პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უფრთხის

პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უფრთხის

პარლამენტი სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს. თუმცა, დიდი ალბათობით, კომისია არ შეიქმნება და საკანონმდებლო ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს საქმის გამოძიება დროულად მოხდეს.

2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების გამორკვევის მიზნით, პარლამენტს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა უკვე მიმართა და საკითხზე, ომბუდსმენი 16 აპრილის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეც ისაუბრებს, სადაც სახალხო დამცველი გასულ წელს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ 700 გვერდიან ანგარიშს წარადგენს.

ლაფანყურის მოვლენებზე ნანუაშვილი სწორედ ამ სქელკანიან დოკუმენტში საუბრობს და კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებში სერიოზული დარღვევები იკვეთება და შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს.

საქართველოს რიგით მეოთხე ომბუდსმენის პირველ ანგარიშს შეფასებები პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა. For.ge-სთან საუბარში, უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საქმის ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს. ოპოზიცია კი, სახალხო დამცველის ანგარიშს „სამარცხვინოს“ უწოდებს და ომბუდსმენს რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

როგორც for.ge-ს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელმა, დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ცუდია, როდესაც ომბუდსმენის განცხადება ერთი-ერთში რუსეთის რიტორიკას ემთხვევა.

„საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა თუ დანაშაულად ჩაითვლებოდა, ეს არ ვიცოდი. სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს და სჯობს, მან მათ შეცდომებზე ისაუბროს. ცუდია, როდესაც ომბუდსმენის ტექსტი ერთი-ერთში რუსეთის რიტორიკას ემთხვევა, რომლებიც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ საქართველოში, თითქოს, რაღაც ტერორისტული ჯგუფები არსებობს. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ამ საკითხს რუსეთი თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ის, რომ ქვეყნის დაცვა კრიმინალია, ეს ჩემთვის სიახლეა“, - აცხადებს კანონმდებელი.

სახალხო დამცველს თანაგუნდელის მსგავსად, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დეპუტატი დავით საყვარელიძეც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას ნანუაშვილის ნაცვლად, რცხვენია.

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ფუნქციას უჩა ნანუაშვილი არ ასრულებს. აქამდე, ის „ქართული ოცნების“ დამცველი მეგონა და ახლა, ის რუსეთის დამცველადაც მოგვევლინა. რუსეთი გვიკიჟინებდა, რომ საქართველო იყო ჩეჩენი ბოევიკების პოლიგონი, რაც ომბუდსმენის ოფიციალურ დოკუმენტში ფიგურირებს. დასკვნა კი, ხალხმა უნდა გააკეთოს, რადგან მის მაგვირად, მე მრცხვენია“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საკითხზე საუბრისას მმართველი გუნდის ლიდერთა პოზიციები ორად იყოფა. უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისია როგორც ლაფანყურის საქმეზე, ასევე სხვა საქმეებზეც უნდა შეიქმნას, ხოლო მეორე ნაწილი ყურადღებას პროკურატურის კომპეტენციაზე ამახვილებს.

როგორც for.ge-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა შავგულიძემ განუცხადა, ლაფანყურის ოპერაცია ბევრ კითხვას ბადებს.

„ლოპოტას ხეობაში, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია არ მიეწოდებოდა. შემდეგ კი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ეს საკითხი სრულფასოვან გამოძიებას საჭიროებს, მაგრამ საჭიროა თუ არა საპარლამენტო კომისიის შექმნა, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ გამოძებისთვის საკმარისი მასალები იქნება, მომხრე ვარ, რომ გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს. თუმცა, თუ ეს პოლიტიკური კონიუნქტურის და საზოგადოებრივი ინტერესის გამოა საჭირო, მაშინ, კომისიის შექმნას კანონმდებლობა ითვალისწინებს და ამაში რაიმე არაორდინალურს ვერ ვხედავ“, - განაცხადა კანონმდებელმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ლაფანყურის მოვლენების გარდა, დროებითი საგამოძიებო კომისია 7 ნოემბრისა და 26 მაისის პროცესების შესწავლის მიზნითაც უნდა შეიქმნას.

როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე პარლამენტი იმსჯელებს.

„ბევრი საკითხი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, გამოსაძიებელია. ერთია, სამართალდამცავი უწყებების მიერ გამოსაძიებელი საქმეები, მაგრამ მეორეა, პოლიტიკური შეფასება. რა თქმა უნდა, დროებითი საგამოძიებო კომისია 7 ნოემბერისა და 26 მაისის მოვლენებზეც უნდა შექმნილიყო, მაგრამ, ჯერჯერობით, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული. კომისიის შექმნაზე საუბარი უმრავლესობაშიც იყო, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ რიგ საქმეებზე სამართალდამცავები მუშაობენ, თავი შევიკავეთ, რომ საქმეებზე დუბლირება არ მომხდარიყო“, - განაცხადა აბაშიძემ.

ომბუდსმენის მიერ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე საუბრისას, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მოყვანილი ფაქტები გადამოწმებას საჭიროებს.

მისი თქმით, ლაფანყურის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

„ეს ის თემაა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მტკივნეული იყო და ამ საქმის გამოძიება მოკლე ვადაში უნდა მოხდეს. ვიცი, რომ შსს აქტიურად მუშაობს, მაგრამ ომბუდსმენის მოყვანილი ფაქტები გადამოწმებას საჭიროებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უკეთესი ვერსია არის ის, რომ შს სამინისტრომ ეს საკითხი დროულად გამოიძიოს. თუმცა, თუკი დამატებითი კითხვები იქნება, ამ შემთხვევაში, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა ვიმსჯელოთ. მართალი გითხრათ, კონფიდენციალობამ დამაფიქრა. სახალხო დამცველს იმის უფლება აქვს, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არ გაამჟაღვნოს, მაგრამ გამოძიება კონფიდენციალურ წყაროებს ვერ დაეყრდნობა“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა.

მართალია, ცოტა ხნის წინ, პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიები კომისია შეიქმნა, თუმცა, ეს იმის ვარაუდის საფუძველს არ იძლევა, რომ უწყება ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალების გარკვევას შეეცდება, რადგან for.ge-სთან კულუარულ საუბარში უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო ხმაურიან თემებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ერიდება. მათი განცხადებით, უმრავლესობის მიზანია, პარლამენტში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა არ მოხდეს და უწყება საქმიანობას ნორმალურ ვითარებაში წარმართავდეს.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ლაფანყურის მოვლენების შესწავლის მიზნით, კომისიას შექმნის თუ არა, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა, კანონმდებლებს კომისიის შექმნის უფლებამოსილება რეგლამენტით აქვთ მინიჭებული. კერძოდ, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია - სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად.

რაც შეეხება ომბუდსმენის ანგარიშს, მასში სახალხო დამცველი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითება-თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან.

კერძოდ, დასკვნის მიხედვით, საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ე.წ. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად ჰპირდებოდნენ - საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას.

„ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა მარტიდან დაიწყო. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო. ჩეჩნეთში საომრად გადასვლის იმედით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, საქართველოში, დაახლოებით, 120 ჩეჩენი და ჩრდილო კავკასიური წარმოშობის მებრძოლი ჩამოვიდა. ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და დისლოკაციის ან საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები ჩუქნიდნენ და უფორმებდნენ მათ იარაღს, აძლევდნენ მართვის მოწმობებს, სხვა საჭირო დოკუმენტებსა და ნივთებს. სახალხო დამცველს მიაწოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ასლამ მარგოშვილის სახელზე, საქართველოს შსს-ს მიერ 2012 წლის 23 ივლისს გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, „სტეჩკინის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლებით. რაც ამ ოპერაციასთან საქართველოს ძალოვანი უწყებების კავშირს მიანიშნებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

უჩა ნანუაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტით, ჩეჩენი მებრძოლებისგან ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრები წვრთნას ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე გადიოდნენ.

