„სანამ ხალხი არ გადაწყვეტს, რომ „ოცნება“ უნდა წავიდეს, მანამდე ოპოზიციას არც კვლევები და არც გაყალბების ძახილი არ უშველის“

„სანამ ხალხი არ გადაწყვეტს, რომ „ოცნება“ უნდა წავიდეს, მანამდე ოპოზიციას არც კვლევები და არც გაყალბების ძახილი არ უშველის“

რეიტინგებით ომი - რატომ ქვეყნდება ერთი და იმავე დროს ორი განსხვავებული შედეგი პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგის შესახებ? „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი კველევების შედეგად, რომელიც კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ არის ჩატარებული, პოლიტიკური რეიტინგების მიხედვით კალაძე და გახარია თანაბარ პროცენტს ინაწილებენ. ამ კვლევის მიხედვით მეორე ტური გარდაუვალია. სრულიად განსხვავებულია „ოცნების“ ამავე დროს გამოქვეყნებული კვლევების შედეგი. აქ პირველ ადგილს დამაჯარებელად კალაძე იკავებს, სადაც მეორე ტურის ალბათობა ნაკლებია.

„ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების შესახებ საზოგადოების განწყობას ასახავს. შეკითხვაზე, „დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკვლევის თანახმად, ალოკაციით, პარტიული რეიტინგები შემდეგია: „ქართული ოცნება“ - 33%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 25%; „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 10%; „ლეიბორისტული პარტია“ - 6%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%; „ლელო“ - 3%; „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - გიგა ბოკერია - 2%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 2%; ერი - ლევან ვასაძე - 2%; „დროა“ - ელენე ხოშტარია - 1%; „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი - 1%; სხვა - 2%.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია იკავებენ. კერძოდ, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს „პოზიტიურად“ მოსახლეობის 55% აფასებს, ნიკა მელიას – 46%. ამავე პოლიტიკოსებს „ნეგატიურად“ აფასებენ: გახარიას – 45%, კალაძეს 45%, მელიას – 54%.

ამის პარალელურად კი კვლევებს პარტია „ქართული ოცნებაც“ აქვეყნებს, რომელიც „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევებისგან რადიკალურად განსხვავდება.

„ქართულმა ოცნებამ“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.

კითხვაზე - „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“ - ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 48.6%. „ნაციონალური მოძრაობა“ - 27.1%. პარტია „საქართველოსთვის“ - 5.8%. „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - 3.4%. „მოქალაქეები“ - 2.6%. „პატრიოტთა ალიანსი“ - 2.4%. „მესამე ძალა“ - 2.3%. „ლელო“ - 2.3%. „ლეიბორისტული პარტია“ - 1.2%. „გირჩი“- 1.1%. „ევროპული საქართველო“ - 1.1%. სხვა - 2.1%.

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? -  „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე - 56.1%. „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია - 28.3%. პარტია „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 6.2%. „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 2.2%. „ლელო“ - ანა ბიბილაშვილი - 1.9% „პატრიოტთა ალიანსი“ - გიორგი ლომია - 1.3%. „მესამე ძალა“ - თამარ კეკენაძე - 0.9%. „ლეიბორისტული პარტია“ - მიხეილ ქუმსიშვილი - 0.7%. სხვა კანდიდატები - 2.4%.

საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების სანდოობის შესახებ საუბარი ძალიან მარტივია, რადგანაც წარსულში მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს და არჩევნების შედეგებს უნდა გადავხედოთ.

„ოპოზიციას ამ კვლევების გამოქვეყნების რამდენიმე მიზეზი აქვს: 1. საკუთარ ამომრჩეველში გარკვეული იმედის გაჩენა და მოტივაციის მიცემა უნდა. 2. მთავარი კონკურენტი პარტიის და მერობის კანდიდატის დაკნინებას ცდილობენ. 3. მათი მთავარი მიზანია, არჩევნების მეორე დღეს იყვირონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის მაგალითად კი თავიათივე ჩატარებულ კვლევებს წარმოადგენენ. რეალური შედეგები ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებისგან რადიკალურად განსხვავდება.

