ბოლო 10 წელია, საქართველოს ასეთი მაღალი ინფლაცია არ ჰქონია. აგვისტოში ფასების ინდექსი 12.8%-ით გაიზარდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ანალიტიკოსები მიმდინარე წელს ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ელიან. ეროვნულ ბანკში კი ვარაუდობენ, რომ სიტუაცია გაზაფხულიდან გამოსწორდება, თუმცა მათი პრობნოზები, როგორც წესი, არასოდეს მართლდება.
„გალტ ენდ თაგარტი“ საქართველოში ინფლაციის კიდევ უფრო დაჩქარებას ელის. როგორც ორგანიზაციის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, საბაზისო ეფექტის გათვალისწინებით, 2021 წლის დეკემბერში ინფლაცია 14%-მდე მოიმატებს.
„ივნისსა და ივლისში ინფლაცია 9.9% და 11.9% იყო. აგვისტოში ჩვენ გვაქვს უკვე 12.8%-იანი ინფლაცია და ეს მატება იხსნება საბაზო ეფექტით, რადგანაც შარშან აგვისტოდან ინფლაციამ კლება დაიწყო და წლის ბოლომდე შენარჩუნდა. ის ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენდა ინფლაციაზე ივნისსა და ივლისში, დღესაც შენარჩუნებულია.
ვხედავთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე სურსათსა და ნედლეულზე ფასები გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ და სამომხმარებლო საქონლის 70%-მდე იმპორტირებულია, შესაბამისად, „იმპორტირებული ინფლაცია“ გვაქვს ამ თვალსაზრისით.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის გაუფასურება და ინფლაციაზე მისი ეფექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ლარის ვარდნის გამო მოხდა ასევე კომუნალური ტარიფების გადახედვა, რასაც ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტი აქვს. მასზე გავლენას ახდენს მოთხოვნა, რომელიც მომდინარეობს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან. ჩვენი პროგნოზით, დეკემბერში ინფლაცია 14%-ის ფარგლებში იქნება“, - დასძინა „გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტმა.
დაახლოებით იგივე პროგნოზი აქვს „თიბისი კაპიტალს“, სადაც ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს 13%-იანი ინფლაცია უკვე რეალობაა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, 2021 წლის ბოლოს ორნიშნა, დაახლოებით, 13%-იანი ინფლაცია უკვე უფრო რეალობაა, ვიდრე პროგნოზი“, - ნათქვამია მათ კვლევაში.
აგვისტოს მდგომარეობით, წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე - 16.2%-ით; ტრანსპორტზე - 22.5%-ით; ჯანდაცვაზე -10.9%-ით. სავალუტო ფონდი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდაც მოუწიოს. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 10%-ს შეადგენს.
ეკონომისტი ოთარ ნადარაია ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლის მიზეზებზე საუბრისას გასულ პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ზრდას ასახელებს.
„ინფლაციის ძირითადი მიზეზია წარსულ პერიოდში სუსტი ლარი, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ასევე რაც მნიშვნელოვანია ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ძალიან ძლიერი აღდგენა წელს, უმჯობესდება სამუშაო ბაზარი და ამ კუთხითაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ფასებზე ზეწოლას ახდენს.
შედარებით მაღალი ინფლაცია ბევრ ქვეყანაშია და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც საქართველოში მაინც მაღალია, რაც სასაქონლო ფასებთან ერთად, გაცვლითი კურსის გაუფასურებით იხსნება.
რაც შეეხება პროგნოზებს, იმ დაშვებით, რომ სასაქონლო ფასები სტაბილური იქნება და ლარის გამყარება რაც გვქონდა, შენარჩუნდება, ვფიქრობთ, რომ შემდეგ ორ თვეში ინფლაცია შეიძლება მცირედით შემცირდეს, მაგრამ დეკემბერში კვლავ მაღალი იქნება, ალბათ 13%-ის ფარგლებში. 2022 წლიდან კი ველოდებით, რომ აგრესიულად შემცირდება და მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“. - განაცხადა ნადარაიამ.