„ჩვენ ვთხოულობთ შველას“ - ამბობს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი რეზო ჩხეიძე, - „ქართული ფილმი“ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა...“
ქართულ კინოს უჭირს ფინანსურად, უჭირს ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ. საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერებით, კინოწარმოებამ თვითონ უნდა დააფინანსოს თავი. ქართული კინო დღემდე სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა, მაგრამ დღეს სახელმწიფოს საამისო სახსრები აღარ გააჩნია.
„მთელი რიგი დაწყებული ფილმებისა გაჩერებულია უსახსრობის გამო. „ანთიმოზ ივერიელი“ - რეჟისორი გიული ჭოხონელიძე. ერთობლივი წარმოება რუმინეთ-საქართველოსი. „სახრჩობელაზედ“ - ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით და სხვა.
ამ ფილმების გადაღება მიმდინარეობს დიდი შეფერხებებით. გერმანიაში ვიზიტად ყოფნისას ედუარდ შევარდნაძემ საკრებულო ცენტრის გენერალურ დირექტორ ვალობთან საუბრისას აღნიშნა: „ქართული კინოს არათუ შეჩერება, არამედ შეფერხებაც კი წარმოუდგენელი დანაშაული იქნებოდა ერის წინაშე.“ - მე მთლიანად ვეთანხმები ამ მოსაზრებას და, ჩემი აზრით, ეს უნდა გაიზიაროს როგორც მინისტრთა კაბინეტმა, ასევე ფინანსთა სამინისტრომ“.
ბატონ რეზოს პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჰარმონიული შერწყმა ესახება:
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა კინოწარმოება იქცეს სააქციო საზოგადოებად, ეს ნიშნავს სახელმწიფოზე დამოუკიდებელი ეკონომიკური ბაზისის შექმნას. ეს ხელოვანთ თავისუფლებას მიანიჭებს. უეჭველად, ქართული კინოს განვითარების გზა დამოკიდებული იქნება მის ეროვნულ ინტერესებზე“.
აქციონერება ნიშნავს - უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიზმის პრინციპის დამკვიდრებას მმართველობაში. ის გამორიცხავს რაიმე თვითნებურ ნაბიჯს და ყოველი გადაწყვეტილების ავტორი ხდება გამგეობა, რომელიც სააქციო საზოგადოების წევრებიდან იქნება არჩეული.
„სააქციო საზოგადოების პატრონი, უპირველეს ყოვლისა, ხდება თვით კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კოლექტივი. სტუდიის თანამშრომლები აქციათა 20%-ს უფასოდ მიიღებენ. ისინი, ფაქტიურად, სცენის ქონების მეპატრონეები ხდებიან. ეს უდიდესი ძალაა, როცა ადამიანი თავის თავს სრულუფლებიან პატრონად გრძნობს.“ - განაცხადა ბატონმა რეზო ჩხეიძემ.
გერმანელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგათა დასახმარებლად შეიმუშავეს პროექტი, თუ როგორ შეიძლება გადაკეთდეს „ქართული ფილმი“ სააქციო საზოგადოებად.
ქართული კინო ეკონომიკურ ბაზისს ეძებს. ზედაშენი მას ყოველთვის ძლიერი ჰქონდა.