„ჩეჩენი მებრძოლები ჯგუფებად დაყვეს. ჯგუფების ინსტრუქტორები იყვნენ საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა ომებში დიდი გამოცდილების მქონე ჩეჩენი მეომრები. 2012 წლის ზაფხულში, ევროპიდან პანკისის ხეობაში ჩეჩნების დიდი ჯგუფის ჩამოსვლას პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც ადასტურებენ. ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აწესრიგებდნენ შსს-ს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, შსს-ს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე.

2012 წლის მარტიდან ჩეჩენი მებრძოლების წვრთნა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც ჯგუფის წევრებში თავიდანვე უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. ჩეჩენი მებრძოლები ითხოვდნენ ჩეჩნეთში გადასასვლელად შეპირებულ ე.წ. კორიდორის მიცემას მათთან კონტაქტში მყოფ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან. შსს-ს თანამშრომლები ჩეჩენ მებრძოლებს აძლევდნენ სხვადასხვა დაპირებებს და ასახელებდნენ ჯგუფის გადასვლის სხვადასხვა თარიღებს. ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი თანდათან კარგავდა ნდობას საქართველოს ხელისუფლებისა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ. ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურში ე.წ. სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი შევიდა.

„კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ისინი ლაფანყურის ხეობაში, შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი „პიკაპებით“ შევიდნენ და თან შეიტანეს ჯგუფისთვის საჭირო შეიარაღება, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. ჩეჩენი მებრძოლები ელოდებოდნენ ნებართვას ჩეჩნეთში გადასვლის შესახებ. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ ჯგუფის შესაძლო გადასვლის აღკვეთის მიზნით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასაზღვრო და სპეციალური დანიშნულების ძალების რაზმები ვერტმფრენებით გადასხეს. გამოკითხულთა ვარაუდით, ამ დესანტის მიზანი იყო ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფის ჩრდილოეთის მიმართულებით გადასვლის აღკვეთა. ამის პარალელურად, ლაფანყურში დაბანაკებული ჩეჩენი მებრძოლების შეიარაღებული ჯგუფი ითხოვდა შეპირებული „კორიდორის“ მიცემას და საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმართულებით გადასვლას. ბოლო მომენტში საქართველოს შსს-მ „კორიდორის“ მიცემაზე უარი განაცხადა და ჩეჩენ მებრძოლებს მოსთხოვა იარაღის ჩაბარება და უკან პანკისში ან სამხედრო ბაზებზე დაბრუნება. შსს წარმომადგენელთა ამ მოთხოვნამ დაძაბა ურთიერთობა ჩეჩენ მებრძოლებსა და საქართველოს შსს-ს თანამშრომლებს შორის. ჩეჩენმა მებრძოლებმა ლაფანყურის ხეობაში იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს, წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები უკვე აღარ ენდობოდნენ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს და ამის გამო მათ მოითხოვეს პანკისში დაბრუნება და მხოლოდ პანკისში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებდნენ თანხმობას იარაღის დაყრაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, დაძაბული ვითარების განმუხტვისა და ჩეჩენ მებრძოლებთან მოლაპარაკების მიზნით, შსს-ს თანამშრომლებმა შუამავლებს – ჩეჩნებისთვის ავტორიტეტულ ადამიანებს მიმართეს. თუმცა, ჩეჩენმა მებრძოლებმა შუამავლებს იარაღის ჩაბარებაზე უარი განუცხადეს. უარის შემდეგ კი, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს, რის შედეგადაც რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები დაიღუპა.

