ბათუ ქუთელია: ხელისუფლებამ პანდემია თვითდინებაზე მიუშვა და ძირითადად ფონს ექიმების პირადი გმირობის და გამძლეობის ხარჯზე გავდივართ

ბათუ ქუთელია: ხელისუფლებამ პანდემია თვითდინებაზე მიუშვა და ძირითადად ფონს ექიმების პირადი გმირობის და გამძლეობის ხარჯზე გავდივართ

ხელისუფლებამ პანდემია თვითდინებაზე მიუშვა და ძირითადად ფონს ექიმების პირადი გმირობის და გამძლეობის ხარჯზე გავდივართ, - ამის შესახებ "დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა. მან ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა და ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს მოსახლეობას.

"მძიმე სტატისტიკა გვაქვს, სამწუხაროდ, ამ მძიმე ციფრების უკან კონკრეტული ოჯახები და ადამიანები არიან, რომლებსაც ამ ტრაგედიასთან ერთად არ აქვთ განცდა რა მოხდება მომავალში და როგორ ვაპირებთ ამ კრიზისიდან გამოსვლას. ხელისუფლებას არ აქვს კითხვებზე პასუხები. პანდემია თვითდინებაზე მიუშვა და ძირითადად ფონს გავდივართ ექიმების პირადი გმირობის და გამძლეობის ხარჯზე, რასაც თავისი ლიმიტი ექნება. ასევე, ვხედავთ პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ პოლიტიკური სარგებელი ნახოს მართველმა გუნდმა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხები იმ ფუნდამენტურ შეკითხვებს, რომელიც პანდემიის მართვასთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, მედიკოსებმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა კონკრეტული გადაადგილების გზები დავსახოთ და გამოვიყენოთ ხელისუფლება, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან. მიიღონ გადაწყვეტილებები, რათა ბედს მინდობილი კოვიდტრაგედია არ გახდეს ისეთი მასშტაბის, რომ გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ ქვეყნისთვის. ეს შეკითხვებია: 1. რამდენი ხელოვნური სუნთქვის აპარატი არის ქვეყანაში, სად არის გეოგრაფიულად ისინი გადანაწილებული და რა რეზერვი აქვს ხელისუფლებას ან პრობლემის შემთხვევაში საიდან აპირებენ დამატებით მოცულობის გაზრდას. 2. რამდენი ვაქცინა არის ხელმისაწვდომი და არსებული ვაქცინით რა პერიოდში ამოიწურება ეს მარაგი. თუ არის გეგმა საიდან და რა რაოდენობის ვაქცინას მივიღებთ. 3. მედიკამენტების პრობლემა. კოვიდპაციენტებს კონკრეტული მედიკამენტები სჭირდებათ, რომელთა ფასიც კატასტროფულად იზრდება" , - განაცხადა ქუთელიამ.