„ქართული ოცნება“ სააკაშვილთან პოლემიკაში არ უნდა კარგავდეს ენერგიას

„ქართული ოცნება“ სააკაშვილთან პოლემიკაში არ უნდა კარგავდეს ენერგიას

რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონისა და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად მიღებულ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ორივე პარტიის მიერ მიღწეული კონსესუსი, რომელიც ამყარებს ამ შეთანხმებას, მეტყველებს მხარეების ვალდებულებაზე ქართულ პოლიტიკაში სამართლიან მმართველობაზე. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ადასტურებს დემოკრატიული არჩევნებით მოსული პარლამენტის როლს ახალი მთავრობის დანიშვნის საკითხში, აერთიანებს საქართველოს და აყალიბებს ყველა პარტიის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს,“- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე კი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოითქვა აშშ-ს დადებითი პოზიცია, ასევე იყო შვეიცარიის ელჩის წერილი, სადაც ცალსახად იგრძნობოდა დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერა. შეიცვალა თუ არა დასავლეთის დამოკიდებულება ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიმართ და რა შანსი აქვს საქართველოს, მიიღოს ცალსახა მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტზე ევროპის ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვების სახით. ამ თემებზე ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, იაპონიაში საქართველოს ყოფილ ელჩი ვანო მაჭავარიანი გვესაუბრება.

ბატონო ვანო, როდესაც ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები ავრცელებენ განცხადებას, სადაც მიესალმებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რას ნიშნავს ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის, ყინულის ლღობის პროცესი დაიწყო? 

- „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა დეკლარირება, რომ მის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ისევ რჩება ევროპატრლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში გაწევრიანება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რა შეფასებას აძლევენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში მიდის.

ამ თვალსაზრისით, თვითონ ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოხდა საბოლოო შეთანხმება და თანამშრომლობის კონკრეტული მიზნები დაისახა, მნიშვნელოვანია, ამ პროცესის ხაზგასმა ევროპისაგან კი არის ის, რაც თავისთავად გვხდის ევროპული პოლიტიკის ნაწილად.

მათ შეეძლოთ იგნორირება გაეკეთებინათ, ეთქვათ, რომ ეს არაფერი არ არის - რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ ის, რომ უმაღლესი რანგის ორი ევროპოლიტიკოსი თავს თვლის ვალდებულად, განცხადება გააკეთოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ევროატლანტიკური სივრცისთვის იმ ქვეყნად ვრჩებით, რომელსაც აქვს პერსპექტივა დაახლოვდეს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცესთან, გახდეს დასავლური დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის წევრი.

ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ შეუწყობს ხელს იმ მიმართულებების შემუშავებაში, რომელზეც უნდა იყოს აგებული საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის გამყარება, ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში სრულფასოვანი გაწევრიანება.

ეს არის შესაძლებლობა, გვქონდეს მეტი მხარდაჭერა გარე სამყაროსგან, პარტნიორებისგან, რომლის გარეშეც ჩვენი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა ძალზე რთულ სიტუაციაში აღმნოჩნდებოდა, გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ იწვნია. ეს ეხება განსაკუთრებით კონფლიქტებს და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის აგრესიულ დამოკიდებულებას საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ.

ეს ყველაფერი ცალსახად ჯდება იმ გამოცდილებაში, რაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის და ბალკანეთის ქვეყნებმა გაიარეს პოსტსაბჭოური გარდამავალი პერიოდის შემდგომ და აღმოჩნდნენ ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც რეალურად არის გარანტი მათი ეკონომიკური კეთილდღეობის, პოლიტიკური სტაბილურობის და სამხედრო უსაფრთხოების.

რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, იქნება თუ არა, ერთგვარი ტესტი, ჩააბარა თუ ვერა ახალმა ხელისუფლებამ გამოცდა დასავლეთის წინაშე? გეკითხებთ იმიტომ, რომ სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდება და ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპის ასოცირებული წევრის სტატუსის მიღების დიდი შანსი გვაქვს, საპარლამენტო ოპოზიცია კი ამბობს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა საფრთხის ქვეშაა...

- „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს (ყოველ შემთხვევაში თავის პოლიტიკაში ეს ჩართო), რას ფიქრობენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთოს საქართველომ, რომ ვილნიუსის სამიტზე მიიღოს სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ფაქტობრივად დააახლოებს ევროპატლანტიკურ სივრცესთან და გადადგამს ნაბიჯს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პოლიტიკური ოპოზიციისკენ გადადგმული ნაბიჯები და პარლამენტში მიმდინარე პროცესი, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობენ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ვილნიუსის სამიტის საქართველოსთვის წარმატებით ჩატარებას.

სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა პრობლემა, როდესაც ვილნიუსის სამიტი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ის ფორუმი, სადაც ევროპის ქვეყნები კრიტიკულ რეჟიმში იქნებოდნენ საქართველოს მიმართ. იმ ქვეყნებს, რომლებიც ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან, მიეცემოდათ საბაბი ეთქვათ, რომ საქართველოს ადგილი არ არის ევროპაში.

ამ თვალსაზრისით, სწორად არის გადადგმული ეს ნაბიჯები. საპარლამენტო ოპოზიციის პროცესებში ჩართვა ზუსტად იმ დოზით, რაც არის საჭირო, აუცილებელია და დადებით შედეგს მოუტანს „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნით. მოსახლეობისთვისაც შესაძლოა, ხელშესახები აღმოჩნდეს იმ კონკრეტული ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც მოჰყვება ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას.

დაახლოებით ერთი კვირის წინ დიმიტროვმა გააკეთა განცხადება, რომ ვილნიუსის სამიტისგან საოცრებებს არ უნდა ველოდეთ, რომ სამიტზე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერა არ მოხდება. თუმცა, როგორც მან განმარტა, საბოლოოდ ჩამოყალიბდება ის შეთანხმებები, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება. გარდა ამისა, სამიტზე განიხილება საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბოლო 4 წლის მანძილზე, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია შენიშვნებიც, როგორ ფიქრობთ იქნება თუ არა ეს სამიტი ის ადგილი, სადაც ოფიციალურად დაფიქსირდება დასავლეთის განწყობა ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებების მიმართ?

- ვილნიუსის სამიტი აჩვენებს თავის განწყობას საქართველოს მიმართ და საერთოდ, შემდგომი ევროპული გაფართოების მიმართ. ევროკავშირში 27 წევრი ქვეყანაა, არ შეიძლება, რომ ყველა ქვეყანას ერთნაირი მიდგომა ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. არის ქვეყნები, რომლებიც ამას პოზიტიურად უყურებენ, ზოგი კი კრიტიკულად და მეტს ითხოვენ მმართველი გუნდიდან, რომ რაც შეიძლება მეტი კოაბიტაციური ნაბიჯები გადაიდგას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პრინციპულია ქვეყნის ევროპიზაციისკენ და დასავლურ ფასეულობებთან ახლოს არის, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებმა გაიარეს და ეს გამოცდა ჩააბარეს.

ჩვენ უნდა ველოდოთ გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ის, რომ საქართველოს საკითხი ევროპის სამიტზე განხილვის თემა იქნება, უკვე მისასალმებელია და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია, მიივიღებთ იმას რასაც მივიღებთ.

დიმიტროვის განცხადება შესაძლოა, გარკვეულწილად კორექტულ განცხადებადაც ჩაითვალოს იმ თვალსაზრისით, რომ თუკი არ გვექნება დიდი მოლოდინი, ასეთ შემთხვევაში გვექნება რეალისტური მოლოდინი თუ რას მივიღებთ ვილნიუსის სამიტის შემდეგ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ახალი მთავრობის მიერ უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, რომ საქართველოსთვის უფრო რეალური გახდეს ევროპული ინტეგრაციის პროცესი.

ალბათ, დიმიტროვის ვარაუდიც საკმაოდ პირობითია, რადგან როდესაც სამიტი ტარდება, ცოტა ხნით ადრე, როგორც წესი, დგება დოკუმენტი, რომელიც არის, ფაქტობრივად, შეთანხმება რიგ ქვეყნებს შორის და საბოლოოდ, სამიტზე ხდება მისი გარკვეული რედაქტირება, ან კორექტირება.

ამ მიმართულებით მოსალოდნელია, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად იმუშავებს, რომ მათთვის (ან როგორც თვითონ მიაჩნიათ, ქვეყნისთვის) პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თემები გაჟღერდეს ამ დეკლარაციაში. „ქართულმა ოცნებამ“ უფრო ეფექტურად უნდა იმუშავოს იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი პოლიტიკური ხედვის ნაწილი და არ დარჩნენ იმ პასიურ რეჟიმში, როგორშიც სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური გუდი დღესაც იმყოფება. მხოლოდ და მხოლოდ ახლა გამოჩნდა გარკვეული გამოცოცხლება საერთაშორისო არენაზე, რაც, თვითონ პრემიერმაც აღიარა, რომ დღემდე არის პრობლემური საკითხი.

ამ გააქტიურების ჭრილში შეიძლება მივიღოთ შვეიცარიის ელჩის, ბატონ ბეხლერის წერილი, რომლის ირგვლივაც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო ოპოზიციამ ხმაური ატეხა?

