2021 წლის იანვარ-ივლისში საბანკო სექტორმა არნახული - 1,24-მილიარდიანი მოგება მიიღო. ეს არნახული მაჩვენებელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გამოისობით, ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისია. როგორც ჩანს, ფინანსური სექტორს მოსახლეობისა და მეწარმეებისგან განსხვავებით, რთული პერიოდი არ უგრძვნია.
კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მარტო ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანკებმა 3-ჯერ მეტი მოგება ნახეს. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში სექტორის მოგებამ 177,9 მილიონი ლარი შეადგინა, როცა 2020 წლის ანალოგიურ თვეში ეს მაჩვენებელი 63,4 მილიონი იყო.
ასე მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებლებს საყურადღებო ტენდენციად მიიჩნევს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა, რომლის შეფასებითაც, ბანკების მაღალი სარგებელი ადამიანების მასობრივი გაღარიბებისკენ არის მიმართული და ტენდენცია როგორმე უნდა შეაჩერონ.
„ნამდვილად მძიმე ვითარებაა, რადგან ივლისში ბანკების მოგება არის 3-ჯერ მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს საყურადღებო ტენდენციაა, ვინაიდან კომერციული ბანკების აქტივების ზრდა შეადგენს მხოლოდ 1%-ს და ასეთ ფონზე სამჯერადი მოგების ზრდა საყურადღებოა. ცხადია, რომ ბანკები სავალუტო რყევებით სარფიანად სარგებლობენ და ხელი მოითბეს, მაგრამ ამ პროცესს ხელს უწყობს ეროვნული ბანკიც - რეფინანსირების განაკვეთის განუხრელი ზრდით, რასაც ბოლო დროს სისტემატურად აქვს ადგილი.
ცხადზე ცხადია, რომ ბანკების მოგების ზრდა მათი ეფექტიანი გაფართოებული საკრედიტო საქმიანობით არ არის განპირობებული. მოგების წლიური დინამიკა მიუთითებს, რომ ბანკებს აქვთ საკმაოდ სერიოზული დანაკარგები პერიოდულად, რაც საკმაოდ წარმატებით შეიძლება აინაზღაურონ“, - აცხადებს ელიავა „კომერსანტთან“.
მაინც რატომ გაიზარდა ასეთი სისწრაფით ბანკების მოგება. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რაც წელს სექტორის მაღალ მომგებიანობას განაპირობებს. მისი განმარტებით, ბანკებში არსებული ფინანსური მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია 2020 წელს გაკეთებული დარეზერვება, რადგანაც ბანკებმა სებ-ის დავალებით პანდემიის დაწყებისთანავე შექმნეს სესხების მოსალოდნელი დანაკარგების 1.1-მილიარდიანი რეზერვი.
„2021 წლის პირველ შვიდ თვეში საბანკო სექტორმა 1.2 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა. შევხედოთ 2020 წლის იგივე პერიოდს, მაშინ მინუს 413 მილიონი იყო. ჩვენ შარშან ბანკებს წინასწარ შევაფასებინეთ ეკონომიკური ეფექტი, რაც პანდემიას ექნებოდა და მათ შექმნეს რეზერვები ამისთვის, ეს იყო 1.1 მილიარდი ლარის რეზერვები. ბანკებმა დაინახეს სინამდვილეში რა არის მათი ბალანსი. თუკი მომავალში რომელიმე მსესხებელი ვერ გადაიხდის, ჯობია, რომ წინასწარვე ვიცოდეთ ამის შესახებ.
ახლა რასაც ვუყურებთ, ეს არის ის, რომ არის სესხები ამ დარეზერვებულებიდან, რომლებიც გაცოცხლდა. ის დანაკარგები, რომელიც უნდა ჰქონოდა სისტემას, ეს უკვე გაწეულია და ეს ხარჯები წელს უკვე არ არსებობს. საბანკო სისტემა არის სტაბილური და ის აგრძელებს ეკონომიკის ლოკომოტივის როლის შესრულებას“,- აცხადებს გვენეტაძე.
მთლიანობაში 2021 წლის 7 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 3.39 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია. ჯამურად, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 2.34 მილიარდი ლარია. უფრო კონკრეტულად ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 1.38 მილიარდი ლარი იყო, ეს თანხა წლიურად 19%-ით არის გაზრდილი. იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი კი წელს 23%-ით გაიზარდა და 931 მილიონი ლარი შეადგინა.
საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 259 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.