„ტვ პირველის“ თანამშრომლებმა, იქნებ, მათზე პიკანტურ და უხერხულ სიტუაციაში გადაღებული ფარული ჩანაწერებიც მოიკითხონ, რომელიც სააკაშვილს მრავლად აქვს ჩაწერილი“

„ტვ პირველის“ თანამშრომლებმა, იქნებ, მათზე პიკანტურ და უხერხულ სიტუაციაში გადაღებული ფარული ჩანაწერებიც მოიკითხონ, რომელიც სააკაშვილს მრავლად აქვს ჩაწერილი“

ისევ წინასაარჩევნო „შავი პიარი“ ფარული ჩანაწერებით, ისევ „ტვ პირველი“ და, რა თქმა უნდა, ისევ ნოდარ მელაძე! ამჟამადაც ჟურნალისტი „ექსკლუზიური“ მასალით იწონებს თავს, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან მჭიდრო კავშირებზეა საუბარი. თუმცა, როგორც ყოველთვის, ნოდარ მელაძის შოუს ანონსი უფრო ბოლივუდის ფილმის რეკლამისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე რეალურად, სიუჟეტი და იქ მოთხრობილი ამბავია.

ჟურნალისტის მონაყოლის მთელი ხაზი სიუჟეტში დაჭრილ და კონტექსტიდან ამოვარდნილ დიალოგზეა აწყობილი. სიუჟეტის ავტორი ამტკიცებს, რომ ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2008 წლის სექტემბერშია გაკეთებული. თუმცა სულაც არ აინტერესებს ივანიშვილს რატომ და ვინ უსმენდა. მელაძე ჯიუტად ამტკიცებს, რომ დიალოგი, რომლიდანაც საერთოდ ვერ გაიგებ საუბარი რაზეა, შეეხება იმას, რომ ივანიშვილი რუსეთის ელჩს, რომელიც მაშინ ომის გამო ქვეყანას ტოვებდა, ბოდიშებს უხდის და კრემლში ჩასვლას ჰპირდება. ამას კი შუამავლის „ქართუ ბანკის“ მაშინდელი მაღალჩინოსნის გიგა ჩრდილელის დახმარებით აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა ჩრდილელი ენმ-თან თანამშრომლობაში ამხილა და თანამდებობიდან გადააყენა. დაჭრილ და სავარაუდოდ, დამონტაჟებულ საუბარში საერთოდ არ იკითხება ის შინაარსი, რასაც სიუჟეტში ჟურნალისტი გვიყვება. არც ერთი სიტყვიდან არ ჩანს, რომ ივანიშვილი კრემლთან მჭიდრო კავშირშია. ეს უფრო წუხილია ომის გამო და იმაზე, რომ ამ უბედურების თავიდან არიდება შეგვეძლო.

რუსეთის ელჩის პოსტი საქართველოში ამ დროს ვიაჩესლავ კოვალენკოს ეკავა. ქვეყნიდან წასვლის წინ მას რამდენიმე ადამიანთან გამომშვიდობება უნდა, ამიტომ მელაძე ამტკიცებს, რომ ასეთი, ვისაც კრემლი ენდობა, ივანიშვილია. რაც შეეხება დიალოგს, რომელიც ივანიშვილს ჩრდილელთან აქვს, მსგავსი არაფერი ისმის.

საუბარში, რომელიც არ ვიცით არის თუ არა ავთენტური, გიგა ჩრდილელს ბიძინა ივანიშვილი სთხოვს რუსეთის საელჩოს მოუბოდიშოს იმისთვის, რომ გამომშვიდობებას პირადად ვერ ახერხებს, თუმცა ჰპირდება, რომ მოსკოვში ჩავა.

ჩანაწერში ჩრდილელთან საუბრისას, ივანიშვილი რუსეთის ელჩთან მიმართებაში იყენებს ფრაზას - „ბევრ რამეს შევაცვლევინებდი“, რითაც ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობდა. არადა სულაც არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილი თავისი ავტორიტეტით საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდა.

