ნარკოტესტის „ჩელენჯი“ გაშვებულია, კალაძის შემდეგ „სუფთა“ რომელი კანდიდატი იქნება?!

ნარკოტესტის „ჩელენჯი“ გაშვებულია, კალაძის შემდეგ „სუფთა“ რომელი კანდიდატი იქნება?!

გიორგი გახარიას შემდეგ, „ჩელენჯი“ კახა კალაძემაც წამოიწყო. კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა და ოპოზიციის მერობის კანდიდატები გამოიწვია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც „თავის სისუფთავეში დარწმუნებულია“, გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.

„ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მინდა მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ, გაასაჯაროონ შედეგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის გამოწვევას ოპოზიციის წევრები მალევე გამოეხმაურნენ.

„კალაძეს ვურჩევდი ეს ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ ჩაეტარებინა, თავის თანაგუნდელებში, ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით“, - ამბობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„სხვა ინიციატივის აზრს ვერ ვხედავ, მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ ეს მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს, კარგია რომ მის თანაგუნდელებშიც მსგავსი ტესტი ჩატარდეს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი საქართველოს „ლეიბორისტული პარტიიდან“, მიხეილ ქუმსიშვილი მზად არის კახა კალაძის გამოწვევა მიიღოს, თუმცა ის საკუთარ პირობასაც ასახელებს.

„მე მზად ვარ მივიღო კალაძის ეს გამოწვევა, თუ შემდეგ თავადაც მიიღებს ჩემს გამოწვევას და ნარკოტესტის შემდეგ ერთად გავივლით ტესტს კორუფციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მე უბრალოდ ჩავთვლი, რომ ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ კახი კალაძემ გაუსვას ხაზი საკუთარ სპორტსმენობას და მე კი შევახსენებ, რომ სპორტსმენების ადგილი არის სპორტში, ხოლო პოლიტიკაში არის პოლიტიკოსების ადგილი“, - განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ „გირჩს“ მერობის კანდიდატი არ ჰყავს, მათთვის კალაძის გამოწვევა მიუღებელია. ამის შესახებ, „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ for.ge-თან საუბრისას განაცხადა.

„ნარკოტესტის გაკეთება არ მევალება, მაგრამ ვფქრობ, რომ ძალიან შეუაცხმყოფელია შარდის კოლბებით ექსპერტიზის ბიუროში სიარული, როგორც კახა კალაძისთვის, ასევე სხვა პოლიტიკოსებისთვის. ვისურვებდი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს შარდის სიწმინდით არ ვეჯიბრებოდეთ. ვფიქრობ, სხვა რამ გვევალება, ვიდრე ვამოწმოთ, თუ სხეულში ვის რა ნივთიერება აქვს. მაგალითად, მე შემოწმებას მირჩევნია ვთქვა: ხალხო, რაც გინდათ, ის აღმოაჩინეთ ჩემს შარდში. მე არ გავიკეთებ თუ სხვა გზა არ დამრჩება, ან ძალით თუ არ გამიკეთებენ. თუმცა, კახი კალაძე რითაც ამაყობს, რომ ჩააბარა შარდი და „სუფთა“ ამოვიდა, ეს არ არის საამაყო. კახა კალაძე ნარკოტესტს საერთოდ არ უნდა აბარებდეს. მართლა დოპინგ-კონტროლი ხომ არ არის - ვამოწმებდეთ, ვის რა აქვს შარდში. ადამიანებს თავში რა აქვს, ეს უნდა გვაინტერესებდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ნარკოტესტის ჩაბარბის მომხრე არ არის, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანიც.

„ვინაიდან ჩვენ მერობის კანდიდატი არ გვყავს, ამიტომ კალაძის ეს გამოწვევა არ მიგვიღია. რაც შეეხება, ზოგადად აღნიშნულ ქმედებას, ამ ეტაპზე ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს თვისებები და ცოდნა, რითაც თბილისში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. ასევე, იცნობდეს დედაქალაქს და რაც მთავარია, ამ ქალაქს სიკეთე მოუტანოს“, - განუცხადა for.ge-ს ლევან იოსელიანმა.

დედაქალაქის მერის გამოწვევას იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია. ამის შესახებ for.ge-ს მისმა თანაპარტიელმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა. ბეჟაშვილის თქმით, მათ კანდიდატს ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს.

„კალაძის მხრიდან იაფფასიანი გამოწვევაა. თუმცა, ჩვენს კანდიდატს ამის პრობლემა არ აქვს. ისე, კარგი იქნება თუკი „ქართული ოცნებიდან“ ნარკოტესტს ბევრი გაივლის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის, მით უმეტეს პარლამენტის წევრები ნარკოტესტს აბარებენ და ვფიქრობ, ეს ტესტი ყველას გავლილი გვაქვს. და მაინც, ვფიქრობ, კალაძის მიმართებაში უფრო მნიშვნელოვანი ბრალდებებია, იგივე კორუფციასთან დაკავშირებით და სხვა უამრავი თემაა, რომელზეც პასუხები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ამომრჩევლისთვის გადამწყვეტია, ვიდრე ეს ინიციატივა. აღნიშნული პრობლემა დარწმუნებული ვარ არც ერთ კანდიდატს არ ექნება“, - გვითხრა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზრს იზიარებს „სტატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

„ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. ჩვენი მერობის კანდიდატს ანალიზის ჩაბარების პრობლემა არ აქვს. მერობის კანდიდატებს კანონი ამას არ ავალდებულებს, მაგრამ, კი ბატონო, ჩვენ თანახმა ვართ. ბატონი კალაძე რისთვის აკეთებს ამას, ეს არ ვიცი. ისე უკეთესი იქნებოდა კორუფციის ანალიზის ჩატარება და ვინ არის ამაში გასვრილი და ვინ არა, ამის ანალიზის ჩატარება უფრო უკეთესი იქნებოდა“, - განუცხადა სერგო ჩიხლაძემ for.ge-ს.

Katana . "მე არ გავიკეთებ, ძალით თუ არ გამიკეთებენ.მართლა დოპინგ-კონტროლი ხომ არ არის - ვამოწმებდეთ, ვის რა აქვს შარდში. ადამიანებს თავში რა აქვს, ეს უნდა გვაინტერესებდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
------
"გირჩს" რომ ნარკოტესტთან პრობლემა ჰქონდეს, გასაკვირი არ არის.

ისე, "ადამიანებს რა აქვთ თავში", ამაზე არცთუ მცირე გავლენას ახდენს ის, რა აქვთ შარდში (ანუ სისხლში)!
ეგრე რომ არ იყოს, მძღოლებს არ აუკრძალავდნენ ალკოჰოლის ან ნარკოტიკის გავლენის ქვეშ მანქანის მართვას!
დედაქალაქის "საჭესთან" დაჯდომა არა მგონია ნაკლებ საპასუხისმგებლო იყოს, ვიდრე მანქანის საჭესთან ჯდომა.

ხოლო "თავში რა გვაქვს", ამისი ყველაზე უტყუარი ტესტი არის ამ თავის პატრონის მიერ გაკეთებული საქმეები!
დადოს ხვიჩიამ, ქვეყნისთვის სასარგებლო რა საქმეები აქვს გაკეთებული და იქნებ კალაძემაც მოიძიოს რამე, საპასუხოდ...
Ok?
2 წლის უკან