- ეს არის, ფაქტობრივად, მხარდაჭერა იმ პოლიტიკური გუნდისა, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი. შვეიცარიის ელჩს აქვს ახლო სამუშაო ურთიერთობები პრემიერ-მინისტრთან, მეც მქონდა მასთან საუბარი რამდენიმეჯერ. არის პოზიტიური აქცენტები შვეიცარიის ელჩის წერილში და მას მიაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ მას არ აქვს კრიტიკული დამოკიდებულება.

რას გულისხმობთ?

- კონკრეტულ თემებს, თუ როგორ შეიძლება რაღაც უკეთესად გაკეთდეს. ამ თვალსაზრისით, ის, რაც ღია წერილში გამოქვეყნდა არის ის, რითაც მხარდაჭერას გამოხატავს - არსებობს მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა, როგორიცაა ელჩის პოზიციის გამოხატვა და არა მხოლოდ მისი ქვეყნის.

გარწმუნებთ, რომ პირად საუბრებში ელჩი ხშირად მიუთითებს და აქვს კიდეც საშუალება იმისი, რომ კონსტრუქციულად კრიტიკული იყოს, იქიდან გამომდინარე, რა შეიძლება გაკეთდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იმისათვის, რომ საგარეო პოლიტიკურ არენაზე უფრო შედეგიანი იყოს ახალი მთავრობის საქმიანობა.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ელჩის შენიშვნები გამოითქმის ძირითადად იმ მიმართულებით, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმითაც, რომ „ქართული ოცნების“ კადრებს არ გააჩნიათ მართვის გამოცდილება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ვგულისხმობ იმას, რომ უფრო აქტიური იყოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობა ევროპასა და სხვა ქვეყნებთან.

ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკას, იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროა, ეს ყველაფერი კონკრეტული პოლიტიკის სახით ჩამოყალიბებდეს, რათა საშუალება არსებობდეს, არა მხოლოდ შიდა რესურსის გამოყენებისა, არამედ გარე პარტნიორების მეშვეობით უფრო ეფექტურად გადაწყდეს ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც გლობალური პრობლემა - ეს სიღარიბე იქნება, ეკოლოგიური თემატიკა თუ სხვა.

აქედან გამომდინარე, ეს არის რუტინული სახელმწიფო სამუშაო და აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მეტი იყოს კონკრეტიკა პოლიტიკურ-სოციალურ თემატიკაზე და მთელი ენერგია არ მოხმარდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან ოპონირებას.

არსებობს ინფორმაცია, რომ სხვა ქვეყნების ელჩებიც გეგმავენ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას ახალი ხელისუფლების მიმართ. რა არის ეს, იმ ჩაკეტილი წრის გარღვევა, რაშიცოცნებააღმოჩნდა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე?

- გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კომუნიკაციის პრობლემები, „მთა თუ არ მიდის მუჰამედთად - მუჰამედი მიდის მთასთან“. თუ შემდგომაც იქნება ასეთი ნაბიჯები, ეს შეიძლება ჩაითვალოს რომ თვითონ დასავლეთი ელჩებისა თუ კონკრეტული ინსტიტუტების მეშვეობით გააქტიურდა საქართველოსთან მიმართებაში, იმისათვის, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგას.

ალბათ, სწორედ ეს არის ხელშეწყობა იმ ნაბიჯებისა, რომელსაც დასავლეთი ინსტიტუციონალურ დონეზე სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხედავს ახალი ხელისუფლების მხრიდან. შესაძლოა, უფრო მეტ ქმედით და ეფექტურ ნაბიჯებს ელოდნენ და ელიან შემდგომში. სწორედ ამიტომ, მზაობა გამოაცხადეს, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესების სწორად წარმართვას თანამშრომლობის ჭრილში.

ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის აღიარება ეფექტური საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებისა. დაფიქსირებულია, რომ არსებობს პრობლემა და თვლიან, მათი ჩართულობით ამ პრობლემის უფრო მეტად მოგვარების პერსპექტივა გამოჩნდება.

ხელისუფლება თვლის, რომ ამ პრობლემას ყოფილი ხელისუფლება ყველაზე მეტად უწყობს ხელს. რაც შეეხება ელჩების საკითხს, არის თუ არა ელჩების დამტკიცების პროცესის გაწელვა სააკაშვილის მხრიდან ახალი ხელისუფლებისთვის მუშაობაში ხელშეშლა?

- ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და არ ხდება მხოლოდ საქართველოში, სწორედ ეს ასახავს იმ დაძაბულ და არათანამშრომლურ ურთიერთობას, რაც არსებობს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის.

