„არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში შენ ცალმხრივად მიიღო მხარდაჭერა“

„არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში შენ ცალმხრივად მიიღო მხარდაჭერა“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. იგი ამ სფეროს აქტუალურ საკითხებს, ჯარში მიმდინარე პროცესებს და პოლიტიკურ თემასაც შეეხო.

ალასანიას თქმით, წარსული გამოცდილება გვკარნახობს, რომ როგორც კი ჩრდილო კავკასიაში იძაბებოდა ვითარება, საქართველოზე გარკვეული ტიპის რეზონანსი გადმოდიოდა და ნებისმიერი გადაადგილების დროსაც მოწინააღმდეგეები ქართულ კვალს ეძებდნენ. იგი პირადად ხელმძღვანელობდა ანტიტერორისტულ ოპერაციას პანკისში და ახსოვს ეს გამოცდილება. ამიტომ, სოჭოს ოლიმპიადის ჩატარება, ბუნებრივია, გვიჩენს ფიქრის აუცილებლობას, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ. პირველ რიგში, ეს შს სამინისტროს ფუნქციაა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო მათთან ურთიერთქმედებაშია.

უფრო მეტიც, ირაკლი ალასანიას თქმით, როდესაც ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ტარდება - ოლიმპიადები, ჩემპიონატები და სხვა, ტერორისტები გეგმავენ მასიურ აქციებს და ამას სწორედ ფართომასშტაბიან ღონისძიებებს უკავშირებენ. მართალია, თავდაცვის მინისტრი ამ ეტაპზე ამ საფრთხესთან დაკავშირებით არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ კონტრტერორისტული გარემოს ლოგიკიდან გამომდინარე, იგი სიფრთხილეზე საუბრობს. მისი თქმით, ქართული მხარე ჩვენს იურისდიქციაში არსებული ტერიტორიების გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ფიქრობს, თუ როგორ მოახდინოს პრევენცია, რათა რუსი ოპონენტების მხრიდან საქართველო არ გახდეს სამიზნე.

გარდა ამისა, ირაკლი ალასანიას განმარტებით, რეგიონის ქვეყნებთანაც იწყება კონსულტაციები, რათა ოლიმპიადის ჩატარების პროცესში ინფორმაციის აქტიური გაცვლა მოხდეს, მათ შორის, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტიც მუშაობს ამ კუთხით.

თავდაცვის მინისტრი, ასევე, გამოეხმაურა შავი ზღვის რეგიონში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების საბაბით რუსეთის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთვნების საკითხს.

მისი თქმით, ახლანდელი წვრთვნები ჩრდილო კავკასიაში, თვისობრივად განსხვავებული იყო იმისგან, რა წვრთვნებიც რუსეთის ფედერაციამ ჩაატარა თავის დროზე. ამჯერად არ იყო ჩართული მე-7 ბაზა და არ იყო გამოყენებული საქართველოს აკვატორია. ამიტომ, ეს არ იყო პირდაპირ გამიზნულად ჩატარებული წვრთვნები საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს შესაშინებლად. მაშინ, როცა 2008 წელს ჩატარებული წვრთვნებისას დეკლარირებულად ითქვა, რომ მათი ამოცანა იყო, თუ კონფლიქტი მოხდებოდა და სამშვიდობოებს საფრთხე შეექმნებოდათ, ინტერვენციას განახორციელებდნენ. ამიტომ, მინისტრი თვლის, რომ ეს წვრთვნები პირდაპირ არ უკავშირდება საქართველოს, მაგრამ შეშფოთებას მაინც გამოთქვამს, რომ ეს არ იყო შეთანხმებული მეზობელ ქვეყნებთან.

მისი თქმით, მართალია, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს საპორტიფიკაციო ნაგებობების გაძლერების პროცესი, დაახლოებით 9 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავთ როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე აგრესიული ესკალაციური შესაძლებლობის რაიმე ხელწერა არ იკითხება. მათი პოზიციონრობა ამ ეტაპზე უფრო თავდაცვითია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ფორმით უნდა მოვდუნდეთ. პირიქით, ჩვენ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.

