„გახარიას მმართველმა გუნდმა ე.წ. კვერცხები ჩაუდო, რომელიც გამოიჩეკა და გაფრინდნენ“

„გახარიას მმართველმა გუნდმა ე.წ. კვერცხები ჩაუდო, რომელიც გამოიჩეკა და გაფრინდნენ“

შესაძლოა, გიორგი გახარიამ პაატა ბურჭულაძის ბედი გაიზიაროს და მასაც პარტია ისე დაეშალოს, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. მაშინ ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა არჩევნებადე პარტია გუნდის წევრებმა მასობრივად დატოვეს. ბურჭულაძესთან ანალოგიაზე ეჭვი რამდენიმე დღეა გაჩნდა, რადგან პარტია „საქართველოსთვის“ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა. For.ge-ს კი სანდო წყარო უყვება, რომ უახლოეს მომავალში პარტიას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს. განსაკუთრებული დანაკარგი ექსპრემიერს რეგიონებში ექნება.

როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებდა. თუმცა თბილისის მერობაზე გახარიას კანდიდატურის დასახელების შემდეგ, აშკარა გახდა, რომ გახარიას გუნდის წევრებმა ისინი მოატყუეს და 0პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

გიორგი გახარიას პარტია 6 სექტემბერს მარნეულში მორიგმა წევრმა დატოვა. პროპორციული სიის მეხუთე ნომერმა და ამავე დროს, ქუთლიარი-ყულარის თემის მაჟორიტარმა საფარ პირიევმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას მისი კანდიდატურის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას პარტია ხულოში ილია კოჩალიძემაც დატოვა. საოლქო საარჩევნო კომისიას მან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართა. პარტია ასპინძის საკრებულოს სიის მეორე ნომერმა, ნუგზარ კაკველიძემაც დატოვა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გახარიას გუნდი და პროპორციული სია ახალქალაქში მესამე ნომერმა ლორანდ ეზოიანმაც დატოვა.

გახარიას პარტიას მხარდამჭერები კახეთშიც ტოვებენ. მარიამ ბერიკიშვილი აცხადებს, რომ მხარდამჭერთა სიაში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მოტყუებით შეიყვანეს. მოგვიანებით კი დაემუქრნენ, რომ თუ პარტიას დატოვებდა, სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ.

მარიამ ბერიკიშვილი ახმეტის საოლქო კომისიაში გამოცხადდა და სიიდან საკუთარი ოჯახის წევრების მონაცემები ამოაღებინა. მისი თქმით, გიორგი გახარია და მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ატარებს და მის პარტიას უნდობლობას უცხადებს.

ბერიკიშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ოჯახისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში მისი მეუღლე, ცეზარ მოსახლიშვილი ციხეში უმიზეზოდ ჩასვეს და არაადამიანურად აწამეს.

ამასთან, მრავალშვილიანი დედა აცხადებს, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო იგი მოატყუეს. ფიქრობდა, რომ გიორგი გახარია ისევ „ქართული ოცნების“ რიგებში იყო.

გასული ორი დღის განმავლობაში გახარიას პარტია ათეულობით წევრმა დატოვა.

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ დედაქალაქის მერობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება ადასტურებს, რომ ის „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ყველაზე დიდი კონკურენტი ქალაქში არსებული პრობლემები და გამოწვევებია.

„მიზანმიმართული ტყუილის გავრცელება მიდიოდა, რომ თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა პირადად ჩემს წინააღმდეგ და ალბათ, იმ ადამიანებისთვის, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, რომ მართლა ასე ხომ არ არის, ყველაფერი ნათელია და შესაბამისად, ამიტომ იღებენ მისი გუნდის წევრები ამ გადაწყვეტილებას, რომ ტოვებენ პარტიას. კონკურენციას რაც შეეხება, ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია“, - განაცხადა კალაძემ.

