ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს მის უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს მის უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს მოუწოდებს, საარჩევნო კოდექსში შესატანი ნებისმიერი ცვლილების განხილვისას პროცესში ჩართოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ყველა დაინტერესებული მხარე. ამის შესახებ განცხადება ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მან ისაუბრა იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის პირველი მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეს ხდება და რომელიც ეხება საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების სანაცვლოდ ჩასატარებელ შუალედურ არჩევნებს. ამ ინიციატივის მიხედვით, საკრებულოს შუალედური არჩევენები შეიძლება გაიმართოს თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში.

ამასთანავე, ზურაბ ხარატიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნები შეიძლება აპრილსა და ოქტომბერში გაიმართოს.

„გამოდის, რომ წლის პირველ ნახევარში შეიძლება სამი სხვადასხვა შუალედური არჩევნები გვქონდეს - თებერვალში, აპრილსა და ივნისში. წლის მეორე ნახევარში არჩევნები მხოლოდ ოქტომბერშია, რაც კარგია და სწორიც არის“, - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო ციკლი (შუალედური იქნება, თუ მორიგი არჩევნები) არის დაახლოებით ორთვენახევრიანი - 60 დღე არჩევნებამდე და კიდევ 12 დღე შუალედურ არჩევნებამდე. თებერვალს, აპრილსა და ივნისს შორის კი ორთვიანი შუალედია. ამდენად, ხარატიშვილის თქმით, გამოდის, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს არჩევნები, რომლის ციკლიც ორთვენახევარია. ეს კი ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, საარჩევნო ციკლების გადაფარვა მოხდეს, ქართული საარჩევნო კანონმდებლობა კი არ იცნობს ისეთ პროცედურებს, როდესაც ხდება ასეთი გადაფარვა. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, იმისათვის, რომ საკანონმდებლო კოლიზიები ავიცილოთ თავიდან, ისევე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის გართულება და მთელი რიგი გაუგებრობები, საჭიროა საარჩევნო კანონმდებლობაში ვადებთან და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს. ხარატიშვილი განმარტავს, რომ ეს არსებითი ხასიათის ცვლილებებია და სერიოზულ განხილვას საჭიროებს. ამიტომ ცესკო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ ყველა ასეთი სერიოზული საკითხის განხილვის პროცესში ჩართოს საარჩევნო ადმინისტრაცია და სხვა დაინტერესებული მხარეებიც.

ბატონო ზურაბ, თქვენ ამბობთ, რომ აუცილებელია ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვა. არც განხილვის და არც საკითხის მომზადების პროცესში თქვენ ჩართული არ ყოფილხართ?

- ამ კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც შუალედური არჩევნების წელიწადში სამჯერ ჩატარებას გულისხმობს, სამწუხაროდ, ჩვენთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, ისევე, როგორც იმ ცვლილებების დროს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში დეკემბერში იქნა შეტანილი და რომლის თანახმადაც, დამატებითი შუალედური არჩევნები აპრილში დაინიშნა. ჩვენ მაშინ რომ ვყოფილიყავით პროცესში ჩართული, აუცილებლად ვიტყოდით, რომ თუ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ადგილობრივ თვითმმართველობასაც შეიძლება ჰქონდეს შუალედური არჩევნები და ამიტომ იმ ცვლილების დროს არა მხოლოდ პარლამენტის შუალედურს, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებსაც შევიტანდით და 27 აპრილს ამ არჩევნებსაც გავმართავდით. მაშინ ეს საკითხი არ დამდგარა, არც ჩვენთან ყოფილა კონსულტაციები და მხოლოდ ახლა დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. მე, მაგალითად, არ მესმის წლის პირველ ნახევარში რატომ უნდა იყოს სამი შუალედური არჩევნები. ასევე არ მესმის რა პრინციპით შეირჩა ის თვეები, როდესაც ეს შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. აპრილი გასაგებია, თუკი აქამდე პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში ტარდებოდა, ამას ექვსი თვე რომ გამოვაკლოთ, აპრილი გამოდის. თებერვალი, ივნისი და ოქტომბერი რა ნიშნით არის შერჩეული, ეს უკვე არ მესმის. რა ლოგიკით ღებულობს პარლამენტი ასეთ გადაწყვეტილებებს, ეს მისი საქმეა და არ მინდა ამ თემაზე შეფასებები გავაკეთო, მაგრამ გეტყვით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები იქმნება, რადგან ასეთ ხშირ არჩევნებს საკმაოდ სერიოზული სინქრონიზაცია სჭირდება.