ამის გარდა, ალბათ, ყურადღებამისაქცევია ის, რაც სალომე ზურაბიშვილმაც აღნიშნა, რომ შეიძლებოდა ელჩების თემა ყოფილიყო პრობლემური, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს არაფერი არ უშლიდა ხელს, რომ დაეკომპლექტებინა საელჩოები, რომელიც დღემდე დაუკომპლექტებელია ძალიან ბევრ ქვეყანაში.

ხომ შეიძლებოდა, გაეშვა ის დროებითი რწმუნებული, ან მიეცა უფლებამოსილება უფრო ადრე, ვიდრე ეს გააკეთა და მათი მეშვეობით გაეტარებინა ის პოლიტიკა, რომელიც ახალ მთავრობას პრინციპულად სჭირდებოდა, რომ ამ არასასურველ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო?!

აქედან გამომდინარე, ორივე მხარეს შეიძლება თითის გაშვერა, პრეზიდენტი ზუსტად ისე იქცევა, არც ერთ ჩვენთაგანს რომ არ გაუკვირდება, იმიტომ, რომ მას აქვს კონკრეტული პრობლემა საგარეო პოლიტიკური კუთხით და კონკრეტული ადამიანები ამაში უშუალოდ არიან ჩართულები, ან იმ ქმედებას აქვს ადგილი, რომელიც მას მიაჩნია, რომ არასაკმარისი და არასწორია.

მეორე მხრივ, არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკური გუნდი, რომელსაც გაცილებით ეფექტურად შეეძლო მოქმედება იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა ის სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი არ ნიშნავს ელჩებს. შეიძლებოდა, საელჩოს თანამშრომელთა მეშვეობით არ შეფერხებულიყო ეს მუშაობა და „ქართული ოცნების“ მხრიდან პრობლემურ საკითხად არ გამოცხადებულიყო.

თუ დასავლერთი კოაბიტაციას სთხოვსქართულ ოცნებას“, რატომ არ შეიძლება, იგივე მოთხოვნა იყოს დასავლეთის მხრიდანნაციონალური მოძრაობისმიმართაც? შორიდან ჩანს, რომ არათანაბარ პირობებში არიან და ხშირად ნაცმოძრაობა დასავლეთის ფავორიტის როლში გვევლინება, რაც საზოგადოებაში უსამართლობის განწყობას აჩენს დასავლთის მიმართ...

- პროცესი ორმხრივია, ვინც არის ჩართული დასავლეთიდან, მათი მხრიდან ზუსტად ისეთივე მიდგომაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც. რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება, მათ შორის, აშშ-ს ელჩის მიერ, რომ უნდა მიეცეს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვის საშუალება და არ უნდა შეუქმნან პრობლემები, მაგრამ როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს იცავს. ლაპარაკია სააკაშვილზე, რომელიც, სანამ არ გაირკვევა კონკრეტული თემატიკა, რაც მას მიაჩნია პრინციპულად, მუდმივად იქნება ამ ჩართვა-გამორთვის რეჟიმში - ხან არის კოაბიტაციის პროცესში - ხან არ არის. იმედია, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უფრო მეტი ხელშესახები ექნებათ თანამშრომლობის კუთხით ვიდრე აქამდე იყო.

სამომავლოდ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამდაიქირავა ლობისტები, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობააგრძელებსწერტილოვან დარტყმებს“, ცოტა ხნის წინაც დაიბეჭდა წერილიევრაზიანეტში“, სადაც ბევრი კითხვებია გამოთქმული იმ ფონდებთან დაკავშირებით, რომლის შექმნის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა...

- თუ ამას ევროპული, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე გადმოვხედავთ, ეს პროცესი მიმდინარეობდა ყველგან. იქ, სადაც არის დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის განვითარება უფრო სხვანაირად უნდა წარიმართოს, ეს პროცესი არის გარდაუვალი.

უნდა „შევეჩვიოთ“ რომ ეს თემატიკა პერიოდულად, აქტიური აღმოჩნდება, მათ შორის ევროპულ პოლიტიკურ სივრცეშიც. გახსოვთ, ალბათ, „ევროპის სახალხო პარტიის“ მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც მისი პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციაა. ეს ერთი მხრივ, პოზიტივია, რადგან საქართველო ევროპული თუ დასავლური დებატების ნაწილად რჩება.

ეს შემდგომი ეტაპია ქართული სახელმწიფოებრივი განვითარებისა, რომ ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკურ არენაზეც მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, თუმცა, ამას არ უნდა მიეცეს ანტისახელმწიფოებრივი მიმართულება და თავისთავად ამისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ორ პოლიტიკურ ძალას შორის ისე მიმდინარეობდეს ეს ჭიდილი, რომ არანორმალური სახე არ მიიღოს და ქვეყნისთვის საზიანო არ აღმოჩნდეს, ვიდრე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ან პოზიციების დაფიქსირებაა.