მინისტრის აზრით, საოკუპაციო ძალების მხრიდან არანაირი ნიშანი არ არის, რომ რამენაირად შეიცვალა მათი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ. მათი სამხედრო ყოფნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დარღვევით დღესაც იძლევა საბაბს, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში აგრესიის თუ ესკალაციის ასაცილებლად. თუმცა ბოლო პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები იმავე სავაჭრო საკითხებში იმედს აჩენს, რომ ორ ქვეყანას შორის აგრესიული რიტორიკა შემცირდება და შესაძლოა, სამუშაო ურთიერთობის ფაზაზე გადავიდეთ, რაც სამხედრო ესკალაციას შეამცირებს. ამ მიზნით მიმდინარეობს გაერთიანებული შტაბის მუშაობა, მოწმდება საბრძოლო მზადყოფნა ქვედანაყოფებსა და ბრიგადებში. მით უფრო, რომ ჩვენი ოფიცრობა, სერჟანტები, ახალი თაობის სამხედროები ძალიან კომპეტენტურები არიან და თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებასაც ფლობენ.

მინისტრის თქმით, მომავალ წელს უფრო მაღალი დონის კომპლექსური წვრთვნებია დაგეგმილი და უფრო რთული დავალებების შესრულება დაეხმარება ჩვენს სამხედროებს. ამ კუთხით მოლაპარაკება მიმდინარეობს ამერიკულ მხარესთან, სავარაუდოდ, ამ წვრთვნებში ჩაერთვებიან ჩვენი მეზობლებიც, ამ მხრივ თურქეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს დიალოგის ხანგრძლივი ფორმატი.

ირაკლი ალასანიამ ნატოსთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩვენი პოლიტიკური დინამიკა ნატოსთან იმდენად გაიზარდა, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში შედგება. ივნისის ბოლოს კი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია გვეწვევა, რადგან ორი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არც მიზანშეწონილია და არც არასდროს არ ხდება.

რაც შეეხება „აისაფი“-ს მისიას, 2014 წლიდან უკვე ახალი მისია უნდა შედგეს და მანდატი თვისობრივად ახალი იქნება. შესაბამისად, ნატოს ახალი გადაწყვეტილება ექნება მისაღები, თუ რა ფორმატით წარმართავს ამ საერთაშორისო ოპერაციას.

„საქართველო უკვე ჩართულია ამ დაგეგმარების პროცესში. ბრიუსელში როცა შეხვედრა მქონდა ნატოსა და „აისაფი“-ს წარმომადგენლებთან, იქ დავაფიქსირე საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ მზადყოფნას გამოვთქვამთ, 2014 წლის შემდეგაც გავაგრძელოთ მხარდაჭერა ავღანეთის უსაფრთხოებისთვის. დახმარების და გამოცდილების გაზიარების კუთხით ჩვენ გვყავს ექსპერტები, მფრინავები, რომელთა მომზადებაც შეგვიძლია ადგილზე. დაახლოებით აპრილის ბოლომდე ნათელი გახდება ნატოს გადაწყვეტილება და კონკრეტულად ქართული ელემენტი როგორ იქნება წამოდგენილი, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამის პოლიტიკური ნება არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეხება მალის მისიაში ქართული მხარის ჩართვის საკითხს, მინისტრი აცხადებს, რომ მალიში კონკრეტული ჩვენი საბრძოლო ქვედანაყოფის გაგზავნა გადაწყვეტილი არ არის. თუმცა ქართულმა მხარემ ევროკავშირს დასტური უკვე მისცა, მით უფრო, რომ ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ დახმარება აღმოგვიჩინა, დამკვირვებლები გამოგვიგზავნა. ამჯერად კი ეს მისია ერთადერთია საერთაშორისო ბარიერის მხრივ, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შემაკავებელი ფაქტორი აქვთ. ამიტომ, ირაკლი ალასანიას თქმით, ქართული მხარე მადლიერია ევროკავშირის, ქართულმა საზოგადოებამ კი პლებისციტით მიიღო გადაწყვეტილება და 70%-ზე მეტმა ევროპულ ოჯახს დაუჭირა მხარი. მთავარია, ახლა თვითონ ევროკავშირმა გაგვაგებინოს, სად სჭირდებათ ქართული ელემენტი.

მინისტრი ვეტერანებისა და მეომრების ღირსეულ დაფასებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ავღანეთში მყოფ ჩვენს გმირ მეომრებს გაეზარდათ ხელფასები და ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით მინისტრსაც და ჯარისკაცებს ერთნაირი უზრუნველყოფა აქვს.

