დაპირისპირებები, პროვოკაციები, მეორე ტურები - მალე არჩევნებია!

დაპირისპირებები, პროვოკაციები, მეორე ტურები - მალე არჩევნებია!

დაპირსპირება, ხელჩართულ ჩხუბი თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი ქართული არჩევნებისთვის დამახასიათებელია. განსაკუთრებით, ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნების პერიოდში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები ერთმანეთს არ ინდობენ.

ორ კვირაში თვითმმართველობის არჩევნებია, For.ge დაინტერესდა, ვიხილავთ თუ არა ანალოგიურ სცენარებს და სად შეიძლება მეორე ტურები დაინიშნოს? 

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ მეორე ტური გარკვეულ რეგიონებში ჩატარდება და არც პროვოკაციებს გამორიცხავენ.

თუმცა, ანალიტიკოს, დავით ქართველიშვილს უჭირს დაასახელოს რეგიონი, სადაც მეორე ტური ჩატარდება, რადგან ის „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაში თავადაც იღებდა მონაწილეობას.

„ის, რომ მეორე ტური შეიძლება მართლაც იყოს, ამაში საშიში არაფერია და ამას ვგრძნობ კიდეც. თუმცა, რომელ რეგიონში შეიძლება იყოს მეორე ტური? ჩემთვის რთული სათქმელია. ძალიან ბევრ „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაში პირადად ვიღებდი მონაწილეობას - დაწყებული დედოფლისწყაროდან, დამთავრებული ჩხოროწყუთი. რომ გითხრათ, პარალელურად, სხვა ოპოზიციის ანალოგიურ წინასაარჩევნო კამპანიას წავაწყდი, არა. ვგულისხმობ იმას, რომ ვიღაცას ამა თუ იმ რეგიონში მსგავსი წარდგენა ჰქონოდა თავისი პროგრამული, კონკრეტულ რაიონზე მორგებული გეგმების გაჟღერებით - როდესაც ჩხოროწყუში ყურძენზე არ ლაპარაკობ და დედოფლისწყაროში თხილზე; როდესაც თითოეულ რაიონში ლოგიკაში ჯდებოდა ესა თუ ის სოციალურ - ეკონომიკური პაკეტის განხილვა: რა გვაქვს დღეს და რას გპირდებით ხვალ, თუკი ჩვენ მოგვცემთ ხმას, - მსგავსი რამ არც ერთი ოპოზიციური პარტიიდან არ გამიგია. შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში კარდაკარიც ხდებოდა, ოღონდ მხოლოდ პიარული თვალსაზრისით, რათა სურათები სოციალურ ქსელებში გაეშვათ. ამიტომ, ის რომ მეორე ტური შეიძლება რომელიმე რეგიონში შედგეს, ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი, რთულია ვთქვა დარწმუნებით, რომელ რეგიონში იქნება მეორე ტური“, - გვითხრა დავით ქართველიშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების დღეს პროვოკაციებს, ექსპერტი მიიჩნევს: „ყველაზე დიდი პროვოკაციები თბილისზე მოვა. აუცილებლად, ტრადიციულად პროვოკაციები ზუგდიდს მოჰყვება. ალბათ, ტრადიციულად პროვოკაციები მარნეულსა და დმანისში იქნება. თუმცა, ამ პროვოკაციული რეგიონების გარდა, რომელიმე დავამატო, გამიჭირდება, რადგან ვაწყენინებ იმ რეგიონებს, სადაც ასე არ ფიქრობენ“.

დავით ქართველიშვილის მსგავსად, პროგნოზის გაკეთება თუ სად ველოდოთ მეორე ტურს, უჭირს ექსპერტს ვახტანგ ძაბირაძესაც.

„მეორე ტური სად შეიძლება ვიხილოთ, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება მარტივი მიზეზის გამო, რადგან არ ვიცი, სად რა ვითარება და რა მდგომარეობაა. მეორე ტურის ერთ-ერთ ვარიანტად თბილისს განვიხილავ. ესეც იმიტომ, რომ გახარიამ თავისი კანდიდატურა დაასახელა. რეგიონებში ყველაფერი ადგილობრივ ვითარებაზეა დამოკიდებული. არ ვიცი, ვინ ვის უპირისპირდება, მათ რა რეიტინგი გააჩნიათ. ეს არის ინდივიდუალური“, - განუცხადა ძაბირაძემ for.ge-ს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროვოკაციებს, როგორც ყოველთვის, უნდა ველოდოთ ქვემო ქართლში.

„რაც შეეხება გართულებებს, მარტო ზუგდიდსა და მარნეულში არ შეიძლება ველოდოთ დაპირისპირებას, ამას შეიძლება ყველგან ველოდოთ. ესე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება არჩევნები და რამდენად იქნება მოსახლეობის აქტიურობა. თუ დღევანდელი ვითარებიდან შევხედავთ, თითქოს ძალიან მდორედ მიდის საარჩევნო პროცესი და თითქოს სიმშვიდე უნდა იყოს, მაგრამ ჯერ კიდევ წინ ორი კვირა არის და ეს ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში განწყობები შეიცვალოს. ამის მიუხედავად, გართულებები იქნება. ყველაზე მეტად პროვოკაციებს ქვემო ქართლში ველოდები, რადგან, როგორც წესი, ბოლო პერიოდში მარნეულში სულ გართულებებია. ასევე, შეიძლება ზუგდიდშიც იყოს. ეს ორი წერტილი ყველაზე სენსიტიურია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

რამდენადაც მეორე ტურთან დაკავშირებით კოლეგებს ეთანხმება ნიკა ჩიტაძე, იმედნად განსხვავებული მოსაზრება აქვს პროვოკაციებზე. ჩიტაძე თვლის, რომ პროვოკაციები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებიდან იქნება და ამას ხელს თავად „ოცნება“ შეუწყობს.

„მეორე ტური საქართველოს უმეტეს ნაწილში იქნება. თუ გავიხსენებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო მაღალი იყო, თუმცა, დაახლოებით, 50-მდე ოლქში მეორე ტური დაინიშნა. იგივე შეიძლება ითქვას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. უბრალოდ, 2020 წლის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც რეგიონების უმეტეს ნაწილში, ასევე თბილისშიც მეორე ტურს უნდა ველოდოთ. პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გაიმარჯვოს სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ სამეგრელოს, იმერეთისა და თბილისის რეგიონებში დაძაბული ბრძოლა იქნება.

რაც შეეხება პროვოკაციებს, საქართველოს მთელი მასშტაბით უნდა ველოდოთ. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ საკუთარ აქტივისტებს იყენებს და ეს აქტივისტები ბევრ პროვოკაციაზე მოდიან. ამ მხრივ, განსაკუთრებით ქვემო ქართლი გამოირჩევა. ვიცით, რომ 2020 წლის საპრლამენტო არჩევნების დროს საკმაოდ დაძაბულობა სწორედ ქვემო ქართლში იყო და რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები მთელი საართველოს მასშტაბით 2 ოქტომბერს გაიმართება.

trampi ქუნემ .....ჩიტაძე

დაჟე ქუნემში ........ ამ ეტაპზე კოლუმბს გადააასწრო
2 წლის უკან