„ადრე რომ ჩამოსულიყო, ეს სისულელეები არ მოხდებოდა“ , - ამბობს ივანიშვილი სატელეფონო საუბრისას.

აუდიო ფაილში ივანიშვილი და მისი თანამოსაუბრე ძალიან ფრთხილობენ და, როგორც ჩანს, ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მას უსმენენ. გიგა ჩრდილელი დავალებების მიღებას და რუსეთთან კავშირს უარყოფს.

ისმის კითხვა თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მაღალჩინოსნებს და თავად მიხეილ სააკაშვილს ეს ჩანაწერი ამდენი ხანი ხელთ ჰქონდათ, 2012 წელს რატომ არ გამოიყენეს? „პრემიერმა ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდა. მისი თქმით, ეს არის „ნაციოანლური მოძრაობის“ ტელევიზია, რომელიც მხოლოდ გაყალბებაზე და ფაბრიკაციის შექმნაზე მუშაობს.

თქვენ ხართ „რეალ.ტვ“ ჩვეულებრივი, ისეთი როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია. დღეს, რა თქმა უნდა, თქვენი მმართველი არის სააკაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი, მაგრამ თქვენ ხართ ჩვეულებრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია - „რეალ ტვ“. იგივე სტილში მუშაობთ - ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია არის თქვენი ხელწერა.

გამყიდველმა და მოძალადე სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს, ეს არის რეალური განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალას და თქვენს პოლიტიკურ ძალას შორის, იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ენმ-ს წარმომადგენლები, იციან, რომ მარცხდებიან ყველგან, არავითარი თეორიული შანსი არ რჩებათ გარდა ბინძური პროვოკაციისა და ფაბრიკაციისა და დღეს მორიგი სისულელე მოიფიქრეს, თითქოს სერვერებზე შეტევა განვახორციელეთ. ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერები?!“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ფაქტია ერთია, რაც „ტვ პირველის“ მიერ გაშვებულ ფარულ ჩანაწერში ვიხილეთ, საერთოდ შინაარსი რა ჰქონდა, მაყურებელმა ვერც გაიგო. აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ რეალურად, სააკაშვილის რეჟიმს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რამე რომ ჰქონოდა, ამას უკვე 2012 წელს გაასაჯაროვებდა. ივანიშვილს ამდენი წლის განმავლობაში ამხელდნენ და 2021 წელს არავინ დაელოდებოდა. მისი აზრით, ესაა სასოწარკვეთილი და აგონიაში მყოფი ადამიანების გაფართხალება. საკუთარი სისხლის სამართლის დანაშაულზე თავისავე ტელევიზიაში საუბრობენ.

„იმდენად სასაცილო მონტაჟი და ბოდვა ვიხილეთ, რომ თავად სააკაშვილის რეჟიმის დროსაც კი ასეთი უტიფრობის მტკიცება ვერავინ გაბედა. ნოდარ მელაძე და „ტვ პირველის“ მფლობელები მზად არიან, თუნდაც მათთვისვე საზიანო ბოდვა ტელევიზიაში გაუშვან. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ კიეველი პოლიტიკური მაწანწალას დაკვეთა შეასრულონ. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, ცხადია, რომ ასეთი ჩანაწერები ქვეყნიდან გატანილია და წინასაარჩევნოდ მსგავსი აბსურდის გამოგდება იციან ხოლმე. ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც გაქცეულები და ძებნილები არიან, პერიოდულად ამ ჯიბის ტელევიზიებს ამარაგებენ. ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე „ტვ პირველის“ თანამშრომლებმა იქნებ მათზე გადაღებული ფარული ჩანაწერებიც მოიკითხონ, რომელიც სააკაშვილს მრავლად აქვს ჩაწერილი და გადაღებული. თანაც იმდენად პიკანტურ და უხერხულ სიტუაციაში, რომ არ მგონია, დიდად კმაყოფილები დარჩნენ“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

