მერაბიშვილი ლაფანყურის საქმიდან თავის დაძვრენას ცდილობს

მერაბიშვილი ლაფანყურის საქმიდან თავის დაძვრენას ცდილობს

სახალხო დამცველის ანგარიშმა ნაციონალები გააღიზიანა. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ომბუდსმენის მოსაზრებას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „იდიოტურ ბრალდებას“ უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ოფიციალური ორგანოები ქვეყნისთვის „ტერორისტული იმიჯის შექმნას“ ცდილობენ.

„საქართველოს უკვე მიაწებეს პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი, ახლა უნდათ, შეექმნას ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსი“- აცხადებს მერაბიშვილი.

სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის თანახმად, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალები დანაშაულისგან თავის დაძვრენას ცდილობენ.

„ჩემთვის ცხადია, რომ ყოფილი მინისტრის, მისი მოადგილის და ქალაქის პროკურორების განცხადები, რომლებსაც დღეს სხვა სტატუსი აქვთ, მხოლოდ იმ გამონათქვამის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს, რომლის თანახმადაც „ქურდს კუდი ეწვის,“ - პრიმიტული ნაციონალური ხედვით, არის მცდელობა, რომ გამოყენებული იყოს ტაქტიკა, „თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ანგარიშში ასახული განცხადებები ახალი ხელისუფლების მხრიდან ძველი ხელისუფლლების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

„არავის არ აქვს იმისი უფლება, თქვას, რომ ეს ძველ ხელისუფლებაზე ზეწოლაა, ეს არის ამორალური ბრალდება და ყველამ იცის, ვინც ამ საქმეში ნებით თუ უნებლიედ მონაწილეობდა“- აცხადებს ექსპერტი კავკასიურ საკითხებში მამუკა არეშიძე, რომელიც გამართლებულად არ მიიჩნევს გამოძიების დასრულებამდე ვინმეს დადანაშაულებას, მაგრამ არც შს სამინისტროს მაღალჩინოსანთაგან პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი მიაჩნია კეთილსისნდისიერად.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კი, რომელიც როგორც აცხადებს, უცხოეთიდან სიტუაციისთვის სინათლის მოსაფენად ჩამოვიდა, თავს იმართლებს და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა.

„მე როგორ უნდა ჩამომეყვანა და დამეხოცა ჩეჩნები? მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც კონფლიქტი მოუვიდა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასთან, რომ ღონისძიება არ დაწყებულიყო. 5 წუთიდან 5 საათამდე გავწელე დრო - თვითონვე ჩეჩნები და ქისტები მივუყვანე, რომ გაერკვიათ სინამდვილეში რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ, რომელიც, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჩეჩნების საქართველოში ჩამოყვანაში ყოფილ თანამშრომლებთან - ამირიძესთან და მაისურაძესთან ერთად მონაწილეობდა.

„არ შემიძლია ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ ამ ბნელით მოცულ ამბავში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ბევრი კითხვის ნიშანია, ლორთქიფანიძე მაშინ შს მინისტრის მოადგილე იყო, ამ მიმართულებას კურირებდა და წარმოშობით ახმეტიდანაა. ისიც კი ვიცი ლორთქოფანიძე ქისტებთან რომ იყო ჩასული და უხსნიდა, მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვისო, თუმცა არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო“,- ამბობს მამუკა არეშიძე.

ლორთქიფანიძე ასევე უარყოფს, ანგარიშში არსებულ ინფორმაციას საქართველოში ჩამოყვანილი ჩეჩნებისთვის ბინების დაქირავებისა და იარაღის გადაფორმების თაობაზე.

რაც შეეხება სპეცოპერაციისას დაღუპული ჩეჩნების ცხედრების გადაცემის საკითხს, რომელიც ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს გლდანიდან გადასცეს,  - გია ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ცხედრების დაჩქარებით გადაცემისთვის მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, არ იცის, მოხდა თუ არა გლდანის ციხიდან მიცვალებულების გადაცემა, როგორც ეს ომბუდსმენის 2012 წლის ანგარიშში წერია.

ასევე მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაფანყურის ოპერაციაზე ინფორმაცია ნაჩქარევად გაავრცელა.

„ვიცი, რომ ლორთქიფანიძე კურირებდა ამ საქმეს თუმცა სხვა პირების, მაგალითად ამირიძის საქმიანობა უფრო აქტიურად იკვეთება“,- ვარაუდობს არეშიძე, რომელიც აღნიშნულს ჩეჩნებისა და ქისტებისგან მიღებული ფრაგმენტული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს.

„ყველაზე უფრო ის მაწუხებს, რომ გამოძიებაც ბურისით მოცულია, ვიცი, პროკურატუროიდან კონტრდაზვერვაში რომ გადაინაცვლა. მეც ვიყავი გასაუბრებაზე, მომეჩვენა წესიერი და პროფესიონალი ხალხი იძიებდა, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათზე არ იყო დამოკიდებული გამოძიება რა მიმართულებას მიიღებდა“,- აცხადებს მამუკა არეშიძე.

იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მამუკა არეშიძემ ჩეჩნებისა და ქისტებისგან მიიღო, სწორედ შს სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეში ჩართულობა იკვეთება, მაგრამ მიზანი რა იყო, დღემდე გაურკვეველია.