კერძოდ, ფუნქციური დატვირთვა მიენიჭა ვეტერანთა დეპარტამენტს. ირაკლი ალასანიას თქმით, გასული წლის ზაფხულში წინა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რათა ვეტერანთა დეპარტამენტი დაექვემდებარებინა და შეეყვანა გაერთიანებულ შტაბში. ეს აბსურდული გადაწყვეტილება იყო, რადგან ვეტერანთა დეპარტამენტი არ არის საბრძოლო ქვედანაყოფი, რომ გახდეს გაერთიანებული შტაბის ნაწილი. ამდენად, თავდაცვის ახალმა ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი, თუ სად სჯობს, იყოს ვეტერანთა დეპარტამენტი და როგორი სტატუსი უნდა ჰქონდეს მას. ამ მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია და აღნიშნული საკითხი პრემიერ-მინისტრთან ბოლო მთავრობის სხდომაზეც განიხილეს. უახლოეს ხანში კი სამი ვარიანტიდან ერთ-ერთს აირჩევენ. კერძოდ, გატანილ იქნება სამი ვარიანტი:

1) ვეტერანთა დეპარტამენტი დარჩეს თავდაცვის სამინისტროს უწყებაში, მაგრამ გამოვიდეს გაერთიანებული შტაბიდან, გადავიდეს სამოქალაქო ნაწილში და ერთ-ერთ მოადგილეს დაექვემდებაროს;

2) გადავიდეს სპეციალური უწყებრივი დაქვემდებარების სახით ჯანდაცვის სამინისტროსთან;

3) შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც დაექვემდებარება მთავრობას და პრემიერ-მინისტრს.

ამ სამი ვარიანტიდან, თავდაცვის მინისტრი ვეტერანთა დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბებას ანიჭებს უპირატესობას.

მისი განმარტებით, ჩვენ გვქონდა, მინიმუმ, სამი სრულმასშტაბიანი ომი და დაპირისპირება რუსეთთან, ამიტომ ვეტერანები მარტო თავდაცვის უწყებაში არ გვყავს, არამედ შს სამინისტროში და სხვადასხვა უწყებებშიც. ამდენად, მათზე ზრუნვა არ შეიძლება ჩაიკეტოს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, მათ სოლიდური დაფინანსება სჭირდებათ, რისთვისაც სოციალური პაკეტი, ანუ ვეტერანების დახმარებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, მათ დაიწყეს დაჭრილი ვეტერანების დასაქმებაც. თავდაცვის აკადემიაში 9 ვეტერანია დასაქმებული, მათ შორის, ავღანეთისა და აგვისტოს ომის დროს დაჭრილებიც. სამხედრო სპეციალობიდან სამოქალაქო პროფესიამდე ამ კონტინგენტის გადამზადების პროგრამა დაწყებულია, რომ არაფერი ვთქვათ, ბინებით მათ უზრუნველყოფაზე.

მინისტრის მიზანია, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი არ ერეოდეს სამხედროების საქმეში, რადგან ჩვენი სამხედრო წარუმატებლობების მთავარი პრობლემაც ეს იყო, რომ არაპროფესიონალი პოლიტიკოსები ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილების მიღებაში და ომის დროსაც ბრძანებებს იძლეოდნენ. ამიტომ მკაცრად გაიმიჯნა სამხედრო გადაწყვეტილების მიღება, რომელიც თავის თავზე აქვს აღებული გაერთიანებულ შტაბს.

„2008 წლის აგვისტო, როცა სამხედრო მოქმედებები დაიწყო, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში არსებულ ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, გამოჩნდა, რომ ავტონომიური მოქმედების შესაძლებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებულ ჩვენს ქვედანაყოფებს არ ჰქონდათ. ჩვენ ზუსტად გათვლილი გეგმა გვაქვს, როგორ შევუქმნათ აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ სარდლობას, დამხმარე ავტონომიური ელემენტები, რომელიც მათ ავტონომიური მოქმედებისა და მტრისთვის წინააღმეგობის გაწევის შესაძლებლობას მისცემს კონფლიქტის ესკალაციისას“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

აქვე საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლის ამბიციურ გეგმასაც შეეხო, რასაც ჩვენი ქვეყანა 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში შეძლებს. მისი ვარაუდით, ამ გეგმის განხორციელება რეალურია. ეს დამოკიდებულია, თუ რამდენს გაიღებს სახელმწიფო, საზოგადოება ჯარის რეფორმისა და ამ ტიპის ტრანსფორმაციისთვის. მინისტრის თქმით, ჩვენ უკვე გვყავს 75% საკონტრაქტო მოსამსახურე ჯარში. პროფესიულ არმიაზე გადასვლას პირდაპირ ებმის რეზერვის მომზადების გეგმის შემუშავების სტრატეგია. ამიტომ იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგენს გეგმას, როგორი ფორმით განხორციელდება რეზერვის ამოქმედება. ამდენად, ალასანიას აზრით, თანმდევი გეგმა უნდა იყოს პროფესიულ არმიაზე გადასვლაც და საბრძოლო, ტერიტორიული თუ სამოქალაქო რეზერვის შექმნა, თავისი ფინანსური გათვლებით.