„ლაფანყურის ოპერაციისას გარდაცვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფს ლაფანყურში გადასვლის პირველივე დღიდან ახლდნენ. წყაროს ინფორმაციით, ლაფანყურში დაბანაკებული ჯგუფის ქართველი წევრების მოვალეობაში შედიოდა ჯგუფის სამედიცინო მომსახურება, მეგზურობა დაღესტნის საზღვრამდე და ინსტრუქტაჟი. სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის მამა, მერაბ მარგოშვილი სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აცხადებს, რომ მისი შვილი წვრთნას გადიოდა შავნაბადას ბაზაზე, ხოლო სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, წიკლაური და ჩოხელი, იყვნენ ამ ჯგუფის ინსტრუქტორები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ომბუდსმენის წყაროს ინფორმაციით, სპეცოპერაციაში მონაწილეობდა ავიაცია, რომელმაც ჯგუფის წევრებს ცეცხლი გაუხსნა.

„ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა შვიდი ჩეჩენი მებრძოლი, რომელთაგანაც სამი პანკისის ხეობის მცხოვრები იყო. წყაროს ცნობით, ამ ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩა 9 ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც, წყაროსვე ცნობით, სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გააცილეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, სახალხო დამცველი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს არ აძლევდნენ გარდაცვლილთა ცხედრებს, რომლებიც შემდეგ გლდანის ციხის ტერიტორიიდან გადასცეს.

„გარდაცვლილი მარგოშვილის და ქავთარაშვილის მშობლებისა და ბაღაკაშვილის ნათესავის განმარტებით, საქართველოს შსს-ს მინისტრის მოადგილე გ.ლორთქიფანიძე და შსს-ს მაღალი თანამდებობის პირი ს. ამირიძე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის ცხედრების გადაცემას, თუ გარდაცვლილებს დაკრძალავდნენ იმავე ღამეს: დაკრძალავდნენ ჩუმად, დაკრძალვის ტრადიციული რიტუალის გარეშე და ოჯახის წევრებთან სამძიმარზე არ უნდა მისულიყო ხალხი. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები იძულებული შეიქნენ, დათანხმებულიყვნენ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების ამ მოთხოვნებს.

3 სექტემბერს, გვიან ღამით, გარდაცვლილთა ცხედრები გამოასვენეს სასჯელაღსრულების გლდანის დაწესებულების მორგიდან და გადასცეს ჭირისუფალს. დაკრძალვაზე დასწრების უფლება მხოლოდ გარდაცვლილთა მამებს მისცეს. დაკრძალვას დაესწრნენ შსს-ს მაღალჩინოსნები. სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სხვა ჩეჩენი მებრძოლების ცხედრები თავდაპირველად დაკრძალეს აეროპორტის ტრასის სიახლოვეს მდებარე ე.წ. უპატრონოთა სასაფლაოზე. მოთხოვნის მიუხედავად, ცხედრებს კარგა ხანს არ გადასცემდნენ მათი ოჯახის წევრებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა მშობლებისა და მათი ნათესავების ინფორმაციით, საქართველოს შსს-ს მინისტრის მოადგილემ გ. ლორთქიფანიძემ მათ სთხოვა, რომ თუკი გამოჩნდებოდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ცოცხლად გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლები, ისინი დაკავშირებოდნენ მას და იგი იღებდა ვალდებულებას ამ მებრძოლების საზღვარზე უსაფრთხოდ გადაყვანის შესახებ.

„ეს ჯგუფი, მოგვიანებით, მართლაც, შსს-მ გააცილა ვალეს სასაზღვრო პუნქტამდე. ჩეჩენი მეომრების ჩამოყვანამ, მათთვის მიცემულმა დაპირებებმა, შემდგომ დაპირებების შეუსრულებლობამ, მათი ასეთი ფორმით განადგურებამ და შემდეგ შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ გარდაცვლილთა ცხედრებისა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ დიდი ზიანი მიაყენა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს“, - აცხადებს ომბუდსმენი, რომელიც აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ, სავარაუდოდ იკვეთება 151-ე (მუქარა) და 156-ე მუხლით (დევნა) გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დანაშაული.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის გარდა, სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურასაც მიმართავს და მოუწოდებს - დაიწყოს გამოძიება საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებით, 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.