ვის რა ფასიანი აგარაკი აქვს სააკაშვილის გარემოცვაში

ვის რა ფასიანი აგარაკი აქვს სააკაშვილის გარემოცვაში

პოლიტიკური სიცხისგან თუ მაღალი ტემპერატურისგან შეწუხებული ქართველი ჩინოვნიკების უმრავლესობა თავს კურორტებზე იგრილებს. „ალიამ“ თადარიგი დაიჭირა და გთავაზობთ სიას, სად შეიძლება დაისვენონ ქართველმა მინისტრებმა და დეპუტატებმა.

ქართველი პარლამენტარების უმრავლესობას წავკისისა და წყნეთის სიგრილეში დასვენება ხიბლავს. პარლამენტარებიდან თითქმის ცოტა თუ დარჩა, რომელთაც გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე აგარაკი თუ არა, მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი რომ არ ჰქონდეს. წავკისსა და შინდისში რომ გადაუხვევ, მათი აგარაკების დანახვაზე „თვალები შუბლზე აგივა“.

მთავრობა ამ მხრივ დანაკლისს არ უჩივის: ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული სოფლის მეურნეობის მინისტრია - მას სოფელ ნაბეღლავში აქვს სააგარაკე ნაკვეთი, ხოლო ნარეკვავის დასახლებაში სასათბურე მეურნეობაც კი.

ზურაბ ნოღაიდელს წესით მხოლოდ ქობულეთში შეუძლია დასვენება. მისი სახლი, 160 000-დაა შეფასებული. ყველაზე უხვაგარაკიანი პარლამენტის თავმჯდომარეა: მიუხედავად იმისა, რომ, ბურჯანაძე-ბიწაძეებს მამაპაპისეული აგარაკები აქვთ სოფელ ორბელსა და ცხრუკვეთში, აგარაკი ბორჯომში მაინც შეუძენიათ. აგარაკი 50 000-დაა მათ მიერვე შეფასებული და ბადრი ბიწაძის სახელზეა გაფორმებული. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის სახელზეა ასევე მიწის ნაკვეთი საგურამოში, რომელზეც სახლის მშენებლობა ბურჯანაძეებმა ჯერჯერობით გადადეს. ბურჯანაძე-ბიწაძეების ქონებრივ ჩამონათვალში არ მოხვდა აბასთუმნის აგარაკი, რომელიც ანზორ ბურჯანაძის პურ-ფქვილეულობის ბიზნეს-ამონაგებიდანაა.

სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს შავიზღვისპირეთი ხიბლავს: გრიგოლეთსა და შეკვეთილში მას დასვენება თავისუფლად შეუძლია. ეს ერთადერთი ადგილია, რომელსაც ყიდვა-გაყიდვით გატაცებული მინისტრი ჯერ-ჯერობით ხელს არ ახლებს.

მშვენიერი აგარაკი წამოუჭიმავს უშიშროების საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედ მდივანს კოტე კემულარიას მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში. გარდაბნის რაიონის სოფელ წავკისში ჰქონდა აგარაკი საქართველოს ელჩს რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილს, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჯონი ხეცურიანს 90 000-ლარიანი აგარაკი აქვს შინდისში.

შინდისი, წავკისი და წყნეთი ყველაზე პრესტიჟული ადგილებია: წავკისში აქვს აგარაკი პრეზიდენტის რწმუნებულს კახეთის მხარეში პეტრე ცისკარიშვილს. წყნეთის ჰავას ყლაპავენ მამა-შვილი გაბაშვილები. კოტე გაბაშვილს წყნეთში აქვს აგარაკი, რომელიც 80 000-დაა შეფასებული. მისი მეუღლე მეექვსე გიმნაზიის პედაგოგია, ხოლო თავად მთელი ცხოვრება სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. ფინანსთა მინისტრს ლექსო ალექსიშვილს გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში აქვს სააგარაკე ნაკვეთი.

ჯანდაცვის მინისტრი კახეთში მეუღლის აგარაკის იმედზე ყოფილა და წესიერების იარლიყით სარგებლობს. ჭიპაშვილს, თურმე, სახლში ტელეფონიც კი ჰქონია გათიშული გადაუხდელობის გამო. ასე, ერთ დროს, ალეკო კარტოზიაზეც ამბობდა მანანა გიგინეიშვილი, ნახეთ, რა წესიერი კაცია, მობილური ტელეფონი გადაუხდელობის გამო სულ გათიშული აქვსო. ამ დროს მაშინდელი რეფორმატორები (სააკაშვილი-ჟვანია) მას ლამის 60-მილიონიანი კრედიტის შეჭმას აბრალებდნენ.