„თუკი ფინანსთა მინისტრი არ დაგვეთანხმება, მის მიმართ მძიმე გადამჭრელ ზომებს მივიღებთ, რომ დაგვაფინანსოს“, - იხუმრა ირაკლი ალასანიამ.

მინისტრს საქართველოში სამხედრო ტექნიკის განვითარების პოტენციალის იმედი აქვს. ამჯერად მიმდინარეობს მათი ჯავშანის გამოცდა, თუ რამდენად დაეხმარება ეს ტექნიკა ქართველ მებრძოლებს. ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, მათ რენტაბელურობასა და როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე პროდუქტის გატანის შესაძლებლობაზე.

ალასანიას თქმით, რა თქმა უნდა, პიარისა და სულსწრაფობის ელემენტი იყო, როცა წინა ხელისუფლების დროს ნაადრევად გამოამზიურეს ეს ტექნიკა, ვიდრე გამოცდები ჩატარდებოდა. ამან ხელი შეუშალა გამოსაცდელი სამუშაოების ჩატარებას თუნდაც იმავე ჯავშანზე. თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, რათა გავიგოთ, რამდენად შესაძლებელია, ეს ტექნიკა სერიულ წარმოებაში გავუშვათ. უფრო მეტიც, ჩვენ ზუსტად უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, თუ რას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს და არ უნდა განმეორდეს ჯავშანჟილეტების მაგალითი, როცა მილიონები გადაიხადეს და წინასწარ იცოდნენ, რომ ის არ იცავდა ჩვენს ჯარებს და არ იყო გამოსადეგი.

მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული, თურქ და აზერბაიჯანელ მოკავშირეებთან ერთად სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა გაღრმავდეს.

მინისტრის ხედვით, ბოლო პერიოდში ამაღლდა ბრძოლის ნებაც, როგორც ჯარში, ასევე, საზოგადოებაში და უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, დაიწყოს პროფესიულ ქართულ ჯარში მსახური, მაგრამ ინფრასტრუქტურული კუთხით, მემკვიდრეობითი პრობლემები არსებობს, ამიტომ ეტაპობრივად დაიწყება ამ ინფრასტრუქტურის შექმნა.

„ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროზე 8 მილიარდზე მეტი დაიხარჯა, ეს კოლოსალური თანხაა, თუმცა როგორი საბრძოლო დონე გვქონდა 2008 წელს, ამის თვითმხილველები ვიყავით. ზღვაში წვეთია ის, რაც შეიძლებოდა 8 მილიარდით შექმნილიყო ამ სტრუქტურაში. ამას შეფასება უნდა მისცეს პროკურატურამ. ჩვენ გვაქვს ურთიერთქმედება შს სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურებთანაც და მათი პრეროგატივა იქნება სამართლებრივი შეფასება. დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და უნდა დადგეს კიდეც, რომ მომავალში არავის მოუვიდეს თავში, რომ დანაშაული შერჩებათ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ალასანიამ განმარტა, რომ ძირითადი აქცენტი ახალგაზრდა ოფიცრებზე იქნება გაკეთებული. გარკვეულწილად, ამ სისტემაში სამართლიანობა აღდგა და სამხედრო მოსამსახურეების 89 %-ს გაუზარდეს ხელფასები, მაგრამ ეს ხელფასები 11 %-ს მოაკლდა, რომლებსაც, თავის დროზე, არანორმალურად გაზრდილი ხელფასები ჰქონდათ. თუმცა ისინი ამას სამართლიანად თვლიან.