მამუკა არეშიძე: ამ ხალხის ჩამოყვანა გასული წლის მარტიდან დაიწყო. ერთ-ერთი ადგილსამყოფელი საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე, პოპულის თავზე ოროთახიანი ბინა მეც კი ვიცი. ამოცანა იყო გადამზადება, ზოგი ამბობს, რომ სირიაში აპირებდნენ მათ გაგზავნას, ზოგის ვერსიით კი რუსეთში გასაგზავნად ამზადებდნენ. რაღაც მომენტში ნაწილი მიხვდა, რომ ეს საქმე ჩაიშლებოდა, თანაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა მათი საქართველოში ყოფნა. ვიღაცეები წავიდნენ, ვიღაცეები დარჩნენ, ნაწილი სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა, მათ შორის ავსტრიაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომელთა გვარებიც ვიცი, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დავასახელებ. დავალება რაში მდგომარეობდა გაურკვეველია, თუმცა მინახავს ამირიძის სახლთან გადაღებული მებრძოლების ფოტოები.

ამ ქმედებას მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება შემიძლია ვუწოდო, დღემდე ვერ გავიგე ეს ხალხი რისთვის ჩამოიყვანეს და რას გეგმავდნენ და საბოლოოდ, რატომ დამთავრდა ეს ოპერაცია ამ ფორმით. არა მხოლოდ მე, არამედ უამრავი ხალხი სწორედ ამის გამოძებას ელოდება კავკასიის ქედს იქით. სხვა ქვეყნებშიც კავკასიის დიასპორის წარმომადგენლები დიდი ხანია, ამ კითხვებზე პასუხებს ელოდებიან. რამდენად გაეცემა ამ კითხვებს პასუხი, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული საქართველოს ახალი ხელისუფლების იმიჯი“.

თუმცა, გია ლორთქიფანიძე რუსულ კვალზე საუბრობს:

„ეს იყო რუსების მიერ კარგად ორგანიზებული სპეცღონისძიება, რომლებმაც ისარგებლეს, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ ყველა სტრუქტურა არეული იყო“, - განაცხადა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ.

იყო ეს რუსებთან ერთად დაგეგმილი ოპერაცია, თუ მხოლოდ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ფანტაზიის განხორცილება გახლდათ, ალბათ, გამოძიება დაადგენს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, ოპერაცია „ენვერისა“ და სხვადასხვა ჯაშუშური ქსელების „აღმომჩენ“ მერაბიშვილს ეს როგორ გამოეპარა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს და არაერთგზის გააკეთა პატრუშევმა. დღეს უკვე საქართველოს ოფიციალური ორგანოები იმეორებენ პატრუშევის ბრალდებას. ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას ახმოვანებენ“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.

როგორც ჩანს, მერაბიშვილი ამ ოპერაციაში ქართული მხარის ჩართულობას გამორიცხავს, თუმცა საკმაოდ უცნაურია, როგორ შეეძლო რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი სპეცოპერაციის დაგეგმვა ისე, რომ თან არავის არაფერი სცოდნოდა და თან, მასში საქართველოს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც მიეღოთ მონაწილეობა - უცნაური კომბინაციაა.

სოსო ცისკარიშვილს კი ის აინტერესებს, ამ კომენტარების გაკეთების შესასძლებლობა რატომ გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა წარადგინა ანგარიში.

სოსო ცისკარიშვილი: „აქამდე რატომ არავის დაუწუწუნია, ყოფილი ხელისუფლებისგან ვინმეს, რომ თურმე ეს ყველაფერი რუსეთის პროექტი იყო? ხომ იყო საზოგადოებაში ეჭვი, რომ რუსეთთან თანამშრომლობით ირჯებოდა მერაბიშვილის უწყება, მაგრამ დღეს თავად ადასტურებენ, რომ რუსული გეგმა და პროექტი ყოფილა. ვინ განახორციელა ეს ყველაფერი, ვინ დახოცა ხალხი, რუსეთის სპეცრაზმმა?! თუ ამაზე დღემდე დუმდნენ ეს დანაშაული არ არის? ერთი უპირატესობა ჰქონდა მერაბიშვილს წლების განმავლობაში. კარგად აითვისა თავის დროზე ენაზე კბილის დაჭერა და ამან შეუნარჩუნა თავის დროზე, მეტ-ნაკლები, ავტორიტეტი საქმიან წრეებში, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, კბილები ღალატობს, და ერთიმეორეზე გამაოგნებელ სისულელეებს ამბობს“.

თუ უმცირესობა ცდილობს, რომ პოლიტდევნილებად და ახალი ხელისუფლების მსხვერპლებად წარმოაჩინონ თავი ლაფანყურის მიმართულებითაც, საინტერესო იქნება, ამ შემთხვევაში დასავლეთის პოზიცია და შეძლებს თუ არა "ნაცმოძრაობა" დანაშაულისთვის თავის ასარიდებლად ამ საქმეში დასავლელ პოლიტიკოსთა ჩართვას. მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალები ამას ვერ მოახერხებენ.

„დასავლეთს ვერ ჩართავს, დეტალები ყველასათვის ცნობილია, მაგრამ იმისათვის, რომ კონკრეტული ადამიანების ბრალი გამოიკვეთოს, სამხილები და მტკიცებულებებია საჭირო“,- აცხადებს მამუკა არეშიძე.

იცოდა თუ არა დასავლეთმა, რომელიც საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი საქართველოში, თავის დროზე მსგავსი სპეცოპერაციის შესახებ, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თავისუფლად შეიძლებოდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ეს ოპერაცია სრულიად საიდუმლოდ დაეგეგმა. თუმცა, ამ რეზონანსული საქმის შესახებ უფრო მეტის თქმა, ალბათ, მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.