ არის, არა... - ამბობდა სახელმწიფო მინისტრი. სახეზე ნერვიულობა ემჩნეოდა. ის ხომ პირველად მოხვდა რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის ალყაში. ის, ალბათ, ყველაფერს ელოდა. პირველ რიგში კი - პროვოკაციას. ამიტომაც ხალხის დაშოშმინებას ერთი სიტყვით ცდილობდა: „არა, არა“...

- როგორ არა, ხელი ქალებზე, გოგონებზე აღმართეს. უთხარით იმ თქვენს კანდელაკს, - არ ცხრებოდა ხალხი. მათ სახმინისტრის ერთი სიტყვა არ ყოფნიდათ.

- თუ ხალხისთვის ჩამოხვედი, სამი ლარით პენსიების გაზრდას პარლამენტში მხარი რატომ არ დაუჭირეთ? - საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრი, საკრებულოს წარმომადგენელი ბექაურიც ჩაერია. აი, აქ კი ჯორბენაძეს ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ არ შეიმჩნია.

- სირცხვილია, ეს სირცხვილია! - აგრძელებდა ბექაური.

- დამშვიდდით! - იმეორებდა ჯორბენაძე ისე, თითქოს იმავდროულად საკუთარ თავსაც ამშვიდებდა. მაგრამ რა დროს დამშვიდება იყო! გარეთ გამოსული მოსახლეობა და ნაციონალური მოძრაობის წევრები ახმაურდნენ: გორში რა გინდა, რატომ ჩამოხვედითო...

- მართალი ვარ თქვენს წინაშე და იმიტომ, - თავის მართლებაზე გადავიდა ჯორბენაძე.

- სირცხვილია, მართლაც, ხალხს შია...

- მე ბევრი რამე გავაკეთე. ჩვენ გავაკეთეთ!

- ვერაფერიც ვერ გააკეთე!

- პენსიები გავზარდეთ, ლიფტები შევაკეთეთ, სახურავები გავაკეთეთ, - მიღწევების ჩამოთვლა დაიწყო ბექაურმა.

- ვერაფერიც ვერ გააკეთეთ, - ჯიუტად და ნერვიულად იმეორებდა ჯორბენაძე. თანაც დაძაბულობის დაფარვას ჩვეული ღიმილით ცდილობდა.

- თქვენ რა გააკეთეთ, ხალხი დაასისხლიანეთ, მარტო ეს შეგიძლიათ.

- შენ რა ქენი იცი, ძმაო, თბილისის საკრებულოს მიხედე, მეტის თავი მაინც არა გაქვს, - გაცხარდა ჯორბენაძე, თუმცა, ხმაში ისტერიკა არ შეპარვია, არ უყვირია. ხმადაბლა და მწარედ გამოსცრა სიბრაზე. საკუთარ თავს ხალხის წინ მეტის უფლება, როგორც ჩანს, არ მისცა.

- გვაქვს მეტის თავი, ბატონო ავთო! - ჩხუბიდან ბატონობაზე გადავიდა ბექაური და უცებ ზრდილობიანი გახდა.

- არაფერიც არა გაქვს! - იხტიბარს არ იტეხდა სახმინისტრი, თან აღელვებულ ბექაურს წესიერებისკენ მოუწოდებდა.

- განახებთ, ხელისუფლებაში მოვალთ და ყველაფერს განახებთ.

- ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში, - ირონია შეეპარა საუბარში სახმინისტრს.

- მოვალთ...

- ვერ მოხვალთ...

და ასე დაუსრულებლად. „მოვალთ - ვერ მოხვალთ“-ის ძახილით დაშორდნენ ისინი ერთმანეთს.

რაც შეეხება ჩხუბს და აყალმაყალს, მუშტი-კრივში ნაციონალებთან ერთად ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. გაზეთ „24 საათის“ ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი შედარებით მსუბუქად დაზიანდნენ. ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ და გაზეთ „თრიალეთის“ წარმომადგენლები კი სასტიკად სცემეს. ნაცემია ორი ვიდეოოპერატორი - გიორგი მარტინენკო და გიორგი ქვრივიშვილი. გაზეთ „თრიალეთის“ ჟურნალისტს სულიკო წიწიკაშვილს კი ფოტოაპარატი წაართვეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ იმის გამო, რომ ჩხუბის ამსახველ კადრებს აფიქსირებდა.

რეზო ოქრუაშვილი, გაზეთ „თრიალეთის“ რედაქტორი: გიორგი კანდელაკის მოკრივეებმა სულიკო წიწიკაშვილს ფოტოაპარატი წაართვეს და ცემა დაუწყეს. პოლიცია ამ ყველაფერს გულგრილად უყურებდა. თუმცა მოგვიანებით სულიკოს ფოტოაპარატის დაბრუნებაში დაეხმარნენ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ წაართვეს და დააზიანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობას გორის გამგებელს, კოშაძეს ვაკისრებ და ვაცხადებ, რომ ჩვენი ჟურნალისტები პოლიციამ მისი დაკვეთით არ დაიცვა.“