„გიორგი გახარიას მიერ კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ ბოლო დღეებში ახლად შექმნილი „ფეიკ“ პარტიის დაშლის პროცესი დააჩქარა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომლის განმარტებით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ზოგიერთ მხარდამჭერს აქამდე მართლაც სჯეროდა, რომ გახარიას პარტია „ოცნების“ პროექტი იყო, თუმცა კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ აღარ დატოვა სივრცე სპეკულაციისთვის.

„როგორც ჩანს, გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ჩვენზე განაწყენებული ადამიანებისთვის, ჩვენს მხარდამჭერებს ვგულისხმობ, წყალგამყოფი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიამ კალაძის წინააღმდეგ დააყენა კანდიდატურა. როგორც ვხედავთ, ამ ფაქტორმა ბოლო დღეებში დააჩქარა ახლად შექმნილი „ფეიკ“ პარტიის დაშლის პროცესი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არიან მოტყუებულები.

ეს არის „მაშველი რგოლი“ „ნაცმოძრაობისათვის“. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა და ჩვენ 43%-ზე უარი ვთქვით, გახარიას პარტიამ ფუნქცია დაკარგა. თავად გახარიამ პერსონალურად ახალი ფუნქცია შეიძინა, რომ რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს მელია. ირაკლი კობახიძის სიტყვებს გავიმეორებ, არჩევნები ნამდვილად არ არის ოლიმპიადა, რომ იბრძოლო ბრინჯაოს მედლისთვის. მაშინ არის კითხვა, რატომ შემოდის ეს ადამიანი თბილის მერის არჩევნებში, როდესაც გარანტირებულად, პრაქტიკულად მესამე ადგილი აქვს, თუ მეოთხე და მეხუთე არა, მესამე ადგილი აქვს 99%, გარანტირებულად. ანუ, ის ეხმარება ვიღაცას, კალაძეს რომ არ ეხმარება, ყველამ ნამდვილად ვიცით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გახარიას პარტიიდან რამდენიმე წევრის წასვლა, პირველ რიგში, გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენას უკავშირდება.

„გახარიას მიერ მერობის კანდიდატად საკუთარი თავის დაყენება, ჩემი შეფასებით, წამგებიანი ნაბიჯია, რაც გუნდის შიგნით გაურკვევლობას იწვევს. კალაძე საკმაოდ ძლიერი კანდიდატია, ამიტომ მისი პარტიის წევრებში ამ გადაწყვეტილებამ დაბნეულობა და ნიჰილიზმი გამოიწვია. მეორე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ისინი პარტიას ტოვებდნენ, ხელისუფლების მხრიდან მათი გადაბირებაა. პოლიტიკაში მსგავსი პრეცედენტები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. თუკი გახარია „ოცნების“ წვერების გადაბირებაზე მუშაობს, ხელისუფლებაც იგივეს გააკეთებს. აბა, გულხელდაკრეფილი ხომ არ დაელოდება გახარია ძირს როგორ გამოუთხრის. ამიტომ აქ გასაკვირი და საოცარი არაა ის, რომ ექსპრემიერის მცდარმა გადაწყვეტილებამ მის გუნდში უკმაყოფილება გამოიწვია“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა გამარჯვებისთვის, ხოლო პოლიტიკურ ბრძოლაში, რასაკვირველია, გადაბირების შემთხვევები არის. ამიტომ გახარიას გუნდს არჩევნებამდე თუ კიდევ ვინმე დატოვებს, გასაკვირი არ იქნება. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მთავარია ბურჭულაძის მსგავსი შეცდომები არ დააუშვას და გუნდი საერთოდ არ დაეშალოს. თუმცა ანალიტიკოსი ამის შანსს ნაკლებად ხედავს და ფიქრობს, რომ ბურჭულაძე პოლიტიკოსი არ იყო და მას არც სახელისუფლო შტოებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ამიტომ მისი დისკრედიტაცია უფრო ადვილი იყო. გახარია კი უფრო ჭკვიანია, რომელიც ხელისუფლების ქმედებას და ტაქტიკას ზედმიწევნით კარგად განსაზღვრავს. ამიტომ ეს უფრო შიდა ბრძოლაა, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებს შორის მიმდინარეობს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილიც მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარტიას პაატა ბურჭულაძესავით დაშლა და პოლიტიკური ველიდან გაქრობა არ ემუქრება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ახალი არ არის და ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო. ანალიტიკოსი for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლებას ასეთი ტაქტიკა ადრეც სხვა პარტიებშიც გამოუყენებია. ძირითადად ამისთვის ახალგაზრდებს იყენებს, რომელთაც ეს თამაში ჰგონიათ. ეუბნებიან, რომ კონკრეტულ დროს, როცა საჭირო იქნება, მათ პარტია უნდა დატოვონ. გახარიას კვერცხები დაუდეს, რომლებიც დაიჩეკნენ. სავარაუდოდ, ექსპრემიერს ასეთი შეცდომა, ოპოზიციაში არაყოფნის გამო მოუვიდა და როგორც ახალბედა ოპოზიციის ლიდერმა ზოგიერთ კანდიდატთან დაკავშირებით იჩქარა.

