კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტმა განსაკუთრებული თავსატეხი გაუჩინა ვირუსოლოგებს. „მიუ“ ვარიანტმა წინამორბედ შტამებს იმით აჯობა, რომ ანტისხეულებისადმი უფრო რეზისტენტული აღმოჩნდა. ეს შტამი „საინტერესოთა“ სიაში იმიტომ მოხვდა, რომ აქვს მუტაციების ერთობლიობა, რაც იმუნური სისტემისგან გაქცევის პოტენციურ თვისებებზე მიუთითებს.
უცხოელი ვირუსოლოგები ამბობენ, რომ გამუდმებით დარაჯობენ „მიუ“ შტამს, ანუ „გამქცევ ვარიანტს“, რომელმაც ვირუსის წვეტ ცილებში განცდილ მუტაციათა წყალობით შეიძლება ადვილად დააინფიციროს თვით ვაქცინირებული ადამიანებიც კი.
„თუ ეს წვეტი ცილა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ნამდვილად ჩნდება იმის პოტენციალი, რომ ჩვენი ვაქცინების ეფექტურობა შემცირდეს, ვფიქრობთ, ეს დროც დადგება“, - აცხადებს ავსტრალიის კუინზლენდის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი პოლ გრიფინი.
იმ ფონზე, როცა მსოფლიოში განიხილავენ, რამდენად შეაჩერებს კორონას „მიუ“ ვარიანტს მოსახლეობის ვაქცინაცია, ამდენი მსხვერპლის შემდეგ ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროში, ბოლოს და ბოლოს, კორონავირუსის მართვის პროტოკოლის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. პროტოკოლის შეცვლას გამუდმებით ითხოვდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები. ამიერიდან მოსალოდნელია, აქამდე არსებულ პროტოკოლს დაემატოს რამდენიმე მედიკამენტი, რასაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ.
პარალელურად, ქართველ ინფექციონისტებს უკვე მერამდენედ უწევთ იმის განმარტება, უფრო აგრესიული შტამების გამოჩენას უწყობს თუ უშლის ხელს აცრის პროცესი. ის, რომ ამ ტიპის შეკითხვებს ხშირად სვამს ჩვენი აუცრელი მოსახლეობა, ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის სოლიდური ნაწილი კვლავაც ნიჰილიზმითაა გამსჭვალული ვაქცინაციის მიმართ.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პროტოკოლის შეცვლის დრო უკვე აღარ არის. თავიდან ჩვეულებრივად მკურნალობდნენ ადამიანებს, მერე მოთხოვნა იყო, შეეცვალათ ეს პროტოკოლი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ანუ ასეთი მძიმე შედეგი.
„ვირუსოლოგი და იმუნოლოგი არ გახლავართ, მაგრამ თავიდანვე, როგორც კი დავინახე კადრები ტელევიზიაში, აშკარა იყო დადგმული ხასიათი, რათა მოეხდინათ ფსიქოლოგიური ეფექტი, ამის პროპაგანდა ხდებოდა ყველა საინფორმაციო საშუალებაში. იმთავითვე ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რაც ხდებოდა. დავწერე კიდეც, ეს არის პირველი პანდემია კაცობრიობის ისტორიაში, რომლის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს გაცილებით დიდი მსხვერპლი მოჰყვება, ვიდრე თვითონ ეპიდემიას. საქართველოში რაც მოხდა, ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ის ანგაჟირებული ეპიდემიოლოგები, რომლებიც ინფორმაციულ ტერორს უწყობდნენ მოსახლეობას, აწარმოებდნენ პროგნოზულ პროგრამირებას, აშინებდნენ ხალხს, ყოველდღიურად ტელევიზიებში ფსიქოლოგიურ დამუშავებას აწარმოებდნენ, ე.წ. სამი მუშკეტერი. იმდენად ამაზრზენი ფორმები აქვს ამ ყველაფერს, ორსულებისადმი მოწოდებას, რომ აიცრან, ახლა ბავშვებზეც გადავიდნენ, გამოვიდა ქალბატონი მაია ჩხაიძე და განაცხადა, თურმე 2 წლის ბავშვებს უნდა გავუკეთოთ პირბადე, ეს უკვე შიზოფრენიაა. კულუმბეგოვი, გამყრელიძე, იმნაძე, მაია ჩხაიძე რას ლაპარაკობენ, თვითონაც არ იციან, როგორ შეიძლება, გენურ თერაპიას დაუქვემდებარო ბავშვები 2 და 3 წლიდან? ამაზე ლაპარაკობენ სრულიად სერიოზულად, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია“, - მიიჩნევს სოსო მანჯავიძე.