ალასანია აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ფინანსური რესურსების ხარჯვის, „უპასუხისმგებლობის კულტურა“ იყო დანერგილი, გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად და არაკოლეგიალურად მიიღებოდა. იმ პერიოდში საერთაშორისო გამჭვირვალობამ თავდაცვის უწყება ყველაზე მაღალი რისკის მატარებლად შეაფასა კორუფციისა და ჩაკეტილობის კუთხით. ამჯერად კი, ახალი მინისტრი აპირებს, რომ ყოფილი მინისტრის კაბინეტში განათავსოს 50 კაციანი დეპარტამენტი. აქვე აჟღერებს იმ ფაქტს, რომ თუნდაც იმავე სენაკის ბატალიონში საძინებლები და სველი წერტილები არ ჰქონდათ სამხედრო მოსამსახურეებს, ეს მაშინ, როცა სულ რაღაც ორი წლის წინ აღდგა იქაური ინფრასტრუქტურა.

მინისტრი არჩევნების შემდეგ ახლადშექმნილი სპეციალური კომისიის შესახებაც საუბრობს, რომელსაც წინა ხელმძღვანელობის მხრიდან პირადი დამოკიდებულების ან პოლიტიკური ნიშნის გამო დათხოვნილი ღირსეული სამხედრო მოსამსახურეების საკითხის შესწავლა დაევალა, რაც ხშირად კანონის უხეში დარღვევით მიმდინარეობდა. კომისიამ 4 ათასზე მეტი განცხადება მიიღო, შეისწავლა ეს შრომატევადი საქმე და გაარკვია, თუ რა საფუძვლით გაათავისუფლეს ადამიანები. შედეგად, 1100 პირი უკვე აღდგენილია სამსახურში, 400 ადამიანის საქმე კი განხილვის საბოლოო სტადიაზეა.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის დროს არის ადამიანი მოსული. ყველამ ვიღაცის დროს დაიწყო საჯარო სამსახური, უწყების დეპოლიტიზაცია არ შეიძლება მხოლოდ სიტყვებად დარჩეს. ყველაზე პოლიტიზირებული იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და ინსტრუქციას ვაძლევ, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავი დაანებონ, რადგან ისინი სამხედრო შეირაღებული ძალების პოლიციელები არიან“, - აღნიშნა მინისტრმა.

აქვე პოლკოვნიკების აღდგენის საკითხსაც გამოეხმაურა, რისი უფლებაც მხოლოდ უმაღლეს მთავარსარდალს აქვს და ეს მისი დისკრეციაა. თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ხელოვნურად ბლოკავს ამას და პროცესი ისევე გაიჭიმა, როგორც ელჩებთან მიმართებით.

რაც შეეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც ტერიტორიული ნებაყოფლობითი რეზერვის ფორმით ან კიდევ პოლიტიკური პოლიციის სტრუქტურების მიერ იქმნებოდა და, რაზედაც თავის დროზე ირაკლი ალასანია ამახვილებდა ყურადღებას, ამჯერად მინისტრის რანგში მყოფი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ამ ადამიანებს გადამზადება შესთავაზეს. მათმა ნაწილმა გაიარა ფიზიკური გადამზადება და ისინი სამართალდამცავ სტრუქტურებში აგრძელებენ სამსახურს. ნაწილი კი დათხოვნილია ამ ქვედანაყოფებიდან, რადგან ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს და მათი შეიარაღება ამოღებულია. ამდენად, მისი განმარტებით, არანაირი საფრთხე, რომ უკანონო ფორმირებები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, აღარ არსებობს.

თუმცა მინისტრი მიიჩნევს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, პარტიზანულ საქმიანობაში მიუღიათ მონაწილეობა და კრიმინალური დანაშაული არ ჩაუდენიათ, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი სამსახური, რადგან ამ ადამიანების უმრავლესობა თავისი ქვეყნის სიყვარულითაა გამსჭვალული.

მინისტრი კიდევ ერთ აქტუალურ თემას შეეხო, რაც ქართველი ხალხის აზრთა სხვაობას იწვევს. კერძოდ, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის რამდენად აუცილებელია საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, საიდანაც უდანაკარგოდ ვერ გამოვდივართ.

„საშინელი ტრაგედიაა, როცა ჩვენისთანა მცირე ზომის ქვეყანა ომში და ჩვენს საზღვარგარეთულ მისიებში კარგავს 19 ახალგაზრდას, მაგრამ ჩვენ სამხედრო უწყება ვართ და ვინც მოდის ამ სამსახურში, მათ გააზრებული აქვთ, რომ შეიძლება, თავისი ქვეყნისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის თავი გასწირონ. ეს არის გააზრებული აქტი. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ვიზრუნოთ მათ ოჯახებზე. მეორეა, ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების და საქართველოს ამბიცია, რომ გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი. არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში შენ ცალმხრივად მიიღო მხარდაჭერა, დახმარება აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის მხრიდან სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის, ეკონომიკისთვის,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია და 2008 წლის აგრესიული ომის შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებას იხსენებს, რომლებმაც 4 მილიარდ ნახევარი გამოუყვეს საქართველოს.