აბაშიძის თქმით, „ტვ. პირველი“ იმდენს იზამს, საბოლოო ჯამში საზოგადოება მათ მიერ გამოცხადებულ ამინდის პროგნოზსაც აღარ დაიჯერებს. ეს კი უკუპროპორციულად მათ რეიტინგზე აისახება. ანალიტიკოსის თქმით, ტელეკომპანიაზე ვითომ განხორციელებული კიბერთავდასხმა აბსურდია, რადგანაც მათ მიერ სწრაფად და უხარისხოდ შექმნილ ახალ სტუდიაში სისტემა გაუმართავია, რის გამოც მსგავსი დაზიანება მოხდა. ამიტომაც ისიც ტყუილია, თითქოს მათ მიერ გაშვებული სისულელის გამო ვინმე „ტვ პირველის“ სისტემას თავს დაესხა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი აბსურდის ტელევიზიაში გაშვებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ტელეკომპანია საკუთარ თავს სამარეს თავადვე უთხრის. ამ სიუჟეტიდან საზოგადოებამ თუ რამე გაიგო ისაა, რომ კიდევ ერთხელ მოხდა შეხსენება სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლება მათ როგორ უსმენდა, უთვალთვალებდა და მათი ცხოვრების ყველა დეტალს იწერდა. ანალიტიკოსისთვის გაუგებარია რა იყო ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული სიუჟეტის მიზანი. ჟურნალისტი სრულიად სხვა ტექსტს ამბობდა, ხოლო სიუჟეტში ბიძინა ივანიშვილი საერთოდ სხვა რამეზე საუბრობდა. ტექსტი და ჟურნალისტი აცდენილები იყვნენ სიუჟეტში მოცემულ რეალობას.

„არ ვიცი, საერთოდ რას აკეთებენ ამ ადამიანების ლოგიკას ვეღარ ვწვდები. ერთადერთი, რასაც ამ ფარული ჩანაწერების გავრცელებით აკეთებენ, ისაა, რომ საკუთარი თავის და სააკაშვილის რეჟიმის კიდევ უფორ დისკრედიტაციას ახდენენ. მადლობა, რომ ხალხს კიდევ ერთხელ შეატყობინეს, როგორ უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ და აშანტაჟებდნენ. საერთოდ, ამ საუბრიდან სად ჩანს, რომ ივანიშვილი ქვეყნიდან გარბოდა ან რუსებთან შეკრული იყო და ქვეყანას ღალატობდა? ასეთ აბსურდს როგორ იგონებენ და ხალხს შეურაცხყოფას რატომ აყენებენ? ამით ჩირქს ივანიშვილს და „ოცნებას“ კი არ ცხებენ, არამედ საკუთარ რეპუტაციას.

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი უკან აღარ უნდა დაბრუნდეს. სირცხვილი ისაა, რომ ზუსტად მაგ ტელევიზიიდან ჟურნალისტები ფარული ჩანაწერების გავრცელებას გმობდნენ, თავად კი უნამუსოდ მონტაჟით და ტყუილებით ხალხის აზრის ფორმირებას ცდილობენ. საქმე კი ისაა, რომ ამით მხოლოდ თავად ზარალდებიან. მაქვს ნანახი და მოსმენილი სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩაწერილი ამავე ადამიანებზე არაერთი ფარული ჩანაწერი. ამიტომ უნდა რცხვენოდეთ, მაგრამ სირცხვილი რა არის, საიდან იციან. კასრების საქმე ალბათ ყველას კარგად ახსოვს, მსგავსი არაერთი ჩანაწერი აქვთ ქვეყნიდან გატანილი და ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ამ სიბინძურით სასოწარკვეთილებს თავის გატანა უნდათ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.