გუშინ თბილისს მორიგი „გასაიდუმლოებული ვიზიტით“ ეწვია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი ბორის ბერეზოვსკი.
წინა ვიზიტებისაგან განსხვავებით, ამჯერად იგი არა მხოლოდ რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს, არამედ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესთა განხორციელებისათვის იღვწის“.
სინამდვილეში, რასაკვირველია, ბერეზოვსკი მაინცდამიანც არც პირველს იცავს და არც მეორეს. იგი ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე, იკმაყოფილებს საკუთარ პოლიტიკურ ამბიციას და თუ ვინმეს წარმოადგენს, მხოლოდ რუსეთის ახლადშობილ ისტებლიშმენტს, ანუ რუსულ ოლიგარქიას, რომელიც ამიერიდან სამარადჟამოდ დაეუფლა ამ ქვეყნის მართვის სადავეებს და საეჭვოა, ოდესმე ხელიდან გაუშვას, თუ რასაკვირველია, რუსეთში კიდევ ერთი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია არ მოხდა.
ბორის ბერეზოვსკის დანიშნულება დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს. ოღონდ რუსული კაპიტალის პრიორიტეტულობის დაცვით. კრემლი ხუთი წელია ცდილობს, დაითანხმოს პარტნიორები ე.წ. „ტრანსნაციონალური კორპორაციების“ შექმნაზე, რომელთა ძირითადი კაპიტალი და საკონტროლო პაკეტი სწორედ მოსკოვში იქნება თავმოყრილი.
დღემდე უკლებლივ ყველა ქვეყანა (ბელორუსიის ჩათვლით) ამ წინადადებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, თუმცა სხვებზე მეტი საფუძველი საქართველოს ჰქონდა, ვინაიდან დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მეტად განვითარდა განსახელმწიფოებრიობის პროცესი.
მოსკოვში, დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა მორიგი სამიტის შემდეგ დისკუსიათა არსი ნიკო ლეკიშვილის ერთმა, თითქმის შემთხვევით წამოცდენილმა ფრაზამ გაამჟღავნა: „ტრანსნაციონალური კომპანიებისა და კონცერნების შექმნა დღევანდელ ვითარებაში უკვე არარეალურია, ვინაიდან, მაგალითად, საქართველოში თითქმის ყველა საწარმო აქციონირებულია, ხოლო ჩვენ არ შეგვიძლია, ვუბრძანოთ აქციონერებს, სად დააბანდონ კაპიტალი ან ვისთან ითანამშრომლონ“.
მაშასადამ,ე ბერეზოვსკის მცდელობა ამ თვალსაზრისით ფუჭად ჩაივლის. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დსთ-ს ყველა სხვა ქვეყანაშიც. ოღონდ უკრაინასა და უზბეკეთში „ტრანსნაციონალური კორპორაციების“ შექმნას ამ სახელმწიფოთა მმართველი ელიტა არ დაუშვებს ადმინისტრაციული ზომების გამოყენებით.
ამრიგად, ბერეზოვსკი რუს ნეოიმპერიალისტებს უეჭველად გაუცრუებს იმედებს, საკუთარი ინტერესები კი მან, შესაძლოა, წარმატებით დაიცვას. მაგალითად, „სასათბურე პირობები“ შეუქმნას ავტომანქანების რუსულ წარმოებას საქართველოში პროდუქციის გასასაღებლად.
რაც შეეხება აფხაზეთის პრობლემას, ბორის ბერეზოვსკი კარგა ხნის წინ მიხვდებოდა, რომ ეს პრობლემა ეკონომიკური მეთოდებითა და „კოკა-კოლას“ მეშვეობით ვერ გადაიჭრება, ამიტომ მისი ვოიაჟები სოხუმში უსარგებლოა. მარქსისტული თეზისი - „მდგომარეობა შეიქმს შეგნებას“ - აფხაზთა მძვინვარე ფანატიზმის წინაშე დაიმსხვრა.