მისივე აზრით, მთლიანობაში, ეს არის საინფორმაციო ტერორის ატმოსფერო და პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რამაც გამოიწვია ვირუსის გავრცელება. ვირუსი შიშის ატმოსფეროში უფრო ვრცელდება, რადგან ასეთ დროს იმუნიტეტი ქვეითდება. როცა მოსახლეობას ეუბნებიან, ამოწყდები, კუბოები, ამით მოსახლეობაში აგდებენ კოლექტიურ იმუნიტეტს, სოციუმის იმუნიტეტს.
სოსო მანჯავიძის შეფასებით, მოსახლეობას ჩვეულებრივი ავადობა უკვე კორონად ეჩვენება, ამას დაემატა ტესტირება, რომელიც ავადობის მატების მაუწყებელი იყო. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას ახლდა ადამიანების აგრესიული პროგრამირება, პირდაპირ ჩანერგვა განწყობების, იმოქმედეს ბიოლოგიური გადარჩენის ინსტინქტზე. ბიოლოგიური გადარჩენის ინსტინქტს კი როცა ეხები და მტრად დაუსახავ ერთ ადამიანს მეორე ადამიანს, ის აგრესიული ხდება და ვხედავთ კიდეც, აცრილები აუცრელებს რა დღეში აგდებენ.
„აცრილები იძახიან, რომ აუცრელები საფრთხეს წარმოადგენენ, მერე ჩაუნერგეს, რომ აიცრები, გადარჩები, მერე ესეც შეცვალეს, ორჯერ რომ აიცრები, გადარჩები, მერე ეუბნებოდნენ, კი, შეიძლება გადაიტანო ვირუსი, მაგრამ არ მოკვდები. მერე სიკვდილიანობა რომ დაფიქსირდა აცრილებში, უკვე ირწმუნებოდნენ, გაცილებით მსუბუქად და „კარგი“ სიკვდილით წავიდაო“, - ამბობს ანალიტიკოსი და ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალზე მიუთითებს.
სოსო მანჯავიძე ელის, რომ ეს საშინელი პროპაგანდისტული მანქანა უნდა გაჩერდეს, ეს არის სიტუაცია, როცა არავინ არაფერზეა პასუხისმგებელი, მათ შორის, არც ამდენი დაღუპულის გამო იგრძნობა პასუხისმგებლობა. ანალიტიკოსი ამას აბსოლუტურად არამდგრადი და ქვეყნის განვითარებისთვის შეუფერებელი საპარლამენტო მმართველობის მოდელით ხსნის, რაც თავს მოგვახვიეს და დაინერგა ჩვენთან. ეს არის მოდელი, სადაც არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს, რადგან პასუხის მომთხოვნიც არავინაა. ხალხის როლი კი დაკნინებულია.
„როცა მიშამ დაიწყო ამ მოდელზე საუბარი, მაშინ დისკუსია გვქონდა და აღვნიშნე, ეს არის ქვეყნის დაშლისა და განადგურების მოდელი. ზუსტად ამ მოდელის გამოა, რომ დღეს, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავს მეფე ამირან მრისხანე პირველი. ეს არის საპარლამენტო ეპიდემიოლოგიური დემოკრატია. ამდენი კაცი დაიღუპა, მომკითხავი არავინაა. ოპოზიცია ვაჭრობს, მომავალი როგორ დაალაგოს. ვინც ამ ჭკუაზეა, 2 წლის ბავშვს გაუკეთოს პირბადე, სასურველია, ღამითაც გაუკეთოს, ჭამის დროსაც, საერთოდ, აუკრძალონ ბავშვს ჭამა. ეს ხომ კრეტინიზმია“.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ, მართალია, მეცნიერთა ერთი ჯგუფი ვარაუდობს, თითქოს კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი რეზისტენტულია ვაქცინების მიმართ, ამიტომ ვაქცინები უძლურია მის წინააღმდეგ, მაგრამ მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამბობს, რომ ვაქცინები ამ ეტაპზე ერთადერთი საშუალებაა კოვიდის წინააღმდეგ.
„კოვიდ 19 მუტაციური წარმოშობისაა, ამიტომ, ჩემი აზრით, ვაქცინებმა უნდა იმუშაოს კოვიდის წინააღმდეგ. მე ვეკუთვნი მეცნიერთა იმ ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ ვაქცინები იმუშავებს კორონავირუსის პანდემიისას“, - აღნიშნა გიორგი ჩახუნაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.