„ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი“ - მთავრობა ევროკავშირისთვის უსტარს  ამზადებს

„ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი“ - მთავრობა ევროკავშირისთვის უსტარს  ამზადებს

„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და განმარტებას ითხოვს, რა ვერ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმების ოთხი პუნქტიდან, რომელზეც ევროკავშირის წარმომადგენლობამ ისაუბრა, მაგრამ არ დააკონკრეტა. სანამ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან წერილს მიიღებს, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები. კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმა.

„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გამოსვლისა, მმართველი გუნდი ერთგულია იმ რეფორმებისა, რომელიც დაიწყეს.

„ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. თუ მათ რეალურად აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით - ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა. ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან ვინაიდან მეორე მთავარმა მხარემ არ მოაწერა ხელი, მათ რომ მოეწერათ ჩვენ დავრჩებოდით, ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ოპოზიცია ურცხვად ატყუებს მოსახლეობას, თითქოს 75 მილიონი ევრო გრანდიოზული დახმარება იყო ევროკავშირისგან და თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით დასავლურ გზას გადაუხვია, ეს მაშინ, როდესაც დღეს მაქსიმუმზეა პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობისა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას.

ოპოზიციის განცხადებები გაამყარა სერგეი ლავროვმა, რომლის განცხადებით, საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება, მოსკოვი მზად არის ურთიერთობების აღსადგენად. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ წელიწადნახევრის წინ მზად იყვნენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტის მიზნით, უვიზო რეჟიმის გამოსაცხადებლად, მაგრამ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ თბილისში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

„გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როდესაც მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავიდან ყურადღებით დავაკვირდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, საქართველოში მოგზაურობას არავის ვუკრძალავთ. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზად ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტის მიზნით უვიზო რეჟიმის გამოსაცხადებლად, მაგრამ შემდეგ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც ჩავიდა თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რეგულარულ შეხვედრაზე.

საქართველოსთან ჩვენ პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ეს ფაქტობრივად თბილისის ინიციატივით შეწყდა. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მათი აღდგენის მზადყოფნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ვაჭრობა. სხვათა შორის, არცთუ ისე მცირე და ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი. არის ტურისტული ნაკადი. ჩვენს ხალხს ძალიან უყვარს საქართველოში სტუმრობა. მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუს დიპლომატს ქართველმა კოლეგამ შეახსენა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესი გადის დეოკუპაციაზე, ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ვისმენთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სურვილს, რომ მათ უნდათ საქართველოს ურთიერთობის აღდგენა, უყვართ საქართველო და ა.შ. კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ურთიერთობის აღდგენა საქართველოსაც უნდა, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე.

ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესი გადის დეოკუპაციაზე, ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპისა და ნორმების დაცვაზე, საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუნდამენტალური პრინციპის პატივისცემაზე, როგორიც არის საერთაშორისო საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და პატივისცემა. ეს არის ის, რასაც ველით რუსეთისგან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ლავროვი ის ფიგურაა, რომლის სიტყვა ისმის და უკვალოდ არ ჩაივლის, რაც თვითონ ლავროვმაც იცის. მისი თქმით, როცა ლავროვი იძახის, რომ თანახმა არის ურთიერთობის აღდგენის ე.ი. ვიღაცა ამას ყურადღებას მიაქცევს, მაგრამ მთავარი საკითხია - ვინ? რეალურად, თუ რუსეთს ურთიერთობის აღდგენა უნდა, პოლიტოლოგის განცხადებით, ამისთვის ლავროვის განაცხადება არ სჭირდება.

„საკმარისია აფხაზეთს და ოსეთს ხელი თუნდაც ცოტათი შეუშვას, რომ ქართული მხარე შეიძლება დიალოგში ჩაებას. იქამდე ქართული მხარისგან რაიმეს მოსმენა ამ შეძახილებზე, რომ თანახმა ვართო, უაზრობაა. ე.ი. ამხელა კაცი - ლავროვი რატომ ამბობს ისეთ რაღაცას, თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ ასეთი რაღაცეები სხვა მექანიზმებით კეთდება. ე.ი. ამბობს ვიღაცის გასაგონად - დასავლეთის გასაგონად? - კი ბატონო, მაშინ დასავლეთს სულ არ აინტერესებს რუსეთი რაზეა თანახმა. მთავარია, საქართველო რას იტყვის. ერთადერთი ფუნქცია რაც ლავროვის ამ ფრაზას აქვს - საქართველოში, ოპოზიციის მხარდაჭერის ფუნქციაა. სხვა ფუნქცია ლავროვის ამ განცხადებას არ აქვს.

ეს განცხადება გაკეთებულია იმისთვის, რომ მერე ოპოზიციამ ატეხოს ჟივილ-ხივილი, რომ კურსს ვიცვლითო. პირველად ხდება, რომ რუსეთი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საჭირო განცხადებას აკეთებს, ან ნაბიჯს დგამს?! პირველად გვაქვს ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთი ერთ ნავში სხედან?! აგერ დაკარგული ტერიტორიებიც მაგის დასტურია და მაშინ იმას რატომ არ წარმოვიდგენთ, რომ ისინი დღმდე ერთ ნავში არიან?! თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე დასჭირდება, რუსეთი აუცილებლად საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. მაინტერესებს, კიდევ რა უნდა გააკეთოს ამ პოლიტიკურმა ძალამ, რომ ქართველებმა ეს დაინახონ?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე განმარტავს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურის, თუნდაც გაურკვეველი ინტერესების მქონე ევროპელი, ან ამერიკელი დეპუტატის ყურმოჭრილი მონა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში ქართული ოპოზიცია იძახის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსი. მისი თქმით, ეს არის ოპოზიციის სტანდარტული მოქმედება, რაც კომიკურ ხასიათს ღებულობს.