გარდა ამისა, არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და განსაკუთრებით, ცესკო-სთვის არის მუშაობის საგანგებო რეჟიმი. როდესაც არჩევნები წელიწადში ერთხელ იყო, ამ პერიოდში ორთვენახევრიანი საგანგებო რეჟიმში მუშაობა არანაირი პრობლემა არ არის, ამისთვის ვართ და ეს არის ჩვენი საქმე. წელიწადში ორჯერ არჩევნებიც კიდევ არ არის პრობლემა, რადგან ორთვენახევრის ნაცვლად ხუთთვიანი საგანგებო მუშაობის რეჟიმი გვექნება, მაგრამ ახლა გამოდის, რომ წელიწადში ოთხჯერ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ცესკომ წელიწადში 9-10 თვის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში უნდა იმუშაოს. ეს გულისხმობს იმას, რომ კანონმდებლობით გვიწევს მუშაობა შაბათ-კვირის ჩათვლით, ასევე ზეგეგმიური მუშაობაც. ამიტომ, როდესაც შრომის კოდექსზე ვსაუბრობთ, რომლის თანახმადაც 40 საათიანი სამუშაო კვირა უნდა იყოს, ამ დროს ჩვენ 9 თვის განმავლობაში 60-70-საათიანი სამუშაო კვირის ფორმატში მოგვიწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, ამაზეც არავის უფიქრია და სამწუხაროდ, არის ტენდენცია, რომ ჩვენ ასეთი საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას არ გვაძლევენ.

როდესაც დეკემბერში ზემოთხსენებული კანონპროექტი განიხილეს და ამ განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება პატარ-პატარა ტექნიკური პრობლემების შექმნის გზით არ მოგვცეს, ამაზე ყურადღება მაინცდამაინც არ გაგვიმახვილებია. ახლა უკვე ეს ცვლილება სერიოზულ საკანონმდებლო შეუსაბამობებს იწვევს, რამაც შეიძლება გარკვეულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს. გადაულახავი პრობლემა ეს არ არის, შეგვიძლია სხვადასხვა მიდგომები გამოვიყენოთ და პროცესში ჩვენი და არასამთავრობოების ჩართვის შედეგად გარკვეული გზები შეიძლებოდა დასგვესახა, მაგრამ თუ ეს ცვლილება ასეთი დაჩქარებული ტემპით გატარდება, ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

დღეს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იმართება და უკვე დაგვიანებულია ამ პროცესში ჩართვა?

- დღეს თუ პირველი მოსმენაა, ხვალ მეორე და ზეგ მესამე, ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოსწრება. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, რადგან არჩევნების გამოცხადებიდან გარკვეულ დროში არის სხვადასხვა ღონისძიებები და ა.შ. ამას კი კარგად გააზრება და დაანგარიშება სჭირდება. გაუკეთებელი არაფერია, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ამის ასე ნაჩქარევად გადაწყვეტა უბრალოდ შეუძლებელია. ამასთანავე, როგორ მოგახსენეთ, უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვაზე არ გვიწვევენ. ერთხელ თუ შეიძლება ეს შეთმხვევითობას მივაწეროთ, ორჯერ უკვე ტენდენციის სახეს იღებს. ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობს (როგორ მუშაობს ეს ცალკე განხილვის საგანია), მაგრამ იქ ეს საკითხები არ იხილება. ასეთი სპონტანური ცვლილებები კი არ მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი გააზრებულად მიმდინარეობს. ამან კი შესაძლოა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს, რის პრევენციასაც ჩვენ ვცდილობთ.

ახლა რამდენად მზად არის ცესკო შუალედური არჩევნების ჩასატარებლად?