მინისტრის თქმით, დასავლეთის ქვეყნები თვლიან, რომ საქართველოში ინვესტიციის ჩადება აუცილებელია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ამდენად, ეს ბიჭები ავღანეთში მარტო საკუთარ უსაფრთხოებას კი არ იცავენ, არამედ - ავღანეთის და საერთაშორისო უსაფრთხოებასაც. თუკი საქართველოს იმიჯი მაღალია, როგორც მებრძოლი ქვეყნის და საიმედო პარტნიორის, ეს ამ ბიჭების დამსახურებაა.

თუმცა მინისტრი მხარს უჭერს, რომ ჩვენი მისია არასაბრძოლო მისიაში გადაიზარდოს და ეს ასეც მოხდება. შესაბამისად, ჩვენი ჯარის რიცხოვნება ბუნებრივად შემცირდება და რისკებიც დაიკლებს. ამის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ როცა ომში ვართ, მომავალშიც არ ვიქნებით დაზღვეულნი მსხვერპლისგან. მინისტრის აზრით, ეს საზოგადოებასაც გააზრებული აქვს, თუმცა არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ქართული მონაწილეობა არ არის სავალდებულო ამ მისიაში. ამიტომ მათ მეტი ახსნა-განმარტება სჭირდებათ, თუ რას ვაკეთებთ ავღანეთში.

მინისტრის თქმით, ახალ ხელისუფლებას დაფარული არ აქვს, თუ რაც ხდება ავღანეთში - კარგიც და ტრაგიკულიც. ამიტომ მათი სურვილია, მედიის წარმომადგენლები ჩართონ ამ პროცესში, თუმცა არა მასშტაბურად, რათა მათი უსაფრთხოება არ გართულდეს, მაგრამ ჟურნალისტებმა თავად უნდა ნახონ, ავღანეთის სინამდვილე.

აქვე იგი ავღანეთში დაღუპული სერჟანტის - გიორგი კიკაძის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მომხდარს საგამოძიებო ჯგუფი იკვლევს, შემთხვევის ადგილზეც ჩატარდა მოკვლევა, ახლა კი ელოდებიან იმ ქვედანაყოფის როტაციას, სადაც კიკაძე მსახურობდა. რიგ მიზეზთა გამო ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ აქვს მინიჭებული, გამოძიების დასრულებისთანავე კი საჯარო გახდება მხოლოდ ის დეტალები, რაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე დასაშვებია.

ირაკლი ალასანია საკუთარ პოლიტიკურ ხედვასაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ იდეოლოგიიდან და სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების - პრეზიდენტის არსებობა და ძლიერი საპარლამენტო მოდელის არსებობაც და ეს მათი ახირება არ არის. თუმცა საზოგადოების უმრავლესობა თუ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ისინი მათ გაუწევენ ანგარიშს.

გარდა ამისა, მინისტრი აცხადებს, რომ, ალბათ, უახლოეს თვეებში კოალიციის ლიდერთან ერთად შეჯერდებიან საპრეზიდენტო კანდიდატზე და მას დიდი შინაგანი რწმენა აქვს, რომ კოალიცია ღირსეულ საერთო კანდიდატს წარმოადგენს ამ არჩევნებში.

რაც შეეხება აფხაზეთს, ალასანია აცხადებს, რომ ამ სფეროს საუკეთესო კადრი - პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს, თუმცა ირიბად იგიც ჩართულია ამ პოლიტიკის შემუშავებაში. ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით კი ადასტურებს, რომ წარუმატებელი ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს ის, რომ შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ძალებს შორის ჰარმონიული ურთიერთქმედება არ ყოფილა. მომავალში კი ეს გამოსწორდება.

უკვე ცნობილია, რომ ირაკლი ალასანიას უწყება 26 მაისის აღლუმის სამზადისშია და ეს შთამბეჭდავი 26 მაისი იქნება. ამ სამზადისში ჩართულია მთელი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. თუმცა ჩაიბარებს თუ არა ამ აღლუმს უმაღლესი მთავარსარდალი ან სად ჩატარდება აღლუმი, ამაზე მსჯელობას ირაკლი ალასანია ნაადრევად მიიჩნევს.