ოპოზიციის 15 „აბჯროსანი ენჯეო“ საარჩევნოდ სრულად „ეკიპირებულია“

ოპოზიციის 15 „აბჯროსანი ენჯეო“ საარჩევნოდ სრულად „ეკიპირებულია“

ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან. გამონაკლისი არც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებია. ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია 62 სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საიდანაც 15 ოპოზიციასთანაა აფილირებული. უფრო კონკრეტულად 12 ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“; 3 კი „ევროპულ საქართველოსთან“ არის დაკავშირებული.

უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს წარმოადგენს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდაც „კანონდარღვევით“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

როგორც უმრავლესობის წევრი განმარტავს, ოპოზიციური პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, მათი უმრავლესობის მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული „აღქმების“ გამოყენებას, ჩატარებული არჩევნების „გაყალბებულად“ წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში განვითარებული დესტრუქციული მოვლენები.

„ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს წარვუდგინეთ ინფორმაცია და ვამხილეთ ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (ძირითადად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“).

ცესკო-ს მიერ, მაშინ რეგისტრირებული 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 საჯარო წყაროებით იყო მხილებული, როგორც აფილირებული აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებთან. წელსაც ჩვენ განვახორციელეთ ცესკო-ს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესწავლა, რის შედეგადაც 8 სექტემბერს რეგისტრირებული ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ყველა მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულება წარმოადგენს საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომ ინფორმაციას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დეპუტატმა ჟურნალისტებს 8 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამონათვალიც გააცნო, რომლებიც ოპოზიციური პარტიებთან არიან დაკავშირებულები. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირდებიან: „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“; „განათლების პროფესიული კავშირი“; „ანტიკორუფციული მედიაცენტრი“; „სოციალური გარემო“; „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“; „აჭარის განვითარების ცენტრი“, „ალტერნატივა ნჯო“; „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“; „ახალგაზრდა თაობა“; დევნილთა და სოციალურ დაუცველთა ორგანიზაცია „თანადგომა“; „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“; მოძრაობა „საქართველოს მომავლისთვის“; ხოლო „ევროპულ საქართველოსთან“: „დემოკრატიული საზოგადოება“; მოძრაობა „საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“; „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“.

გივი მიქანაძის თქმით, 15 ორგანიზაციიდან 14 ორგანიზაცია 2020-ის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა, მათი დამკვირვებლების ჯამური ოდენობა კი 10 ათასამდეა, რაც 2020-ის არჩევნების საერთო დამკვირვებელთა რაოდენობის 21%-ს წარმოადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები არ აწარმოებენ წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.

უმრავლესობის წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძეს განცხადებით, ბინძური მეთოდებით ცდილობენ რაღაც გაურკვევლობა, დესტრუქცია შემოიტანონ. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის საშუალება არავის მიეცემა.

„არჩევნების პროცესში ბინძური მეთოდების და დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობენ. ეს სიახლე არ არის. გვახსოვს განვლილი არჩევნებიც, იგივე ხელწერაა, იგივე ბინძური მეთოდებით ცდილობენ რაღაც გაურკვევლობა, დესტრუქცია შემოიტანონ, თუმცა, ამისთვის მზად ვართ. მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.

ყველამ უნდა იცოდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის საშუალება არავის მიეცემა. ბევრი გარემოებაა, რაც ქმნის ეჭვებს, რომ ისინი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა დამკვირვებლების გარდა ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ ამ ადამიანებს. ასე რომ, შესაბამისი სამსახურებიც გააქტიურდებიან და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსსაც მიეწოდებათ ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უმრავლესობის მიერ გავცელებულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს გიგა ბოკერია.

„აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არიან სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფში და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში. თუ საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, აქ არაფერი დამალული არ არის, ყველაფერი საჯაროა, ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის წევრი იყო მაშინაც. პრობლემაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს ნეიტრალურ წევრებად წარმოაჩენ და მერე შენი უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც ყველამ იცის, რომ ვერტიკალის ნაწილია, ანუ გემორჩილება.

როცა მთავრობა ხარ, როცა ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს და შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს წარმოაჩენ ვითომ ნეიტრალურად - ეს არის პრობლემა. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არიან სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფში და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ეს ყველაფერი ისევე, როგორც სხვა უტიფარი განცხადებები არის ნიშანი მათი შიშის, იმასთან დაკავშირებით რა მოხდება 2 ოქტომბერს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გივი მიქანაძეს ბოლშევიკურ სტილში კუდიანებზე ნადირობაში სდებს ბრალს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.

„ოპოზიციის მასშტაბური კამპანია რომ არ ჩანს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რადგან მმართველმა პარტიამ პანდემიის მართვა ვერ შეძლო. ძალიან სამწუხაროა, გივი მიქანაძე ახალგაზრდა ადამიანია პოლიტიკაში და ბოლშევიკურ სტილში საუბრობს კუდიანებზე, ხალხის მტრებზე, რაღაც შეთქმულებაზე და მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ძალიან ცუდია, რომ წინასწარ ქმნის ფონს, თითქოს აპრიორი აპირებს, ვიღაც არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას.