„კი ბატონო, მართალია, რომ გიორგი გახარიას ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავა და მით უმეტეს ძალოვანი უწყებები ასეთ დროს როგორ მუშაობენ უნდა იცოდეს. თუმცა მაინც მგონია, რომ როგორც ყველა ახალ პარტიას, „საქართველოსთვისაც“ იგივე გზა ექნება გასავლელი. გასაცხრილი წავა და ყველაზე სანდო ადამიანები დარჩებიან. მერე ერთმანეთს უკეთესად გაიცნობენ და ნდობაც მეტი ექნებათ. ახლა ის ხდება, რაც ადრეც არაერთხელ გვინახავს. გახარიას მმართველმა გუნდმა ე.წ. კვერცხები ჩაუდო, რომელიც გამოიჩეკა და გაფრინდნენ. ასე პარტიაში ძირითადად ახალგაზრდების ჯგუფს აგზავნიან ხოლმე. მათ ეს თამაში ჰგონაით და კონკრეტულ დროს პარტიიდან გამოსვლას იწყებენ.

 ამას ერთგვარი შავი პიარის ელემენტებიც აქვს. შესაძლოა იმდენად პარტიას საკადრო თვალსაზრისით დარტყმა არ მიადგეს, როგორც საზოგადოების თავლში სხვაგვარად ჩანს. კონკრეტულ ელექტორატზეა განსაზღვრული. სიმართლე გითხრათ, გახარიას ამომრჩეველი არ ვარ და დიდი ალბათობით, ხმას კალაძეს მივცემ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ექსპრემიერი ასეთი ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი არ არის. ის პაატა ბურჭულაძის გზას ვერ გაიზიარებს, რადგან მას უფრო კარგი ალღო, პოლიტიკური ინსტიქტი და გამოცდილება აქვს. მას პირადი გუნდი ჰყავს და ასე ადვილად პარტიას ვერაფერს უზამენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

Katana .
პაატა ზაქარეიშვილი: "გახარიას მმართველმა გუნდმა ე.წ. კვერცხები ჩაუდო, რომელიც გამოიჩეკა და გაფრინდნენ."
?
მმართველმმა გუნდმა როგორ "ჩაუდო ეს კვერცხები", იქნებ აგვიხსნას ბრძენმა ზაქარეიშვილმა? "ოცნებამ" შეურჩია პარტიის წევრები გახარიას და ისიც უყოყმანოდ ენდო, ალბათ, ხომ?
ნწუ,ნწუ, ნწუ, როგორი მიამიტი ყოფილა ეს გახარია! :))

რა თქვა აინშტაინმა, სამყარო და კიდევ რა არის უსასრულოო?..
2 წლის უკან