- პროცესი გრაფიკის სრული დაცვით მიდის და ამ თვალსაზრისით პრობლემები არ არის. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ნაკლებ პრობლემებს ველით ბაღდათსა და სამტრედიაში, რადგან იქ პროცესი უფრო მოწესრიგებულად მიმდინარეობს. შუალედური არჩევნების თავისებურება არის ის, რომ ვინაიდან საერთო-ეროვნული არჩევნებისგან განსხვავებით, საარჩევნო წერილების რაოდენობა ნაკლებია, ყველას მეტი კონცენტრაციის საშუალება აქვს, პოლიტიკური პარტია იქნება ეს, სადამკვირვებლო ორგანიზაცია თუ სხვა. აქედან გამომდინარე, ამ ოლქებზე მიდის ხოლმე ძალიან დიდი დაწოლა ყველა მხრიდან. ჩვენც ბევრად მეტი ყურადღება შეგვიძლია მივაქციოთ სამ ოლქს, ვიდრე 73 ოლქს. ასეა ყველა დაინტერესებული მხარეც. ამიტომ, საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით, ეს ოლქები მეტი ყურადღების ქვეშ არიან.

ამასთან ერთად, ნაძალადევში შეიძლება გარკვეული გართულებები იყოს, რადგან იმის გამო, რომ ეს თბილისში ხდება, ზეწოლის ხარისხი აბსოლუტურად ყველა მხრიდან არის გაზრდილი - სახელისუფლო პარტიების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, ამას ემატება ისიც, რომ დამოუკიდებელი მაჟორიტარებიც საკმაოდ სერიოზულად არიან წარმოდგენილები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნაძალადევში საკმაოდ ცხელი არჩევნები გველოდება და შესაძლოა, ამ ოლქში სერიოზული ჩარევა დაგვჭირდეს.

საარჩევნო ადმინსიტრაციის წევრებზე არის ვინმეს მხრიდან ზეწოლა?

- დიახ, ოღონ ზეწოლაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა მხრიდან არის აქტიური ინტერესი, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონს ქმნის, თორემ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვინმე სადმე გაიყვანონ, ან რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულზე იყოს საუბარი. ამდენად, ზეწოლაში ძალიან სერიოზულ ინტერესს ვგულისხმობ ყველას მხრიდან, რაც ჩვეულებრივი არჩევნების დროს შეუძლებელია, რადგან არავის აქვს იმის რესურსი, რომ 73-ვე ოლქზე ასე მჭიდროდ იმუშავოს. იმის გამო, რომ ეს შუალედური არჩევნებია, ძალიან ბევრი დამკვირვებელია, ძალიან ბევრი პრეტენზიაა და ა.შ. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მძიმე.

თქვენ ამბობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების თქვენი მონაწილეობის გარეშე განხილვა უკვე ტენდენციაა და თქვენი აზრით, ვის ინტერესში შეიძლება ეს შედიოდეს?

- ეს, ალბათ, ვინც ამ ცვლილებებს იხილავს, იმათ უნდა ჰკითხოთ, რადგან ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია. ალბათ, რადგან დაჩქარებული ტემპით ხდება ამ ცვლილებების განხილვა, არ თვლიან საჭიროდ, რომ დამატებითი კონსულტაცია ჩაატარონ, ვერ გეტყვით, აქ სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება იყოს.

თქვენ გაუგზავნეთ წერილი პარლამენტს, სადაც მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენი შენიშვნები იქნებოდა ასახული?

- არა, წერილი არ გამიგზავნია, რადგან შენიშვნები არსებობს ჯერ ზოგადად. როგორც მოგახსენეთ, ამას დაჯდომა და მუშაობა სჭირდება. ძირითადი შენიშვნა არის ის, რომ ამ ორთვიან პერიოდში არ ეტევა ორთვენახევრიანი საარჩევნო ციკლი. მოგეხსენებათ, პატარა ზომის ფეხსაცმელში დიდი ფეხი არ ჩაეტევა, ან ფეხსაცმელი უნდა გამოცვალო, ან ფეხის პატრონი. აქაც იგივე სიტუაციაა, ამას დაჯდომა და გამოთვლა სჭირდება, რა როგორ შეიძლება გაკეთდეს. იქ იმდენი დეტალია, რომ ამაზე საუბრით საზოგადოებას არ გადავტვირთავ. შეუძლებელი არაფერია, შეიძლება ეს ვადაც შევამციროთ, პირიქით, ამის მომხრეც ვარ, რადგან შუალედური არჩევნებისთვის ნამდვილად არ არის საჭირო იმხელა საარჩევნო ციკლი, როგორიც საერთო-ეროვნულ არჩევნებს სჭირდება. მთელი ეს პროცესი სრულიად თავისუფლად ჩაეტევა 45 დღეში, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ამას კანონმდებლობაში გაწერა უნდა.