ქმნიან ალიბს, რომ თავიანთი გაყალბების შემთხვევაში ყველა საჩივარი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყოს დაკავშირებული. ეს პოლარიზების, სიძულვილის გზაა და ჩვენ ვემიჯნებით რადიკალიზმს. ის, რომ მასშტაბური კამპანია არ ჩანს, ეს არა ოპოზიციის ბრალი, არამედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა - ვერ მართეს კოვიდ პანდემია. ვერიდებით დიდ შეხვედრებს, კარდაკარის ჩატარებას. ასევე ოპოზიციის არ აქვს ფული, მრავალათასიანი ბანერები გამოიყენოს არჩევნების დროს“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება და ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ანალიტიკოსების დაკვირვებით ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან. ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას.

დავით ქართველიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ სრულყოფილად და თავისდროულად იქნა დასახელებული მერობის კანდიდატები, საკრებულოს მაჟორიტარები და პარტიული სიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ვიცე-პრემიერის, მინისტრთა კაბინეტის წევრთა და პარლამენტის დეპუტატთა მონაწილეობით - საქართველოს თითოეულ საარჩევნო უბანზე შედგა კანდიდატების წარდგენა. მისი თქმით, რაც შეეხება კოლექტიურ „ჭრელ“ „ნაცმოძრაობას“, დღემდე ვერ აკომპლექტებს საარჩევნო სიებს ვერც მერობის, ვერც მაჟორიტარების და ვერც საკრებულოს წევრთა ნაწილში - მით უმეტეს, რომ ყოველდღე მიმდინარეობს უკვე წარდგენილი სიებიდან კანდიდატების გადინების პროცესი.

„ყოველგვარ რეგიონალურ წარდგენებზე თუ კონკრეტული რაიონის სპეციფიკაზე მორგებულ პროგრამულ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბარი ზედმეტია. არანაირი „კარდაკარის“ პრინციპით, ამომრჩეველთან შეხვედრები, იშვიათი და პიარული ხასიათის ღონისძიებების გარდა არ ხორციელდება. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ცესკო-ში რეგისტრირებული 62 სადამკვირვებლო ორგანიზაციის რიგებში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული 15 ორგანიზაციის შეყვანაზე, რათა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლასა და პროვოკაციული მოქმედებებისათვის ფართომასშტაბიანი ხასიათი მიეცეს. ამ ორი წინასაარჩევნო მიდგომის ზერელე შედარებაც კი ნათლად მეტყველებს, რომ ქართული საზოგადოება მომზადებული უნდა შეხვდეს მორიგი დესტრუქციულ ტალღას, რომლის „ცუნამის“ სახით წარმოჩენას შეეცდება საარჩევნო კამპანიას აცდენილი კოლექტიური რადიკალური ძალა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსს ამ დესტრუქციით გამოწვეული მავნებლობის ერთ-ერთი განეიტრალების პრევენციულ საშუალებად მიაჩნია საერთაშორისო დამკვირვებელთა აქამდე უპრეცენდენტო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნებზე.

„ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყოველდღიური ინფორმირება, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელი დესტრუქციისთვის მზადების თაობაზე. ამასთანავე, ეთხოვოს ჩვენს პარტნიორებს, მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად, უფრო ფართო, გამჭვირვალე და მაქსიმალურად ობიექტური ურთიერთობების დამყარება წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდის დროს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიკურ გუნდთან, რომლებსაც არ სჭირდებათ კონსტიტუცია და სამართალი, მათი სამართალი არის კორპორაციის ნება, კერძოდ - სააკაშვილის და მისი გარემოცვის ნება.

„სამართალი, რჯული და კანონი მათ არ აინტერესებთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველა კანონზე მაღლა დგანან. რაში არის პრინციპული განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის? – 2012 წელს, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა თქვა - რომ ჩვენ მხოლოდამხოლოდ კონსტიტუციური გზით, არჩევნებით შევცვლით ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში სხვა გზით. მარტივი ამბავია - ქურდი და ავაზაკი იცნობა იმით, რომ კარიდან კი არ შედის, როგორც წესი და რიგია, არამედ ცდილობს შეანგრიოს კარები და შევარდეს. აი, ეს არის ამოსაცნობი, როგორ უნდა გაარჩიო წესიერი ადამიანი ავაზაკისგან.

რასაკვირველია, ესენი ცდილობენ წესიერი გზით კი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, არამედ უწესოდ. მათი მთელი დამახასიათებელი ნიშანთვისება არის უწესობა, უზნეობა, უკანონობა. მათთვის არაფერს ნიშნავს ერი, სახელმწიფო, კონსტიტუცია, სამართალი და სამართლის უზენაესობა. საპირისპიროს გვთავაზობენ და გვეუბნებიან, თუ გინდათ რამეს მიაღწიო ცხოვრებაში, ფეხებეზე დაიკიდეთ ყველაფერი, ჩემს მხარეს გადმოდით და მე მოგცემთ იმას, რაც გენეტარებათ - მეტ ფულს და თანამდებობას. ეს არის მთელი მათი პოლიტიკა. ძალიან მარტივია. არ სჭირდება ამას ზედმეტი ფილოსოფია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.