„რახან ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცუდად მოიქცა ე.ი. ჩვენმა მედიამ და ოპოზიციამ უნდა ატეხონ ამაზე ჟივილ-ხივილი და მიაღწიეს იმას, რომ აი, ვიოლა ფონ კრამონმა გაკიცხა საქართველოს ხელისუფლება. თითქოსდა ეს ქალბატონი, ან რომელიმე სხვა იყოს აბსოლუტური სიმართლის და ჭეშმარიტების მატარებელი სუბიექტი.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ზოგადად ამის გეოპოლიტიკურ ჭრილში განხილვა და იმის ლაპარაკი, რომ საქართველო გამოდის დასავლური გავლენიდან და რუსულ ორბიტრაში ექცევა, არასერიოზულია. გეოპოლიტიკური ცვლილებები ნამდვილად მიმდინარეობს და მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უბრალოდ, ჭურში მჯდომი ჩვენი ამ პოლიტიკოსებისთვის ყურადღების მიღმა რჩება. გასაგებია, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ, თუმცა მეეჭვება, რომ კარგად ხვდებოდნენ რა ხდება რეგიონში.

აშშ-ის მიერ ავღანეთიდან სრულად სამარცხვინო გამოქცევა, ისევე როგორც სხვა მოქმედებები, ერთ რამეზე მიანიშნებს - აშშ-ის გავლენა ევრაზიაში კატასტროფულად სუსტდება. ჩვენ ამ ახალ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესების შესაბამისად. ამასთან სულ სხვაგვარი ვითარებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, განსხვავებული ვითარება შეიქმნა ისეთ საკითხებში, როგორის არის ენერგეტიკული ბაზრების გადანაწილება და ჩვენ ამაზე მიბმული ვართ ძალიან მჭიდროდ და აქაც ახალი მიდგომების შემუშავება არის საჭირო და ამაზე ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების უარს 75 მილიონი ევროს სესხის მიღებაზე, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, ამ სესხს მოყვებოდა ვალდებულება, რისი მთავარი აზრი იყო სასამართლოს ისეთი რეფორმის გატარება, როდესაც მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ. ცხადია, ეს ყველაფერი ლამაზი სიტყვებით იფუთება დეკლარაციულადაც და კანონებშიც, მაგრამ აზრი ეს იყო.

„ორი მიზეზი თუ რატომ სურს უცხოეთს აკონტროლოს ქართული სასამართლო: 1. საკუთარი ბიზნესის ინტერესების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შემოსულია ან მომავალში დააპირებს შემოსვლას. როგორც წესი, მათი ლობირება ხდება ადგილობრივი მეწარმეების ინტერესის ხარჯზე. ამის ნათელი მაგალითია სიგარეტის იმპორტის დემპინგი, რაც ავიწროვებდა/აჩერებდა ადგილობრივ წარმოებას.

  1. საარჩევნო დავებს სასამართლო განიხილავს, უცხოეთს კი ყოველთვის ჰყავს თავისი ფავორიტი პოლიტიკური ძალები. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლებამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნარჩენები დაიცვა. მივმართავ ხელისუფლებას: მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის „ნულოვანი ზრდის“ კონცეფციასაც თუ მოიშორებთ, ხალხმა შესაძლოა ისევ მოიხედოს თქვენსკენ.

ზოგს შეიძლება გაახსენდეს კლიშე, რომელსაც 30 წელია ყველა ციფრული ხვრელიდან ტვინში გვიბეჭდავენ: „პირადპირი უცხოური ინვესტიციები ხომ საჭიროა!“, „სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნება თუ უცხოური ბიზნესი არ შემოვიდა!“ და ა.შ. ეს არის კლასიკური ყალბი ორიენტირი, რომელიც დაამკვიდრეს ჩვენს საზოგადოებაში.

პასუხი: პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში არის მძიმე ტვირთი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვალუტისთვის და მის მიერ მოცემული სიკეთეები ვერ ფარავს იმ ნეგატივს, რომელიც მას მოაქვს“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი გოგავა.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მაღალტექნოლოგიურ სფეროს ეხება. ამის სანაცვლოდ საჭიროა ადგილობრივი რეალური სექტორის, საწარმოების დაკრედიტება. ამ ეტაპზე კი გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა - ნებისმიერი ბიზნესის 51% ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეს.

trampi მ ოცნებისგან ეგეთი ქართული საქციელი თითქმის არ მახსოვს ...... ყოჩაღ ამათ .....
აბა ამ მიშასაგან გამაძღრებმა, პატარა ბავშვივით როდემდე უნდა გვიქნიონ თითი?
2 წლის უკან
გიორგი ბერძულიშვილი სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის მოსაზრებებს. არავის წინაშე არ არის საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის გარდა. უნდა დამთავრდეს მონურ-პატრონყმური დამოკიდებულება ევროკავშირის დეპუტატების და ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების მიმართ. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს. მადლობა პრემიერ მინისტრს ქართული ხასიათის გამოცლენის და ქართველთა პოზიციის ნათლად და მკაფიოდ გამოხატვისთვის. კვლავ უფრო.
2 წლის უკან