აღმასრულებლებიდან სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური არც ცხოვრებას ჩამორჩება და არც-კოლეგებს: ღამე გულს ნაით-კლუბში იგრილებს, ხოლო ზაფხულში სხეულს - წავკისში, თუმცა ძვირადღირებული აგარაკი დედის სახელზეა გაფორმებული. ქალაქის პრემიერსაც წავკისში აქვს აგარაკი. წავკისში აქვს აგარაკი ყოფილ პრემიერს გია შერაძესაც, რომელიც ახლა „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორია და ცნობილია, რომ ოქრუაშვილის პატრონაჟით სარგებლობს.

მოქმედი და ყოფილი პროკურორები ძირითადად, ე.წ. პროკურორებისა და პოლიციელების დასახლებაში, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში „აგარაკობენ“. ოფიციალურად აგარაკი ჯერჯერობით არა აქვს თავდაცვის მინისტრს. ირაკლი ოქრუაშვილი ხშირად ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთის დაბრუნებისთანავე აპირებს ბიჭვინთაში აგარაკის შეძენას და კარიერისთვის თავის დანებებასაც კი. ძალოვანებიდან ოფიციალურად აგარაკს მხოლოდ კონტრდაზვერვის უფროსი შალვა ჟღენტი ფლობს: ქარელის რაიონის სოფელ კვლევში მას კაპიტალური სახლი 15 000 დოლარად შეუფასებია.

დეპუტატებიდან აგარაკებს უმრავლესობაც ფლობს: ამ მხრივ კოლორიტულია ბესო ჯუღელი, რომელსაც სააგარაკე ნაკვეთები და თავად 100 000-იანი სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში აქვს. ეს მათი აგარაკის ტოპონიმიკური სახელწოდებაა, თუმცა დეპუტატმა და მისმა მეუღლემ სააგარაკე ადგილი სოფელ მშვენიერად მონათლეს. გარდაბნის რაიონის სოფელ ზემო თელეთში აქვს აგარაკი დეპუტატ მეგი გოცირიძეს, ასევე გარდაბნის რაიონის სოფელ ბროწეულაშია დეპუტატ დავით ბაზღაძის აგარაკი, ხოლო მიწის ნაკვეთი - მცხეთის რაიონის სოფელ აგარაკში.

დეპუტატ ლაშა ნაცვლიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ წყლულეთში დაუდვია ბინა. დეპუტატ ნიკა რურუას ახალდაბის აგარაკი მეუღლის, სოფიო გიორგაძის სახელზე აქვს გაფორმებული. დეპუტატ ალეკო შალამბერიძეს მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში 40 000-იანი აგარაკი აქვს. ეტყობა, შალამბერიძემ ფული მაშინ დაზოგა, როცა „ტრადიციონალისტების“ ბეღელს მსუნაგი თაგვი შეეჩვია. მაშინ ფული წესით ასლანის „სეიფიდან“ იქაჩებოდა.

დეპუტატ გიგი წერეთელის სახლი დედამისის, ა. ანთელავას სახელზეა გაფორმებული და ბაგებში მდებარეობს. დეპუტატ კობა ხაბაზს სოფელ აჭყვისთავში სერიოზულად ფეშენებელური, კივის ბაღებიანი სახლი აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე დეკლარაციას არასოდეს ავსებს: ეტყობა, ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა რომელი სახლი რომელ ოჯახის წევრზე გააფორმოს. უცნაურია, რომ სასამართლო დღემდე მას არც აჯარიმებს და არც ქონებრივი მდგომარეობის ოფიციალურ დეკლარირებას სთხოვს.

დაბა მანგლისში აქვს აგარაკი დეპუტატ დავით ბეჟუაშვილს, რომელსაც ამას გარდა სახლები აქვს კიევში და მოსკოვში (უკანასკნელი თითქმის ნახევარი მილიონი ღირს). ბეჟუაშვილები „სვეტსკი საზოგადოების“ სტილს ხომ არ ჩამორჩებოდნენ, ჰოდა ბურჯანაძეების მსგავსად, მათაც შეუძენიათ ნაკვეთი საგურამოში, რომელიც 25 000 ლარი ღირს და მეუღლის, თეა ჭეიშვილის სახელზეა რეგისტრირებული.

დეპუტატ მერაბ სამადაშვილს წყნეთში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც აფხაზეთის დეპუტატ ალექსანდრე საჯაიასთან სადაო გაუხდა. საჯაია და მისი ადვოკატი ღიად აცხადებენ, რომ დეპუტატი მას ნაკვეთს ართმევს და ისაკუთრებს. დეპუტატ ზურაბ ცქიტიშვილს ცოლის, ლალი ცაგარელის სახელზე აქვს გაფორმებული სოფელ ზემო სახარშში აგარაკი.