მსგავსი სცენარი შარშან უკვე ვნახეთ, როცა „ედისონ რისერჩმა“ წინასაარჩევნოდ კვლევები ჩაატარა, 36% „ოცნებას“ დაუწერა, ხოლო 17% „ნაციონალურ მოძრაობას“. წელს ამ თავხედობაში უფრო შორს წავიდნენ და „ოცნებას“ სამი პროცენტი დააკლეს. ხოლო ენმ-ს 8% მიუმატეს. გარდა ამისა კეზერაშვილმა თავის ახალ ფავორიტს, პარტია „საქართველოსთვის“ 10% დაუწერა და შალვა ნათელაშვილს შარშანდელი 3%-ანი მაჩვენებელი გაუორმაგა 6%-მდე. არადა ამ პარტიას ბოლო არჩევნებით 1%-ზე მეტი არა აქვს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ეს არის აბსოულუტრად გაყალბებული და გაუკუღმართებული რელობის ამსახველი კვლევები. ქართველიშვილის თქმით, გახარია თბილისის კანდიდატად ერთადერთი მიზნით არის შეყვანილი, რათა მეორე ტური დაინიშნოს და კალაძეს ხმები წაართვას. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ამ კვლევებით გახარიას და კალაძის რეიტინგი მიზანმიმართულად არის ერთნაირად დასმული, რათა „ოცნების“ ამომრჩეველში განჩდეს განცდა, რომ ელექტორატი ამ ორ კანდიდატს შორის იყოფა და ძალთა თანაფარდობა ერთია. ეს კი იმისთვსი სჭირდებათ, რომ გაყალბების თემაში გახარია და მისი პარტიაც აიყოლიონ.

„არადა თავად გახარია არც თუ დიდი ხნის წინ ამბობდა, რომ კალაძე უპირობო ლიდერი იყო. თუკი ის თავის კანდიდატურას დააყენებს, აუცილებლად გაიმარჯვებსო. ეს არის გახარიას სიტყვები, რომელიც უმალვე გადათქვა. აქაც სამწუხაროდ ჩანს, რომ ამ ადამიანმა სააკაშვილის მორიგ მარიონეტად წარმოაჩინა თავი, სააკაშვილის თოჯინების თეატრში კონკრეტული ნიშა დაიკავა და ახალ გასართობად იქცა“, -ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბება, როგორც კონკრეტული ორგანიზაციების, ასევე გამოკითხვის დროს თავად მოქალაქეების მიერაც ხდება.

„რა თქმა უნდა, „ფორმულას“ მიერ ჩატარებულ კველვებთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები არსებობს. ეს არის ოპოზიციასთან აფილირებული მედია, ამიტომაც მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეგვიძლია. თუმცა გაყალებება ხდება, როგორც კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ, ასევე საზოგადოების მხრიდანაც. გვახსოვს ბევრი მსგავსი მაგალითები, როდესაც ასეთი კვლევების სრულიად საპირისპირო რეალობა მივიღეთ. მაგალითად, ასეთი არჩევნები 2012 წელს გვქონდა. ყველა გამოკითხვის მიხედვით ენმ არჩევნებს დამაჯერებლად იგებდა, თუმცა რეალობა სრულიად სხვა მივიღეთ. ამიტომაც რელურად მაინც მივიჩნევ, რომ გახარიას რეიტინგი ბოლომდე გაზომილი არ არის. მგონია, მას ბევრად უფრო მეტი აქვს, მისი ელექტორატი ძირითადად „ოცნების“ ამომრჩეველია, რომელიც ყოფილი პრემიერის მიმართ სიმპათიებს საგულდაგულოდ მალავს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან კვლევების გამოყენებას არჩევნების ბოიკოტირებისთვის, საყვარელიძე ამბობს, რომ ეს არ გამოუვათ. ამის კარგი მაგალითი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როცა ოპოზიცია ნახევარი წელი იძახდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ეს ვერაფრით დაამტკიცა და არც ხალხმა დაუჯერა.

„ხავერდოვანი რევოლუციის მოსაწყობად მსგავს კვლევებს მანიპულაციისთვის იყენებენ. ეს არის 2003 წლის სცენარის გამეორება, რომელიც ვეღარ მოხდება. ჩვენი მოსახლეობა გაიზარდა, პოლიტიკოსების ბუნება კარგად გაიგეს და მსგავს ანკესს აღარ წამოეგებიან. ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად ის არ უყვარს, როცა მის მაგივრად საუბრობენ, ან რამეს წყვეტენ. ამიტომ სანამ ხალხი არ გადაწყვეტს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, მანამდე ოპოზიციას არც კვლევები და არც გაყალბების ძახილი არ უშველის“, - ამბობს for.ge-სთან საყვარელიძე.

ლევკოთეა ისე, როცა ქართველიშვილზე და ჩიტაძეზე წერთ - ,,ანალიტიკოსიო", არ სჯობს, სრულად დაწეროთ - ,,ოცნების მხარდამჭერი ანალიტიკოსი", ,,ნაცების მხარდამჭერი ანალიტიკოსი"?
ხომ ისეც ნათელია ამ ანალიტიკოსთა სიმპათიები და მოტივაცია.
2 წლის უკან