მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგულ აქტივობებს დაუფინანსებს, თუმცა არსებობს გარკვეული პირობა. კომპანიის პროგრაგრამაში ჩასართავად 1 ლიტრ ღვინოზე მარკეტინგული ხარჯი 2 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
სუბსიდირების ახალი პროგრამა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით იწყება და მასში ჩართვას ის კომპანიების შეძლებენ, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
პროგრამის მიხედვით, თითოეული კომპანია, რომელიც ახალი ბაზრების ათვისების პროცესში სახელმწიფოს ფინანსური რესურსის მიღებას გადაწყვეტს, წლიურად 600 000 ლარით დაფინანსდება. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს თანხა საპილოტე პროექტის ფარგლებშია განსაზღვრული და პროგრამის ეფექტიანობის შემთხვევაში, სუბსიდირების ბიუჯეტი გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ საგრანტო თანადაფინანსების მიმღებმა კომპანიებმა ექსპორტის მიმართულებით მარკეტინგისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უნდა გაზარდონ, რათა მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსური რესურსის გამოყენება არ მოხდეს. ერთ-ერთი პირობის მიხედვით კი, კომპანიის პროგრაგრამაში ჩასართავად 1 ლიტრ ღვინოზე მარკეტინგული ხარჯი 2 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
„საანგარიშო წელს, როდესაც მოხდება დაფინანსება, ექსპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილი უნდა იყოს, სწორედ ეს ზრდაა ჩვენთვის ამოსავალი. არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე ჩაანაცვლონ მარკეტინგული აქტივობები, შესაბამისად, ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ მათ უნდა გაზარდონ მარკეტინგული ბიუჯეტი, რომელიც აუდიტის მიერ დადასტურდება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მნიშნელოვანია, რომ კომპანიები მარკეტინგული აქტივობებისთვის თანადაფინანსების მიღებას დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს გარდა სხვა ბაზრებისთის შეძლებენ, ეს ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ხდება. აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და სხვა - ეს ის სამიზნე ბაზრებია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს.
ღვინის პოპულარიზაციისთვის სამინისტროში 9-10 მლნ ლარია გამოყოფილი. უშუალოდ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი კი 3 მლნ ლარია.
მეღვინე, „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ საექსპორტო ქვეყნებში ღვინის კომპანიების მარკეტინგული კამპანიების თანადაფინანსების პროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ დიდი მწარმოებლების გარდა, საგრანტო კომპონენტით სარგებლობას მცირე მარნებიც შეძლებენ.
„როდესაც საუბარია, რომ წლიური თანადაფინანსება კომპანიაზე 600 000 ლარი იქნება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მცირე მარნისთვის ძალიან დიდი თანხაა. მცირე მარნები გაცილებით მოქნილები არიან და მაღალ საფასო სეგმენტში ყიდიან, ანუ იმ საფასო სეგმენტში, სადაც გვინდა, რომ ქართულმა ღვინომ ადგილი დაიმკვიდროს.
არ შეგვიძლია ვაწარმოოთ ბევრი და იაფი ღვინო, როგორსაც აწარმოებს, მაგალითად, ავსტრალია. ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს ამხელა ტერიტორია და ვენახები, ამიტომ ჩვენ მაღალ სეგმენტში უნდა დავიკავოთ ადგილი. ასე რომ, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება შესაძლებლობა, მცირე მარნებმაც გამოიყენონ ეს პროექტი, კარგი იქნება“, - განმარტა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას მეღვინემ.
ის თვლის, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ამავე დროს ღვინის ხარისხს გაზრდის. მისი ინფორმაციით, ნატურალური ღვინის ასოციაციის მაგალითზე, სადაც 100 მცირე მარანია, ღვინის რეალიზაცია მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, 20-30%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა კრიზისულ პერიოდში მუდმივი ვერ იქნება.