დებატები, რომელიც არ შედგება?

დებატები, რომელიც არ შედგება?

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ექს-პრემიერი გიორგი გახარია სოციალური ქსელით „ჩელენჯის“ სახით ოპონენტებს დებატებში იწვევს. საკითხავია, რამდენად მიიღებენ ექს-პრემიერის გამოწვევას მისი ოპონენტები.

გახარიას პარტიის წევრის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, მისი პარტიის ლიდერი ოპონენტებს შინაარსობრივ დებატებს სთავაზობს.

„ბატონი გახარია ყველაფერს შინაარსობრივად უდგება და ეს გამოწვევა სწორი იყო. ყველა დანარჩენ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ ღრმა, შინაარსობრივ დებატებს. იმედი გვაქვს, რომ ისინი და მათ შორის ბატონი კალაძე მიიღებს ამ გამოწვევას. ნებისმიერ მოედანზე, მათ შორის იმედის მოედაზეც“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი ნიკა მელია გახარიას გამოწვევას იღებს და თანახმაა დებატებში მონაწილეობა მიიღოს. მელიას პოზიცია, მისმა თანაგუნდელმა და პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ გაახმოვანა.

„ბატონ გახარიასა და ბატონ კალაძეს ინტერაქციის პრობლემა ისედაც არ აქვთ. ამიტომ, არ ვიცი დამატებით რაზე უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება ჩემი პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელია მზად არის ნემისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა დებატებში“, - აღნიჩნა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ კანდიდატს არ გაუჭირდება დებატებში მონაწილეობის მიღება. თუმცა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას ჯერ მელიასთვის აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი.

„კახა კალაძე დებატებში ყველას დაუჯდება. მისთვის პრობლემა არ არის არც ერთი კანდიდატის წინააღმდეგ დაჯდომა და მით უმეტეს იმ საქმეზე საუბარი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გააკეთა. თუმცა, ამის სურვილი რამდენად აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნებიმისერ დემოკრატიულ ქვეყანაში, კანდიდატებს შორის, დებატები აუცილებლად უნდა შედგეს.

„როდესაც მოცემულობა იყო, რომ კალაძისა და მელიას დებატები უნდა ყოფილიყო, ვთქვი, რომ ეს აუცილებლიც არის. დებატებში გამოჩნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია სიყალბესა და დეზინფორმაციას ეფუძნება.

კალაძის, გახარიასი და მელიას დებატები იმ მხრივაც იქნება საინტერესო, რომ გახარია ოპოზიციაში წასვლის შემდეგ პოზიციონირებს. მას მრავალვერსიული პოლიტიკოსი დაარქვეს, რადგან ერთსა და იმავე ამბავზე, სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობს. ამიტომ, საინტერესო იქნება ამ მხრივ, რომ გახარიას საზოგადოებისთვის რამდენი ახალი ვერსიის შემოთავაზება შეუძლია. ჩვენ, ასევე, დავინახავთ რასაც აკეთებს და გააკეთებს კალაძე.

აქვე დავამატებდი, რომ თუკი ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ მეორე ტური იქნება, ცრუ მოლოდინები თითქოს მეორე ტურში გახარია-მელია გავლენ, მხოლოდ ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი. რეალობას ვნახავთ 2021 წლის 2 ოქტომბრის საღამოს, ან 3 ოქტომბრის დილის საათებში. ჩემი პროგნოზით, პირველივე ტურში, დიდი ალბათობით, კალაძე გაიმარჯვებს“, - განუცხადა გია აბაშიძემ for.ge-ს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ აღნიშნული დებატები არ შედგება.

„რთული სათქმელია აღნიშნული ინიციატივა გახარიასგან რატომ წამოვიდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს დებატები არ შედგება. მელიას გახარიასთან დებატებში დაჯდომა არ მოუნდება და მოითხოვს, რომ კალაძესთან იყოს დებატები. ხოლო, კალაძე არც ერთთან არ ისურვებს დებატებს და იტყვის, რომ საქმე აქვს საკეთებელი და არ სცალია დებატებისთვის. ალბათ, გახარია თვლის, რომ მისთვის დებატები ერთთანაც და მეორესთანაც იქნება გაცილებით მომგებიანი“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ სოციალური ქსელის მეშვეობით კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია.

„დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!“ - წერს გახარია.