ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე დღეს, ქუთაისს ესტუმრება, სადაც საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში, ოპოზიციონერთა კითხვებს უპასუხებს. ნაციონალებმა მინისტრის მასპინძლობისთვის მზადება უკვე დაიწყეს და ისინი იმ საკითხებს გადიან, რომელზეც მთავრობის წევრის წინაშე ყურადღებას გაამახვილებენ.
ერთი მხრივ, ოპოზიციონერები საზოგადოებას ურჩევენ - შეხვედრისგან „სეირს ნუ დაელოდებიან“, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნავენ, რომ კახი კალაძესთან ფეხბურთზე საუბარს არავინ აპირებს და შესაბამისად, მინისტრს კრიტიკულ კითხვებს დაუსვამენ.
რაც შეეხება თავად მინისტრის განწყობასა და სამზადისს, როგორც for.ge-ს კახი კალაძემ განუცხადა, პარლამენტში ვიზიტისას, ყურადღებას უწყებაში მიმდინარე პროცესებზე, ენერგო სექტროში დაგეგმილ პროექტებსა და ტარიფებზე გაამახვილებს.
„მზად ვარ, ოპოზიციონერთა ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე“, - დასძენს მინისტრი.
მთავრობის წევრს პასუხების გაცემა მოუწევს - თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ენერგეტიკის უზრუნველყოფა, გაგრძელდება თუ არა გაზიფიკაცია იმ ტემპებით, როგორც ეს დაწყებული იყო და თუ გაგრძელდება მრიცხველების გარეთ დამონტაჟება.
როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, კახი კალაძის მისამართით ბევრი კითხვა იქნება დასმული.
„ამ შეხვედრიდან რაღაც სეირს ნუ ელოდებით! გვაინტერესებს - ენერგეტიკაში რა პრობლემებია. გვინდა, რომ საქართველო ენერგოუსაფრთხოების კუთხით დაცული ქვეყანა იყოს. მაჟორიტარები ემზადებიან, რომ თავიანთი რეგიონების მიხედვით, მინისტრს კითხვები დაუსვან“, - აცხადებს დეპუტატი.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ტარიფების საკითხით ინტერესდება და ამბობს, რომ სამინისტროს მხრიდან შედეგის მომცემი თუ რაიმე გაკეთდა, ეს ჯერჯერობით არ ჩანს.
„დავინტერესდებიტარიფების შემცირების საკითხით, ასევე იმით, „ქართული ოცნების“ დაპირების შესრულების გამო, მოხდება თუ არა ტარიფიდან ე.წ. საინვესტიციო კომპონენტის ამოღება. რაც შეეხება სამინისტროს მუშაობას, მათი ძირითადი საქმიანობა იმაში გამოიხატება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი რამდენიმე თეთრით შემცირდა, ხოლო დანარჩენი რაც შეიმჩნევა არის ის, რომ თბილისსა და რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგია ითიშება“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი კი, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხით ინტერესდება.
„კალაძის ფუნქციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მასთან ფეხბურთზე არ გვექნება საუბარი. მინისტრისგან მოვითხოვთ ინფორმაციას - რატომ რჩება მემორანდუმები საზოგადოებისთვის დახურული, რის ხარჯზე იკლებს ტარიფები და როგორია ენერგეტიკის მომავალი. წინა ხელისუფლებისგან ელექტროენერგიასთან ერთად, ენერგო დამოუკიდებლობა მივიღეთ და გვაინტერესებს - რა არის ჩვენი მომავალი“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე ინტერესდება „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებებს ხომ არ შეეწირება ქვეყნის ენერგეტიკის მომავალი.
„ენერგეტიკა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა და მაინტერესებს თუ რამდენი იქნება ელექტროენერგისა და გაზის ტარიფი. ასევე მაინტერესებს როგორ იქნება საქართველოს ენერგეტიკის მდგომარეობა“, - განუცხადა for.ge-ს ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ წინა მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები პარლამენტს ხშირად სტუმრობენ. ცოტა ხნის წინ, უმცირეობის ფორმატში, ოპოზიციონერთა კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა.
რაც შეეხება ენერგო სექტორში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, ცოტა ხნის წინ, ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით შემცირდა, ხოლო გაზის ტარიფი - 5 თეთრით.